ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 იანვარი, 2016


გარდაუვალი...

წვიმდა , როცა წავიდა...
ტანსაცმელი შემოაცვდათ
პური აღარ ჰქონდათ სამყოფი.
იძულებით...განა ნდომით?
მისი წასვლა მხოლოდ ქმარ-შვილმა კი არა,
უბანმაც გაიგო.
აიმრიზნენ მეზობლის ჭორიკანა  ქალები
"გამოჩნდება ერთი, რა ხორას დადგამსო...
შვილები გზაზე დაეყენებინა და მერე წასულიყოო
ქმარი ახალგაზრდაა და  უქალოდ დარჩაო...
მაინც კაცია, ისე არ გაჩერდებაო
ვაითუ გაიჩინოსო..."
ჰო, ვაითუო.
პირველი თვეები  რომ იტირა
ეგ არავის დაუნახავს
ფული რომ გამოაგზავნა, გახალისდნენ შინაურები
შვილებმა ჩაიცვ-დაიხურეს
ექსკურსიებს მოუმატეს
მასწავლებლები აიყვანეს
(ძვირიანი რეპეტიტორები)
ცნობისმოყვარეებმა  მანქანაც შენიშნეს  ეზოში
(რემონტი ვერ შეამჩნიეს)
თორემ  სახლი რომ გალამაზდა გარეთა ხედით,
ეგ მთელმა სანათესაომ  ნახა
გარედან  ...შიგნიდან მხოლოდ
შინაურებმა იცოდნენ,
რომ უკვე აღარ ტიროდა.
წელიწადი გასულიყო
კრიზისი კარაქივით დარბილებულიყო.
პროცესები  უკუსვლით მიდიოდა.
ჯერ რას ჩამოვა,
შვილები სწავლობს  ფასიანზეო...
ბინა რემონტზეო
რძალი შემოუყვანია ბიჭსო...
ხელად_
პამპერსი და ფაფებია ძვირიო.

ნეტავ, ისეთი ლამაზი თუღააო?
ალბათ აღარცაა ერთგულიო...
თორემ ჩამოვიდოდა აქამდეო.
რამდენჯერაც ქმრის ნასკების რეცხვა მობეზრდებოდათ
მეზობლის ქალებს
იმდენჯერ გულნარიას წასვლას  გაახსენებდნენ
ქმარს და დედამთილს...
თავს უშველაო
ფულიც იშოვაო.
გადაშენდა აქაურობაო...
რაში  ენაღვლებოდათ
ხანდახან ისევ თუ  ტიროდა,
შვილებსაც  კი  სიცილის კურცხალი ეგონათ და
გაცივდა გული .
დაშორდა შვილებს.
საუბარი დაუვიწროვდათ  დედაშვილებს.
ქმარს უკვე გაჩენილი ჰყავდა...
მისი ნაყიდი მანქანით აგულავებდა...

ამ ზაფხულს ვნახე გულნარია
გულიკოს ეძახდა ყველა
მე ისე... წინ გამიარა.
უკვე მზიანი იყო ამინდი და
მოკლე კაბა ეცვა აშხვართალებულ
ხმელთაშუა ზღვისგან  ნამზეურ ფეხებზე...

დედამთილის გასვენებაში  იყო.
იმ დედამთილის,
პირველ ხუთ წელს  რომ  ხელებაპყრობილი ლოცავდა,
ოჯახის გადარჩენისთვის და
მომდევნო  ცხრა წელი
ხელებატოტინებული _ წყევლიდა
ოჯახის  დანგრევისთვის.
გულნარამ გონების ტრანფორმაცია არ იცოდა რა იყო,
არც რაოდენობის  თვისებაში გადასვლის
კანონის  იცოდა როდესმე...

თორემ  , ოცი  წელი  ევროპაში ცხოვრებით
ასეთი დახვეწილი , ელეგანტური და
გემოვნებიანი  არ გახდებოდა...
სულო ცოდვილო
არც  ასე  უღვთოდ ლამაზი მოგვეჩვენებოდა...
არც მეგობარ მამაკაცს ჩამოიყოლებდა,
ეგ  კანონები რომ ცოდნოდა...
(ქმრის "გაბედნიერების"და
შვილების დაბინავების მერეც
თავს უფლებას როგორ მისცემდა...)


მაინც აპუტუნდნენ  მეზობლები:
"ადამიანო,  ხომ ვამბობდითო...
ასავსავებდნენ  უმანიკურო ხელებს
ვიცოდით წინასწარ ყველაფერიო...
რომ გაიჩენდაო...
გული გადასხვაფერდებაო."
(იმერულად მასე ითქმოდა და
ევროპულად ვერც გულნარიამ გაიგო რამე)
რომ თურმე  წინასწარ  ყორიფელი  გათვლილი...
და გარდაუვალი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები