ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2015


* * * (წვიმა ატკივდათ ფანჯრის რაფებს და...)

წვიმა ატკივდათ ფანჯრის რაფებს და
ღმერთმაც დახუჭა თითქოს თვალები,
მე შენი სახით რომ შემხვედროდა,
ალბათ, ეშმაკსაც შევიყვარებდი...
ამ სამყაროსაც დავემდურები
(საყვედურს ვეძებ ახლა სათქმელად)
სამყაროს - შენით რომ შეიცვალა,
და შენს გარეშე - გადასხვაფერდა...
წუხილის მიზეზს სხვაგანაც ვეძებ
(რამდენ მიზეზს და უკვე რამდენჯერ...)
არ ატირდება რადგან არასდროს,
ცა, მხოლოდ ერთი ღრუბლის ნაგლეჯით...
და თუმცა ვიცით, წარწერას ქვიშის,
ერთი პატარა წვიმაც კი წაშლის...
შენში სხვა ვეღარ განმეორდება,
მაგრამ იქნები შენ ყველა სხვაში....
დღეს ფანჯრის რაფებს ატკივდათ წვიმა,
დახუჭა თითქოს ღმერთმაც თვალები,
შენი სახე რომ ეშმაკს მიეღო,
ვიცი, იმასაც შევიყვარებდი!


ლიკა ოხანაშვილი
25.10.2015




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები