ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2015


მარილი რომ გაქრა...

  მარილი რომ გაქრა, მე ოცდაოთხი წლის ვიყავი. ბუნდოვნად კი მახსოვს, მაგრამ ხალხის სახეებს რა დამავიწყებს... ქვეყანა წამიერად სევდამ და უიმედობამ მოიცვა, აბა სხვაგვარად როგორ? მარილი გაქრა და...
 
  გაზგასული “ბორჯომი” არ მიყვარს, მაგრამ იმ დილით ამბროსიასავით საამური იყო. ნება–ნება ვყლურწავდი სხვა დროს უგემურ სასმელს და თავი მეფე მეგონა. სულ რამდენიმე წუთში ჩემი დიდი თავი ნორმალურ ზომას დაუბრუნდა, ყურებმა დაისვენეს, მუცელმა მადლობა გადამიხადა, ჩიტები აჟღურტულდნენ და საერთოდაც... ცხოვრებამ ხალისი დაიბრუნა! დილაადრიან, თორმეტის ნახევარზე, წამოვფრინდი საწოლიდან და ისე გავიზმორე, რომ კინამ მხარი ამოვიგდე, მაგრამ მაშინ ესეც საამოდ მეჩვენა. ფეხის თითებიდან დაწყებული, კისრის ჩათვლით ყველა ძვალი ავიტკაცუნე და გვერდით დივანზე მივეგდე. იმ წამს ფისო ვიყავი, ფანჯრიდან შემოსულ მზეს თვალს ვუსწორებდი და ეს მსიამოვნებდა. ოჰ, რა კარგი დილა იყო...
აბა, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რას იზამდით მარილი, რომ გამქრალიყო?
 
  დივნიდან მაშინ ავეგდე, როცა მუცელმა თავი შემახსენა. წელი ავითრიე და იქ წავედი სადაც, თუ ბაბუაჩემს დავუჯერებდით, ქალის გარდა ცხვირი არავის უნდა შეეყო, არ იყო ბაბუჩემი მთლად ევროპელი კაცი... ჩემს სამზარეულოში კი ქალის ჭაჭანება არ იყო... არც სახლში და არც ცხოვრებაში, ასეც ხდება ხოლმე... რას ვამბობდი?! აჰ, დიახ, ის–ის იყო სამზარეულოში შევედი და გემრიელი კერძები დამხვდა სუფრაზე, მეთქი... მინდოდა მეთქვა, მაგრამ ასე მხოლოდ ჩემს საუკეთესო სიზმრებში ხდება! წარმოიდგინეთ, გძინავთ, და გესიზმრებათ შემწვარი ქათამი...სოუზში...როგორ გხვევს ფრთებს და გეუბნება: „შემჭამე კაკო, შემჭამეე...“ და მეც ხათრს არ ვუტეხ ქათამს და ბარკლებს ვჭამ, და მერე ფრთას... მმმ... კარგით, ჩემს ინტიმურ სიზმრებს შევეშვათ. ხმმჰ... ჰო, და შევედი სამზარეულოში, ვფიქრობ ახალი რამ მოვიგონო კვერცხისგან, მაგრამ „თოხლოსა“ და გათქვეფილის მეტი ჩემს უსაზღვრო ფანტაზიას არაფერი აფიქრდება. პენსიაზე გასული მაცივრიდან,რომელსაც „უკუღმაგენდალფი“ ჰქვია(ჯერ თეთრი იყო, და მერე გახდა ნაცრისფერი), ყოველ წამს თავისი რახრახით მახსენებს, რომ უნდა გადავაგდო და გამოვცვალო, ორი საცოდავი კვერცხიდან ერთს, უფრო მოზრდილს, ვირჩივ და ჩანგალს გამეტებით ვურტყამ. კვერცხი გავთქვიფე და ჯერი მარილზე დგება! დედაჩემმა მასწავლა, რომ სანამ ტაფა გაცხელდება, ზეთში მწიკვი(წარმოდგენა არ მაქვს რამდენია) მარილი უნდა მოაყარო, რომ ტაფამ არ მიიწვას. მეც ყველა წესების დაცვით გადავწყვიტე შემეწვა კვერცხი და სამარილეში თითი მოვაფათურე... იქ არ იყო! იმ წამსვე, ავისმომასწავლებლად მენიშნა! ბაბუა, ზემოთხსენებული არა, ვერ იტანდა ცარიელ სამარილეს და ამის გამო შეიძლებოდა სასადილოდ არც კი მოსულიყო სუფრასთან, ვერც ეს ბაბუა იყო მთლად კარგად... კარადა გამოვაღე და მოვძებნე კონტეინერი, რომელსაც „შაქარი“ ეწერა და ჩვეულებრივ მარილს ვყრიდი ხოლმე, რადგან შაქარმა დამირხია და დიაბეტიკი გამხადა. დახეთ უბედურებას! არც იქ აღმოჩნდა!

    ახლა მითხარით, რომელ ქართველ კაცს უჭამია შემწვარი კვერცხი უმარილოდ? მეც, დიდი შემართებით გავიხურე კარები და მახლობელი მაღაზიის გზას დავადექი.

  მივაბოტებ ტროტუარზე, ჩამოვედი მელიქიშვილზე,გავცდი ერთ მათხოვარს, მეორეს, ამ უკანასკნელმა კუშტი მზერა მესროლა და როცა მის დაჟანგულ კონსერვის ქილაში ჩემი „ოცთეთრიანი“ აჩხარუნდა, სასიამოვნოდ კმაყოფილმა გამომხედა და მადლობაო მაგრძნობინა.ჰოდა, მოვნარნარებ დედა ტერეზასავით, ქვეყანა ჩემი მგონია, დავხედე ფეხებს და ფოსტლები მეცვა... უკან მიბრუნებას აზრი არ ჰქონდა... და უმარილოდაც სახლში არ დავბრუნდებოდი. რამდენიმე ბავშვი ჩემს ფოსტლებზე იცინის, არადა მე მიყვარს ჩემი „ევენჯერსის“ ფოსტლები, კაპიტანი ამერიკას ფარით და თორის ჩაქუჩით... რომ გამოვიწერე, ისე მიხაროდა, ღამე მაგით ვწვებოდი, ეს ორი წლის წინ იყო...ჩვეული იდიოტური ღიმილით შევაბიჯე მაღაზიაში და მარილებისკენ წავედი, ამ მაღაზიას ხშირად ვსტუმრობდი, ალბათ, უკვე გეცოდინებათ რომ დიდი რამსი გორდონი მე არ ვარ, ნახევარფაბრიკატებს კი ამ მაღაზიას მე ვუსაღებდი...დახლზე მარილი ვერ ვიპოვე...კონსულტანტი გვერდით არ მედგა, არადა მაღაზიებში სულ თან დამდევენ, თავიდან მეგონა, რომ დასახმარებლად დამდევდნენ, მერე აღმოვაჩინე, რომ ეშინოდათ რამე არ მომეპარა და ცოტა გული დამწყდა.ზოგადად, მაღაზიაში ისეთი სიტუაცია მხვდება ხოლმე, რომ პირდაპირ ტირილი მოგინდება, რაღა ყიდვა–გაყიდვის პროცესი და რაღა სოფოკლეს ტრაგედიები. ერთხელ შევესწარი, ქალბატონი ისეთი დანანებით უწვდიდა ფულის კუპიურას მოლარეს,რომ კინამ ერთი–ორი კურცხალი მეც გადმომცვივდა და გახსენებაზე ჩემს ათლარიანს მუჭი მაგრად მოვუჭირე, აქაოდა ვაგრძნობინე არსად გაგიშვებ და არაფერში გაგცვლი, მეთქი... ცოტა ხნით მაინც. ამ ბოლო დროს ქვეყანაში ასეთი პრინციპი მოქმედებს – „ფული არ გაქვს, პროდუქტი არ გაქვს, ფული გაქვს–პროდუქტი მაინც არ გაქვს.“ მოლარეს მეტს ,ახლომახლო, თვალი ვერავის მოვკარი, ცოტა ხანს ბოთესავით ვიდექი, კიდევ ერთხელ მოვავლე დახლს თვალი იქნებ დევს მეთქი და ვერ ვხედავ, მაგრამ მართლა არ იდო! ვერ გადამეწყვიტა მივსულიყავი მოლარესთან თუ კონსულტანტი მომეძებნა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი სახით ანგარიშობდა რაღაცას. რაღაცნაირი გოგო იყო... აი, რაღაცნაირი... თითქოს ის მარსზე ცხოვრობდა, მე კი ერთი გაქუცული პლანეტის პარაზიტი ვიყავი, თითონ დედოფალი იყო, მე –კი ბოგანო, არადა თითონ უბრალო მოლარე იყო დიდი ეგოთი, მე კი–აკაკი წერეთელი! მივუახლოვდი მისი მოქნილი ყბა ავიცდინე და რაც შეიძლება სათუთად ვკითხე.
–მარილს ადგილი შეუცვალეთ?
–სულ გაიყიდა
–ააჰ...და სულ არ გაქვთ? არც იოდიზირებული?
ერთი ამომხედა და შეწუხებული ხმით თქვა.
–არც იოდიზირებული, არც ზღვის და არც სახსრის...
–ააა... – ან ჩემი იუმორის საქმე ვერ იყო კარგად, ან კიდე მას არ გამოუვიდა ხუმრობა. გული მეთანაღრებოდა, რომ სახლში არ ავბრუნდი ფეხზე გამოსაცვლელად. ახლა მეტრომდე მომიწევდა ჩემი ჩუსტებით წასვლა და კიდევ რამდენის „ფხხხჰჰ“ და „ჰმმმს“ უნდა მომესმინა.

  თქვენი აზრით რამდენად მალე ნებდება მამრი?

  მივფრატუნობ, ზებრა ჩემია მეთქი, გადავჭერი აუღელვებლად ქუჩა, მერე რა რომ მძღოლმა ცუდი სიტყვა მითხრა, სულ იმ ცუდ სიტყვაზე მეკიდა და მაღაზიაში შევედი. იქ კიდევ კარგად იყო საქმე. კონსულტანტი იღიმოდა! ეს ის იშვიათ შემთხვევათაგანია, რომელიც ცალკე დღიურში ან ბლოკნოტში უნდა ჩაინიშნო. მეც გავიკრიჭე და ვეუბნები მოთაფლული.
–მარილი საით დევს?
კონსულტანტი ისევ იღიმის, ოღონდ უფრო დაყენებული ღიმილი აქვს, ვიდრე ნამდვილი.
–იცით... იმ კომპანიამ, რომელიც მარილს გვაწვდის... მოკლედ, მარილი არ გვაქვს!
წარმოიდგინეთ! ორ მაღაზიაში ვიყავი და არც ერთგან იყო მარილი, კატასტროფა! ფოსტლებით მეტროს ვეღარ გავცდებოდი, ნამეტნავად შესამჩნევი იქნებოდა, თანაც იქნებ ვინ შემხვედროდა, ჩემი ნაცნობების ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა. ზოგი სურათს გადამიღებდა, მოკლედ ათასი უბედურება მოხდებოდა და ეს ერთ მწიკვ მარილად არ მიღირდა.

  კუჭს თუ უგინებია თქვენთვის?

  კუჭის ენაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მახსოვს როგორ შემომიტია, და ენა რომ ჰქონოდა კარგს არაფერს მეტყოდა. უმარილო კვერცხის გაგონებაზე, წარმოვიდგინე როგორ ვირევდი გულს და არც ისე სასიამოვნო წარმოსადგენი იყო, ამიტომ... თავს შემოუძახე და მეტროში ჩავედი.





...მარილის საძებნად წავედი...

  ჩემი ფოსტლები ბევრმა შეამჩნია, მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. კაცი–შვილი ერთმანეთს არ უყურებს! ისე გაგიტანენ და ისე გადაგივლიან, ვითომც არაფერი...მარტო ფიზიკურად არ ვამბობ! იმ დღეს ნამეტანი აჟიტირებულები იყვნენ, ეტყობა მარილის ამბავმა შეაწუხათ. უფ, მეტრო ისეთი გაძეძგილი იყო, კინამ უკან გამოვბუნდი. ჯერ ერთმა გადამიარა, მერე ბავშვმა გამიტანა. მერე ციგნები ამოვიდნენ „დეიდებო, ბიძიებოთი და თოთო ბავშვით, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა გათვითცნობიერებული რა დამპალ ქვეყანაში დაიბადა“, მოკლედ ჩვეული გამოსვლა ჰქონდათ. მერე ესკალატორზე გადამჯეგეს, მგონი მაშინ წესიერად არც იცოდნენ რისთვის გამოიგონეს ესკალატორი, რომ ეს არის კიბე რომელზედაც უნდა იდგე, და არა გარბოდე, და თავად ჩაგიყვანს ქვემოთ. მაგრამ ამ ხალხს არ ვამტყუნებდი, მაშინ დრო ისეთი ძვირფასი იყო... ერთი წუთის დაკარგვაც კი პეპლის ეფექტს იწვევდა.
 
  ვაგონში შევფინდი, მინას ავეკარი და შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვედი. ჩამოსვლა არ მინდოდა, უბრალოდ გამომათრიეს და სხვა გზა არ იყო. ყველგან მარილი მელანდებოდა, გაგიჟებული ვიყავი, რომ ამხელა მანძილზე ერთი მაღაზია არ შემხვდა, სადაც მარილი ექნებოდათ, სამაგიეროდ შემხვდა ყოფილი კურსელი.
–ვაააჰაა... კაკო?
–ზუკას გაუმარჯოს!
–სად დაიკარგე შე–ჩემა?საუკუნეა არ მინახიხარ! – ბოლო სიტყვა ყურში ცუდად მომხვდა, არასოდეს სწავლობდა გრამატიკას. ან ვერ სწავლობდა, დებილი ტიპი იყო. რომ გითხრათ მე თავს ვიკლავდი გრამატიკის სწავლით მეთქი, მოგატყუებთ, უბრალოდ მამაჩემისგან გამომყვა, ბავშვობიდანვე მიჩიჩინებდა, „აკაკი, შვილო! გრამატიკა ეს სიცოცხლის ნაწილია! იგი სუნთქავს, როგორც მე და შენ!“. მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, რომ მამაჩემი უბრალოდ უპერსპექტივო ფილოლოგი კაცი იყო, რომელიც სამუდამოდ უნივერსიტეტის კათედრას გამოეკერა, და დაფასთან ხელებაწეული ცარცით ხელში განუტევდა სულს, მაგრამ კარგი ვანგა ვერ გამოვდექი და მწარედ შევცდი, მამაჩემი გერმანიაში მიიწვიეს და იგიც ისე დამემშვიდობა, როგორც ყოვლად უნიათო შვილს შეეფერებოდა.
–უნივერსიტეტში ვარ, სად წავიდოდი...
–ფეხზე რა გაცვია შე–ჩემა? – იღრიალა ზუკამ და მაშინ გავიფიქრე ნეტა რომელიმე სართულიდან როიალი გადმოაგდონ და ამას დაეცეს მეთქი.
–ფოსტლები... მარილის საყიდლად ვარ წამოსული.
–ცოტა გვიან გაგახსენდა, არ გაგიგია?
–რა უნდა გამეგო?! – ვეკითხები ოდნავ შეცბუნებული ტონით.
–რა და, ჩვენებმა მარილის შემოტანა აკრძალეს!
–რას ჰქვია აკრძალეს? – აღმომხდა მე და ჭიანჭველებმა უსიამოდ დამიარეს ტანში მოსალოდნელი უბედურების გამო.
–აუ, ამათ პოლიტიკას რას გაუგებ, ესაო...ისაო... მარილი გაძვირდაო, ხალხი გასუქდაო, მერე ის მოტვლეპილთავიანი კაცი გამოვიდა, და თქვა მარილის მინარევები ჯანმრთელობას აზიანებსო, სხვა შემცვლელს გამოვნახავთო...
–მაგათმა სულ ხო არ დაუსტვინეს! კვერცხი უნდა შევწვა, მარილი მინდა! სულ არ მენაღვლება, აღზევანში წავალ, ზღვაზე წავალ და ქვებს ავლოკავ! გაგონილა ამხელა ქალაქში მარილი ვერ იშვო? – ვღრიალებ მე და ყველა მე მიყურებს, ზუკა, ბუკინისტები, ბანკის თანამშრომლები, დაცვა, კლოუნი, ძაღლი... მაგათ რა ედარდებოდათ ფუთა–ფუთა მარილი ეწყოთ სახლებში. ერთი მე ვიყავი ორი დღის მშიერი, უფეხსაცმლოდ, უიმედოდ, უმარილოდ...

  როგორ ფიქრობთ ვიშოვე მარილი?
 
  სიმართლე, რომ გითხრათ სულ არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ხიდზე გადაყუდებული. ზანტად თრუქუ–თრუქუთი მომავალ მდინარეს ვუყურებდი, მაგრამ მის ხმას ჩემი დაუოკებელი კუჭის ბუყუნი ფარავდა, მერე უცებ ჩემი ლექტორი გამახსენდა. უფ, ახალგაზრდობაში ძალიან გიჟი იყო, ვერ გააჩერებდი, იმისთვის ერთი სიკვდილი იყო უქმად ჯდომა. კორიდორში, რომ ჩაივლიდა, გეგონება თერგმა, არაგვმა და ენგურმა ერთად ჩაგიარაო. მერე დამშვიდდა, ჩაქრა, მაგრამ მაინც ცდილობდა აქა იქ ამოეჩქეფა, ოთხმოცდათორმეტ წლამდე იარა და ატარა ლექციები, ეხუმრები?! მტკვარს ვუყურებდი და ასეთი ზანტი მდინარე მეორე არ მენახა, რამ დაგაბერა მეთქი მინდოდა მეკითხა. იმ ჩემს ლექტორს ჰგავდა, ვიცოდი აღარ შეეძლო ამდენი ჯაფით დაღლილს და მობეზრებულს, ყველათი, მარა თავის დიდებულ და აბობოქრებულ ახალგაზრდობას ვერ ელეოდა და დაიზლაზნებოდა ამ თავის ჯოხით და ყველას , დიდს თუ პატარას, უსალმოდ არ ტოვებდა. ალბათ, ამით იმას ამბობდა, სულ რომ მივჩუმათდები მაშინ გამიხსენეთ, ხოლმეო.
–ცოტა იქით ჩაფიქრდი შენი დედა ვატირე! არ გამომივიდა ბარათაშვილი? – უცებ გამომაფხიზლა „მერსედესის“ სამოთახიანმა ჯიპმა და იქიდან გადმოძახილმა სიტყვებმა.
–არა ვარ ბარათაშვილი! აკაკი ვარ, წერეთელი. აკაკი! – დავუღრიალე მეც და სულში რაღაც შვება ვიგრძენი.
–ოხ, აკაკი ყოფილა წერეთელი...
 
  ზოგადად თბილისში, სადმე განმარტოვება რომ მოგინდეს, ან ძალიან მდიდარი უნდა იყო და „რედისონში“ დასვენების ერთი ადგილი გქონდეს, იმიტომ რომ მანდ კაცი–შვილი არ არის... ხშირად... ან ილიას ძეგლთან უნდა წახვიდე, იქაც არავინაა, ან კიდე მთაწმინდაზე უნდა განისვენებდე.

  ერთი ოთხმოცდაცხრამეტი წლის „ოპელის“ კარებზეა დაყუდებული, მეორეს ანკესი უჭირავს და დამშრალ ნაპირზე „თევზაობს“, მესამე მოაჯირზეა შესკუპებული და კენჭებს მდინარეში ყრის.
–რანაირად თევზაობს, წყალი არ არის... – ვთქვი გაკვირვებულმა.
–აკაკია, ძმა, აქ რამ მოგიყვანა? – მეუბნება „ოპელი“.
–თავი უნდა დავიხრჩო... – ვთქვი მე და მოაჯირს მივეყუდე.
–ჰოდა როგორც შენ იხრჩობ თავს, ძამა, ისე თევზაობს ესეც! – მითხრა და თვალი ჩამიკრა – აგი, გენიოსაა! – გააგრძელა „ოპელმა“ და თითი მეთევზეზე გაიშვირა – აგიც, ბიძიკო, ისა რა ჰქვია... – ვერ დაამთავრა კაცმა.
–ჰო, ხედავ ბიძაჩემო არ გამოდის ამ ჩემ სახელზე ეს „იე–იე“ და გაანებე თავი რა! – თქვა მოაჯირზე ქათამივით შემოსკუპებულმა ბიჭმა და ქვა უფრო მაგრად სტყორცნა მდინარეში.
–ბიძაჩემო კი არა ჯუანშერი! ჯუანშერი მქვია მეე, ვოტ!
–თქვენც თავს იკლავთ? – შევაპარე „ოპელს“.
–მე არა ბიძიკო, აგი ახალგაზრდა იკლავს თავს! მე ველოდები
–რას ელოდებით?
–როგორ მოიკლავს თავს! ან თავს მოიკლავს ან კიდე ჩემ წილ თუთხმეტ ლარს მომცემს, ასეა! ბავშვები მშივრები მყავს, კაცო!
–ჰო გითხარი ვიკლავ, ჰო!
  ეუფ, ერთი ვიფიქრე აბა ესენი ყოფილან მეთქი და იქიდან წასვლა დავაპირე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მარილი ვერ ვიშვე, ამან გული დამიმძიმა და უცებ პრეტჩეტის ქროულის ხმა ჩამესმა „არ არის მარილი, არ არის კვერცხიც...“ და ვიფიქრე თუ ამის მერე ასე მომიწევს უმარილოდ ტანჯვა რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე მეთქი და მდინარეს ჩავხედე. 
–აქედან რომ გადავხტე რა მომივა?
–ვერ დეიხრჩვები ბიძიკო, მარა ვერც გადარჩები...
„გენიოსა“ ისევ თევზაობდა. მე ხან მის ანკესს ვუყურებდი და ხან ჯუანშერს. ბიჭი ისევ სპაიდერმენის პოზაში იჯდა მოაჯირზე და ქვემოთ მდინარეს მიშტერებოდა.
–ე, ბიჯო, ადამიანი არა ხარ? გადახტი ძამა თუ ხტები, შენც დაისვენებ, მეც და შენი ოჯახიც, ვაჰაა...
–რას აძალებ, თუ უნდა გადახტება! – ვეუბნები მე და მდინარისკენ უფრო მეტად ვიხრები. – მაინც რაზე იკლავ თავს? – ვაპარებ მე.
–თავისუფლების გამო... – თქვა ბიჭმა.
–თავისუფლების გამო თავს როგორ იკლავ? – ვერ მივხვდი მე.
–ქვეყანაში ამდენი თავისუფლება, რომ გვაქვს ახალგაზრდებს მაგის გამო... ერთმა ტელევიზიამ მკითხა, თავისუფლები ხართო დღევანდელი ახალგაზრდებიო? მე გამეცინა და რა გვეტყობა, მეთქი. მითხარი რატომ ფიქრობ ასეო, ავდექი და ვუთხარი ყველაზე შებოჭილები ჩვენ ვართ მეთქი, სამუშაო ჩვენ არ გვაქვს, დამოუკიდებლები ჩვენ არ ვართ, სწავლა ჩვენ არ გვაქვს, აზრი ჩვენ არ გვაქვს, და თვქენი აწყობილი ქვეყნის დედაც მეთქი...– ამოიოხრა და გააგრძელა –რატო ენა არ მომტყდა... მეორე დღეს მამაჩემი სამსახურიდან მოხსნეს, სახლში რომ მოვიდა იცი როგორი თვალებით შემომხედა? – მიყურებდა ბიჭი და თვალები ეცრემლებოდა.– ახლა რითი გაჭამოთ პურიო... – ნერწყვი გადავყლაპე, არ ვიცოდი რა მეპასუხა. – არადა, როგორ იმედებს ამყარებდა ჩემზე... ახლა მოვიკლავ თავს და მამაჩემიც დაისვენებს...

  მამაჩემმა უცნაური ეპითეტების მოკერება იცოდა, ხოლმე. პატარაობისას შემარქვა ტროას ცხენი, რომ დამინახავდა დაიწყებდა ხოლმე ჩლიფინს : „ჩეეემი პაატალა ტლოას ჩხენი ვინ ალისო, ვინაოო??“. სანამ დიდი გავხდებოდი ეს კომპლიმენტად მიმაჩნდა, მაგრამ მერე, რომ გავიზარდე და იმ დალოცვილი ჰომეროსის „ილიადა“ წავიკითხე, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. რომ გავიგე ტროას ცხენს ყველაზე საშინელ, ავ და მოულოდნელ საჩუქარს უწოდებნენ, მინდოდა მამაჩემი ჰექტორივით მეთრია კორპუსის გარშემო და აქილევსივით, ცხოველურად მეყვირა. ვუყურებდი ბიჭს და ჩემი ბავშვობა მაგონდებოდა, თუმცა ერთი განსხვავებით, თავის მოკვლა არასოდეს მიფიქრია. შეიძლება ეს ჩემი სათუთი ბუნების ბრალი იყო ან კიდევ სახელ–გვარის. აბა დაფიქრდით, როგორი იქნებოდა, „დღეს დილით მტკვარში დამხვრჩვალი იპოვეს აკაკი წერეთელი...“, არც ისე ლამაზია, ხომ?
–ნეტაი ახალგაზრდებს... – თქვა ჯუანშერმა. – არაა, ბიძიკო მაი საქმე თლა კაი! შეგერგო, გაცხოვრებდა მამაშენი ხოშიანად... ჩემ ბაღნობაში, სანამ ჩემს საკუთარ ფულს ვიშოვნიდი მამის ფულს შვილივით ვუფრთხილდებოდი, მააშ! საკუთარზე მეტად მისი ფული მენანებოდა... ეჰ! უბედური ნათელი და სანტელი...
–მოსწრებოდა შენ წარმატებებს... – გაკენწლა ბიჭმა და ქვა მაგრად გაჰკრა მდინარეში.
ჯუანშერმა მოუყრუა და „ოპელის“ კარზე ჩამოკიდებული მე მომიბრუნდა.
–აბა, აკაკიე, შენ რაღაზე იხრჩობ თავს?
–მარილი ვერ ვიშოვე... – ვთქვი მე და ჩემი ეგზისტენციალური დანიშნულება გამახსენდა. წესით ახლა, სახლში უნდა ვმჯდარიყავი, უკვე კარგა ხნის დანაყრებული და უკვე სავახშმოდ უნდა მოვმზადებულიყავი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვჯდი მოაჯირთან და სამი კაცის გარემოცვაში ჩემი იმდღევანდელი დანიშნულების სისრულეში მოყვანა, კიდევ უფრო მეეჭვებოდა. ეუფ, როგორ ჩამოვაყალიბე?!... და უცებ „ზეციური სამეფო“ გამახსენდა, „რა არის მარილი შენთვის, კაკო? – ყველაფერი და არაფერი...“



...სხვა მარილი ვიპოვე...

  ცოტა ხანი ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ ანკესის ზუზუნის ხმა ისმოდა ხანდახან, როცა „გენიოსა“ ნამეტნავად შორს მოისვრიდა, ხოლმე, რამის დაჭერის იმედით და ანკესიც, პატრონის ნებას დამორჩილებული ხმაურით აპობდა ჰაერს. გულ–მუცელი მეწვებოდა და ბოღმით ვივსებოდი და იმდროს ყველაზე მიწიერი არსება ვიყავი, და თავი დმანისელებთან ერთან წარმოვიდგინე: ზეზვა, მზია და კაკო... თუმცა იმ დროს ნაკლებად შეიძლება ეწოდებინა ვინმეს ჩემთვის ევროპელი და მითუმეტეს პირველი ევროპელი, იმიტომ, რომ უკანასკნელი ვიყავი და თანაც ტიპი, რომელსაც საკუთარი კუჭის გარდა აღარავისი ესმოდა. ეს იყო ბრძოლა უკვე მიუწვდომელ და სასურველ სიამოვნებასთან, და მე ვმარცხდებოდი, აკაკი წერეთელი მარცხდებოდა მარილთან ბრძოლაში... არა მარილთან არა, კუჭთან ბრძოლაში, და მე ამას ვხვდებოდი, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვუმკლავდებოდი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ახლა რაღაც სისულელეებს ვყვები და ალბათ, იმასაც ფიქრობთ, რომ მინიმუმ მაგრად მაჟრიალებს, მაგრამ... რომ იცოდეთ მშიერ კაცზე, რომელმაც კვერცხიც კი ვერ შეიწვა, საშიში არაფერია, რადგან თუ ადამინმა სტომაქი არ ამოიყორა შეიძლება საკუთარ თავსაც დამართოს რამე და მასაც, ვისაც მის შიმშილობაში ბრალი არ მიუძღვის.
 
  კუჭი იცით როგორი რამეა? აი, ყველაზე ირონიული და ყველაზე ისეთი ნაწილია შენი სხეულისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს „გეკაიფოს“ და თავის დაკრულზე გაცეკვოს. ვის ვის და პირველს მუცელს უნდა ვასიამოვნოთ, უმისოდ არც სწავლა გამოდის და არც არაფერი და თუ ამ ბუნებრივ მოთხოვნილებას სიამოვნებად ვაქცევთ, მერე ექცევა ჩვენი თავი კუჭის ქვემოდ და კუჭი თავის ადგილას.

  ე, ბიჭო გინება მაინც ვიცოდე?! არც მზარეულობაში ვუქნივარ შემოქმედს და არც გინებაში. პირველად „ცუდი სიტყვა“, რომ ვთქვი ასე ათი–თერთმეტი წლის ვიქნებოდი, ხუთ ბიჭს „რაზბორკა“ გვქონდა და მეც ვიყავი რაა, აბა ხო არ დავაკლდებოდი და საუბარში ერთი ორი „ფინთობა“ გავურიე, აუფ, იქ სიცილი ატყდაა... რაზე არჩევდნენ საქმეს ისიც აღარ ახსოვდათ, ყველა იწვა სიცილისაგან და მე ვიდექი და ჩემი ,ჯერ კიდე, გადატკიცინიბეული ტვინით ვერ ვხვდებოდი რა აცინებდათ ბავშვებს, იმის მერე მე ჩემს უბნელებს „რაზბორკებზე“ აღარ წავუყვანივარ, მარტივი მიზეზის გამო „აუ, კაკო არა შე–ჩემა, მაგან გინება არ იცის!“... რომ წამოვიზარდე, და კიდევ ვთქვი, ის–რაც–ჯობდა–სულ–არ–მეთქვა, გინებებზე ხელი ავიღე და მხოლოდ ევფემიზმებიც ვიფარგლებოდი, ხოლმე. ყველაზე ძალიან იმ დროს მინდოდა მეგინებინა ყველა და ყველაფერი, მაგრამ არც ჩემი უბედური ხმის ტემბრი და არც ჩემი ქუჩური გამოცდილება მაძლევდა ამის საშუალებას.

  ასე ვიჯექი მოაჯირის ძირას და ჩემს უაზრო ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ისიც გამახსენდა, რომ გოგოც არასდროს მყოლია და ამის გამო ყველა უბედურ ბიჭად მთვლიდა, და შესაბამისად არც ყრანტალა ნათესავებიდან წყდებოდა ვაი–ვიში ჩემს უუნარობასა და დონდლოობაზე. მამაჩემის გარე–ბიძაშვილის სიდედრი, რატომღაც ძალიან აქტიურობდა ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში და სულ იმას მიჩიჩინებდა – „დროზე მოათავე კაკო შენი ამბავი, თორემ გოგონები არ დაგელოდებიანო, აგერ ბიძაშენმა ჩემი გოგო ჩვიდმეტი წლისამ მოიყვანა ცოლად, მამაშენს ნუ უყურებო“, კიდევ ბევრი ასეთი „მამიდა–ბიცოლა–დეიდა“ გამოჩნდა, მაგრამ პატრონს მაინც ვერ ჩამაბარეს. დიახ, საპატრონო აქეთ ვიყავი... მაგრამ, იყო ერთი გოგო, ლამაზი, მწვანეთვალება და როცა ვუყურებდი, რატომღაც მინდოდა აკაკი კი არა, გალაკტიონი ვყოფილიყავი ის კი, ჩემი მერი. თუმცა, როცა საუბარში შევყევით და ვკითხე „დი–სი“ თუ „მარველი“ მეთქი და იმან ფეხბურთს არ ვუყურებო, მაშინ მივხვდი, რომ არც მე ვიქნებოდი გალა და არც ის – მერი. თუმცა ჯვარი მაინც დაიწერა, ლამაზი კაბა სცმია, და სურათშიც ბედნიერი გამოიყურებოდა, და მაშინ მივხვდი, რომ თავისნაირი ბიჭი იპოვა, და სიმართლე, რომ გითხრათ არც მწყენია, პირიქით გამიხარდა.

  ჩემს კუჭს ხელი რომ ჰქონოდა, ჩაიქნევდა.

  ალბათ, დიდხანს არ ვყოფილვართ ჩუმად. მე მანქანის ღრჭიალით დამუხრუჭების ხმამ გამომაგონა. კაცმა ტაქსი გაუშვა და ჩვენსკენ წამოვიდა. ახალგაზრდამ მოაჯირს გადააბიჯა და მდინარისკენ გადაიწია.
–ჰა! მამა, რას აკეთებ? ნუ დამღუპავ, შვილო!
–მამა, მაპატიე, მამა!
–აბა, რას ამბობ, მამი, ჩამოდი ახლავე,გასწავლი, ჩაგაცვამ, ყველაფერს გაგიკეთებ... ჩამოდი მეთქი... – დადგა კაცი მუხლის ჩოქებზე და ხელები ბიჭისკენ გაიწვდინა. – დედაშენი არ გეცოდება?
ბიჭი თავს აქნევდა აქეთ–იქით და ყურებზე ხელებს მაგრად იჭერდა.
–მაინც მოვკვდები მამა,ამ ქვეყანაში მოვკვდები!
  მე, „გენიოსამ“ და „ოპელმა“ მოქმედი პერსონაჟებიდან, სცენის მიღმა გადავინაცვლეთ. როგორც ზმნა ჩადგება ხოლმე შუაში და გათიშავს მსაზღვრელ–საზღვრულს, ისე გაგვთიშა უცებ შემოსულმა მამამისმა და ჩემი კუჭის პრობლემა, ხელმეორედ დამავიწყა.
–ვერ გავჩუმდები მამა! ვერ გამაჩმუბენ!
  ნეტა როგორც მართალი იყო ის ბავშვი, „საათივით აწყობილ“ ჩემს სამშობლოში მოსახლეობის ორ–მესამედს პირდაპირი მნიშვნელობით შიოდა, ჰოდა, მოდი ახლა და მოსთხოვე გაჩუმება თხუთმეტი–თექვსმეტი წლის მოზარდს, რომელმაც თავისთავზე იწვნია მშობლების შეცდომები და ყელში ბურთი გაეჩხირა და ეს ბურთი იზრდებოდა და იზრდებოდა და ერთხელაც დაახრჩობდა ამ თაობას. იცით რას მიხვდი?! ეს იმ თაობის რეინკარნაცია იყო, რომელმაც თავისუფლება მოიყვანა ცოტა ხნით მაგრამ, ხომ მოიყვანა! ჰოდა, თუ იმ თაობამ შეძლო, რატომ ესენი ვერ შეძლებდნენ?!
–ჰო, შენი ჭირიმე, ახლა ჩამოდი...
–თავს თუ მოიკლავ ხმას არავინ ამოიღებს... – ვთქვი მე. – რა გგონია, ვინმეს სულს შეუძრავ? იცი რამდენი შენნაირი კვდება ყოველდღიურად? საინფორმაციოშიც არ გაჩვენებენ, იმიტომ, რომ სიკვდილით არაფერი გაკეთებულა. სიცოცხლით გააკეთე და ნუ წახვალ და თავს ნუ დაიძვრენ... – ვუთხარი ბიჭს, გაოგნებული მიყურებდა, ნაკლბად მგონია მარტო ჩემს სიტყვებს მოეხდინა მასზე ეფექტი, ვიცი სიკვდილი არ უნდოდა, გულის სიღრმეში. ნეტა სიკვდილი, საერთოდ, ვის უნდა, ერთი.
 
  ბავშვი მოაჯირიდან გადმოვიდა და მამასთან მივიდა, ჩაეხუტა და გაფითრებული კაცი ფეხზე წამოაყენა. მერე ჩვენ მოგვავლო თვალი და ღიმილით აგვიწია ხელი. მამამ ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და გულში აკოცა. ხელი–ხელ გადახვეული მიდიოდა წარმავალი თაობა და ახალი, მჩქეფარე, სიცოცხლით სავსე და ბობოქარი.
–რა გქვია ? – დავუძახე მე უკვე შორს მიმავალ ბავშვს.
–ილია, სახლში ილიკოს მეძახიან! – მომაძახა და ხელი დამიქნია.
ნეტა ისევ ესვრიან ტყვიას?

  ჯუანშერი „გენიოსას“ მიუცუცქდა და ანკესი ორი წუთით გამოართვა. რომ ვერაფერი გაუგო ერთი შეიკურთხა და ანკესი უკან დაუბრუნა. „გენიოსამ“ დინჯად გადააგდო მდინარეში და მთლიანად მასთან ერთად ჩაეშვა, ვინ იცის როგორ იდეალურ სამყაროში.
 
დაასიგნალეს. თავის აწევა მეტად დამეზარა, მით უფრო, რომ ჩემთან მაინც არავინ მოვიდოდა. ჯუანშერმა თავი ასწია, მეც, და ხელი მოიჩრდილა, გეგონება ძაან მზე ყოფილიყო, რა. ამ ბოლო დროს მოდა ბრუნდებოდა, თუ ხალხი ღარიბდებოდა, არ ვიცი მაგრამ ქალაქში ძველმა მანქანებმა მოუხშირეს. ალბათ, უფრო მეორე მიზეზის გამო. “გოლფს” დაბურული მინები ჰქონდა. არ ვიცი რაში სჭირდებოდა. მერე მძღოლის მხარეს ფანჯარა დემონსტრაციულად დასწიეს. ჯუანშერი მისკენ წავიდა.

–ეუფ, ეს რა მოგსვლია მურთაზიჩ! – შეიცხადა კაცმა და თავში ისე შემოიკრა ხელი, ვარკეთილში ვიღაც გააღვიძა. – უუხ, მურთაზი, ადრე წავიდა ეგ საცოდავი!
– კაი კაცი იყო მამაჩემი, ჩემო ჯუანშერ, შენც ხომ იცი, მაგრამ ბედი ყოფილა! რას ვიზამთ! – ბედი კი არა დრო ყოფილა მეთქი გავიფიქრე, მაგრამ არ ვთქვი.

    ბოლოს, მანქანიდან გადმოსვლა ინება. კაი შავხმახი ტიპი იყო. ეს უკანასკნელი ჩემი ეპითეტია, მე მოვიფიქრე. ჯუანშერი ისე გაექანა და მიახტა, როგორც შოტლანდიელი მივარდებოდა ინგლისელს, ასე მეთვრამეტე საუკუნეში. ოღონდ ამ უკანასკნელებს სხვა განზრახვები ჰქონდათ ხოლმე. წვერი მაგრად ხატავდა.სიცილი ძლივს შევიკავე და იმის წვერზე ჩემი შოტლანდიელი ძმაკაცი გამახსენდა, მორაგი. მორაგს თავის წინაპრებთან, მხოლოდ თმის ფერი და სახელი აკავშირებდა. დანარჩენი არაფერი, ცხოვრებაში კილტიც არ სცმია. მე კიდევ მიმაჩნდა, რომ უკილტო შოტლანდიელი, შოტლანდიელი არ იყო. ჩემგან არ სწყინდა. ერთხელ აქ მყავდა, სტუმრად. ჩემი მეზობლის პანაშვიდს შეესწრო, აივნიდან ვუყურებდით, უკვირდა ამდენი გაბურძგნული ხალხი, რომ მოდიოდა და უსამძიმრებდა კიდევ უფრო გაბურძგნულ–გაუპარსავ ჭირისუფალს, ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ქართულად მხოლოდ გინება და საჭმელი იცოდა. იმ ოჯახში ახლახანს კაცი გარდაიცვალა, მეთქი. აჰ, ეტყობა პარიკმახერი იყოო… დაასკვნა მორაგმა, მორაგს ეს რომ რამდენიმე საუკუნით ადრე ეთქვა, თავისი გაბურძგნული კელტი ნათესავები არ აპატიებდნენ… მაგრამ ხალხი იცვლება და წესებიც. ჰოდა, ეს ჩემი ძმაკაციც ადგა და  ძალიან მშვიდად შევიდა სამზარეულოში, თავისი ჩამოტანილი “სკოჩი” გადაჰკრა და რაღაც ლამაზ ნოტებზე აღიღინდა. ამ არაშოტლანდიელშიც კი ამოჩქეფა კელტურმა სისხლმა და ღიღინად დაიღვარა ჩემ სახლში. რამდენიმე კვირის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მორაგს აბერდინულმა ანგუსმა მოუსწრაფა სიცოცხლე. მეც კაი მეგობარი ვიყავი, პირველი გავიფიქრე ნეტა რამხელა იყო მეთქი. მაგრამ მორაგი მომიტევებდა. მას მერე კელტი მეგობარი აღარ მყოლია. მერე გამახსენდა, რატომაც მომაგონდა მორაგი და ჯუანშერს გავხედე.  რამდენიმე წუთს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი ვოიაჟი აქ უნდა შეწყვეტილიყო. ან თავ–პირი უნდა დამემტვრია ან კიდევ გავბრუნებულიყავი სახლში კუდამოძუებული. არც ერთი მახარებდა და მითუმეტეს არც მეორე. ვატყობდი ჯუანშერიც ვერ ისვენებდა, მაინცდამაინც.

– არ ვახსენოთ მამაჩემი?
– უნდა ვახსენოთ, აბა არა? საწყალ მურთაზი ბიძიას, რქაწითელი უყვარდა!
– არც მწვანეს იწუნებდა, შენ ხარ ჩემი ბატონი და, მზევინარი შლის უკვე სუფრას ჯუანშერ ჩემო და!

  ერთი გავიფიქრე, მოდი გავყვები, წავალ და მორჩება მეთქი, მაგრამ ვიღაც ან რაღაც უხილავი თოკით მაბამდა ამ ადგილთან.

– აკაკიე, ბიძიკო, ტაქსი არ გინდა? – გეგონება ჩემი ფიქრები წაიკითხაო, ჯუანშერი მიცდიდა. ისე ვორჭოფობდი, გეგონება ამხელა ქალაქში ამ “ოპელის” მეტი არაფერი დადიოდა.
– იყოს, ბატონო ჯუანშერ, ცოტა ხანს დავრჩები აქ – სახეზე შევატყე “ბატონო” ესიამოვნდა და ერთი ოქროს კბილი გამოაჩინა.”გოლფი” წინ გაიჭრა. გარდაცვლილი კაცის სულის სახსენებლად მიმავალი დაფაცხავებულ მანქანაში შეგორდა და მანქანაც გრუხუნით დაიქოქა. ოპელმა უცნაური ხმები გამოსცა, მერე მივხვდი სიგნალი იყო. ჯუანშერი წავიდა.

  გენიოსა დიდი მონდომებით “თევზაობდა”, მაგრამ მგონი მის თეთრ ვედროს თევზის ნასახიც არ ენახა… არასოდეს. მის გვერდით მოვჯექი და ცას გავხედე. ჩემმა კუჭმა მესამედ ამოიგმინა. არ ვიცი ხმამაღლა მოუვიდა თუ რა, მაგრამ გენიოსამ მხოლოდ მას შემდეგ შემომხედა. წვერი მოიფხანა და პირი გახსნა. ჩვენი არც ისე დიდი ხნის ნაცნობობის განმავლობაში, ვფიქრობდი, რომ ეს კაცი მუნჯი იყო ან იმდენად არ მიგვიჩნევდა საჭიროდ, რომ… მოკლედ, მაგარს გვაიგნორებდა რაა.

– რომელ მარილს ეძებ? – მკითხა მან სრულიად სერიოზულად. კი გავიფიქრე მარილი ერთი ვიცი მეთქი და კუჭიც დამეთანხმა. მაგრამ… მერე თითქოს ევრიკა! და რაღაცას მივხვდი… – რომელი მარილი გჭირდება? – დაამატა და კიდევ ახლოს მოწია თავი. – საჭმელი? თუ…

  არა! ეგ არა, მაშინ მიხვდი, რომ მარტო უმარილო საჭმელი კი არ მქონდა, არამედ უმარილო ცხოვრება და რაღაც უნდა შემეცვალა. დიახ! რაღაც, და თანაც სასწრაფოდ! ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მუცლის არემ გამიპროტესტა და ერთი გემოზე ამომარტყა.

– მადლობა, მადლობა გენიოსა! ნამდვილი გენიოსი ხარ! ჰაჰააა! – გენიოსას მივახტი და ოფლიან შუბლზე ვაკოცე.

  გზა გადავჭერი, თავში იმდენი აზრი მიტრიალებდა, არ ვიცოდი რით დამეწყო. თითზე კანი გემოზე ავიფრცქვენი, სისხლი გამოვსრუტე და ტელეფონი ამოვაძვრინე. ლაპრაკი რომ შეძლებოდა, ალბათ მეტყოდა – გაგახსენდიო?! ადრე მამაჩემის ნომერს არასოდეს მოვძებნიდი კონტაქტებში, თვალდახუჭული ავკრეფდი, ახლა დავუყევი ყველა ნომერს, და მივხვდი რამდენი დრო გასულა. რომ არ აიღოს? მუცელმა ისევ შემომბღავლა. რამდენიმე ტუ–ტუ–ს შემდეგ, ტელეფონს უპასუხეს და აი მაშინ ჩემი სხეული აფეთქდა, მუცელმა ბზრიალი დაიწყო, არა შიმშილისგან, თმები ამეშალა, ფეხები ამიკანკალდა და ისეთი მიყრუებული და გაწვრილებული “ალო” ვთქვი, შემრცხვა.

– მამა!
– აკაკი?
– ჩვენთან მარილი გაქრა… – წავიბოდიალე მე. – ვერ ვიშოვე… ისე არამიშავრს… შენ როგორ ხარ? – მამა ხმას არ იღებს. კანი ისევ ავიფრცქვენი.
– ლექციას ვატარებ
– მე მშია… – ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავდე. თითზე სისხლი ისევ მომდიოდა.

  მორაგს სჯეროდა, რომ სიკვდილის მერე რომელიმე ხედ ან მცენარედ ამოვიდოდა. არ ვუმალავდი და ვეუბნებოდი შენ ჭადრად ან ვერხვად მოხვალ, მერე გაზაფხულზე ხალხს ალერგიულ ცხიკინს, რომ დააწყებინებ მოვლენ და მოგჭრიან, მეთქი. არა, მე იფნად მოვალო. ზუსტად ჩემ წინ იყო. დამთხვევა–შმამთხვევა არ ვიცი მე, რაღაც ზეცნობიერ ნიშნად ვირწმუნე და მივედი ხესთან.
– მორაგ, აქ ხარ? – მორაგის ხმა ვერ გავიგე, სამაგიეროდ გვერდით სკამიდან ვიღაცამ ჩაილაპარაკა, ვერ არი ეტყობაო. – მორაგ, ვიცი აქ ხარ! ჩვენთან მარილი გაქრა, გესმის?
“თქვენთან დიდი ხანია მარილი არ არის” – მეტყოდა მორაგი.
– მესამე დღეა საჭმელი არ მიჭამია…
“მერე რაა, ჩვენმა ღმერთმაც იშიმშილა და საერთოდაც ნახევარი პლანეტა შიმშილობს” – ისევ იტყოდა მორაგი.
– წადი შე ათეისტო მაიმუნო!  “ევენჯერსის” ფოსტლები მაცვია…
“ა, დაბადების დღეზე რომ უნდა გეჩუქებინა?” – შეიცხადებდა მორაგი.
– მაგრად გაშრიალებს, რა! არც მიფიქრია! საიდან მოიტანე? – გავბრაზდი მე. – “ერთ–ერთი” ტირის გარეშე დავწერეთ, ორთოგრაფიულ ლექსიკონში… ხომ გახსოვს? გეუბნებოდი! – მორაგი ვერ გაიგებდა, ადრეც ვერ იგებდა და საერთოდ ვერავინ იგებდა. მაგრამ მაინც დავწერეთ. უმარილობას მიეჩვევიან და მაგას ვერ მიეჩვევიან? – მორაგ რა გავაკეთო? ვაფშე შენ რას გეკითხები, ქალის სახელი გქვია… – გამეცინა. ვიღაცამ გვერდიდან ამოიოხრა.
“მე ხე ვარ და მორაგი მქვია! ხე ვარ და მორაგი მქვია!” – ტვინს ბურღავდა.
– მამაჩემს დავურეკე, ამდენი ხნის მერე, პირველად!
“იმ ჩათლახს?” – ამას ქართულად იტყოდა, არ  ვიცი ბგერათწარმოთქმა და ჟღერადობა მოსწონდა ამ სიტყვის თუ რა, მაგრამ “ჩათლახს” “ჰელოუ–გუდმორნინ–გუდბაივით” ხმარობდა.
– მორაგ მეც იფნად მოვალ?
“შენ ბაობაბად მოხვალ”
– მასე რათ მინდა, შენზე დიდიხანს ვიცოცხლებ...
“თავის მომკვლელი შენ არ ხარ, წადი დაიძინე” – ხელს ჩაიქნევდა მორაგი. ჩემი კუჭი ქვეყნის ბიუჯეტივით დაცარიელებულიყო.–“ფოთლები მცვივა”
– ეგ ფოთლები კილტზე მეტად გიხდება მორაგ! – ესიამოვნებოდა.
– მორაგ, დაგპირდი შოტლანდიაში ჩამოვალ და რომელიმე მწვანე მდელოზე დრუიდივით ვიცეკვებ, მეთქი! მალე ავასრულებ! მანდ მარილი იქნება?
“აბა მანდაა მარილი თუ არის!” – დამაშვიდებდა მორაგი.

ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ემოცია მახსოვს, მე მგონი ვიტირე ხო იცი?! გადაცქვლეფილი თითიც რომ ამეწვა, ეგეც მახსოვს. ტროტუარს მოვშორდი და მორაგს შორიდან შევხედე.

  ისევ სულელივით გავიკრიჭე. გზაზე გავიჭერი, აკაკი წერეთელი, კუჭს არ ვუსმენდი, აღარც მშიოდა, მარილი ვიპოვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს