ნაწარმოებები



ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2015


ჩემი მეგობარი იო

თავი I

  მოკლედ, ახლა დილის ოთხი საათია, ნოემბერია და ჩვენთან უკვე მაგრად ცივა და ამ გამყინვარების პერიოდში მე, ჩემი ღუნღულა და კუნკულა ლოგინიდან ავდექი და ვწერ ჩემი ქვათახნის დროინდელ ძმაკაცზე. რამ მაიძულა? ჰმმ...
 
  ზაფხულის ერთ დილას, დედაჩემმა ჩვენთან იო შემოიყვანა. მე კი არ მახსოვს, უბრალოდ გადმოცემით ვიცი, რომ დამინახავს ჩემი კონსტრუქტორისთვის თავი დამინებებია და როგორც მასპინძელს შეეფერებოდა მასთან მივსულვარ მისასალმებლად. ჩვენი პირველი დიალოგი, მართალია, "აღღ...აღუა, ბღ ბღ დადაა" და თავში ხელის ჩარტყმით შემოიფარგლა, მაგრამ იმ დღის მერე მე და იო ტყუპებივით გავხდით. იოს სათამაშოები ჩემი იყო, ჩემი კიდევ - მისი. ჩვენი სახლები ერთმანეთის გვერდით იდგა, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობდა ჩვენს ურყევ მეგობრობას. ჰოდა, ამის მერე ერთად მივედით ბაღში, ერთად ვცემდით ბაღელებს, ერთად ვაფუჭებდით ბაღის სათამაშოებს, ერთად ვუშლიდით მასწავლებლებს ნერვებს და ერთად გვსჯიდნენ კიდეც, მე ბაღის საშინელ სუპს ვუჭამდი, ის კიდევ ჩემ შოკოლადიან პურს. ერთნაირად გვეცვა, ერთნაირად ვლაპარაკობდით და წარმოიდგინეთ ერთნაირი ვარცხნილობაც კი გვქონდა! ალბათ, ამის გამო იყო, რომ სკოლაში მისვლისას ყველას ბიჭი ვეგონე. მერე მე და იომ ახალი მეგობრები გავიჩინეთ, იოს მეგობრები ჩემი მეგობრები იყვნენ, ამიტომაც დაწყებით კლასებში გოგო მეგობარი არასოდეს მყოლია. მე მათ "ბანდაში" საპატიო წევრი ვიყავი და ისინი სულაც არ მიყურებდნენ მე როგორც გოგოს და ეს ძალიან მსიამოვნებდა. და ყველაფერი მაგრად მიდიოდა მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ასე სულაც არ მოხდა... მეხუთე კლასში ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდი "ჯუნიორების" ნაკრებს ადგენდა, ჰოდა მე და იო მივედით მწვრთნელთან და სურვილი გამოვთქვით, მეც და მასაც უკვე წარმოდგენილი გვქონდა როგორ ვდგამდით ოთახში, თაროზე ჩვენ პირველ თასს, მაგრამ ჩვენი ოცნება ერთი ხელის მოსმით მოცელა და გაანადგურა, მე გოგოების გუნდში გამანაწილა, იო – ბიჭებთან. ამან ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ სახლში მისულმა პირველად ვიბღავლე. პირველად იმიტომ, რომ მანამდე მხოლოდ გადაცქვლეფილი მუხლების ან იდაყვების გამო ვტიროდი, იმ დროს გული მტკიოდა. მახსოვს, საღამოს იო მოვიდა და ჩემს გამხიარულებას ეცადა, მაგრამ ყველაზე მეტად ზუსტად იოზე ვიყავი ნაწყენი. მეგონა, ჩემ მხარეს დაიჭერდა და მისი სიჩუმე ყველაზე დიდ ხელის კვრად მივიღე. ჰოდა, გაბრაზებულმა მუშტი კბილებში ვატაკე. არ უტირია, სამაგიეროდ მე მეტკინა ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა უფრო ხმამაღლა ავბღავლდი. ის კიდევ იდგა და დამცინოდა. ჩემმა მუშტმა იოს ტუჩთან შრამი დაუტოვა... სახსოვრად. როცა კი მის შრამს დავინახავდი, მეც სიცილი მიტყდებოდა და მასაც. ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა გუნდში ყოფნამ ვერ მოსპო. მერე... მერე მე თმა გავიზარდე, სპორტული თამაშების პარალელურად მოდების ჩვენებებისკენაც გამირბოდა თვალი. სახლში მარტო ყოფნის დროს კი, დედაჩემი მაღალქუსლიანებსაც ვიცვამდი და სარკეში იმ ლამაზ გოგოებს ვბაძავდი. ჩვენი ბანდა მიყვარდა, მაგრამ თანდათან ჩვენებს ჩამოვშორდი, იმიტომ, რომ იქ ყველა ბიჭი იყო, მე კი – გოგო, მანამდე თუ ჩვენს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი, მერე მათთან ყოფნის დროს თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი. ისინი გოგოებზე ლაპარაკობდნენ, მე რა უნდა მეთქვა. ამიტომ უბანში იშვიათად გავდიოდი, მხოლოდ ხანდახან თუ შევხვდებოდი მათ და ქაუნთერს ვითამაშებდით... ეს იყო და ეს. იო ყოველი თამაშიც წინ მირეკავდა და გულშემატკივრობას მთხოვდა, მეც კაი გოგო ვიქნებოდი საუკეთესო მეგობრის თამაში გამეცდინა. ერთად აღვნიშნავდით მის გამარჯვებებს და თასებსაც ახალ–ახალ ადგილებს ვუძებნიდით. მე მისი მესაიდუმლე ვიყავი, ის კი – ჩემი. აი, იცით როგორი მეგობრები ვიყავით?! მხოლოდ ერთეულები თუ იქნებოდნენ ჩვენსავით. ჩემი დაქალება ძაან განიცადა, ამაზე სულ დავცინოდი. ბიუსტჰალტერზე შოკში ჩავარდა, განა იმიტომ, რომ არ იცოდა რა იყო, არამედ იმიტომ, რომ ვერასოდეს წარმოედგინა, თუ მეც სხვა გოგოებს დავემსგავსებოდი. მერე პირველი პაემანი იყო, ჩემი გემოვნებით გამოეწყო, ახლაც მახსოვს რა ეცვა, ჰო, ჰო! ლურჯი ჯინსი, წითელი კაპიუშონიანი ზედა და წითელი კედები. პაემანის შემდეგ, პირველი ჩემთან მოვარდა და აღფრთოვანებულმა მომიყვა, როგორი ლამაზი იყო ლიზი. მეც მასთან ერთად მიხაროდა და ლამის ვიტირე კიდეც. აი, ჰო თითქოს ყველგან მაინც ერთად ვიყავით, ის ჩემს თამაშებზე დადიოდა, ჩემს კონცერტებს ესწრებოდა და თავის ბანდასთან ერთად მთელ დარბაზს იკლებდა აპლოდისმენტებით, მე მის გარდერობს ვაკრიტიკებდი, ის – ჩემსას, მისი სახლი ისევ ჩემს მეზობლად იდგა, და მისი ოთახს ფანჯარა ისევ ჩემსას ესაზღვრებოდა, მაგრამ... ამ ყველაფრის მიუხედავად, მე და იო დღითიდღე ვშორდებოდით ერთმანეთს. სულ ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა შეიძლებოდა და ამის მაგალითი მე და იო ვიყავით, მაგრამ ვისთვის რა უნდა დამემტკიცებინა, როცა წლების მომატებასთან ერთად, ჩემ ბავშვობის ძმაკაცს ვკარგავდი. მოკლედ, აი, ასე გადაინაცვლა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა "სალამი–რას შვები?–რავი, შენ?" ადამიანების კატეგორიაში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები