ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2016


ძმას

ჩვენ ასე შევაბერდით სამყაროს:
შენ - შენეული ჯმუხი გამოხედვით;
მე - ჩემეული ღიმილებით...
ხანდახან გვიჭირს,
ჰო, ხანდახან ძალიან გვიჭირს
შეგუება რეალობასთან
და მაინც ვუძლებთ,
რადგან ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო
ძლიერი სული, ძლიერი ხასიათი.
გახსოვს რა ლექსს წერდა ბაბუა ბებოს ციხიდან:
„ერთ დღეც არ მქონია მშვიდი, უსატკივაროო“ –
ჰოდა, რაღა გასაკვირია, ჩვენც არ გვქონოდა მშვიდი დღეები,
უსატკივარო...
მშფოთვარე სული ჩვენი გენეტიკაა, ძამი...
და ახლა, როცა ორივე ჩვენ წილ უღელს ვეჭიდებით,
ვფიქრობ:
რა მოხდებოდა გვესხვანაირა ჩვენც...
უფრო ზუსტად,
გვეცხოვრა ისე, როგორც სხვები ცხოვრობდნენ ირგვლივ,
გვეფიქრა სხვებივით;
სხვებივით მხოლოდ პირადულზე გვეზრუნა მუდამ...
ასე ძალიან არ გვყვარებოდა:
სამშობლო, ღმერთი...
ღმერთი, სამშობლო...
რა მოხდებოდა...
არაფერი თითქოს და მაინც:
ჩვენ ასე ვისწავლეთ...
ჩვენ ძარღვებში სისხლი ხმაურობს და მღერის ამგვარად:
„ერთი დღეც არ გვქონია მშვიდი, უსატკივარო“...
ეს წუწუნი არაა, ძამი,
ეს სიმღერაა, გენეტიკურად რომ გვერგო...
და სწორედ ამ გენეტიკით,
ფესვებით,
მახსოვრობით,
რომელსაც ახსოვს საიდან მოდის,
ვისი გორისაა,
ვისი სისხლის
და მემკვიდრეობით,
რომელიც გვერგო,
ძლიერები ვართ,
ამაყებიც,
სხვანაირებიც.
შენ - შენეული ჯმუხი გამოხედვით,
მე - ჩემეული ღიმილებით
ჩვენ წილ უღელს ვეზიდებით და
ისევ გვიყვარს,
ნერვების ტკივილამდე გვიყვარს:
სამშობლო, ღმერთი...
ღმერთი, სამშობლო...
გზა კი გრძელდება...
როცა დრო მოვა,
ჩვენ იქით წასვლაც არ გვეშინია,
რადგან იმქვეყნად ჩვენი ძლიერი წინაპარი დაგვხვდება,
ვიცით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები