ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2016


წაგებული ომების სიზმრები

და ქალაქები რომ შეკიდებიან ჩემეულ სიზმრებს...
ცაა მტვრისფერი...
ვეძებ თავშესაფარს და... გავრბივარ,
მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გაქცევა არც გამოსავალია და
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვაჟკაცობა...
გაქცევა ილუზიური თავშესაფარია მხოლოდ სიღრმისეული ტკივილებიდან,
რომ მერე ისევ დავბრუნდე...
სიზმარ-სიზმარ აკინძული ბგერები
და ცას შეკიდული,
შეტორტმანებული სიზმარი თუ მიხსნის ხოლმე
ბედისწერის შემოტევისგან...
.............................................................
წუხელ სიტყვები დამესიზმრნენ,
ჰაერში ფრენდნენ და გადარჩენას ითხოვდნენ ჩემგან...
წუხელ სიტყვები დამესიზმრნენ და გული მეტკინა,
რადგან ყოველი სიტყვა თავის გამართლებას ეძებდა და მე ვერ ვუპოვე...
სიზმრებს შეკიდებული ქალაქები და ჰაერში შეტორტმანებული სიტყვები
და სუნთქვაშეკრული ქუჩები ჩემი თავშესაფარია ამ უკიდეგანო
და ლაბირინთებად ქცეულ სამყაროში...
წუხელის წაგებული ომიც დამესიზმრა...
დამესიზმრა, რომ საკუთარ ქვეყანას ბოდიშს ვუხდიდი წაგებული ომების გამო...
ჰო, მე ვცხოვრობ წაგებული ომების და სიზმრებსშეკიდებული ქალაქების და
ჰაერში მოფარფატე სიტყვების ქვეყანაში...
და სიზმრიდან სიზმრამდე ვიღვიძებ და ჭუჭყიან,
წებოვან, ჭაობისფერ რეალობაში ვხვდები...
და ისევ ვისიზმრებ სიტყვებს და
ქალაქებს და ომებწაგებულ ბიჭებს, რომლებიც ამბობენ:
ჩვენ წავაგეთ ომები,
ჩვენ ომები წავაგეთ,
წავაგეთ ომები...
და გვაპატიე, სამშობლოვ,
გვაპატიე, რადგან წაგებულ ომებში
სიცოცხლეც წავაგეთ ჩვენ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები