ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2016


"ავტობიოგრაფია" :)

 


ვენახისაკენ მიმავალ საურმე გზაზე სამნი მიდიოდნენ:  ღრმად მოხუცებული, მაგრამ წელში გამართული  დედაკაცი,  ხუთი–ექვსი წლის გამხდარი, ხვეულთმებიანი გოგო და ბატკანი. შემეძლო მეთქვა, გზაზე ორნი მიდიოდნენ და ბატკანი მიჰყავდათ-მეთქი, მაგრამ არასწორი იქნებოდა, ვინაიდან ყველაფერი პირიქით იყო: ბატკანი წინ მიდიოდა, დედაკაცი  და ბავშვი კი უკან მიჰყვებოდნენ. ბატკანს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული, რომლის მეორე ბოლოც ბავშვს ეჭირა ხელში. სიტყვა  „ეჭირა“  პირობითი სიტყვაა, რადგან,  ბატკანს დაჭერა სულაც არ სჭირდებოდა, თანაბარი სიარულით  უსწრებდა წინ ისე, თოკი მუდმივად დაჭიმული იყო. გაქცევა რომ სდომებოდა,  სულ ადვილად გაიქცეოდა და ვერც გოგო გააჩერებდა თოკით - პატარა გოგო იყო.
ვენახისაკენ  მიმავლებს გზაზე უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ხვდებოდათ. ყველას ესალმებოდნენ, ზოგს კიდეც გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე,  ზოგს რაღაცას ულოცავდნენ, ზოგს უსამძიმრებდნენ, ზოგს ამბავს გამოჰკითხავდნენ და უსმენდნენ. ამათაც ეკითხებოდნენ ხანდახან და ამათაც უსმენდნენ. გრძელი გზა ჰქონდათ გამოვლილი, ამ გრძელ გზაზე საამბობელს რა გამოლევდა?!  საამბობელი  იყო.  ხანდახან გზაჯვარედინზე გადიოდნენ, ბევრი გზაჯვარედინი ხვდებოდათ და როგორც ზღაპრებში, ყველგან დიდი ქვა იდო წარწერით: „მარცხნივ წახვალ... მარჯვნივ წახვალ...  პირდაპირ წახვალ...“  უკან დასახევზე, რატომღაც, არასდროს არაფერი ეწერა, უკან დასახევი არ იყო. აქ კი  მოხუცი ქალი ყოველთვის ბავშვს აძლევდა არჩევანის საშუალებას. გოგო ხან მარცხნივ გაიქცეოდა ბატკნიანად, ხან - მარჯვნივ, ყველგან უამრავი საშინელება ხვდებოდა და ცოტა კარგი. მოხუცი ქალი კი ელოდა. მერე ისევ ქალთან მობრუნდებოდა და საითაც ბატკანი გაიწევდა, იქით მიჰყვებოდნენ. ერთ ქვაზე ეწერა „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო“.  ბავშვმა სულ ჩამარცვლით წაიკითხა ეს წარწერა. „არაო“, დედაკაცმა, „ეგ ძუნწი კაცი ანუგეშებს თავს, თუკი გასცემ, ნუ გეშინია დაკლებისა, გაივლი და ისევ წინ დაგხვდებაო. ადამიანმა მადლი უნდა ჰქნა, ქვაზე დადო და გაიაროო, არ უნდა დაელოდო.  შენი გაკეთებული მადლი ან წინ დაგხვდება და ან უკნიდან დაგეწევა, თუ არა და, მაგას რა სჯობია, ღმერთის მადლიაო ეგა, თუ არ დაგხვდება. ეგრეაო დაწერილი!“ 
ხანდახან ჩერდებოდნენ კიდეც, ისვენებდნენ. ვიღაც ხილს მიაწვდიდა, ან ქალი მაყვალს უკრეფდა ბავშვს, ან ბატკნისთვის სატაცურს ეძებდნენ...  გრძელი გზა იყო ვენახამდე.
. . .
გახსოვს, პროვინციული ქალაქის პატარა სახლის  ულამაზეს ეზოში  გატარებული ზაფხულის არდადაგები  პოეზიის საღამოები ამ ეზოში,  ამ სახლის აივანზე ბიძაშენის თანაკურსელების დადგმული „ჰამლეტი“.
ისიც გახსოვს, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყავი, როგორ ეძახდა დეიდა პოლი ტომს: „ტოომ! ტოომ!  – უცნაურია, სად გაქრა ეს ბიჭი! ტომ, სად ხარ?~
იმ სახლის ბაღი ედემის ბაღად დაგრჩა ხსოვნაში. გახსოვს,  ალუბლებისკენ გამავალი ბილიკის ორივე მხარეს ზამბახები იყო ჩამწკრივებული: ლურჯი, თეთრი, ლურჯი, თეთრი, ლურჯი, თეთრი... მსხლის ძირში ფურისულები და ყოჩივარდები ყვაოდნენ. ვარდების ღობე  ჰქონდა ეზოს.
ბებერ თუთას ქარმა ტოტი ჩამოახლიჩა და პაპაშენმა თუთა კი არ მოჭრა, ჩამონახლეჩისაგან გაჩენილ ფუღუროში მიწა ჩაყარა და ყვავილები ჩარგო, აი, ისეთი, ადრე გაზაფხულიდან  დეკემბრამდე რომ ჰყვავიან.
გაზაფხულობით სახლთან ახლოს დარგული იასამანი ღია ფანჯარაში ტოტებს შემოჰყოფდა და ოთახი იასამნის სუნით ივსებოდა. პაპაშენმა არც  იმ იასამანს ჩამოაჭრა ის „ცნობისმოყვარე“  ტოტი: „იყოს, ვის რას უშლისო?!“ და ისიც იყო.
გიყურებდი, ქლიავის ძირში,  პატარა სკამზე წამომჯდარი, როგორი სიამოვნებით უსმენდი დეიდების სიმღერას.
„რა დამავიწყებს თაფლისფერ თვალებს,
რამ დამავიწყოს ის ალუბლები...“
გიტარას წითელი ატლასის ბაბათა ეკეთა და გეგონა, ის ატლასის ბაბთაც მღეროდა.
ქალაქის ერთოთახიანი სივიწროვე, უმკაცრესი მამა, ულამაზესი დედა და ბიჭი, მოპირდაპირე შენობის კუთხიდან რომ გითვალთვალებდა ცნობისმოყვარე თვალებით, ენაჩავარდნილი და დაბნეული, რომელსაც დაბადებიდან იცნობდი და რომლის  ხმაც,  თითქმის, არ გაგეგონა...
მერე მთელი ცხოვრება იმ გამოხედვას ეძებდი... ბიჭს კი არა, იმნაირ გამოხედვას, იმნაირ ცნობისმოყვარეობას, იმნაირ ჩუმ აღტაცებას და ვერ ნახე;  იმ ვენახისაკენ მიმავალ საურმე გზაზე გამდგარების სიმშვიდე  გინდოდა და არ იყო;  ის ცნობისმოყვარე იასამანი გენატრებოდა და  გაგიყიდეს იმ ზამბახებთან, იმ ალუბლის ბაღთან და შენს ბავშვობასთან ერთად. გული დაგწყდა, მაგრამ  მერე უკვე იმდენ რამეზე დაგწყდა გული, მაგ ყველაფერს იშვიათადღა იხსენებდი...  მაგრამ  იხსენებდი...
ხშირად გაგონდებოდა, შენი პირველი ზიარება  ადრეულ ბავშვობაში და იმ ზიარებაზე მღვდლის ქადაგებაში დაჭერილი ფრაზა ფსალმუნიდან: - „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.  მართალი გამოდგა დავითი, რაც მოგივიდა, ყველაფერი  შენი თავით მოგივიდა, ბრალს ვერავის დასდებ!
როცა გაიზარდე... უფრო სწორედ, როცა  წლები მოგემატა, თორემ შენ რა გაგზრდიდა, ისევ ის მეზღაპრე დარჩი და სასწაულების გჯეროდა... როცა წლები მოგემატა, ჭეშმარიტი ჯოჯოხეთი ნახე: სამოქალაქო ომი და რუსეთთან ომი; შიმშილი და უიმედობა;  სიკვდილები და თვითმკვლელობები; უმადურობა და ღალატი; ემიგრაცია და სასოწარკვეთილებამდე მისული ნოსტალგია.
გითანაგრძნობდი, სულ გინდოდა, იმ ბავშვს დასწეოდი, მოხუც ქალთან და ბატკანთან ერთად რომ მიდიოდა ვენახისაკენ საურმე გზაზე. გინდოდა, იმ ბავშვისთვის თვალებში ჩაგეხედა. გეგონა, ის იმედი და სიმშვიდე, შენ რომ დაკარგე, იმ ბავშის თვალებში იყო.  გინდოდა, ის ერთიმეორის ნდობა  გესწავლათ ორივეს... სამივეს რომ ჰქონდა... ვერ ისწავლე,  ვერც დაეწიე! თითქოს ხანდახან უახლოვდებოდი, მაგრამ უცბად ისე შორს აღმოჩნდებოდნენ, თვალს ძლივს აწვდენდი.
გიყურებდი და მაინტერესებდა, სადამდე ივლიდი, როდემდე შეგეძლო იმ ქალს და ბავშვს გამოჰკიდებოდი. ისიც მინდოდა დამენახა,  გადარჩებოდი თუ არა ფიზიკურად და მორალურად.

  ან შეიძლება კი გადარჩენა, როცა ცუდი ასე ბევრია და კარგი ასე ცოტა?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები