ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2016


ნუ შემეცვლები (შელოცვასავით)

მახსოვს:
როდესაც მთლად პატარა თვალცრემლიანი შინ მივიდოდი
(ეს მაშინ ხშირად ხდებოდა ხოლმე მიზეზთა გამო),
ბებო მუხლებზე დამისვამდა, იწყებდა ბუტბუტს:
„გულო, დადექ ალაგასა,
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო“.
მერე იმ თავის გრილ, სანელებლებისსუნიან ხელებს
სახეზე მომისვამდა და გულში მიკრავდა.
ყველა ტკივილი ყუჩდებოდა ამ დროს...
დღესაც არ ვიცი რისი ბრალი იყო -
შელოცვისა თუ ბებოს თითების,
უმალვე ვხალისდებოდი და სათამაშოდ გავრბოდი ისევ.
და ახლა, როცა ტკივილებმა ისე იბევრა,
სათვალავიც კი ამერია,
ხანდახან ვნატრობ:
ისევ ჩამისვას ბებომ  კალთაში,
სანელებლებისსუნიანი თითები თავზე გადამისვას და
მითხრას:
„გულო, დადექ ალაგასა,
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო“...
ბებო არაა
და საკუთარ თავს ვებუტბუტები:
„ტკივილი?
იყოს, ოღონდ მართალი;
ცრემლებიც იყოს -
ბავშვის ლოყაზე დაგორებული ნერწყვივით წმინდა...
ოღონდ არასდროს შეიცვალო,
არ გაუხეშდე,
არ გაუფერულდე,
არ დამძიმდე.
ბებოს კალთიდან წამოყოლილი სითბო და სიმშვიდე
ცხოვრების მეგზურად გაიხადე...“
............................................................
ელასაო, მელასაო,
სიტყვა მეკიდა ყელასაო...
სიტყვა ვთქვი და არ დავიხრჩვე;
დავწერე და ამატირა;
გავიფიქრე - მთები დაძრა...
სიტყვა-სიტყვად, კონა-კონად
ჩემი სამზითვო შევაგროვე და ახალ სახლში მივიტანე:
რითმებად აკინძული სიზმრები;
ფურცლის კუთხეში მიხატული ღიმილიანი მზე და
თვალებს მიღმა გადამალული ცრემლი...
გული საგულეს ჩადგა და ცის ტატნობზე მთვარე ამოვიდა...
ჩემი ნატვრის ხე შეიმოსა ათასი ფერით.
ნატვრის ხის ძირში „იჯდა დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ბროწეულისასა“.
ათასმა წყალმა ჩაიარა,
ათასმა ქარმა დაუბერა,
ათასჯერ მოვიდა წვიმა...
ის კი ახლაც ზის და ქსოვს
ქრისტე ღმერთის ბროწეულისფერ პერანგს.
ტკივილი?
არც არაფერია. გაქრება, წავა...
დედა მარიამი პერანგსა ჰქსოვს ბროწეულისფერს...
.........................................................................................
ალიხეო, მალიხეო, სალიხეო,
ჩემი სულის სიძლიერე - ნატვრის ხეო,
შეიმოსე ფერადებით გევედრები,
შემომხვიე ხელებივით ეგ ტოტები...
.......................................................................................
ბებოს კალთაში ვზივარ ჩუმად,
ვიკავებ სლუკუნს,
ბებო კი თმაზე მეალერსება:
„გულო, ჩადეგ ალაგასა,
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო“ –
და ყველა ტკივილი უცებ ყუჩდება...
..............................................................
და ზუსტად ვიცი:
არ შევიცვლები!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები