ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ნოემბერი, 2015


დაუპატიჟებელი სტუმარი

და როცა გინდა გამოაღო ყველა დარაბა
და როცა გინდა გააღო ყველა კარი, ურდული
და იყო ახლოს ცასთან, მიწასთან,
სწორედ მაშინ გამოჩნდება ვიღაც -
როყიო, როგორც ქვა;
მძიმე, როგორც ნაცრისფერი;
ცარიელი, როგორც ფუღურო და
დაუკითხავად შემოაბოტებს შენ წილ სამზეოში...
შენ ხომ კარი ღია დატოვე...
და იმასაც მეტი რა უნდა...
რა სინდისი,
რის შუბლის ძარღვი...
შემოაბოტებს,
მაღალყელიანი ბოტების ბრახაბრუხით
აიკლებს შენეულ სივრცეს;
ტალახიანი ფეხებით გასვრის ყველაფერს და სულ არ დაგიდევს,
სულაც იმ ბოტებზე დაიკიდებს შენი სამზეოს სისუფთავეს...
შენი სამყაროს იისფერობას თავისი მძიმე სინაცრისფრით
გადაგიდღაბნის...
არადა, როგორ ძალიან გსურდა ყველა დარაბა გამოგეღო,
ყველა ფანჯარაც,
ყველა კარი ღია გქონოდა,
ყველა ურდულიც...
რომ შემოგეშვა ოთახში, სულში მზე და ცა და მიწა და ჰაერი და
ყოფილიყავი მიწასთან ახლოს,
მზესთან ახლოს,
ჰაერთან ახლოს...
რა უნდა უყო ახლა ამ სტუმარს,
ტალახიანი ბოტებით რომ შემოებოტა?
რა უნდა უყო???
..........................................................
დგახარ და ფიქრობ...
შენეული სახლის ვარდისფერ კედელს ეყრდნობი და ფიქრობ:
ახლა რომ გააგდო, ვინ იცის, ეგებ უარესი დამართოს სხვას,
უფრო მზიანს, უფრო იისფერს...
ეგება უფრო დაისვაროს ტალახით ბოტები,
უფრო დაუმძიმდეს სინაცრისფერე,
კიდევ მეტად გახდეს როყიო ქვასავით, ლოდივით
და ცარიელი ფუღუროსავით...
ეგება რაიმეს მიხვდეს აქ, შენთან,
შენეულ იისფერობაში...
დგახარ და ფიქრობ და ის დადის...
დადის კი არა დააბოტებს და
აკვირდება კედლებს - ვარდსიფერს;
ჭერს - მზისფერს;
იატაკს - სინათლისფერს...
ხვდები, რომ უკვირს და დააბოტებს და თან ცოტათი ეშინია შენი,
კედელს რომ მიყრდნობიხარ და აკვირდები და
ვერც სიძულვილს ხედავს შენ თვალებში,
ვერც ზიზღს,
ვერც ინტერესს.
მხოლოდ სიბრალულს ხედავს და ამიტომ ეშინია...
და შენ იმედი გაქვს,
იმედი გაქვს, რომ რაღაცას მიხვდება...
შენ იღიმები და ის...
გარბის,
გარბის შენი სამზეოდან,
სადაც დაუკითხავად შემოაბოტა...
გარბის, როგორც კეთროვანი,
გარბის მძიმედ,
მთელი თავისი სინაცრისფრით...
გარბის, თითქოს ვინმე მისდევდეს...
შენ იღიმები...
ჰო, ტალახიანი კვალი დატოვა,
მაგრამ დატოვა ყველაზე მეტი,
ყველაზე მთავარი რამ:
ნდობა...
ნდობა, რომელსაც დიდი ძალა აქვს...
შენ ხომ კარი ახლაც ღია გაქვს,
ახლაც ღია გაქვს ყველა ფანჯარა,
რადგან გსურს იყო:
მიწასთან ახლოს,
ზეცასთან ახლოს,
ჰაერთან ახლოს...
და ასე სახლობ
იისფერ სახლში,
ვარდისფერი კედლები რომ აქვს...
და სულ არ დარდობ,
რომ ვიღაც ისევ შემოაბოტებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები