ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2015


ახალი მეგობრები

ხანდახან ხდება:
ვეღარ გვშველიან ძველი მეგობრები,
თითქოს ისინიც ჩვენს დარდებთან ერთად ძველდებიან
და იცრიცებიან წლობით გაგრძელებულ წვიმებში,
ჩვენს საუბარში უფრო და უფრო მეტი მონდომებით რომ ჟონავს
და ვხვდებით,
ერთმანეთთან შეხვედრას აღარაფერი მოაქვს, თუ არა სევდა
ვეღარდაბრუნებული წარსულის გამო,
იმ დღეების, რომლებსაც ლაქლაქში ვაღამებდით,
ღამეების, რომლებსაც საიდუმლოების განდობაში ვათევდით
გაკვეთილების დაწყებამდე საოცრად სწრაფად რომ ილეოდნენ...
ასეც ხდება:
გვიყვარს ძველი მეგობრები, მაგრამ ვეღარ გვშველიან,
იმიტომ რომ შემზარავად ახალია ზოგი დარდი
და წარსულის ლამაზ დღეებს ვეღარ ძალუძთ მისი დამარცხება.
და როცა გვგონია, რომ, სადაცაა, ტროპიკული წვიმის გამო ცა ჩამოიქცევა,
მზეს კი სამუდამოდ ღრუბლის ჩადრში დაუმალავს ღიმილი,
ასეთ დროს ჩნდებიან ახალი მეგობრები,
აღარ გვაცდიან ფიქრს წვიმებსა და გულმოდგინედ დამალულ მზეზე,
ფანტავენ მოჟამულ ბურუსს
და ხელახალი ძალით გვაბრუნებენ სიცოცხლეში,
რომელიც ძალიან მშვენიერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები