ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2015


ჩემი არარეალიზებული...

ოცდახუთი  წელია ამ აღმართზე ავდივარ...
ადრეულ წლებში ავდიოდი ჩქარი ნაბიჯით, სამსახურიდან აჩქარებული შვილებთან შესახვედრად...
ავდიოდი სირბილით...
ავდიოდი ნელა და ხვნეშით, როცა ფეხმძიმედ ვიყავი , წყვილ ბავშვზე  ...
ავდივარ ნელა და  ოფლიანი შუბლით,როცა  ავად ვარ და მაღალი წნევა მაქვს.
ეს აღმართი...სულ რამდენიმე მეტრი, არც ისე დიდი და არც ისე ციცაბო, მაგრამ დამღლელი.რადგან მივყავდი იქითკენ, საითაც გული არასდროს
მიმიწევდა.


გათხოვებიდან ერთი კვირის მერე პირველად გავედი სახლიდან და სამსახურში წავედი. სამუშაო დღის მერე კი, როცა ამ აღმართს მოვადექი,
გული  ცუდად შემიქანდა და  მე შემეშინდა:
ნუთუ შევძლებ, რომ მთელი ცხოვრება ამ გზაზე ვიარო მეთქი?
მე მძულდა ეს გზაც, ის სახლიც, რომლის ეზოშიც უნდა შევსულიყავი და  ჩემი თავიც, სისულელის გამო აქ რომ ამოვყავი.
გავჩუმდი  და  რძლობა გავაგრძელე.
დავიძინებდი ჩვეულებრივად, ვითომ არაფერი.
მაგრამ სიზმარს ვნახავდი, ამომიგლეჯდა გულს.

ყველა სიზმარი ასე მთავრდებოდა:
მახსოვხარ და მიყვარხარო.
ეს  დიდი ტანჯვა და ჩემი ნებისყოფის გამოცდა იყო.

რამდენჯერმე ასეც მესიზმრა: მისი გვამი  მქონდა დამარხული და ზემოდან გადაბეტონებული და...მე მასზე ზემოდან  მედგა სასთუმალი.
ვმალავდი, რომ მკვლელი  ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ბოლოს და ბოლოს გავტყდებოდი.
გამომეღვიძებოდა და ჩემი უბადრუკი ცხოვრება , სიზმრის ფონზე,  დიდ შვებად მომეჩვენებდა...


ჩემს საფიქრალს ვერავინ ხვდებოდა. უფრო სწორად ვინც უნდა  მიმხვდარიყო, ის ვერ ხვდებოდა. სხვა დანარჩენს  მე არ ვაინტერესებდი.
ანდა ვის  დააინტერესებდა, რატომ ჩამიღამდა თვალები,რატომ დავიკელი წონაში,რატომ არ შევდიოდი არავისთან კონტაქტში, რატომ დავანებე
თავი კოსმეტიკის ხმარებას...
რატომ რატომ რატომ
რატომ დამჩემდა უხასიათობა
თუმცა უხასიათობა პირველ ფეხმძიმობას დააბრალეს და კიდევაც  ჟრიამულობდნენ, როცა უცებ პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დამთავრდა.

სტრესი?
მსგავსი განცდა შეუძლებელია
შვილისთვის სახელიც კი დარქმეული მქონდა
ეს კოშმარი რამდენიმე თვეს გაგრძელდა

ამის გახსენება  დიდი საფიქრალს მიტოვებს...

სრულიად პატარა, მგონი თოთხმეტი წლის ასაკში,საშინლად გავსუქდი.
იმ წლებში რამდენიმე თაყვანისმცემელი მყავდა, მე კი მეშვიდე-მერვე კლასელი გოგო სამოცდაათ კილოგრამს ვიწონიდი.
მერე უცებ ეს წონა რვა ათეულსაც ასცილდა..
არ  ვიცოდი კომპლექსი რა იყო, მაგრამ ჩემი სიმსუქნე არ მომწონდა.
სწავლის პარალელურად საკვების შეზღუდვა ძალიან ძნელი იყო,თითქმის შეუძლებელი.თუმცა მე უკიდურესი მონდომებით ოცამდე კილოგრამი
დავიკელი...
წონა კი მოვიცილე, მაგრამ  შიმშილობამ ხასიათი  გამიფუჭა, თმა გამიჭაღარავა და  თვალები ჩამიცვინა.
მკლავებზე ხორცი ჩამომეკიდა და ღრძილები სულ ერთიანად გამითეთრდა...

მსუქანი უფრო ლამაზად გამოვიყურებოდი ვიდრე , ასეთი "ქიშმიში".
თავგზა ამერია.
ძველი თაყვანისმცემლები შემომშორდნენ.მარტო ის დამრჩა, ვისთვისაც  მსუქანიც და გამხდარიც , ორივენაირი, სასურველი ვიყავი.
მე კი სხვას ვეძებდი...
ჰო ვეძებდი...

ახლოს არ ვიხედებოდი და სულ შორს  ვეძებდი.

იმ ზაფხულს აბიტურიენტი ვიყავი,  ბუნდოვნად მახსოვს, სინამდვილეში მოხდა თუ არა, არც კი ვიცი:
იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი,
ნახალოვკაში
ერთ  თაკარა მზიან დღეს ეზოში  ციგნები შემოცვივდნენ... არაფერი მოიპარონ მეთქი,  და სარეცხს  ვეცი, ჩამოსასხსნელად.
უცებ ერთი ფაშფაშა კაბიანი მკლავზე მეცა და  ფული  მოიტა, გიმკითხავოო, ჯიბეში მართლა მეგდო რკინის  მანეთიანი, ამოვიღე და  ხელის გულზე დავუდე...
__მიდი, აბა მითხარი, წელს თუ გავხდები სტუდენტი ?
ისე  ჩამაცქერდა ხელის გულში , კინაღამ სიცილი ამიტყდა.
დაბღვერილმა გადმომხედა და 
__"უ წებია ვ უჩობე ვსე ბუდეტ ხარაშოო"
მერე კი დაამატა
__შენი ბედი გოგო ახლა შორსაა და ფორმა აცვიაო.
დიდიხანს იცოცხლებო...დიდიხანსსოოო

ხელი  გამოვტაცე და სახლში შევედი.
ფორმიანიო__ამეშალა ნერვები
სამხედრო სამსახურში მაშინ მხოლოდ ნიკა იყო  ჩემი ნაცნობებიდან.



აუცილებლად უნდა შევცვალო ჩემი ბედისწერა_ვუთხარი საკუთარ თავს...
მე ვიქნები ის, ვინც ბედისწერას არ დაემორჩილება მეთქი_ წამსვე გადავწყვიტე.
გადავწყვიტე და ნებისყოფის მართვა ვისწავლე.

სტუდენტი რომ გავხდი, მეწყინა.
"უ წებია ვ უჩობე ვსე ბუდეტ ხარაშო" _კოდი კი დღემდე დევს ჩემს ქვეცნობიერში და გასაქანს არ მაძლევს.
არ შემიძლია, სხვანაირად ვიცხოვრო...

ხანდახან, რომ დავფიქრდები,  ვხვდები, რომ მე კიარა, იმ ფაშფაშაკაბიანმა მკითხავმა  ქალმა შეცვალა ჩემი ბედისწერა,
თუმცა მისი მკითხაობა  არც კი ვიცი, რეალობაა თუ  ჩემი წარმოსახვა.
არასდროს დავფიქრდებულვარ ადრე  ამაზე ...

ჯარისკაცი, რომელიც მონღოლეთში მსახურობდა, მე ყოველდღე წერილებს ვერ მომწერდა.
რამდენიმე კვირით კი ისედაც დააგვიანდა პასუხის გაცემა.
მეც მეტი რა მინდოდა....
_"უნდა გავწყვიტო ურთიერთობა, ტყუილად ვერ დავაიმედებ , უნდა იცოდეს, რომ მე მისი არასდროს გავხდები "_ამოვიკაწრე ეს
და გავიცივე გული  მის მიმართ.

რამდენიმე თვეში, მატარებლით მგზავრობისას  ახალგაზრდა კაცი გავიცანი. მან სამჯერ უნივერსიტეტში მომაკითხა და მეოთხედ ცოლად გავყევი.
წამოდი, ერთად ვიცხოვროთო _მხოლოდ ეს მითხრა.
გახდი ჩემი ცოლიო_ესეც კი არ უთქვამს...

გათხოვებიდან ორ თვეში მამა გარდამეცვალა.  ის ერთადერთი ადამიანი იყო,  რომელიც ყოველთვის გვერდში დამიდგებოდა, მაგრამ
უკვე აღარ მყავდა.


მალე სრულიად მოულოდნელად  მუცელი მომეშალა.
ბავშვი, რომლისთვისაც სახელი უკვე დარქმეული მქონდა...

სტრესი ისეთი ძლიერი იყო, რომ  ცრემლი  რამდენიმე თვეს არ  გამშრობია.
ვითომ ეს პრობლემა არ მყოფნიდა, რამდენიმე თვეში მამამთილი მიეჯაჭვა საწოლს...
ოჯახში საშინელი ფინანსური კრიზისი დადგა.
ოჯახში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ  თითქმის აღარ ვსაუბრობდით.
მე და ჩემი მეუღლე ორი სხვადასხვა პოლუსი აღმოვჩნდით.
კრიზისი თანაცხოვრების პირველივე კვირიდან საგრძნობი  იყო, მაგრამ  ბოლო თვეები აუტანელი გახდა.
გვერდით არავინ მყავდა, ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი.
ორ წელიწადში უამრავი ადამიანი დავკარგე ფიზიკურად და სულიერადაც.
საშინელ ქაოსში ვცხოვრობდი...

მე თავის მოკვლა ვცადე და  ბოლომდე ვერ მივიყვანე...ნაიარევი მაჯები  მხოლოდ უნებისყოფობას მახსენებდნენ.

ამ დროს  ყოველღამე საშინელი სიზმარი მტანჯავდა:
მახსოვხარ და მიყვარხარო...
მე კი მის გვამზე მქონდა საწოლი გადადგმული და "არხეინად" მეძინა.

ვფიქრობდი რომ რაღაც ძალა  განვარისხე,  რომელმაც ბედისწერის შეცვლა არ მაპატია.
ასე ორი წელი გრძელდებოდა.
ორი წელი ისე გავიდა, გონებას არ შემორჩენია, როგორი დღეები იყო, მზიანი თუ ღრუბლიანი...ითოვა თუ არა, გაზაფხულზე ეზოში ყვავილები გაიშალა თუ გაუშლელად  დალპა...ქუხდა თუ ელავდა,  წვიმის დროს...
ხილი მწიფდა თუ  არა...

არანაირი შეგრძნება იმ წლებს არ დაუტოვებია, გარდა ერთი დიდი სიცარიელისა...
სიცარიელე კი ტკივილს არ იწვევს...
ცარიელია და მორჩა.

ერთ დღეს ჩემს კლასელ  ნინოს შევხვდი. თვალი ავარიდე, მაგრამ მაინც მოახერხა და გამომელაპარაკა.
___როგორ ხარ მარი?_დამაცქერდა თვალებში
___კარგად, შენ როგორ ხარ? _ვუპასუხე ნაჩქარევად  და წინა ღამის ნამტირალები თვალები დავხარე.
___კარგად რომ არ ხარ, გეტყობა
___რაზე მატყობ მეთქი_კიდევ ვიუარე
___ისიც შენ დღეშიაო_ თვალები დარჩა მარტო და ამბობს, ცოლს საერთოდ არ მოვიყვანო...
ნინო ჩემი მესაიდუმლე არასდროს ყოფილა და წესით, არც ახლა ჰქონდა ამდენი ლაპარაკის უფლება, მაგრამ დაინტერესება რომ შემნიშნა, მანაც მოარღვია გუდას თავი და არც გაჩერებულა.
მისგან იმდენი რამე გავიგე, რამდენიც მჭირდებოდა, რომ ჩემს ცხოვრებას ბიძგი მისცემოდა.
რას ქვია, ქმარს თუ გაეყრება, მაშინვე მოვიყვანო?_ვეკამათებოდი ჩემს თავს, როცა სახლისაკენ ვბრუნდებოდი.
ნუთუ ასე ცუდადაა ჩემი საქმე?
მე მასზე უარი ვთქვი თუ არა?
აბა ჩემი  ცხოვრება რას შევწირე , თუ მაინც ჭუჭყიანმა ჯადოქარმა  უნდა მაჯობოს მეთქი?
ჩემს თავს ველაპარაკებოდი და ცხოვრების გამოწვევას  სისხლითაც კი ვგრძნობდი.

რაღაცნაირად ცხოვრება გავილამაზე...
თურმე ჩემი ქმარი არც ისე საშინელება ყოფილა...
გრძნობაც ჰქონია
კიდევაც ვყვარებივარ და შვილზეც ისევ ფიქრობდა...

ცხოვრებამ  მეტი სილამაზე  შეიძინა თუ მე შევძინე და  არსებობა  გავაგრძელე.
რამდენიმე თვეში ისევ დავფეხმძიმდი...
ჰიპერტონიული ორსულობა გადავლახე.
ადრინდელი შეცდომები  გავითვალისწინე და ცხრა თვე საწოლიდან არ წამოვმდგარვარ...ნაყოფი შევინარჩუნე.

ვაჟი გაჩნდა.
როცა შვილი გყავს...
როცა შვილი გყავს , მხრებზე  მთასაც წამოიკიდებ...
ჰოდა მეც წამოვიკიდე.
შვილი არა...
მთა...
თითქმის ერთი  წელი საავადმყოფოში გავატარეთ. ექიმების დაუდევრობამ ბავშვი ინვალიდი დატოვა.  მისი ჯანმრთელობა უამრავ მკურნალობას მოითხოვდა.ფინანსურად გვიჭირდა, ფაქტიურად ვშიმშილობდით, რომ წამლები გვეყიდა. მე კი ამ დროის განმავლობაში არც მძინებია, ბიჭი  ჩემს მუცელზე წოლით გაიზარდა.
პრობლემებმა ოჯახი შეაკავშირა...
უახლოეს კრიზისამდე.
თუმცა კრიზისი გარდაუვალი იყო და მეც ორივე  ფეხებით დამიჭირა...

ერთ საღამოს, როცა ნასვამი და გონებიდან გადასული ჩემი ქმარი რაღაც წვეულებიდან დაბრუნდა, უაზრო საუბარი წამოიწყო.
ასეთ დროს ყურსაც არასდროს ვუგდებდი , მაგრამ ახლა რაღაც ისეთს ლაპარაკობდა, რომ უნდა გამეგონა:
__არც შენ გიყვარვარ და არც მე, მაგრამ შვილის გამო უნდა ავიტანოთ ყველაფერიო.

ცუდად გავხდი...
იმ ღამეს სასტიკად  ვიჩხუბეთ... გამთენიას კი  სახლიდან გაგვყარა და დროებით დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად.


მე ჩემი გეგმები უკვე დაწყობილი მქონდა, შვილს მარტოც გავზრდიდი, მაგრამ იმ სიტუაციას, რაც  ჩემს გარშემო ატყდა, ვერაფრით შევეგუე.
სულ მიკვირდა, თითქოს მის ამბავს არავის ვეკითხებოდი, მაგრამ  ჩემამდე მაინც აღწევდა.
_დიმა მაგარი ბიჭია, ფეხზე დადგება,  მოგეხმარები მის გაზრდაშიო.
მერე რა, გარინჩაც ფეხმოკლე იყოო.
მზად ვარო...
მიყვარხარო
უშენოდ მაინც  აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებასო....

ღმერთო, ნუთუ ეს არასდროს დამთავრდება მეთქი, ლამის მეორედ გადავიჭერი ვენები.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
ვარსკვლავების წინასწარს გაწერილ ბედს ხომ  ვეწინააღმდეგებოდი და, სულო ცოდვილო. მასაც ვუკეტავდი ბედნიერების უფლებას.

იყო დრო, სახლიდანაც არ გავდიოდი, მაგრამ სამსახური და შემოსავალი ხომ მჭირდებოდა.
ბავშვი დედას დავუტოვე და მუშაობა განვაახლე.
დიდი დრო არ  გასულა, მეუღლემ სკოლაში მომაკითხა და ბოდიში მომიხადა.თან ყვავილები მომიტანა. მისი საქციელიდან ეს ჟესტი
იმდენად  მერომანტიკულა,  სახლში დავბრუნდი.

დღემდე არ მიპატიებია...
მასთან მხოლოდ იმის გამო დავბრუნდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
უმამოდ ორ შვილს  ვერ გავზრდიდი...
მერე როცა ერთის ნაცვლად  ტყუპი შვილები შემეძინა და მხრებზე ორის ნაცვლად სამი მთა წამოვიკიდე, ცხოვრება ისეთად მივიღე, როგორიც
იყო.
ულამაზო, უემოციო, მაგრამ ღირსეული.
პრეტენზიული არც მანამდე ვყოფილვარ...
მხოლოდ ცოტა სიყვარული და ყურადღება მინდოდა.
რადგან ვერცერთს ვერ ვეღირსე, ჩავიკეტე და ასე ვიცხოვრე ალბათ ათი წელი

ცხოვრებამ რეალიზების საშუალება გადამიკეტა.


ათი წელი არც ისე ბევრი დროა, როცა შვილებს ზრდი.
რეცხვასა და სადილის კეთებაში დრო მალე გადის. აღარც კი ფიქრობ, რომ ქალი ხარ. შენი სტატუსი მხოლოდ დედობაა.
კარგი  გრძნობაა, რომ  ვიღაცას  სჭირდები.
სკოლა, ბაღი, აქეთ იქეთ...
მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტად ხარ დამოკიდებული სხვაზე, რადგან ფინანსურად  არ ხარ  ფეხზე  მყარად.

" მხოლოდ ხანდახან თუ დამესიზმრება, რომ მოსწავლე ვარ, გვერდით ნიკა  მიზის და მისი ხელი ჩემს ხელს ჩემსავე ჯიბეში ეხება...
თითები მითბება და გაღვიძებული...ვგრძნობ , თურმე ქმარი გეფოთიალება... გამთბარი ხელი უცებ ცივდება და  მეორე ოთახში ბავშვების
ნახვას იმიზეზებ, რადგან "გცივა..."

  გადავწყვიტე, სამსახურს ისევ დავბრუნებოდი. დილით სკოლაში გავიქცეოდი, გაკვეთილებს ჩავატარებდი და იქედან პირდაპირ მაღაზიაში მივდიოდი, სადაც  ორ საათზე  ვიწყებდი მუშაობას.
ბავშვები ახლოს მყავდნენ. სკოლა და ბაღი იქვე მქონდა. შვილებს  მაღაზიაში  დავანაყრებდი  და საღამოს მარტო ვუშვებდი ხოლმე სახლში, მე კიდევ  ვრჩებოდი, სავაჭროდ.
უფროსს ერთ ბულკს მივცემდი, პატარებს კი შუაზე გატეხილს...

სახლში შესვლაც არ მიხაროდა.
გვიანობამდე ვრჩებოდი ხოლმე...
სახლში მისულს  ქმარი თუ ნასვამი დამხვდებოდა, ეჭვიანობის სცენებს მართავდა.
ზოგჯერ ნასვამ  კლიენტებზე ეჭვიანობდა.
მე კი მეორე დილით სკოლაში  ისევ  გავრბოდი, ღამით  ტირილისგან თვალდასიებული.
რამდენ ხანს გავუძლებდი, არ ვიცოდი. ბეწვის ხიდზე  დავდიოდი.
    ჩემი მამამთილი რომ გარდაიცვალა, მეუღლემ ერთდროულად ოთხი საფლავი შემოღობა, შვილებს საქმე გავუადვილეთ,
მე და ჩემი ცოლი მშობლების გვერდით დავიკრძალებითო...ამან სულ შემშალა ჭკუაზე. ახალგაზრდა ქალს საფლავის მიწა უკვე მოზომილი მქონდა, ფსიქოლოგიურად ჩემი ადგილი ვერაფრით გავითავისე...
სახლის  არცერთი კუთხე არ მეჩემებოდა...ადგილს ვერ ვპოულობდი...ვერც სამზარეულოში ვიპოვე ადგილი.

    ერთ საღამოს ჩემს მაღაზიასთან მანქანა გაჩერდა .  კლიენტი ნიკა იყო. სიგარეტი იყიდა.
__აქეთ ვიყავი, სრულიად შემთხვევით გნახეო_მომიკითხა...
არ მესიამოვნა.ორი სიტყვით გავისაუბრეთ.
ისევ უცოლო იყო
რამდენიმე დღეში  გამეორდა მისი ვიზიტი .
საჩუქარი მომიტანა.
მომერიდა, გამოვართვი, მაგრამ თაროზე დავდე გასაყიდად.
სახლში მაინც მისი დამალვა მომიწევდა.
მე დახეულ ფეხსაცმელებს ვმალავდი და დახლიდან წინ არ გამოვდიოდი,
ამერია ფიქრები , თან  როგორ...
რამდენიმე დღეში  ისევ შემოიარა და ...სიარულს  მოუხშირა.
ხანდახან მართლაც გავაბით ხოლმე გულღია და  გულახდილი  საუბარი.ჩვენ ხომ ადრე ერთმანეთს  ვხვდებოდით და  გვიყვარდა...
ერთხელ ნამტირალები თვალები შემამჩნია...
მოვიმიზეზე , შვილი არის ავად მეთქი.
მეორედ სამსახურში მაქვს პრობლემებითქო...
მესამედ.......ეტყობა ნერვებმა მიმტყუნა და პირდაპირ მის მკლავებში ავზლუქუნდი.

რა ხდება, ახლავე ყველაფერი მომიყევიო.
მოსაყოლი რა მქონდა.არც არაფერი.    ტკივილი ცარიელი  ქვევრივითაა...გარედან სქელია.
__მოსაყოლი არაფერი მაქვს მეთქი_ვუთხარი.

ის წავიდა...

წავიდა და კიდევ ერთხელ დამიბრუნდა სიმშვიდე...
ჩემი სიზმრები უფრო დათბა...
მუსიკის გაკვეთილზე , ჩემს ჯიბეში  ჩაპარებული  მისი ხელები კიდევ ბევრჯერ მიწვავდნენ პატარა თითებს, მაგრამ დილით... ისევ ისეთი იყო
მზეც და ჰორიზონტიც, როგორიც მანამდე ...
ცხელი და შორეული...უახლოვდები და მაინც რომ გშორდება...

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო:  რეალური და წარმოსახვითი.


რეალურში  ჩხუბი და აყალმაყალი, გინება და უპატივცემულობა, გაჭირვება და შიმშილი ჯეჯილობდა,

წარმოსახვითში  კი  უამრავი საყვარელი ადამიანით გარშემორტყმული, ლამაზი,  აღიარებული. ძლიერი, ნიჭიერი და სასურველი ვიყავი.
ერთი დღისით მქონდა და მეორე ღამით.  ისინი  ერთმანეთს ვერ ეთავსებოდნენ.



ამდენმა ნერვიულობამ თავისი გაიტანა და  ავად გავხდი.
ცოტა ფული დავაგროვე და ექიმამდე მივაღწიე:

მგონი დიდხანს სიცოცხლეც არ აღმოჩნდა სიმართლე და  წინასწარმეტყველი შეცდა...



ხუთი წლის წინ სახლს ვალაგებდი.
ძველი ფოტოალბომები გადავახარისხე.  ჩემიც, ქმრისაც, სულ ძველებიც.
ერთ ფოტოზე ულვაშიანი ახალგაზრდა  შემომცქეროდა. ჩემი ქმრის ჯარის ფოტო აღმოჩნდა.  კარგა ხანს  ვატრიალე ხელში.
უმცროსი  ბიჭი მეტად მივამგვანე...აქეთ იქეთ ხელში ტრიალში წლებიც შევნიშნე.

უი, რომელ წლებში იყო ნეტავ ჯარში?_დამაინტერესა და...ზუსტად ის ზაფხული გამახსენდა, აბიტურიენტი როცა  ვიყავი და  ლაპლაპა მზეში
ციგნის ქალმა ხელისგულზე რომ მიმკითხავა.
დაემთხვა...
იმ წლებში მასაც ფორმა ეცვა.
ბედისწერა შეცვალე არა? _გამეღიმა.
ამდენი წლები თავი რომ დაიმარხე და  ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციე?
ბედი  ზეცაში წყდება, ზეცაში...
დარწმუნებული არაფერში ვიყავი, მაგრამ სიმსუბუქე ვიგრძენი.
ცოტა გულზე მომეშვა...

ერთბაშად ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.
სულ სხვა ადამიანად  გადავიქეცი. ორი ადამიანის ენერგია გამიჩნდა.
სულ რომ მინდოდა, იმ გზაზეც რამდენჯერმე გავიარე და  ახალი  გზა უკვე ავირჩიე...
ოცდახუთ წელი ამ აღმართზე ავდიოდი და ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე.
მალე მონასტერში საბოლოოდ გადავალ საცხოვრებლად...აქედანვე ვგრძნობ იქაურ სიმშვიდეს.

(დასასრული)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები