ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2015


საცაა და შემოჰკრავს ზარებს

ოგა: «რა მაგარი ხარ ლილი, მდინარის ამომშრალი კალაპოტი
ვიყო თი აწი ჩიტი გულნარა დაგიძახო!“
ელიზბარის ნაცნობი: «გულს ასანთი რად უნდა, ისე უნდა იწვოდეს!»
საათის გუგული: «ღუ-ღუ, ღუ-ღუ...»

- დღეს ვის შეხვდი?
- არავის!
- სად გაიკეთე?
- არ მახსოვს?
- საიდან მოდიხარ?
- არ მახსოვს!
- ვისთან იყავი?
- არ მახსოვს?
- ვისგან აიღე წამალი?
- არ ვიცნობ!
- წვიმა რომ მოდის, ასფალტს რა მოსდის?
- ...
- წვიმა რომ მოდის ასფალტს რა მოსდის?
- სველდება!
- ოოო, ეს გცოდნია... დააა, ე. ი. გოგა გოცაძე, პროფესორი ელიზბარ გოცაძე გაგიგია?
- კი!
- ვინ არის შენი?
- მამა!
- ....  მამა?! .....  ბიჭო, რა კაცს არცხვენ, ხვდები მაინც?! სად გამოვყო თავი საყვარელ ლექტორს შვილი დავუჭირე-მეთქი!
* * *
ხელში ერთლიტრიანი პაკეტით ალუბლის წვენი უჭირავს, გახსნილი და ოდნავ ნაკლული. გზაზე მიმავალი თან სვამს, თან ვერ ხვდება როგორ წუწავს გამვლელს. უკან მოიხედა და პატარა ბავშვი დაინახა, მასავით წვენის პაკეტით ხელში რომელიც უღიმოდა. თვითონაც გაიღიმებდა, მაგრამ ბავშვის იქეთ პოლიციელს მოჰკრა თვალი... ისევ მიჭერენო და ნაბიჯს აუჩქარა. მერე რომ გამოიხედა, ბავშვი არ ჩანდა, ის პოლიციელი კი მომხიბლველ ქალად გადაქცეულიყო, ისეთ ქალად, დაიჭიროს თუნდაც. კიდევ რომ მოიხედა ვიღაც დაღვრემილი კაცი მოსდევდა, არც ქალი და არც პოლიციელი არსად ჩანდნენ. შემდეგ მოხედვაზე კი დაღვრემილი კაცი დაჩაჩანაკებულ მოხუცად მოევლინა, ცხელ ზაფხულის დღეს შარფშემოხვეული, თითქოსდა პეპელასავით მოაფარფატებდა სიცოცხლის ბოლო წუთებს. რა მალე გადის დროო, გაიფიქრა და იქვე ჩამოვლილ ყვითელ მიკროავტობუსს დაუქნია ხელი. მძღოლის უკან ერთი ცარიელი ადგილი იყო, იქ დაჯდა და მერეღა იკითხა ეს მარშუტკა სად მიდისო. მძღოლმა დაღლილი სახით გამოხედა, უფრო იმის სათქმელად, ტრაფარეტზე წაგეკითხაო, მაგრამ რომ შეხედა, კითხვა-პასუხის სურვილი დაკარგა - ისღა უთხრა, ვაკეშიო. დიდხანს ეხვეწა, მძღოლს, წვენი მოსვი, ვიტამინები წაგივა ჯანშიო. იმან რომ უარი უთხრა, გვერდით მჯდომ მამაკაცს შესთავაზა იქნებ თქვენ მაინც მოსვათო, ამასობაში კი ისიც გაწუწა. მერე ფანჯრიდან ტროტუარზე მიმავალ კატას მოჰკრა თვალი. მოეჩვენა, თითქოს კატა თათს წევდა და გაუჩერეო, მძღოლს ვედრება დაუწყო... მან მკვეთრად დაამუხრუჭა, იფიქრა მგზავრი ვერ შევამჩნიეო და კარგად გვარიანად ამოევლო წვენში... კატას ამოსვლა უნდაო...
* * *
კორპუსიდან მხოლოდ მეზობელი კორპუსები ჩანს, ცა რომ დაინახო ძალიან უნდა გამოწიო ფანჯრიდან თავი. გამოწევ და მეზობლის გადმოგდებულმა ნაგავმა ან ვინმემ სუიციდით დაკავებულმა ტიპმა შეიძლება ტარანით გაგიტანოს და ასფალტის ადუღებულ გუდრონს დაგანარცხოს და რჩები ასე, მიწისა და ცის გარეშე. დედა ოდნავღა ახსოვს, ძალიან თბილი და სულ მომღიმარი, მოდილიანის დახატული ჟანა ებიუტერნის თვალებით. ისიც ახსოვს, საავადმყოფოში დედა მამას როგორ ეჩურჩულებოდა, ცოლი მოიყვანე, შენ და ბავშვს მოხედვა ხო გჭირდებათო. ხოდა ტირილი დაიწყო, არ მინდა სხვა დედაო. მხოლოდ დიდი ხნის მერე, სტუდენტი რომ გახდა, მაშინ ჩამოუგდო სიტყვა მამამ, კი ხარ ახლა იმ ასაკში, ცოლი უნდა მოგყავდეს, ოჯახს ქალი სჭირდებაო. სიცილად არ ეყო. მაშინ, ბატონმა ელიზბარმა, ერთი ქალბატონი მომწონს, ცოლად მოყვანას ვაპირებ და წინააღმდეგი ხო არ იქნებიო. დათანხმდა, რადგან მოგწონს, მოიყვანე, მხოლოდ იმ პირობით, სადმე ბინა მიქირავე, დამოუკიდებლობას მინდა გემო გავუგოო. თავიდან ყოყმანობდა ბატონი ელიზბარი, მაგრამ, იფიქრა მალე მოწყინდება მარტო ყოფნა და თვითონ დაბრუნდებაო. ბინაც უქირავა და დამლაგებელიც. იქ საათის გუგული დახვდა, ეტყობა წინა პატრონს შეაწყინა თავი და დატოვეს. არადა გუგულზე ცუდს ვერაფრით იტყვი, არც დამლაგებელი სჭირდება, ბინის თავისი ნაწილი ყოველთვის მილაგებული აქვს. დროსაც ზუსტად აჩვენებს. ცუდი ისაა, არ ლაპარაკობს. «გუ-გუსაც» მხოლოდ კვირაობით ამბობს, სამჯერ თერთმეტზე, როცა დამლაგებელი კარინა მოდის და სამჯერაც თორმეტზე, როცა კარინა მიდის და მორჩა, მეტს არც შეგაწუხებს.
* * *
გიოსთან ერთად დადიოდა ჯერ ბაღში, მერე სკოლაში, მერე ზღვაზე... უნივერსიტეტშიც ერთ ჯგუფი მოხვდნენ. ძმებივით იყვნენ, ერთად ინაწილებდნენ ცხოვრების ნაბოძებ სიხარულსაც და ტკივილსაც. მერე კი ომი, ეს ყველაზე დიდი, მოუშორებელი და უკურნებელი ჭირი. სახადი, რომელსაც რაც კაცობრიობა შეიქმნა, იხდის და ვერ მოუხდია. ომი, რომელიც მაშინაც კი უბედურებაა სადღაც, შორს, დედამიწის მეორე თუ მეხუთე მხარეს რომ არის გაჩაღებული. ახლა კი, მით უმეტეს როცა მტერმა კავკასიონი  გადმოლახა, უფრო სწორად  კი როკის გვირაბით გამოძვრა  და უძველესი ქართული მიწის, სამაჩაბლოს წართმევით იმუქრება. ხედავდნენ ხალხის გაფითრებულ სახეებს, როგორ იკეტებოდა მაღაზიები, როგორ ცარიელდებოდა ქუჩები და სულის შემძვრელი სიჩუმე. რა მნიშვნელობა, იყო პირველი ვინ დაარღვევდა ამ სიჩუმეს, უნდა წავიდეთო და წავიდნენ.
რეზერვისტების რაზმში ჩაეწერნენ. ფორმები და იარაღიც მიიღეს. ქვეითთა გადასაყვანი საბრძოლო მანქანით მიდიოდნენ ფრონტის ხაზისკენ. გზაში ასწავლიდათ ერთი ავტომატის გადატენას და აბოიმის მიერთებას... თამარაშენში იყვნენ, ახალგაზრდა კაპრალმა, «ჰაერიო…» - დაძახება მოასწრო... მტრის ორი თვითმფრინავი უტევდათ. აფეთქებამ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან თხრილში გადააგდო... ყველაფერი კვამლმა დაფარა. გონდაკარგული და ლამის სისხლისგან დაცლილი გოგა კაპრალმა ზურგით ატარა ტყე-ტყე და სანიტარულ ნაწილამადე მიაღწია. ერთ დღეში დამთავრდა გოგასთვის ომი... გონს თბილისში, საავადმყოფოში მოვიდა, თვალი რომ გაახილა, პირველად გიო იკითხა, სად არისო... არავინ იცოდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, სამღვდელოების დახმარებით მოხდა გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება და მათ შორის გიოც იყო...
თავს ვერ პატიობდა, გონება რომ არ დამეკარგა, იქნებ მეშველა, იქნებ დაჭრილი იყო და გამომეყვანაო... დავიწყება უნდოდა იმ კოშმარული წუთების, კომპიუტერის შურდა, არ გჭირდება ინფორმაცია, მონიშნავ მაუსით, დააჭერ დილეითს და წაშლიო. ამოშლა უნდოდა იმ დღეების, ამდენი ტკივილი რომ მოუტანა მას, სხვას, მთელ საქართველოს. ბიჭებმა, წამალი ავიწყებს ყველაფერსო და ერთხელ სცადა... ნარკომანი მეზობელი ჰყავდა ერთი, იმან შესთავაზა, წამო კაიფის გემოს გაიგებ, ამ ცხოვრებას ფხიზლად მტერმა უყურაო.  ზუსტად ამ ანდაზით ვცხოვრობთ, ასეა, მტერი უფრო ფხიზლადაა ვიდრე ჩვენო... , - კი თქვა, მაგრამ უარიც არ უთქვამს. ხოდა გაიკეთა. ჯერ უსაშველო ტკბილ ბურუსში გაეხვია. მასზე მომზირალი სახეები რომ დაინახა, ხარხარი აუტყდა, რა დებილური სიფათები გაქვთო. მერე ცხვირის ქავილი დაეწყო, თან უსაშველოდ მოშივდა, სამზარეულოში უბრალო პურის ნატეხიც რომ ვერ ნახა, წავედიო და სადარბაზოდან სირბილით გამოვარდა... მამის სახლი იქვე, ორი კორპუსის იქეთ იყო, მაგრამ გზა უსასრულოდ და გრძლად გაწელილი მოეჩვენა, ცის დასალიერამდე. კიდევ კარგი, თითქოს ბოტასები კი არა, მფრინავი ქოშები ეცვა, წამის უსწრაფესად გალია გზა. სახლში შევიდა და მშიაო, ყვირილი ატეხა. დედინაცვალმა პიურე და კატლეტი დაულაგა მაგიდაზე. სანამ ჭამას დაიწყებდა, მოეჩვენა, თითქოს მისით ამოდიოდა ჩანგალზე კატლეტი, დიდი თვალებით და დაღებული ხახით და აქეთ აპირებდა მის შეჭმას. შეშინებულმა დააგდო ჩანგალი და ქუჩაში გავარდა. ნაქირავებ ბინაში გაიქცა... ძლივს გააღო კარები, გულისრევა იგრძნო და გონება დაკარგა...
გუგულმაც აიწყვიტა ამ დროს, «გოგა-გოგაო» - ძახილი მორთო. ხმაურზე გარეთ გამოსულმა მეზობელმა წაქცეული გოგა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა... ძლივს გადაარჩინეს....
* * *
გუგულიანი საათი რეკავს, თერთმეტია. ახლა კარის ზარი დარეკავს და იცის კარინა მოვა, ცოტა ცას შემოიტანს, ცოტა მიწას, ბალახს, ყვავილებს და სახლს დაალაგებს...
რა პუნქტუალურია, ზარის ხმაა. … შემოვა ახლა და იტყვის ცავათანემ, როგორა ხარ? კარს აღებს.
- გამარჯობა!
ანგელოზი?! ანგელოზი ამბობს გამარჯობას?! თუ ანგელოზია ფრთები უნდა ჰქონდესო, გაიფიქრა და გარს შემოუარა. არავითარი ფრთები. გული დასწყდა. მერეღა შენიშნა მუხლზე დახეული ჯინსი და თეთრი მაიკა, ისიც დახეული. ანგელოზები დახეული მაიკით როგორ ივლიან, ანუ ჩვეულებრივი ადამიანია, ალბათ რომელიმე ომშია ნამყოფი, ომებს რა დალევს. ხო, გარდა ამისა მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული, ოღონდ, მთელი, კალათივით მოწნული. ვინ არის? აშკარად სხვაგან მოხვდა.
- შეგეშალათ!
- მეჩვიდმეტე ბინა, მეშვიდე სართული?
- მგონი კი!
- კარინა ხო აქ მუშაობს?
- მგონი კი!
- მე მითხრა ვმუშაობო! კარინა მეზობელია ჩემი, დღეს ვერ შეძლო მოსვლა და მე მთხოვა მოვსულიყავი!
უცებ წარმოიდგინა, წითელქუდა მოვიდა, თვითონ კი მგელია.
- კალათში ნამცხვრები გიდევს?
- არა, დიეტაზე ვარ!
- მაშინ წითელი ქუდი რატომ არ გახურავს?
- და რატომ უნდა მეხუროს?
- შენ ხო წითელქუდა ხარ, კალათით!
- აჰა, შენ კი მგელი ხარ და გშია, წითელქუდა მოგინდა?
- მაგარი ტიპი ხარ, საიდან მიხვდი?
- კარინამ მითხრა, თუ სახლში დაგხვდა, არ შეგეშინდეს, დიდი-დიდი ბალახის მორყეული ძირი იყოსო, ის არ უთქვამს, მგელი იქნებაო?
- ასე გითხრა?
- კი!
- შეშლია, …ბალახის მორყეული ძირი კი არა, მორყეული ბალახის ძირი!
- რა განსხვავებაა?
- ის რომ ძირი, ანუ ფესვი არ ირყევა, ბალახი კი, სადაც დაუბერავს ქარი, იქვე მიაწვენს! თან ეს წინა კვირას ვიყავი დღეს კი რუხი მგელი ვარ, არ გაგიმართლა... კიდევ რა გითხრა კარინამ?
- მაგრად ერეკებაო, მაგრამ ეს არ უთხრაო, გამაფრთხილა!
- მაშინ რატო მითხარი?!
- რა ვიცი, ისე! შემომიშვებ თუ წავიდე?
- შემოდი!
ერთოთახიანი ბინა ნაომარს ჰგავს. კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურ ტელევიზორზე წინდებია გადაფენილი, ტახტზე ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ერთადაა მიყრილი. ვენტილატორზე პირსახოცია გადაფარებული, მაგიდაზე ნამწვავებით სავსე საფერფლე გადავსებულია და ბოლავს, ბინაში არყის, ლუდის და სიგარეტის სუნია არეული...
- ამას რა დაალაგებს! – გული უსუსტდება გოგოს. – აირწინაღი გაქვს?
- არა.
გოგომ ფანჯრები გააღო. ქუჩას გახედა. მერე მობრუნდა სავარძელში ჩაჯდა...
- კარინას მოვკლავ! არა, დავახრჩობ!
- რატო?
- არ უთქვამს თუ ბინა ასე დამხვდებოდა! მიდი რა ეს ნამწვავები გადაყარე, გავიგუდე!
უარი ვერ უთხრა. ნამწვავებით სავსე საფერფლე სამზარეულოში გაიტანა და სანაგვე ყუთში ჩააგდო. «მგონი ეს გოგო ბინას მე მალაგებინებს».
- იცი... !? – უცებ ბიჭმა იფიქრა, სუნი თუ აწუხებს სააფთიაქო პირბადე ხო არ შევთავაზო, კარინას ჰქონდა რამდენიმე მოტანილი. თუმცა თუ პირბადე გაიკეთა, ნიღბიანი რაღა წითელქუდა იქნება, თან მერე შეიძლება შაჰიდის ქამარიც მომთხოვოსო და გადაიფიქრა.
- რა ვიცი?!
– ლამაზი ხარ! – წამოცდა ბიჭს. გაეღიმა. თვითონაც დაჯდა ოღონდ იქვე, მეორე სავარძელში ჩაჯდომისა მოერიდა, ცოტა მოშორებით, დივანზე.
- ვიცი!
- საიდან?
- სარკემ მითხრა!
- კიდე რა გითხრა!
- არაფერი, დამღუპა!
- რატო?
- არაა საინტერესო!
- მაინც!
- ეროვნულ გამოცდაზე სარკის წინ მომიწია ჯდომა და სანამ ვიპრანჭებოდი, გამოცდაც დამთავრდა და ჩავიჭერი!
- ხო? აბა რას ეუბნებოდი სარკეს? სარკე, სარკე ვინ არის ჩემზე ლამაზი?!
- არაფერს არ ვეუბნებოდი!
- რაზე აბარებდი?
- ტელეჟურნალისტიკა!
- დიდი პრანჭია ვინმე იქნები, გინდა ქვეყანამ გაგიცნოს და ქუჩაში ავტოგრაფები არიგო...
- არა, მაგიტო არა, საინტერესოა, მოვლენების შუაში ხარ!
- მოვლენების შუაში არა... შუაში, ზევით, ქვევით, ერთი ფეხებია ყველა... სადაც შენ ხარ, ისაა შუაში...
- მე?
- შენ, მე, ყველა... თუ ფიქრი შეგიძლია...
- შენ ფიქრი შეგიძლია?
- ფიქრი კი, იოლია ფიქრი... აი ახლა ვფიქრობ, უცხო მამაკაცთან რომ შედიხარ სახლში, არ გეშინია?
- კარინამ, კაი ტიპია, არაფერს არ გაწყენინებს, შენ არ აწყენინო, სამუშაო არ დამაკარგვინოო, ასე დამარიგა! - იცინის
უნდა გავიდეს გარეთ. აშინებს ეს გოგო, მისი სილამაზე. კაი  ტიპობა ეწყინა. არ უნდა კაი  ტიპობა, ურჩევნია მგელი იყოს, ოღონდ მართლა ხო არ შეჭამს გოგოს. თან თუ შეჭმაა და ჯერ ბებიათი უნდა დაეწყო. ოღონდ იცის, ვერსად ვერ წავა ახლა, ფეხები არ დაემორჩილება. მოწონს ეს უქუდო წითელქუდა, ხოდა სად უნდა წავიდეს, არსადაც არ წავა, გინდაც მონადირეთა ჯარი მოვიდეს, წითელქუდას არვის დაუთმობს.
- გინდაც მონადირეთა ჯარი მოვიდეს, შენს თავს არვის დავუთმობ! – თქვა უცებ.
- რა?
- ხო, არაფერი!
- კარინა კვირაში ერთხელ დადის ხო?
- ხო!
- ერთ კვირაში ასე როგორ ახერხებ ბინის არევას?
- მეგობრები მეხმარებიან!
- ვინ მეგობრები?
- ჩემი მეგობრები?
- ბიჭები?
- კი ბიჭები!
- გოგოები?
- რა გოგოები!
- გოგოები არ ამოგყავს?
- აბა ამ ბინას გოგოს რამე ეტყობა?
- ანუ გოგოები არ გიზიდავს?
- მიზიდავს რომელია, აი ახლა შენ ლამის მაგნიტივით მიმიზიდო, მარა ვერ გეუბნები?
- მითხარი და... – იცინის გოგო.
- შენ მაიძულე! – ბოდიშობს ბიჭი.
- მაპატიე, ეჭვი შევიტანე შენს ორიენტაციაში!
- ხო, გასაგებია, შენ იცი რატომ მომრავლდა ეს ორიენტაცია არეული ხალხი?
- რატო?
- ყველაფერს ხო თავის მფარველი ანგელოზი ჰყავს, შენ, მე, სხვასაც. სექსსაც თავის მფარველი ანგელოზი ჰყავდა, ხოდა გააბრაზა ერთხელ ღმერთი, მაშინ იყო ღმერთმა სოდომს და გომორს რომ რისხვა დაატეხა და სექსის მფარველი ანგელოზიც მოხსნა, გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან! ხოდა დახეტიალობენ ახლა უთავბოლოდ ცალკე სექსი, ცალკე მისი მფარველი ანგელოზი...
- მაგარი ხარ! – იცინის გოგო...
- კიდე რა გითხრა კარინამ ჩემზე!
- გაგლეჯილი პლანაქეშია, მარა კეთილი ტიპია, შიშით არ შეგეშინდეს, თავი არც არაფრის ექნებაო.
- ასე გითხრა? მოვიდეს კარინა!
- არაფერი არ უთხრა, გთხოვ!
- კარგი, არ ვეტყვი!
- მართლა არაფერს არ ეტყვი?
- ხო ვთქვი არა, მეთქი!
- ისიც მითხრა ომში რომ იბრძოდი, ძლივს რომ გადაგარჩინეს! ვინ გადაგარჩინა, გახსოვს?
- არა!
- ალბათ შენმა მფარველმა ანგელოზმა! შეიძლება რაღაც გკითხო?
- მკითხე!
- ვიცი, რომ მეგობარი დაგეღუპა ომში, მერე დაიწყე... ხო არ მინდა ვთქვა, რაც. როგორ გგონია, გაუხარდებოდა ასე რომ ენახე?
- რა კითხვა ამას უნდა, იასნია არ გაუხარდებოდა!
- კარგი, მაპატიე, უნდა წავიდე!
- აბა, ბინა უნდა დავალაგოო!
- მოგატყუე! ერთ გაზეთში ვმუშაობ სტაჟიორად და ნარკომანებზე რეპორტაჟის გაკეთება დამავალეს... კარინა ჩვენს გაზეთშიც მუშაობს და იმან მომიყვა შენზე და დავინტერესდი! ხო დამპირდი? ხო არაფერს ეტყვი?!
- ...
- არა მგონია შენზე რამე დავწერო! მგონი არაა ჩემი საქმე ჟურნალისტობა, ჩამივარდა ჩემი პირველი ინტერვიუ-რეპორტაჟი, კარგად იყავი...
და ისე წავიდა თითქოს არც მოსულიყო. ნახევარი საათი ალბათ გაუნძრევლად, ქანდაკებასავით იჯდა. გუგულმა დარაბა რომ გამოაღო და სამჯერ დაიძახა, «გუ-გუო", თან თორმეტიაო, ანიშნა, არც ეს გაუგია. ასე მჯდარს ჩაეძინა. სიზმარში დაფრინავდა თითქოს ახლად მოვლენილ გოგოსთან ერთად, რომელსაც ახლა ფრთები ჰქონდა. თვითონაც ფრთები ჰქონდა, მაგრამ ანგელოზად სულაც ვერ გრძნობდა თავს. ის კი იყო, უხაროდა... კარის ზარის ხმამ მოაფხიზლა მხოლოდ, ცუნამივით გადაუარა სასიამოვნო ტალღამ, იფიქრა გოგო დაბრუნდაო. უკვე მონატრებოდა. ინტერვიუს კია არა, ყველაფერს მისცემდა, ოღონდ მოსულიყო. კარს მივარდა, გააღო და კაპრალი დაინახა სამხედრო მანქანიდან, ოღონდ კაპიტნის სამხრეებით უკვე. უცებ მეხსიერებამ აღადგინა ომის წუთები, ამ კაცს გამოჰყავდა ზურგზე აკიდებული წინა ხაზიდან...
- შეიძლება?
- მობრძანდით!
    საიდან მოევლინა ეს კაცი.  შერცხვა. დაბნეული იყო, ყველაფერი ერთად უტრიალებდა თავში. ომი, შტევაზე გადმოსუი თვითმფრინავების ხმა, კაპრალი სისხლიანი სახე,  რომელიც სადაღაც  მიათრევდა...
- ასე ცხოვრობ?! – ბინას ათვალიერებს სტუმარი.
- ხო არეულობა მაქვს ცოტა! დამლაგებელმაც გადამაგდო!
- არეულობა ნამდვილად გაქვს! ბიჭებმა მითხრეს განარკომანდაო!
- ხანდახან ესეც ხდება!
- სუნს ვერ გრძნობ? რაღაცა იწვის!
სამზარეულოში შევიდნენ, პლასმასის სანაგვე დანახშირებული იყო, ცეცხლი სამზარეულოს იატაკზე დაგებულ ლინომიუმზე იყო უკვე გადასული... სანამ გიო დაბნეული აცეცებდა თვალებს, კაპიტანმა იქვე მდგარი წყლის სავსე გრაფინით ჩააქრო ცეცხლი... მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ...
- მგონი ისევ თქვენ გადამარჩინეთ! – ოფლს იწმენდს გოგა.
- ასე, გამოდის! არ გეგონოს რამეს გამადლიდე, იმ დღეს მანქანა რომ აგვიფეთქეს, ალყაშიც მოვხვდით, შენ იყავი ყველაზე ახლოს, მხოლოდ შენი გადარჩენა შევძელი...
  უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, თითქოს ენა ამოაცალეს.
- შენ იცი! – თქვა კაპრალ-კაპიტანმა. დაუმშვიდობებლად წავიდა, ისე რომ უკან არც მოუხედავს. მეორეჯერ დატოვეს ასე ქანდაკებასავით... ოღონდ ახლა მალე გამოერკვა და დაედევნა...
* * *
- მამა!
- რა გაყვირებს! იცი რომელი საათია? შემოდი სახლში!
- არ მინდა სახლში, სად არის მამაჩემი!
- დამაგვიანდებაო...
- როდის მოვალო?
- არ უთქვამს!
- გულნარა დეიდა, ფული გაქვს?
რატომღაც ჩიტ გულნარას აგონებდა დედინაცვალი.
- ჯერ ეს ერთი რომ გულნარა კი არა ლილი მქვია, მეორე ის რომ დეიდა არ ვარ, მერე რა რომ დედინაცვალი, მაინც დედა ვარ, მამაშენის კანონიერი მეუღლე.
- დედა ლილი, ფული მომე რა, ორმოცდაათი ლარი მინდა მეტი არა, მამას გამოვართვემ და მოგცემ, დედის სულს გეფიცები!
- რად გინდა ფული! მამაშენმა უჩემოდ ფული არ მისცეო!
- ნუ ეტყვი, რას გაიგებს?!
- მითხარი, წამლისთვის თუ გინდა იცოდე არ მოგცემ!
- შევეშვი წამალს, თეატრში მიმყავს შეყვარებული!
- ადრეც მიგყავდა, სისხლი მოგეწამლა შპრიცით და ძლივს გადაგარჩინეს!
- ახლა მართლა მიმყავს!
- ათ საათზე?
- კი, საღამოს სეანსია...
მანქანა გაჩერდა ამ დროს.
- აი მამაშენი მოვიდა და იმას ელაპარაკე!
- ვა, მამა! ფული მომე რა!
- რა ფული!
- შეყვარებულს სანთლებით გული მინდა დავუხატო!
- მე მეუბნებოდა თეატრში მიმყავსო! - ქალბატონი ლილი ერთვება საუბარში.
- ვინ შეყვარებულს!
- კარინას მეზობელია, მომე მა, რა!
- რამდენი გინდა!?
- ასი ლარი!
- მე მეუბნებოდა ორმოცდაათი მომეციო!
- გულნარა დეიდა, შენ არ ამბობდი მამაშენის მეორე ნახევარი ვარო, ხოდა იმიტომ გთხოვდი ნახევარს!
- უთხარი რა გულნარას და დეიდას ნუ მეძახის!
- შემოდი სახლში, საჭმელი არ გშია!
- არა, მა, ფული მინდა რა!
- შემოდი, უნდა გელაპარაკო!
- კაი რა მამა, ოცდაორი წელია მელაპარაკები არ მოგწყინდა?!
- ვერ გელაპარაკე, როგორც საჭირო იყო...
- აუუ, ჯერ მითხარი ფულს მაძლევ?
- ჯერ შემოდი!
- ახლა ფული მომეცი და ხვალ გინდა აქ მოვალ, გინდა უნივერსიტეტში, ხოდა მთელი დღე მელაპარაკე!
- წავალ აბა, ერთი გავყვები, მართლა შეყვარებული ჰყავს!
- მეც წამოვალ!
- ვინც არა! მაგარი იქნება, გინდათ გიტარა წამოიღეთ, ლილი, შენ ხო მაგრად უკრავ, აი ის სიმღერა რომ არის: «შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია, ის ვუმღეროთ...» კარგი, მამა?
- კარგი, ვუმღეროთ!
- გაგიჟდი ეს პროფესორი კაცი, სერენადა უნდა იმღერო ღამე, ქუჩაში... შენი რომელიმე სტუდენტი თუ ცხოვრობს იქ, რას შვები მერე?
- რას ვშვები, სერენადას ვმღერი, ცუდი რა არის?
- მაშინ მეც მოვდივარ, მეც მინდა სიმღერა!
- რა მაგარია, ტო, მამა ახლა მივხვდი რატომ მოგეწონა ლილი, რა მაგარი ხარ ლილი, მდინარის ამომშრალი კალაპოტი ვიყო თუ აწი ჩიტი გულნარა დაგიძახო!“
გზაზე ჯერ ყვავილები იყიდეს, მერე სანთლები გულის დასახატად... მერე ამწე კრანის მანქანა შენიშნეს ასაწევი კალათით, გოგამ ყვავილებს პირდაპირ ფანჯარაში მივაწოდებო და ისიც დაიქირავეს. კარინას სახლთან ჯერ სანთლებით გული დახატეს, ლილიმ, სახელი არ დავწეროთო? გოგამ, არ ვიციო... ასანთი არცერთს არ აღმოაჩნდა...
- ნარკომანი რომ ჯოჯოხეთში მოხვდება ანეკდოტი იცით? – ამბობს ელიზბარი.
- მამა, შევეშვი! ხო, არ გითხარი? ჯარში ვიწყებ სამსახურს!
- მართლა?
- ხო-მეთქი! იცი ის კაპრალი მესტუმრა მე რომ სიკვდილს გადამარჩინა და ჯარში სამსახური შემომთავაზა.
- მიარია, გოგა!
- ანეკდოტი მოყევი რა! - წინასწარ იცინის ლილი.
- რატომღა მოვყვე, შეეშვა!
- მოყევი, მე მაინც შევეშვი!
- ხოდა ზის ეს ნარკომანი ჯოჯოხეთში პლანის ზვინის წინ და ტირის?
- რატო?
- ასანთი არ აქვს!
იცინიან. ამ დროს გამვლელმა გამოიარა, ელიზაბარის ნაცნობი აღმოჩნდა. რას აკეთებთო. აი შვილის შეყვარებულს სიმღერა უნდა ვუმღეროთ, მაგრამ გულის ასანთებად ასანთი არ გვაქვსო, ელიზბარმა. იმან, გულს ასანთი რად უნდა, ისე უნდა იწვოდესო, თუმცა ასანთიც აღმოაჩნდა და მესამე ხმაც. ყველაფერი მოამზადეს, ლილიმ გიტარა მომიმარჯვა, გოგა კალათში ავიდა ყვავილებით. გულიც უკვე ანთებული იყო...
დაიწყეს სიმღერა: «შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია...» მშვენივარად აეწყო ხმები. რამდენიმე ფანჯარას მაყურებელი მოადგა. გოგამ ლექსი წამოიწყო: «ოდეს გნახო, ვთქვა გეთაყვა, ჩემი ხარ... " ზოგმა ტაშიც კი დაუკრა, გოგო კი არსად ჩანდა.
უცებ კარინას ფანჯარა გაიღო.
- ბატო ელიზბარ, ცავათანემ , თქვენა ბრძანდებით!
- გამარჯობა, კარინა!
- კარინა, იმ გოგოს ფანჯარა რომელია? - გოგა თავს ძლივს იმაგრებს ამწეს  კალათში, თან ხელში ყვავილები უჭირავს.
- რომელი გოგო!
- როგორ თუ რომელი გოგო, შენს მაგივრად რომ იყო ჩემთან დღეს, შენი მეზობელი რომ არის...
- უიმე, თეკლა? ანუ დლია ნეგო ეს გული და სანთელები! ცავათანემ, ის ხო ჩემი მეზობელი არ არის! გლდანში ცხოვრობს...
სამი თვის შემდეგ
გოგას ომის ის ერთი დღე ჯარში სამსახურად ჩაუთვალეს და კაპიტნის რეკომენდაციით ფეხოსანთა ბატალიონში კაპრალად მსახურობს. ცდილობს ყოველ კვირა დღეს სახლში იყოს. კარინამ უთხრა, ცავათანემ, თეკლამ ისე სიყვარულით მიამბო შენზე, აუცილებლად მოვა. მეც ის ვუამბე, სერენადას როგორ მიმღეროდი მის მაგივრად. ის ყვავილებიც წავუღე, აბა მე რად უნდა დამეტოვა, ხო მისი იყო. ისიც ვუთხარი, რომ გამოსწორდი და აღარა ნარკომანობ და ჯარში რომ ხარ. იცი, ეს რომ გაიგო, იტირა, თან მაფიცა, არ უთხრაო. მეც ვიფიცე, ერთი ჩათლახი მეზობელი მყავს, იმის თავს ვფიცულობდი, მაშინვე ვიცოდი რომ გეტყოდი. გეუბნები, გოგო ლამის დაგიწვავს, აუცილებლად მოვაო. ვის ვინ დაუწვავს, ეს კიდე საკითხავიაო, იცინის გოგა. გუგულიც, ყოველ კვირას, თერთმეტზე გამოაღებს დარაბებს და სამჯერ ახარებს: «მო-ვა», «მო-ვა», «მო-ვა»... ხოდა ელიან ის და გუგული.
სამი თვის თავზე, ზუსტად თერთმეტ საათზე ჯერ გუგულმა უთხრა მოვაო, სამჯერ, მერე ზარმაც დარეკა. თეკლა იყო, ინტერვიუზე მოვედიო.
კიდევ სამი თვის შემდეგ...
გოგამ ერთი დღით გაინთავისუფლა ჯარიდან თავი. ექიმიდან გამოსულები სახლში დაბრუნდნენ. გუგულმა, თითქოს ამათ ელოდაო, ჟრიამული ატეხა: «ღუ-ღუ, ღუ-ღუო...». ეს კი არაფერი, ხო ორშაბათი დღე იყო, საინტერესო ის იყო არც თერთმეტი საათი იყო, არც თორმეტი, სადღაც შუა იყო, თუმცა ეს არცერთს არ შეუნიშნავს, სხვა დროში იყვნენ თითქოს. გიომ თეკლას თვალები დაუკოცნა, მერე თვალი თვალზე მიადო და მხედავო, - ჰკითხა. კიო, - თეკლამ თავი დაუქნია. თვალხილულები, თვალზე თვალ მიდებულები უყურებდნენ ერთმანეთს. მერე დედას და შვილს, ორივეს ერთად დაუჩოქა გოგამ, ჯერ ყური მიადო მუცელს, ეგებ რამე მითხრასო. მერე აკოცა. წამოდგა, გულზე მიიხუტა გოგო და ყურში უჩურჩულა. ახლა საქმე მაქვს, მალე მოვალო. კაპრალის ფორმა გადაიცვა. ქუჩაში გასულმა, ტაქსი გააჩერა, მძღოლს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაზე წამიყვანეო, სთხოვა... გაოცებული უყურებდა ტაქსის მძღოლი, ღვარ-ღვარად მოსდიოდა ცრემლები კაპრალს...
* * *
«გიო, ძმა, როგორ ხარ, ძმა. არ გეწყინოს, ვერ ამოვდიოდი... შენი ამბავი რომ გავიგე, სიცოცხლე არ მინდოდა... თავი დამნაშავე მეგონა შენს სიკვდილში, მე აგტეხე, წავიდეთ-მეთქი, რომელი მეომრები ჩვენ ვიყავით, მაგრამ ქვეყანას უჭირსო... შენი ამბავი რომ მითხრეს, თავის მოკვლაც მინდოდა, და იცი რატო გადავიფიქრე, შენ ხო იასნია სამოთხეში ხარ, ძმა, სამშობლოს შეეწირე, თავის მკვლელები ჯოჯოხეთში მიდიან და არ მინდა იმ ქვეყანაზე ვერ გნახო,… რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი... …
ამ ქვეყანაზე კი... ჯარში ვარ, ძმა. იმ საქმეს ვემსახურები რასაც შენ შეეწირე. ხოდა მაგარი გითხრა, შვილს ველოდები. მაგარი კაცია. სამი თვისაა უკვე. დღეს ეხოზე ვნახეთ, ახალგაზრდა კაცი იყო ექიმი და ბიჭიაო! მართლა ბიჭია-მეთქი? – ვეკითხები. აგერ ა, ნახე ზარებივით აქვს კვერცხები, საცაა და შემოკრავსო. ხოდა დამანახა. თუ არ დავიბრიდებოდი, ძმაო, არ მეგონა, ისე მიხაროდა. გული ხელით დასაჭერი გამიხდა, არ ამოხტეს და არ გაფრინდეს-მეთქი... უკვე სახელი აქვს, იასნია ხვდები რასაც დავარქმევ,… ხოდა ისე გავზრდი, არ შეგრცხვეს, შენი სახელი რომ ქვია. ხოდა რომ გაიზრდება შენს ამბებს მოვუყვები, შენისთანა ჯიგარი მინდა რომ იყოს, აბა ჩემისთანა გულსუსტი რად მინდა, გულამოსკვნილი რომ ვტირივარ აგერ, მარა არც ამ ბიჭების მცხვენია, აგერ რომ წვანან შენს გვერდით და არც შენი... მასაც სამშობლოს ჯარისკაცად გავზრდი, ძმებო... თქვენ მშვიდად იყავით... აწი ჩვენ ვიომებთ.... სულ ომში არა ვართ? “

          11.11.2015 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს