ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


ლექსის სოფლელი ალკოჰოლიკი

ალკოჰოლს- აღარ,მარტო გაზიანს
ვწრუპავ და ლექსსაც ვეღარ მოვეშვი.
აღმაშენებლის ვიწრო გამზირი
მუშებმა ჩასვეს ხარაჩოებში.
დიდი ხანია აღარ ვეწევი,
თავზე ბერეტიც აღარ მახურავს.
მე დიდ პოეტებს რას დაგეწევით,
ათასში ერთხელ წამომახურებს
მუზა და..
ყინვას გააქვს ჭრიალი.
მატლი შეუჯდა მწვანე რიკულებს.
მოდის თაობა- ხეზე ჭიანი,
თქვენ კი,პირიქით,ცერად მიყურებთ.
სადღაც ხიდისთავს სვამენ ლოთები,
მიგონებენ და ლექსად მიხმობენ.
აბა,თქვენ რაზე მოგაგონდებით,
ან ჩემკენ რატომ გამოიხედავთ?
დღეს გამომერღვა მუხლზე შარვალი,
დავდივარ, როგორც გლეხი -ბოგანო.
ხვალაც ხასიათს მომიშხამავენ,
გარეგნულად რომ კაცებს მოგავენ.
დილით მეზობლის ქურთმა ბაბუამ
ჩემი ბინძური ეზო დაგავა.
ვერც პაპიროსმა ვერ გამაბრუა,
ვერც რიუნოსკე აკუტაგავამ.
წუხელ სიზმარში თავი  მოვიკალ,
არადა ასე სულ არ მინდოდა.
ლექსის სოფლელმა ალკოჰოლიკმა,
პირდაპირ ძუსის სანაპიროდან!
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები