ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2015


ყვითელი წვიმა

არიადნა ჩვენს მეზობლად რუსეთის იმ ქალაქიდან გადმოვიდა, სადაც ჩემი მშობლები მივლინებით დადიოდნენ და სადაც მე დავიბადე. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორი თავაწეული დადიოდა ქუჩაში. ამოივლიდა კორპუსის წინ აღმართს. მაღალი, თეთრი, ქერათმიანი. ყველას ყურადღებას იქცევდა. რიტუალივით ჰქონდა,- მოიხსნიდა მზის სათვალეს და აუცილებლად ამოხედავდა ჩვენს აივანს. მგონი, მამაჩემი მოსწონდა. გისოსებში ცხვირგაყოფილი თვალს არ ვაცილებდი, სანამ შენობის კუთხეს არ მიეფარებოდა. ყოველთვის ერთ ვარცხნილობას ატარებდა, დახვეულს, საგულდაგულოდ აჩეჩილს და დალაგებულს.  თუ ვინმე შეხედული კაცი დადიოდა უბანში, ყველა არიადნას საყვარლობას იბრალებდა. წლების შემდეგ, ჩემი ოჯახი ქალაქის სხვა რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. იშვიათად ვხედავდი.

ერთ დღეს დამირეკა, თავი შემახსენა. მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად. ვინ მისცა სახლის ტელეფონის ნომერი არ ვიცი. ტიროდა, ხმა უკანკალებდა. მითხრა, რომ ავად იყო და შეიძლება, ეს წელი უკანასკნელიც კი ყოფილიყო მისთვის. ყოფილი მეზობლები ძალიან ენატრებოდა. რამდენიმემ უკვე მოინახულა. მთხოვა მივსულიყავი, ნახევარი საათით მაინც. ჩემი მშობლები არ უხსენებია. არ მინდოდა წასვლა, გული არ მიმიწევდა. საიდან გავახსენდი?

მეორე დღეს, ვიყიდე ნამცხვრები, ყვავილები და ვესტუმრე. ისე ცხოვრობდა, როგორც ვფიქრობდი,- ძველი ავეჯი, ძველი რემონტი, კედლებზე აივაზოვსკის და რეპინის სურათები. სავრძლებზე და დივანზე ყაისნაღით ნაქსოვი გადასაფარებლები. ყველა კუთხეში კონსერვის ყუთებში გახარებული ალოე, ბალბა და კალანჰოე. წიგნი სამკურნალო მცენარეებზე, ჩანიშნული გვერდებით. ბურდას ყდაშემოცვეთილი ჟურნალები. დაფაზე გადაჭიმული დასამთავრებელი გობელენი ზღვის პეიზაჟით. მონჯღრეული სკამები უსიამოდ ჭრიალებდნენ. ჩამრთველები ბუდეებიდან იყო ამოვარდნილი. ჭერის მეოთხედი ჩამორეცხილი, დაობებული. კაცის ხელი აკლდა ყველაფერს. საკმაოდ ციოდა ოთახში. ნეტა, რითი თბებოდა?

დივანზე ჩამოვჯექი. ზამბარებმა ქვემოთ დაიწიეს და ზურგისკენ გადავქანდი. პატარა ბალიშებში გატრუნული კატა კნავილით გადმოხტა იატაკზე და ბეწვის ფერთხვით საწოლის ქვეშ შეძვრა. ნესტოები ამითრთოლდა, ცრემლები მომადგა, სახე ამეწვა და რამდენჯერმე დავაცემინე. შეწუხდა. ძალით გამოათრია კატა და სააბაზანოში ჩაკეტა.

მერე, უშაქრო ჩაი, ჩემს მოტანილ ტკბილეულსა და არიადნას ჟოლოს მურაბასთან ერთად. ათასი ვიღაც და რაღაც გავიხსენეთ. ჩემებზე სიტყვა არ დაძრა, ვითომ ბუნებაში არ არსებობდნენ. ძალიან ნერვიულობდა. ხან კოვზი დაუვარდა, ხან ხელსაწმენდი, შალის ფოჩებს აწვალებდა. ერთი თემიდან მოულოდნელად მეორეზე გადადიოდა. თუ არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე და უპატრონო მკვდრებს სად მარხავენო? პასუხები არ მქონდა. მომეჩვენა, რომ ფინჯანი კარგად არ იყო გარეცხილი. ზრდილობისთვის რამდენიმე ყლუპი მოვსვი. უცნაურად შემომხედა,- მეც შენსავით ზიზღიანი ვიყავი, ალერგიულიც, ტრანსპორტით მგზავრობასაც ვერ ვიტანდი. ასაკთან ერთად გადამიარა ყველაფერმა, შენც გადაგივლისო. ალბათ მეთქი, შემრცვხა. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი.

ალბომიდან ძველი სურათი ამოაცურა, თვითონ გადაეღო ოდესღაც. ერთი ქონდა და იმასაც მე მჩუქნიდა. დიდხანს დასცქეროდა ნაღვლიანი სახით. კარგად შევათვალიერე. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი იყო. შეჭაღარავებული საფეთქლები და შავი ზონრით გაკრული თმა ათი წლით მაინც აბერებდა. შევამჩნიე, ოდესღაც ძვირფასი შალის კაბა, მაჯაზე ამოეჭამა ჩრჩილს.

სურათი მრავალხედიანი იყო. ნაცნობი სახეების და შენობების დანახვაზე გული ამიფართხალდა. წინ, ემალის სამურაბე ტაშტში ლელიკო ზის. მე მერხზე ვარ მიყრდნობილი, თავგადახოტრილი და დაღონებული. ალბათ, ტილები შემხვდა ბაღში. ბუნდოვნად, მახსოვს, ძალით წამიყვანეს საპარიკმახეროში. ტაშტის გარშემო ქვიშის პასკები ალაგია. მესამე კლასში ვიყავით, ლელიკო სისხლის გათეთრებით რომ გარდაიცვალა. მარჯვნივ, ხის ქვეშ, ჩვენი ბებიები, საგანგებოთ გამოწყობილები - წელში გამოყვანილ კაბებში, საბოებში და იღლიაში ამოდებული  გრძელი ლაკის საფულეებით. ლელიკოს ბებია უბნის არასტანდარტული გარეგნობის ქალებისთვის ლიფებს და ბანდაჟებს კერავდა. თითქმის ერთ თვეს წავიდნენ იმ ქვეყნად დაქალები.

მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ხორცის მაღაზია. ტონია, ერთადერთი ხორცის გამყიდველი ქალი ჩვენს რაიონში, უზარმაზარი, მთასავით ქალი, ყოველთვის მოწიწებით გვხვდებოდა. შავტარიან დანას დაარჭობდა კუნძზე, გადმოეყუდებოდა დახლზე, რამდენადაც ამის საშუალებას მუცელი აძლევდა და მეკითხებოდა,- ქალბატონო, თქვენ რომელი ნაჭერი გნებავთ, ბარკლის, ზურგის თუ ნეკნების? შიშისგან ენა მივარდებოდა და აცახცახებული ვეკვროდი ბებიაჩემის კალთას. გადაიხარხარებდა ტონია, სისხლის წვეთებით დაწინწკლული, თეთრი წინსაფრის ჯიბიდან ამოიღებდა შოკოლადებს და ძალით მიდებდა მუჭში. ხელებზე ხორცის სუნი ასდიოდა. ზიზღისგან ყელში რაღა მაწვებოდა და დაჭყეტილი შევცქეროდი კაუჭზე დაკიდულ ღორებს. მერე, გვიან, იმ შოკოლადებს  “საპოჟნიკ” სერგოს სარდაფში ვყრიდი შეუმჩნევლად. ერთხელ, სიზმარში ვნახე, მომდევდა ალესილი დანით, საზარლად უცახცახებდა მუცელი, ღაბაბი და მიყვიროდა: სად გადაყარე გოგო ჩემი ტკბილეული, სად? დავრბოდით მეზობელი კორპუსის ეზოებში. ვერ მეწეოდა,  ტერფები ჰქონდა პატარა. ცარცით ვხატავდი სადაც მომხვდებოდა: ასფალტზე, კედლებზე, ლამპიონის ბოძებზე, კბილებდაკრეჭილს და გაწეწილს. სახელს ვაწერდი, რომ მიმხვდარიუყვნენ, ეს ტონია იყო და არა, ამალია ან ნელი. იმათაც დიდი კბილები ჰქონდათ.. მარტოხელა იყო. სამი დღის მკვდარი ნახეს მეზობლებმა, დამარხეს, პატივი სცეს. . .

იქვე “შერეული საქონელი”. ერთდროულად გამგე-გამყიდველი, ლურჯი სატინის ხალათში გამოწყობილი, სახეყვითელი ხაიმე. ხაიმემ არ იცოდა მყიდველის გაგიჟება. მშვიდად იდგა დახლთან და მოთმინებით იცდიდა. ხშირად ვყიდულობდი ხაიმესთან კევებს და თმის სამაგრებს. ერთხელ პლასმასის, თითებმოღუნული, ტარიანი ხელი მაჩუქა, ბებიაშენს გამოადგებაო. დამლაგებელი ყავდა, წითურთმიანი, კოჭებდასიებული ცისანა. ცისანა, როგორც თვითონ ამბობდა, ოდესღაც ულამაზესი ქალი ყოფილა. საიდან არ “ეძლეოდნენ” თურმე საქმროები. ეს ყველას იწუნებდა. მოკვდა ასე, უკაცოდ და უსიყვარულოდ. ხაიმე ისრაელში წაიყვანეს ნათესავებმა და იქ გარდაიცვალა. . .

ჩემ გვერდით მერხზე საშკა ბურთით ხელში. როცა გამაბრაზებდა, შაშკას და რუსკი ხახოლს ვეძახდი. არაფერს ამბობდა, მიღიმოდა სევდიანი სახით. სურათის სიღრმეში ტრამვაი, ნაძვები და ჩაის მსგავსი ბუჩქები. იქ დაკარგა საშკამ ფეხი. იმ საბედისწერო დღეს, ყოფილი სალაძის ბაზრის ზემოთ, ვიღაცის ბაღში ალუჩა მოვიპარეთ. ეს არ ვიკმარეთ და ორი წრეც დავარტყით ტრამვაით საავეჯოდან საავიაციომდე. მგონი, იმის შემდეგ გადმომექაჩა ცალი ყური. ახლა აღარც ტრამვაია, აღარც ლიანდაგები და აღარც ბუჩქები. აკაფულ ნაძვებს შორის ყვითელი “ხრუშოვკები” მოჩანს. აღარც საშკაა, ცისფერთვალება, საყვარელი ბიჭი. რუსეთში წავიდა, ცოლი შეირთო, გალოთდა. ხშირად გვირეკავდა. ტიროდა, საქართველო ენატრებოდა. თავს უცხოდ გრძნობდა რუსებში. ამათი გულქვა დედაცო, აგინებდა თავისიანებს. ქუჩაში გაიყინა მთვრალი. სამი წლით იყო ჩემზე უფროსი . . .

აბაზანიდამ რაღაცეების მტვრევის ხმა ისმოდა. ეტყობა, კატამ ვერ აიტანა ტყვეობა და თავი გაიგიჟა. ღმუოდა, კარს აწყდებოდა, ფხაჭნიდა. არიადნა ჩამეხვია, იტირა. კანკალებდა არ დამივიწყოო, მთხოვა. შევპირდი, რომ კიდევ ვინახულებდი. ვიცოდი აქ მომსვლელი არ ვიყავი. მზერაზე მივუხვდი, არ დაიჯერა ჩემი დაპირება. ვერ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიბრალულს ამ ქალის მიმართ. ასეთები უდარდელად გაატარებენ ახალგაზრდობას და მერე სიბერეში დარდობენ მარტოობაზე. გული რომ გაუხდეთ ცუდად, წყლის მიმწოდებელი არ ყავთ. ეს ჭკუა, რომ ქონოდათ ახალგაზრდობაში, იმას არ გააკეთებდნენ რაც გააკეთეს და ასე შემდეგ. რა ამის ახლობლები ჩვენ ვიყავით, სურათი რატომ გადაგვიღო? ადრე ვერ მოგვცა? ვინც ამ საურათზე იყო გამოსახული, ვინც ამ სურათმა გამახსენა  ყველა გარდაცვლილი იყო. შემეშინდა.

ლიფტი არ მუშაობდა . აჩქარებული ნაბიჯით ჩავიარე კიბეები. ქუჩაში არავინ იყო, თუ არ ჩავთვლით მეეზოვეს, ჯიხურს მიყრდნობილი ფუნთუშას, რომ შეექცეოდა. ოქროსფრად იცრებოდა ხეებიდან ფოთლები. ციოდა. სადარბაზოს რამდენიმე ნაბიჯით გავცდი და განწირულმა ყვირილმა უკან მიმახედა.

.ვიქტორიააა! ვიკააა!

რაფაზე იჯდა, ფეხები გარეთ ჰქონდა გადმოყრილი. გული გამიჩერდა. გავშეშდი. ნაბიჯი ვერ გადავდგი, შევცქეროდი მონუსხულივით. ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ, შვილო, მაპატიეო, გადმომძახა და ხელებგაშლილი, ჩიტივით გადმოფრინდა. სარეცხის თოკებზე, როგორც ბატუტზე, ინერციით ეცემოდა. მესამე სართულიდან აკაციებისკენ გადავარდა, ტოტები ჭახანით ჩამოამტვრია და ყრუდ დაეცა ბორდიურზე. დამფრთხალი ბეღურები სხვა ხეზე გადაფრინდნენ. . . .

როცა ნათქვამის აზრს ჩავწვდი, სმენა დამეხშო.. ასე მემართებოდა მაღალი სიცხის და ნერვიულობის დროს. მუნჯი კინოსავით აღვიქვამდი ყველაფერს. თითქოს ჩემი მეორე მე შესცქეროდა შექუჩებულ ხალხს, პოლიციას, სასწრაფოს. . .

მერე, წვიმა წამოვიდა. ყვითელი ნათელი იდგა ირგვლივ. წვიმასაც ყვითელი ფერი დაჰკრავდა. ჩემი ბავშვობის სველი სურათი გაწვდილ მარჯვენაში კომპასივით მეჭირა და უაზროდ დავცქეროდი უკვე გადაშლილ სახეებს. . .

ყვითლად წვიმდა. . .
ჰო, ყვითლად წვიმდა. . .



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები