ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ხუედიოსი
ჟანრი: პროზა
6 ნოემბერი, 2015


ნიჭიერი

                                                                                                        სანამ კითხვას დაიწყებთ
ეს მგონი წინა სეზონის „ნიჭიერის“ მსვლელობისას დავწერე და დავივიწყე.  რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ფეისბუკზე შემომეყურა  ახალი სეზონის 1-2 ნომერი და ეს ძველი ნაწერიც გამახსენდა. არ ვიცი, ეს რა არის ან რომელ განყოფილებაში უნდა დამედო: სხვაში, პროზაში თუ იუმორისტულში. და მაინც  მოკლედ აღვწერ  რა გელით ქვემოთ: ჩემი თვალით დანახული მსგავსი ტიპის გადაცემები + ფანტაზია + აბსურდი.
                                                                                                                  ნიჭიერი                           
                                                                                                                                                                                                                „ნიჭიერი - ეს მე ვარ!“- ლუი XIV

სცენაზე  ასორმოცდაათ სანტიმეტრიანი და ნახევრად შიშველი კაცუნა გამოჩნდა. ის ამხედრებული იყო თავის მსგავს არსებაზე. ეს არსება, რომელიც ოთხზე იდგა, მხედარზე ორჯერ მსუქანი მაინც იქნებოდა. მათი კანი სამოთხესავით თეთრი იყო. არ ჰქონდათ თმა, არ ჰქონდათ წვერი, არ ჰქონდათ წარბები, არ ჰქონდათ წამწამები, არ ჰქონდათ არცერთი ღერი ბეწვი -  არ ჰქონდა არცერთი ღერი ბეწვი  მთელს აუდიტორიას  და მთელს ქვეყანას.  მხედარმა ელეგანტური მოძრაობით მიაღწია სცენის ცენტრამდე, შედგა და გაიღიმა - არცერთი კბილი არ ჰქონდა. არცერთი კბილი არ ჰქონდა  დამსწრე საზოგადოებას.
-გაინტერესებთ, ვინ არის ჩემი „ცხენი“?ჰაჰაჰა, ნუთუ ვერ იცანით, ის ხომ შარშანდელი „ნიჭიერის“ გამარჯვებულია! რას უსურვებდი დღევანდელ კონკურსანტებს, გაიუს?
მსუქან გაიუსს ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. მას შემდეგ რაც წამყვანმა სიტყვა გადაულოცა, დაღლილობით დაღმანჭული სახე მყისვე იცვალა და გაიღიმა:
-კონკურსანტებს ვეტყოდი, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის, სჯეროდეთ საკუთარი ოცნების. შემომხედეთ მე და მიხვდებით, რომ არაფერია შეუძლებელი. თქვენც შეგიძლიათ ჩემს ადგილზე ყოფნა, მეგობრებო!
-მადლობა გაიუს, ახლა კი მცირეხნიანი სარეკლამო პაუზა და უმალ დაგიბრუნდებათ „ნიჭიერი“! არ გადართოთ!
რეკლამა#I
დაღლილობა, სტრესი, ერთფეროვნება...  გინდათ მოშორდეთ აქაურობას? გინდათ დასვენება? მაშინ ჩვენ სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის! სამკვირიანი დასვენება მარსზე, შარნ ელ შეიხი:ქვიშა, სიწყნარე,რადიაცია...შარნ ელ შეიხი - შენ ეს გჭირდება!
რეკლამა# II
რეკლამის მთავარი გმირი ლაპარაკობს ტელეფონზე: „კი მარსზე, მარსზე მივფრინავ... ორ დღეში ჩამოვალ.“
აეროპორტის თანამშრომელი: „უკაცრავად,ბატონო, შეგიძლიათ ტელეფონზე საუბარი შეწყვიტოთ და ჩანთა გახსნათ?“
-კი ბატონო, ახლვალე.
-თქვენ რა მარსზე მიფრინავთ და ქვიშა მიგაქვთ???
-კიიი... ქვიშაა... (გაოცებული სახით)
  ქვიშა - აბა რააა!

რეკლამა# III
რომელ წელს იყო დიდგორის ბრძოლა? ქადეშის? ვინ იყო პირველი ქართველი ქალი პრეზიდენტი? ნიუტონის მეორე კანონი? 678X512=? 
რამდენი დროს ხარჯავთ მსგავსი ინფორმაციების დამახსოვრებასა და გადამუშავებისას? რამდენ ადგლს იკავებს ეს ტვინში?
ამიერიდან თქვენ აღარ მოგიწევთ ფაქტების დამახსოვრება. მთელი ეს ინფორმაცია შეიძლება მოთავდეს ამ პატარა ჩიპში,მეჯიქ ჩიპი, რომელსაც საფეთქელთან ჩაისვამთ. ტვინი განთავისუფლდება დამქანცველი საქმიანობისგან და გადაერთვება მხოლოდ აზროვნებაზე.ყველა ადამიანი ზედმეტი წვალების გარეშე დაეუფლება იმ ცოდნას, რაც კაცობრიობამ დააგროვა. იჩქარეთ და ახლავე იყიდეთ მეჯიქ ჩიპი! მოქმედებს განვადებაც.

-ჰაჰაჰ, აი, ჩვენც დავბრუნდით! თქვენს წინაშეა ყველაზე ეროვნული მეგაპროექტი ნიჭიეეერიიიიი!  შეგახსენებთ ჩვენი ჟიურის წევრებს : მარცხნივ - ჩვენი არხის გენერალური დირექტორი, ბატონი მახარობელ თავხელიძეეეეე!-მახარობელი ფეხზე წამოდგა, ხალხისკენ მიტრიალდა და უკბილო ღიმილი მოაფრქვია.
-შუაში საქართველოს კათალისკოს პატრიარქი სულხან მეორეეეე! - ადგა უწვერული პატრიარქი და თავისი ძვირფასი კვერთხით პირჯვარი გარდასახა პუბლიკას. - და მარჯვნივ  უმშვენიერესი ქალბატონი - ჩეიკ ტიოტეეეე! - უმშვენიერესი ქალბატონიც ადგა ფეხზე, მელოტი თავი დაუკრა დამსწრე საზოგადოებას და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ახლა კი შევეგებოთ  მონაწილეეეეეეეეს!
არფრითგამორჩეული, ერთი მეტრი სიმაღლის ახალგაზრდა გამოვარდა სცენაზე. მახარობელმა ხელის მოხდენილი მოძრაობით გააჩუმა დარბაზი და კონკურსანტს მიმართა:
- თქვენი სახელი?
-ჩემი სახელია მარდი.
-თქვენ ალბათ გესმით, რომ სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ. თვქენ აცნობიერებთ ამხელა რისკს?
- დიახ, სრულიად ვაცნობიერებ.
-კეთილი, რას გვიჩვენებთ, გარდა თქვენი უჟმური სახისა,ჰაჰაჰა?
- ვიმღერებ.
-მშვენიერია, გისმენთ.

დაიწყო მარდიმ სიმღერა. მორჩა მარდი სიმღერას. წამყვანი გამოენთო კულისებდან.
-გთხოვთ, ძვირფასო ჟიურის წევრებო, შევაფასოთ ჩვენი მარდი. თქვენგან დავიწყოთ, ბატონო მახარობელ, თქვენ ხომ იქს დააჭირეთ ხელი, რატომ?
- სუსტი შესრულება იყო. არანაირი ორიგინალურობა. მე ვიტყოდი ზედმეტად ბანალურიც კი იყო ეს გამოსვლა. მარდის შესრულება ჰგავდა შავ ხვრელში თითის შეყოფას.  ჩემი პასუხია - არა!
-თქვენ რას იტყვით ქალბატონო ჩეიკ?
- მარდი, შენ ნამდვილი სექსი ხარ. ყველა ქალის გულში ცეცხლი დაანთე! ასე არაა?  ჩემი პასუხია - კი!
- თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელთაა მარდის ბედი.- კათალიკოს პატრიარქმა სულხან მეორემ უნიჭოდ ამოიოხრა და დაიწყო:
- აჰ , მარდი, მარდი ... ჩემზეა ხომ შენი ბედი... მოდი, მივცეთ შანსი მარდის! მე გეუბნები კის და  იმედი არ გამიცრუო! 
გახარებული მარდი გაკუნტრუშდა კულისებისაკენ.

- მივესალმოთ ახალ კონკურსანტს! გთხოვთ, გამობრძანდით!- დაიწივლა წამყვანმა.
- თქვენი სახელი?- გოროზად იკითხა კათალიკოს პატრიარქმა სულხან მეორემ.
-ხუედიოსი.
- იძულებული  ვარ, თქვენც იგივე კითხვა დაგისვათ, აცნობერებთ თუ არა რისკს, რომლის წინაშეც დგახართ?
- კი .
- დაიწყეთ, გელოდებით!

ხუედიოსმა მუსიკის ფონზე დაიწყო გახდა. გაიხადა მაისური და .... მთელს დარბაზს აღმოხდა - „უუუააააჰჰჰჰ“ და შემდეგ დუმილი ...
ხუედიოსის მკერდი თმებით იყო დაფარული.  ქალბატონი ჩეიკ ტიოტე ძლივს იკავებდა გულის რევას და სწრაფად დააჭირა ღილაკს  - იქსი გაწითლდა. მახარობელი და კათალიკოსი პირდაღებული შეჰყურებდნენ უცნაურ სანახაობას...
ნელი, დაბნეული ნაბიჯით გამოვიდა კულისებიდან წამყვანი და ჟიურის შეფასება სთხოვა.
- არა! რა თქმა უნდა, არა! არა და არა! ეს საშინლად ამაზრზენია. ეს სხვა ფორმატია, აქ სხვა რაღაცას ვეძებთ და არა ამას...  არა!- ზიზღით თქვა ქალბატონმა ჩეიკ  ტიოტემ.
- დავეთანხმები ქალბატონ ჩეიკს, ეს მართლაც ძალზე არაესთეტიკურია, მაგრამ... - გაიღიმა კათალიკოს პატრიარქმა. - მაგრამ ბატონი ხუედიოსი მოვლენაა, მსოფლიო გაოგნდება. მე ვამბობ კის!
- მართალია, ჩვენს ფორმატში ბატონი ხუედიოსი არ ჯდება, ვინაიდან ჩვენ ვეძებთ ნიჭს და არა ანომალიებს. მაგრამ ვეთანხმები უწმინდესს, რომ ეს მართლაც მოვლენაა. მსოფლიო უნდა იცნობდეს ხუედიოსს. მე ვამბობ კის!  თქვენ მეორე რაუნდში გადახვედით, გილოცავთ!- თქვა ეს მახარობელმა და ტაშით გააცილა ხუედიოსი.

წამყვანმა გადაცემის ბოლო მონაწილე გამოაცხადა.
სცენაზე გამოვიდა მაღალი კაცი, გრძელი თმებითა და კოხტად შეკრეჭილი წვერით.
დარბაზს ისევ „უააააჰ“ აღმოხდა.

-ოჰო, კიდევ ერთი მსოფლიოს საოცრება!  გამარჯობა,  თქვენი სახელი?- გაოცებული სახით იკითხა მახარობელმა.
- სახელს არ აქვს მნიშვნელობა,რაც გნებავთ ის დამიძახეთ.
- მაშინ რაც გნებავთს დაგიძახებთ, ჰაჰაჰა! მე ვალდებული ვარ გკითხოთ-სრულად იაზრებთ თუ არა წარუმატებლობის შემთხვევაში რა გელით?
- კი.
- რას შემოგვთავაზებ, რაც გნებავთ?
-თქვენ რა გინდათ, რომ შემოგთავაზოთ?
- ვინ ხარ ასეთი, რასაც მე მოვინდომებ, ის რომ შეასრულო?
- მესია, მესია ვარ.
- არა, ეს უკვე აღარაა სასაცილო! გეყოთ ეს თამაში და სერიოზულად მოიქეცით!  რაც გინდათ, რაც გამოგდით ის შემოგვთავაზეთ!
- კეთილი. თუ შეიძლება რეკვიზიტი შემოიტანეთ.
8 კაცმა ძლივს შემოთრია დიდი აკვარიუმი. რაც გნებავთ ავიდა კიბეზე, გადაცოცდა აკვარიუმზე და წყალზე გაიარა. 
- სულ ესაა?- დამცინავად იკითხა კათალიკოს პატრიარქმა სულხან მეორემ.
- არა. ახლა დახმარება მინდა ვთხოვო ჩემს მეგობარ ლაზარეს.
ოთხმა კაცმა შემოასვენა კულისებიდან ლაზარე. რაც გნებავთმა ხელი დაადო და გააცოცხლა.
- სულ ესაა?- იგივე კითხვა გაიმეორა სულხან მეორემ.
- კი .
წამყვანმა პირველად მახარობელს სთხოვა შეეფასებინა კონკურსანტი:
- ჰმ, რბილად რომ ვთქვა არ გადავრეულვარ არაფერზე. იცით, რამდენიმე ძალიან კარგი ილუზიონისტი უკვე გადავიდა შემდეგ ტურში. მათ უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური წარმოდგენა შემოგვთავაზეს. თქვენ გაგიჭირდებათ მათთან პაექრობა. ჩემი პასუხია-არა!
-  გადარევით არც მე არ გადავრეულვარ. სულ ესაა, რაც შეგიძლიათ?  საშუალო დონის გამოსვლა იყო. დასაწყისში თქვენ თქვით ,რომ მესია ვარო. ეს ნიჭიერების არენაა და არა მესიების. სხვა ადგილი უნდა მოგეძებნათ, ჰაჰაჰა.- პუბლიკა აახვიხვინა კათალიკოს პატრიარქმა სულხან მეორემ.
- სხვა ადგილი? ვცადე, მაგრამ სხვაგან არავინ არ მომაქცია ყურადღება . ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც შემიძლია ფართო აუდიტორიას მივმართო. რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობებს, ალბათ სხვა რაღაცებიც შემიძლია. უბრალოდ ამ ნომერმა ადრე წარმატება მომიტანა  და მეგონა ახლაც იგივე მოხდებოდა ... - თქვა იმედგაცრუებულმა კონკურსანტმა.
- სიმღერა გეხერხებათ? შეგიძლიათ რამე წაიღიღინოთ?
-კი.
რაც გნებავთმა წაიღიღინა.
- აჰ, არა!  სამწუხაროა... არადა ჩვენ დასაწყისში გაგაფრთხილეთ, რა დიდი რისკის წინაშე იდექით. მოდი, დაბრაზს ვკითხოთ აზრი.
ადამიანთა უმრავლესობას არმოწონების ნიშნად ცერა თითი იატაკისკენ დაეხარათ.
მომიტევეთ, მაგრამ  მეც  გეუბნებით არას... - თქვა კათალიკოს პატრიარქმა სულხან მეორემ.
რაც გნებავთ, თქვენ სამწუხაროდ 2 არა გაქვთ და რასმუსენთან ერთად ხდებით outsider-ი.- სევდიანი სახით განაცხადა წამყვანმა. - ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ ამ ორიდან უნდა გადაარჩინოთ ერთი: რასმუსენი ან რაც გნებავთ. გამარჯვებული მეორე ტურში გადავა, დამარცხებული კი  ჩვენი წესების თანახმად იქსზე უნდა გავაკრათ...

ტლოპანა, სლიკინა ადამიანები დარბაზიდან ხვლიკებივით მიძვრებოდნენ, პრიალა კანით ერთმანეთს ეტმასნებოდნენ. მანათობელ იქსზე კი რაც გნებავთ ეკიდა .





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები