ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2015


შინ დაბრუნება

სხეულში სისხლი ტალღასავით ამიზვირთდება,,
მივდივარ,გზები იკლაკნება როგორც ფიქრები,
ნამუსს ვგრძნობ,ზურგზე მოკიდებულს მძიმე ტვირთივით,
ცაზე ღრუბლების ტაიჭები ისე მიჰქრიან
რომ სადაცაა ჰორიზონტის კიდეს გადავლენ,
ასე ჭენებით შელეწავენ სვანეთის კლდეკარს,
იქ,გახდებიან გულზვიადი მთების ნადავლი,
და ამაყ კისრებს,მორჩილებით იქ მოიდრეკენ,
მე კი ამ მთების ნაშიერი,არწივის მართვე,
სახლში ვბრუნდები,უფრთებო და მკერდში დაჭრილი
ამ ხეობების მე სისხლი და ბავშვობა მმართებს,
და მურის ხიდთან მეგებება მამის აჩრდილი,
რომ მომეხვიოს,რომ ბილიკებს ერთად ავუყვეთ,
ხო,მამაჩემო ნუ იდარდებ უკვე სახლში ვარ.
დუღს ცხენისწყალი,მან ხომ იცის რომ მე გავუგებ,
ჩემო ლაშხურო,წლებია რაც მე შენს სატკივარს,
გულით ვატარებ, სულმაც შენი ფერი დაიდო,
სინათლესავით მოსჩანს სკალდი გვირაბის ბოლოს,
მე ფენიქსი ვარ,გავცოცხლდი და ისევ ვრაინდობ,
აგერ,შეხედე,შუა ცეცხლზე წარსული ბოლავს...
ჩვენ გადავრჩებით,ჩვენ ერთად ვართ,ჩვენ გადავრჩებით,
ჩემო სამოთხევ,ჩემო დედავ,ჩემო სვანეთო,
უნდა ვიმრავლოთ,არ გვიტოვებს დრო სხვა არჩევანს,
მზად ვარ,რომ შენი გულისათვის სანთლად ავენთო,
რადგან მართვე ვარ ამ თეთრი და ზვიადი მთების,
მიძგერს ამ მკერდში,ამ მთებივით ამაყი გული,
თუ სიკვდილია,ხო!მე შენი გულისთვის ვკვდები,
მე ლეგენდა ვარ,ის ლეგენდა ჯერ,რომ არ თქმულა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები