ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
10 ოქტომბერი, 2015


"ლექსიწერია"

გალერეადან  გამოვედი და კიბეებზე  ძველი მეგობარი შემხვდა,  ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და 
შეძლებისდაგვარად , ვმეგობრობდით, სანამ ჩვენი  გზები არ დაშორდა ერთმანეთს .
მოვიკითხეთ და ორივემ ერთდროულად ავუქნიეთ ხელი ერთსა და იმავე ნომერ  მიკროავტობუსს.

---რამდენი ხანია, კარგი არ წამიკითხავს არაფერი---ვთქვი მე, ავტობუსში დროის გასაყვანად . ასე ვთქვათ, თემა გავაგდე  ჯამიდან.
---რა უნდა წაიკითხო, არავინაა რომ მოგეწონოს და...---წარბი აწია ნიამ.
----თანამედროვე ავტორი არ გეგულება ვინმე, საინტერესოდ რომ წერდეს?---ისევ იმ თემას მივაწექი მე
----გოგო, ვისაც არ ეზარება, ყველა წერს და თავი მწერალი ჰგონიათ. ახლა არავინაც არ მახსენდება.ან კი ვინ გამახსენდება, ვისაც არ ეზარება, დაწერს ერთ-ორ თეთრ ლექსს. რამდენიმე მინიატურას და მერე ისეთი თავში ავარდნილი დადის, მისი ტოლი არ ჰგონია არავინ...
ნინო გახსოვს, ჩვენ კურსზე რომ იყო?    წერს თურმე...

არა, ქალი რომ ლექსს დაწერს და ვინმეს მიუძღვნის, იმისი რაღა უნდა იწამო, სულ დაგეკარგება შთაბეჭდილება...
ქალი რომ კარტოფილის და ხახვის საყიდელ ფულს ფანქარსა და ფურცელში დახარჯავს, იმის რაღა უნდა იწამო.
  ამასთან როგორ გავამხელ, ლექსებს რომ ვწერ, ჩემი მტერი მის ყბაში...ხვალ ყველას ეცოდინება, "ლექსებს წერს", რაცხა სხვანაირადაა მაგის საქმეო.
  --ხო აბა, მართალი ხარ --ვუკანტურებ თავს მეც---ნამდვილად ცუდადაა მისი საქმე, ლექსს რომ  დაწერს  ოჯახის ქალი--ვამბობ და ჩანთაში  რომ "ცხელი ლექსი"  მიდევს, იმას  ცეცხლი ეკიდება.

ნიას კი დავშორდი,თავის გზაზე წავიდა,  მაგრამ გასესხებული ხუთლარიანივით  ამეკვიატა  "რაცხა ლექსიწერია", ისე ამეკვიატა,რომ ვეღარ ამოვიდგე თავიდან.

დავჯდები კომპიუტერთან, თითქოს რაღაც მუზა მაქვს თავში და..."ლექსიწერია" გადამივლის ცხლად, გამიფუჭდება ხასიათი და ...მოვატოვებ მუზას შუა გზაში.
ცომს ვზელ და...ამეკვიატება ფრაზა, ვხვდები, რომ მისგან ლამაზი მინიატურა გამოვა და...ნიას აწეული წარბი დამიდგება თვალწინ.
..აბაზანაში ვღიღინებ ახალ ლექსს და..."თავში ავარდნილი" , აფხორილი მწერლუკა მახსენდება.
კი ვიცი, მე რომ არ დავწერო, ქართულ ინტელიგენციას სულიერი საზრდო არ მოაკლდება, საქართველოს მომავალს--  სასკოლო და  საპროგრამო ლიტერატურა  და ჩემს სამშობლოს  ---დედაენა მაგრამ ...

  მაინც გული მწყდება, რამდენჯერაც კონკურსზე გავაგზავნე მინიატურა, იმდენჯერვე გამომიქვეყნეს, (კიდევ კარგი, ფსევდონიმით),  ახლა კიდევ "ლექსების გამოფენაზე" მაქვს გაგზავნილი მცირე მინიატურა და, ნიას სიტყვით, ამაზე  უარი უნდა ვთქვა?


ისე გავიდა რამდენიმე კვირა, არაფერი დამიწერია...ნეტავ იმ დღეს კი არა, გალერეაში ცხოვრებაში არ წავსულიყავი, ამით ვერც ნიას ვნახავდი და ასეთი ჩავარდნაც არ მექნებოდა..
მაინც რა მიქნა მისმა უავკარგო ლაპარაკმა..ახლა მიკვირს, თავიდანვე როგორ ვმეგობრობდი მასთან,  ალბათ თავის სახეს არ მაჩვენებდა...
ჩემს თავს ველაპარაკებოდი ყოველდღე და ნერვები მეშლებოდა.


რამდენიმე დღის განმავლობაში მეილიც არ შემიმოწმებია.პასუხის და სიხარულის სურვილის კი გამიქრა...რა "ლექსების გამოფენა", მგონი ჯობია ოჯახს მართლაც არ მოვაკლო ხახვი, კარტოფილი და სადილ-ვახშამი...


ერთ დღეს, სკოლაში ჟურნალს ვავსებდი, უცებ ოცი აპრილი რომ ამებლანდა თვალებში,
---უი, დღეს ხომ პასუხი უნდა მომსვლოდა მეილზე, გადავიდა  თუ არა ჩემი მინიატურა ჟიურის რჩეულებში?
რადგან ამომიტივტივდა , უხალისოდ გავხსენი ფოსტა და "ასი სიტყვის" პროზის განყოფილებაში ჩემს გვარს მოვკარი თვალი.
ცოტა გამომიკეთდა გუნება.
საიდუმლოდ ჩავალაგე აუცილებელი ნივთები და სახლში დავიბარე, ორი დღით სოფელში მივდივარ, დედაჩემის სანახავად მეთქი, მე კი ბათუმისკენ ...ჰაიდა...


დარბაზში შესულმა პირველად ნაცნობ მხრებს  მოვკარი თვალი.ჯერ  ვერ მივხვდი, საიდან ვიცანი ეს  სილუეტი და თვალი ავარიდე, მერე მივიხედ-მოვიხედე და როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ნია იყო, თავაუღებლად მივაშურე და გვერდით დავუდექი.მოიხედა და...
ორივეს სიცილი აგვიტყდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები