ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2015


წერილი შორიდან (იმედი ჯახუას)

გიხსენებ, ჩემო მეგობარო, ჩემო მოხუცო,
პოეტო კაცო, მყინვარწვერზე უფრო ჭაღარავ,
ისე ვარ, თითქოს, ყველასათვის გავმხდარვარ უცხო,
ამქვეყნად ჩემი აღარავის ესმის აღარა...

შენ ხომ სამშობლოს სიყვარულით იყავი ავად,
მეც ბავშვობიდან შემეყარა იგივე სენი,
ვდგავარ გზის პირას, მეოცნებე უპოვარს ვგავარ,
მამულს რა ვარგო, ამ უფერულ სულსაც ვერ ვშველი.

ყრმობის სკივრს დროის ქარიშხალი დაეპატრონა
და მოგონების ნარჩენებსაც ხელიდან მაცლის,
რა სათქმელია წაგებული ომი, თუ ბრძოლა -
საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.

ალბათ, იმანაც დაგვიკარგა მოკვდავებს ფერი,
რომ ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს, ან თვალს და ყურს ვივსებთ,
ვინ იცის, იქნებ, თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის,
მაგრამ, რატომღაც, სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.

შუბლდაღარულო სიტყვის კაცო, გჩაგრა ცხოვრებამ,
თუმც ყველა ტკივილს მხურვალებით აჯობე ლოცვის,
და უკანასკნელ შთაგონებად, ერთ დიდ პოემად,
დაგრჩა იმედი ბედნიერი საქართველოსი.

დეკემბერი, 2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები