ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2015


აგვისტო - (ორი ათას ეს წ.)

# # #
დღეები დღეებს უხმაუროდ მიაცილებენ,
ზამხულმაც სიცხე ისევ ტანზე გამოიყარა.
ვესაუბრები არავის და მიწევს მხილება -
როგორ მჯეროდა, როგორ ვწერდი, როგორ მიყვარდა...
და შენს თვალებში იმედები როგორ მეთესა,
რომლებიც სიზმრებს ტალღებივით გამორიყავდნენ.
ვფიქრობ სიკვდილზე... არაფერზე... და უმეტესად -
მინდა მჯეროდეს...
მინდა ვწერდე...
მინდა მიყვარდე...





# # #
ცვალებადობით ვგავდით უფრო მარტის ამინდებს...
ვწერდი, მიყვარდი, ვოცნებობდი... ასე ვბორგავდი.
მერე უბრალოდ, შენი ხელი მკერდზე დავიდე
და მივხვდი, შიგნით, გულზე მეტად, შენ მიტოკავდი.

მერე რა მოხდა, აღარ ვიცი... ანდა რა იყო...
ან რატომ იწვა შიშველი მზე ჩაცმულ ღრუბლებთან.
ვისხედით ერთად... შემდეგ წვიმამ რომ გადაიღო, -
მე ავდექი და შემიყვარდი გადაუღებლად!..




მეწეროს...

გათენდით, უძილო ღამეებო,
მზის თოკზე გავკიდოთ სიზმრები.
ცა ლამის ანტენებს გამოებას:
წვიმებით... ქარებით...
ვიზრდებით -

უძილოდ.
სხვის ძილში მიძვრებიან
დღეები... ოცნების ფუღურო.
ეს ბევრჯერ ნანახი სიზმრებია,
რომლებსაც თავიდან ვუყურებთ.

და ფიქრიც სხვა ღამის წიაღშია...
ჩვენ შორის მატულობს სიშორე;
მე შენთან ვერაფერს მივაღწიე.
მიშორებ... და ძილიც მიშორებს -

თავიდან - არაფერს დავიწყებდი,
ღამესაც ეხრება კენწერო...
მე - შენთვის უბრალო დავიწყება,
შენ - ჩემთვის - მიყვარხარ!
მეწეროს...






* * *
უცხო კედლებში დამწვდეული ღამეს ვათენებ,
ვხედავ, ყოველ დღე შენში მეტად როგორ ვიზრდები...
ვდგავარ ქუჩაზე, თვალს ვაყოლებ ჩამწყდარ სადენებს
და მახსოვს, როგორ ჩაწყვეტილან ჩემი სიზმრებიც...

ჩემი ფიქრებიც... და ამ ფიქრის მეტი წილი კი
სულს მიკაწრავს და ვიცი სადღაც ისევ გველიან...
და ვხვდები, ქვეყნად გასავლელი ყველა ბილიკი
მხოლოდ და მხოლოდ... მხოლოდ ჩვენი გასავლელია.

და ჩვენც უთუოდ დავეწიოთ ყველა ხეტიალს,
ყველა საფეხურს, ყველა ნაბიჯს, ყველა ახალი
გზით... და თუ შენში პოეზია უფრო მეტია,
ჩემში კი შენი შემცველობა რჩება მაღალი.

და ეს სიტყვებიც შერჩენია შიშველ სასულეს,
ხელს გკიდებ, ერთად მივატოვოთ ყველა საშველი.
და ვფიქრობ ასე... და ამ ფიქრით წერას ვასრულებ.
შვიდი აგვისტო;
ქ. რუსთავი;
ზ. სუყაშვილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები