ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2016


"სახალხო კონკურსის" ათეულიდან

"ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონი"

შემომეშველე ამ განცდების დავიწყებაში,
ოღონდ, ისე, რომ არასოდეს წახვიდე ჩემგან,
ჩემ გვერდით დარჩი, გულშიც დარჩი,
მაგრამ სხვა ფორმით,
არა ასე, როგორც ხარ ახლა.
შემომეშველე, სანამ დარდი ბოლომდე წამშლის,
შენი სიმშვიდე გადმომადე მხრებზე მკლავივით,
ასე გავთელავ მარტოობის გასავალ ბილიკს,
ერთ ოცნებასაც გავიყოლებ და ზედ გავივლი.
სამყაროში ხომ არაფერი არ იკარგება
და რა დაარღვევს, მითუმეტეს, ამ სულთა კავშირს,
ამ ერთობას, მერე რა, რომ უერთმანეთოს –
ქარი ვერ დაშლის, ვერც ქარიშხალი.
მთვარეც, ოდესღაც, ჩაძირული იყო ვნებაში,
ახედე ახლა, რა მშვიდია და რა ფერმკრთალი,
ნუ გაიხსენებ, რაც აღარ ღირს,
არა აქვს აზრი,
უბრალოდ, დარჩი ჩემ გვერდით და ჩემს გულშიც დარჩი.
სხვებმა არკვიონ,
რა კავშირი აქვს ფიზიკასთან ფიზიკურ კავშირს,
ჯერაც მჯერა და ვიცი, შენც გწამს
არამარტივი, მაგრამ სრული ჭეშმარიტების:
"ჩაკეტილ სისტემაში ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება.
ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად,
ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს.
ამასთან, ენერგიის საერთო სიდიდე უცვლელი რჩება."
(ახლა მე ვეძებ ზღვარს ამ ლექსის სათაურსა
და წრეზე ტრიალს შორის).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები