ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2015


4 ლექსი

                        ....
შენ უნდა იყო სულ ღმერთში ღმერთო
რომ იგრძნოს კაცმა სიმძიმე კაცის
თუ შენს კარიბჭეს ვარჩიე ჭერხო
ჩემი არმიწის, არწყლის და არცის
ნუ გაუწყრები შენს უბირს ერთობ
ნუღა იქნები ამ ლექსზე მკაცრი...


                      ....

მე ვარ... არცერთი ზღურბლი არ მშია:
კარის ძელქვებთან ძაღლად ნაგდები:
მელოდებიან როგორც მაშიახს:
ლექსები ლექსზე უფრო ნაღდები.
ძაღლო, სარანგო! ღმერთს ვინ არგია
აღებულია ყველა სანგარი
ყივის სატანა: ძველი ავგია,
სისხლში იღვიძებს ღმერთი ანგარი...



                    ....
ისე უხდება ხორგოს ხვანჭკარა
ვით შენი ცოლი ამ ჩემს დათრობას
ჯერ იბადება ქალი კანჯარად
მოგვიანებით სწავლობს აფთრობას
კაცნო, დიაცურ წესთა მახავსნო
მათში მეტია ცეცხლი ორმუზდის
ნუ გაახსენებთ მათ რაც არ ახსოვთ
გეყოთ აქამდე რაიც მოუზღეთ
დაგმანულ ნერვთა მტკნარი არშიით
განუცდელ დღეთა უცხო ვედებით
ბასრი ნაბიჯით კანკალს აშლიან
(და სახეზეა ძმებო შედეგიც:)
მაჩხუბებს მერე გულთა მჩხიბავი
დამეხვევიან ქმრები გლეხები
როგორც ჩალიან სვეს ჩამთიბავენ
ერთი მოქნევით, ერთი შეხებით...
ხორგოს ხვანჭკარა ისე უხდება
როგორც სიმძაფრეს თრობის თარეში
თრთოლები ასდის შენს ცოლს ბუხრებად
ბნელ და უმთვარო სითამამეში.



                      ....
                                    "მზეო, ამოდი ამოდი ნუ ეფარები გორასა"

იწერებოდა ძმებო, ლექსები
და დარდიანი ქსოვდა ბებია
ეხ, ამ ღამესაც დავიგესლები
ყივჩაღი სისხლიც ამდუღებია
ვით დამეხილი ზორბა მერეხი
აჯანყებული მოვალ ჯანღებით:
ვერ შევითვისე ღმერთო სხვა ხერხი
სისხლის არ დაღვრის და არ აღების.
მე გორის იქით მედგა დედის მზე
და მამაჩემში ვჭრიდი თარიღებს
შენ კი უფალო, დღემიბნედილზე
თაბახის ბოლოს მკლავიც წაიღე
ვიღან დაწეროს ღამის ლექსები
ვიღან მოქსოვოს ლექსი ბებია
მე ამაღამაც დავიგესლები
ყივჩაღი სისხლიც ამდუღებია.


მოგიკითხეთ:)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები