ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2015


ex profundum

ახლა დავიწყებ ათვლას თავიდან...
აი, იმ წამიდან, როცა
ბაბილინა თავსასთუმალთან ჩამომიჯდებოდა და
თბილი, ღუღუნა ხმით მეტყოდა:
ჩემი დიოფალი...
მერე კი იმ თავის დაკოჟრილ, სანელებლებისსურნელიან ხელებს
თავზე გადამისვამდა და შუბლზე მაკოცებდა...
......................................................................................
ცხოვრება ცირკის არენას ჰგავს,
სადაც ნახერხი იმიტომ ყრია, რომ ფეხი არ დაგვიცურდეს,
მაგრამ ჩვენ მეტისმეტად დაუდევრები ვართ და
ხშირად ვიქცევით...
...........................................................................................
მე არ მინდა წავიქცე და ყოველ ჯერზე ვიწყებ თავიდან...
ჩემი ჭიგო და ჩემი კედელი ჩემი სახლი და ის ადამიანები არიან,
რომლებიც შორიდანაც კი მათბობენ...
მე მხოლოდ მათთან ვარ დაცული და ისე ვეყრდნობი,
როგორც საუკუნეების წინ აგებულ ყველაზე სანდო და მყარ მონასტერს...
................................................................................................
შენი ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპე, რომ იქ დავბინავდე...
სული შემიბერე ფრთხილად, რომ
თვალებიდან კობალტის სარკის ნამსხვრევები ამომივარდეს...
ჩემი შორეული ბავშვობიდან შენ გადმომყევი,
როგორც ბავშვობის ყველაზე დიდი მოლოდინი და სასწაული,
რომელსაც აქ, ამ ცხოვრებაში დიდხანს ველოდი...
რომ არ წავიქცე, გეყრდნობი ისე, როგორც კედელს და
ვითვლი თავიდან:
„ერთი, ერთი, ერთი, ლუწია თუ კენტი?
ორი, ორი, ორი, წიწილა თუ ქორი???“
ბაბილინა კი ისევ ისე მეჩურჩულება:
ჩემი დიოფალი...
მე ვცხოვრობ შენი ხელისგულების ქოხში და არ ვანთებ ბუხარს,
რადგან შენი ხელები მათბობენ...
...................................................................
ცხოვრება ცირკის არენას ჰგავს, სადაც ნახერხი იმიტომ ყრია,
რომ არ წავიქცეთ
და თუ ხანდახან, ისევ ჩემი დაუდევრობით,
წავიბორძიკებ,
ჩემ მშობლებსა და შენ მოგეყრდნობით,
როგორც ყველაზე საიმედო ტაძარს თუ კედელს...
.......................................................................
შორიდან ჩემი ბაბილინა მიგზავნის სითბოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები