ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2016


ბებო და პაპა

ეზო -ყურე და ყურეს ბოლოს, -დიდი კაკალი,
მის ჩრდილში მშვიდად  შეწყობილი: (ცხენის ტაჭკა)- თოხი და ბარი.
იქვე , მსხვილ ტოტზე დაკიდული  ტარით ნამგალი,
ჯაფისგან წელში მოკაკული, -პირით მართალი.
სულ ცოტა იქით, მოშორებით, დგას თეთრი ბალი,
"ბიჭო გოგიას"საყვარელი ტკბილი საგზალი.
ჩიტს ქვია ასე, - ბალთან ერთად მაისში მოდის,
შემოჯდება ხის კენწეროზე და გადასძახებს:
-ბიჭოოო გოგიაააააა,  იპოვეეეეეე?....-როდის?....
- ბიჭო გოგია, იპოვეე?...-ვერა!...
ყელს იტკბარუნებს და თან არკვევს  გოგიას წერას.
რა ლამაზია გზა ბავშვობისკენ მიმავალი,
რა მოკირწყლული...
სხვა გზებს კი არ ჰგავს, სხვა ანგრეულებს...-
თავზე წაკრული ხილაბანდით,თან  მოჩითულით,
ეზოს მსუბუქად გადაივლის, სახლისკენ უხვევს.
ბებოს პატარა ოთახი ჰქონდა , იქ შემოდგომა ეყენა მდგმურად,
კომშის და ვაშლის არომატის-ოთახი იყო ქცეული სუნად.
დაკიდულ ლისტზე  დაწყობილი მწკრივები ჩირის
და იქვე დაბლა,ხორბლის გროვა, შიგ კი საზამთრო,
ამართლებდა ამ ხილის სახელს და
საგანგებოდ ინახავდა მართლაც საზამთროდ.
მას მერე ბევრი წელი გავიდა ,აღარც კი მახსოვს ბებიის სახე
სამაგიეროდ  კარგად მახსოვს  მოფუსფუსე პატარა ტანი.
დიდი მსხლის ძირში, მოლზე  ჩამჯდარი ის , როცა ვნახე
მოხსნილი ჰქონდა ხილაბანდი, თმას ივარცხნიდა
და ჰქონდა თხელი,თხელი თმები, ჩრდილის გამტარი.
ხეების ჩრდილი...- ეს კიდევ ცალკე საოცრებაა,
ძირს დაცემული - მიწის მესაზღვრე.
თუ მესიზმრება, ჩემი ბებო,  სულ ასე ვხედავ,
დიდი მსხლის ძირში , მჯდომარე და შემოსაზღვრული.
მარანში კოკას, -დაცვარული წყაროს ცივი წყლით-
კოხტად დოინჯი შემოერტყა ერთადერთ ხელით
და იდგა ასე, დიდმუცელა და ფეხშიშველი,
მიწაზე დგომით ტერფს იგრილებდა.
ვხედავ  პაპის ჟუჟუნა თვალებს და მის  თეთრ ქოჩორს,
ნაბდის ქუდიდან გამოპარულს თუ გამომზირალს,
-დამდნარი თოვლის დარჩენილი თითქოს ნაგლეჯი-
მაგიდაზე  დგას პურჩაყრილი ჯამი და დოქი,
დაბლა კი მოლი ....ლურჯი მოლი მატიტელების,
სულ თვალწინ მიდგას დაკოჟრილი დიდი ხელებიც,
ყურში კი მესმის:
-ჩემო გვრიტებო, აბა პაპას წყალს ვინ მოუტანს?...
ყველას ვასწრებ და მე გავრბივარ კიკინის ქნევით,
ძლივს მოვათრევ  ნამიან კოკას, - მაინც არა ვთმობ,
(მე კოკის ხელა)
მკოცნის...მკოცნის  და... თან იცინის  პაპა კახელი:
-ვაი, სირცხვილო, როგორ გჯობნით ეს ქალაქელი,
ეს გაკნაჭული, ეს პატარა, ეს სიფრიფანა,
ერთ თვალს ჭუტავს და თან სიყვარულით:
(ცა უდგა თვალში)
-ხომ დაგატარებთ, უფრო დიდებს აღმა- დაღმა,
სულ თავის ჭკუაზე?!...
გავრბივართ ისე, თითქოს პაპას რამეს ვპარავდეთ...
რაკრაააააკ...რუკრუუუუუკ...- მოგვსდევს კოკა ცხენის ტაჭკამდე.
კიდევ ის მახსოვს:  ბებოს შეკერილ ახალუხში ,
საგლდაგულოდ გამოწყობილი, ეს ჩემი პაპა,
თავზე ქუდით და ხელსახოცით გულისჯიბეში,
-და ყველაფერი ეს რომ იყო ბებოს სახელი-
(ასე ამბობდა ბებო, როცა პრანჭავდა პაპას)
სიბერისგან წელში მოხრილი,  აივლიდა ხოლმე "ბირჟაზე".


ჩემი ბებოს და ჩემი პაპის სოფლის სახლ-კარი,
ჩემი ცხოვრების უტკბილესი ერთი ზღაპარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები