ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2016


ღამე (ციკლიდან "ღამე")

ზამთარი. ცივა.
გარეთ თოვლი...
(ნეტა ვის ახსოვს?)
შხაპი. ოთახი.
საგულდაგულოდ
შემოხვეულს,
ვიხსნი პირსახოცს...

-როგორ მელოდი?...
ვიცი, არ გინდა!
შენი ხელები მეტყვიან ალბათ,
უფრო მარტივად.
-არ იყო ცხელი?...მეჩურჩულები.
მე კი გეკვრები...-ისევ გაცივდა!
თმები მაქვს სველი.
შენ მეფერები...- ვითომ გაწვიდა,
ეგ არაფერი!...

მე მიყვარს ჩვენი ღამეების ასეთი ჯერი,
როცა არ არის ღამე სხვისი:
არც მთვარის, არც ცის, არც ვარსკვლავების...
-ის  მარტო ჩვენი...
მოგვჩერებია და მე , უტიფრად
სულ არ  მრცხვენია,
ჩვენი სიშიშვლის ერთადერთ მოწმის.
არც მენაღვლება, თუნდაც სთქვას სადმე,
ვნება ლოგინში, ჩემი სველი თმით,
თუ როგორ მოწვიმს...

ვწევარ გულაღმა...-აქვეა ისიც,
მე როგორც შენთან,
ამ ღამესთანაც ვიწექი თითქმის.
ხელებს ვგრძნობ თავქვეშ
(შენი და მისი)
სველ თმებს მისწორებს,
მერე კი გადის, გარეთ გადის,
მიღმა გისოსებს...
ღამეში ღამე და ხდება სხვისი...-
ვარსკვლავების, მთვარის და ცისა...-
მესმის  შენი ხმა:
-ჩაგეცვა რამე!
(უკვე წასულა?)
-არა არ მინდა, არ მცივა, მართლა!
(გარეთ გასულა?)
ცოტათი კიდევ გაწიე ფარდა!

თითქმის არ ვჩანვარ, ისე მომხვიე
დარჩენილი სითბო განცდიდან
და მე ნახევრად  მძინარე ვხედავ,
თვალს როგორ მიკრავს
ღამე ფანჯრიდან...

ზამთარი . ცივა.
გარეთ თოვლი...
( ნეტა ვის ახსოვს?)
სველ ლაქასავით ამჩნევია
მთვარის შუქი,
ძირს დაგდებულ,
ყვითელ პირსახოცს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები