ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2008


თავი 4. შერიგება ("მაგდა")

მაგდა და ნინო ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ნინო ლოგინიდან წამოდგა, კედლის ბრა აანთო, ყურმილი აიღო და თან საათს შეხედა: ღამის 4 საათი იყო.
- ალო...
- უკაცრავად, ქალბატონო... თქვენ მაგდას დედა ბრძანდებით?
- დიახ, გისმენთ...
- მაგდა თუა სახლში?
- რა თქმა უნდა, სახლშია!... ვინ ბრძანდებით?!
- მე გია გეგეჭკორის დედა ვარ. იცით, გია სახლში არ მოსულა. ბიჭებმა მითხრეს, რომ მაგდა გამოუცილებია და ადრე წამოსულა... სახლში კი არ მოსულა! - ბოლო სიტყვები ტირილით იყო ნათქვამი, - ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ მაგდას, სად შეიძლება წასულიყო გია? ან გზაში რამე ხომ არ მოხდა?! რა ვქნა, შვილო, სად გეძებო, გია!
- დამშვიდდით, ქალბატონო, ნუ ნერვიულობთ... გიას არაფერი დაემართებოდა! მოითმინეთ, თვითონ მაგდას გალაპარაკებთ.

ხალათმოსხმული მაგდა ოთახის კარებში იდგა და გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა დედას.
- მაგდა, გიას დედა რეკავს, გია სახლში არ მისულა თურმე...
- რა თქვი? დედა რა თქვი?! გია სახლში არ მისულა? ვაიმე, დედა! - მაგდამ ფერი დაკარგა.
- მაგდა, რა მოგივიდა?! მოდი, დაელაპარაკე დედამისს.
- ალო... გისმენთ დეიდა ქეთო...
- მაგდა, შვილიკო, სად წავიდა გია?! ხომ არ იცი, დედი? ნუკრიმ მითხრა, რომ შენ გამოგაცილა თურმე... მერე სად წავიდოდა, ხომ არ იცი რამე?! - მუდარა ისმოდა ქეთოს ხმაში.
- არა, დეიდა ქეთო, ჩემთვის არაფერი უთქვამს...
- ვაიმე, შვილო!... სად გეძებო, გია! - ერთი კი ამოიკვნესა ქეთომ და ყურმილი დაკიდა.

მაგდამაც დაკიდა ყურმილი და თავის ოთახში გავიდა. იქ ცოტა ხნით საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ ადგა, მექანიკურად, გაუაზრებლად ჩაიცვა ტანზე და ფანჯარასთან გაჩერდა. ამ დროს ოთახში ნინო შემოვიდა და მაგდა ჩაცმული რომ დაინახა, ცოტა შეეშინდა კიდეც.
- მაგდა, შენ რა, იცი სად არის გია? სად აპირებ წასვლას?!
- რაო, დედა, რა მითხარი?
- სად აპირებ-მეთქი წასვლას?!
- მე? არსად!
- აბა, ჩაცმული რატომ ხარ?
- მე? ჩაცმული? - მაგდა მხოლოდ ახლა გამოერკვა და დედამისს შეხედა, - დედა, გია უნდა მოიძებნოს! დედა... ის ხომ... - მაგდა ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა და უცებ იყვირა, - გია! აგერ, გია!

მაგდა ადგილს მოსწყდა და, ვიდრე ნინო რამის თქმას მოასწრებდა, სადარბაზოში გავარდა. სულმოუთქმელად ჩაირბინა კიბეები, ეზოში გავიდა და ქუჩისკენ აიღო გეზი... ვიღაც ელექტრონის ბოძთან იდგა და მაგდაც სწორედ მისკენ გაიქცა.
- გია! - მაგდა ახლოს მივიდა და მის წინ გაჩერდა, - გია!
მაგდა ერთიანად გათოშილი გიას წინ იდგა უპალტოოდ, თხელი კაბითა და ოთახის ჩუსტებით და სიცივისაგან კანკალებდა.
- გია! ხმა გამეცი! აქ რა გინდა?! რატომ სახლში არ წახვედი... - მაგდამ გიას მკლავებში წაავლო ხელი და შეანჯღრია, - გია, ნუ მაშინებ, ხმა გამეცი-მეთქი!
- მაგდა... ჩემო პატარა... შენ აქ... საიდან გაჩნდი?! ახლა ხომ... გვიანია?! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა გია და უაზრო თვალებით იყურებოდა.
- უსინდისო! შე მართლა უსინდისო! როგორ შემაშინე! წამოდი, წავიდეთ... - სიცივისაგან გალურჯებული მაგდა ჯერ პალტოზე ექაჩებოდა გიას, შემდეგ კი ლოყაზე მოუსვა ხელი, რომ თვალიდან ჩამოგორებული ცრემლის ერთადერთი წვეთი მოეწმინდა.

მაგდას ხელის შეხებამ გია მდგომარეობიდან გამოიყვანა, თვალებში აზრი დაუბრუნდა. გიამ პალტო გაიხადა და შიშისა თუ სიცივისაგან აკანკალებულ მაგდას მოახურა, თან კი თავისი გაყინული თითებით მაგდას არანაკლებ გათოშილი თითების გათბობას ცდილობდა.

მაგდამ პალტო გაწია და ნახევარი გიას მოახურა. გიამ სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა მაგდას, გაუღიმა, შემდეგ ხელები შემოხვია და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში. ამჯერად მაგდას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ესიამოვნა კიდეც მისთვის ჯერ უცნობი სითბო. ამ სითბომ ჟრუანტელივით დაუარა მაგდას მთელ სხეულში. იგრძნო, როგორ გაუთბა და აუმოძრავდა გაყინული სისხლი ძარღვებში... როგორ დაიძრა ეს თბილი... არა, თბილი კი არა, ეს ცხელი სისხლი გულისა და ტვინისკენ... მაგდას გული გათბა, გალხვა, თითქოს გახურდა კიდეც... შემდეგ ფეთქვას მოუხშირა... უფრო... უფრო მეტად!  მაგდას ეგონა, მთელ მსოფლიოს ესმოდა მისი გულის ძგერა! გულიდან ბურთივით რაღაც დაიძრა, ზევით ამოვიდა და თვალებთან გაჩერდა. ეს ბურთიც ცხელი იყო! იგი თვალებს სწვავდა მაგდას, ხედვას უშლიდა! შემდეგ ამ ბურთმა გზა იპოვა და მაგდას ლოყაზე დაგორდა! ერთ ბურთს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე... და ყოველი ასეთი ბურთი სველ კვალს ტოვებდა მაგდას ფერმიხდილ ლოყებზე...

უცებ მაგდას გული შეეკუმშა, რადგან გაახსენდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ გია დაკარგული ეგონა! შეეშინდა... გიას დაკარგვის შეეშინდა! მის გულში უცნაურმა გრძნობამ გაიღვიძა, საოცრად სათუთმა, ნაზმა, ნატიფმა! ასეთი რამ მას პირველად დაემართა.

მაგდამ თავადაც მოხვია ხელები გიას, თავი ასწია, თვალებში შეხედა... უსაზღვრო სიყვარული ჩანდა გიას თვალებში. მაგდამ თავი მკერდზე მიაყრდნო გიას და გაირინდა,
- დუგ... დუგ... დუგ... მი... ყვარ... ხარ!... - გამოეპასუხა გული.
- სულელი ბიჭი... როგორ შემაშინა! - ხმა გაებზარა მაგდას.
- რისი, პატარა? რისი შეგეშინდა?!
- რისი? კიდეც რომ მეკითხება! დეიდა ქეთომ დარეკა! გაგიჟებულია ქალი, "გია სახლში არ მოსულაო"... ეს რომ გავიგე, შიშისგან მუხლები მომეკვეთა, ეს კი თურმე აქ დგას! მეგონა, დაიკარგე! - მაგდას ქვითინი აუვარდა.
- მაგდა, შენ ჩემი დაკარგვის შეგეშინდა?  შენ ახლაც ჩემს გამო ტირი?!  მაშ, აღარ მემდური?! მე კი მეგონა...
- სულელი ხარ, სულელი!  როგორ შეიძლება ასეთი...
- რა, მაგდა, ასეთი სიყვარული? 
- თუნდაც სიყვარული!  მთელი ღამეა აქ დგახარ!  გაიყინე, გაითოშე... სულელო ბიჭო!  - მაგდამ თავი აწია და ცრემლიანი თვალები შეანათა გიას.
- მე შენ მიყვარხარ, მაგდა! - და გია მაგდას ტუჩებს დაეწაფა. მაგდას არც ახლა გაუწევია წინააღმდეგობა, პირიქით, კოცნაზე კოცნით უპასუხა.

ეს იყო მაგდას პირველი კოცნა, რომელიც არასოდეს ავიწყდებათ!

გიას ხელების შეუცნობი სითბო (გიას ხომ ხელები გაყინული ჰქონდა?!...) მაგდას ბეჭებს სწვავდა. შემდეგ ეს სითბო წინ გამოცურდა... კიდევ უფრო წინ... და აი, ეს სითბო მაგდას მარცხენა ძუძუს შემოეჭდო მარწუხებივით.

მაგდას, თითქოს დენმა დაარტყაო, უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში... მოეშვა, მოდუნდა, მოითენთა, კინაღამ ჩაიკეცა... გიას ძლიერი ხელები იჭერდნენ, რომ არ წაქცეულიყო...

მაგდამ ღონე მოიკრიბა და გიას ხელი გააშვებინა.
"ღმერთო!  რა მემართება?! გიამ ხომ გამიშვა ხელი?! მაშ რატომ ვგრძნობ ასე ძლიერად გიას თითებს მკერდზე? რა ძლიერი ხელები ჰქონია გიას! რა ტკბილი ხარ, გია!"

მაგდას მოულოდნელი გაქცევით გაოგნებული ნინო ფანჯარასთან მიიჭრა. მაგდა ქუჩაში უპალტოოდ გასული რომ დაინახა, ნინომ ფანჯრიდან გასძახა, უნდოდა დაებრუნებინა, მაგრამ მაგდას მისი ძახილი არ გაუგია. დაინახა ნინომ, თუ როგორ მიირბინა მაგდამ ელექტრონის ბოძთან მდგარ პიროვნებასთან და როგორ ჩაეჭიდა პალტოს სახელოებზე... ყველაფერს მიხვდა ნინო, "მეც ხომ ვიყავი ახალგაზრდაო", - ჩაილაპარაკა ღიმილით, ფანჯარას მოსცილდა... ცნობარში გიას ტელეფონის ნომერი მონახა, დარეკა და, ქალის ხმა გაიგონა თუ არა, მიახარა:
- ქალბატონო ქეთო, გია ვიპოვეთ!
- გია? სად არის?! ცოცხალია?
- ნუ გეშინიათ, ცოცხალია, ჯანმრთელი და უვნებელი...
- სად... სად იყო?! - ტირილით კითხულობდა ქეთო.
- არსად… ჩვენი სახლის წინ მდგარა!
- სახლის წინ? კი, მაგრამ, რას აკეთებდა იქ?!
- არაფერს... ჩვეულებრივი ახალგაზრდული სენი შეჰყრიათ ჩვენს შვილებს... ძალიან გთხოვთ, ნურაფერს ეტყვით დაგვიანებისათვის... დე, თავად თქვას, სად იყო!
- გმადლობთ... ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო...
- ნინო, უბრალოდ ნინო...
- კეთილი... გმადლობთ, ნინო!

თემურის დაბადების დღის შემდეგ ახალი ერა დაიწყო მაგდასთვის. თითქოს გარეგნულადაც გამოიცვალა, - კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდა. მაგდა ბედნიერი იყო! იმ ხანად მაგდასთვის რომ გეკითხათ, - რა არის ბედნიერება? - დაუფიქრებლად გიპასუხებდათ: უყვარდე გიას და გიყვარდეს გია! 

არ იფიქროთ, თითქოს მაგდას სხვა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა! უბრალოდ, გია იქცა მისთვის საარსებო წყაროდ... იმ წყაროდ, რომლის შესმაც წყურვილს კი არ მოგიკლავს, პირიქით, უფრო მოგაწყურებს... და რაც უფრო მეტს დალევ, მით უფრო მეტის შესმა მოგინდება! მაგდა გიაში ხედავდა თავისი სიცოცხლის არსს, აზრსა და მიზანს!...

დათო?... დათო მისი მეგობარი იყო და მეგობრად დარჩა. ამ ორ პიროვნებას მაგდა ვეღარც კი ადარებდა ერთმანეთს. მაგდას იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ, ხომ შეიძლებოდა იმ ბედნიერ დღეს, - თემურის დაბადების დღეზე მაგდას შემთხვევით არ გაეგო დათოსა და მაიკოს სიყვარულის შესახებ და ადრე არ წასულიყო სახლში... ესე იგი არც გია გააცილებდა, ვერც იმ წერილის დამწერს გამოარკვევდა... ვერც... და მაგდას ფიქრი ერეოდა... ერთი სიტყვით, მაგდა ყველაფერს დათმობდა, ყველაფერს დაივიწყებდა, იმ ბედნიერ დღეს  კი - ვერა!!!

ათი წლის მანძილზე პირველად დაირღვა ტრადიცია და დათომ და გიამ ადგილები გაცვალეს.
იმ დღეს მაგდა შედარებით ადრე მივიდა სკოლაში და… თავისი სასკოლო ჩანთა მაიკოს მერხზე დადო. მაგდას შემდეგ მაიკო შემოვიდა ოთახში. თავის მერხზე მაგდას ჩანთა რომ დაინახა, სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, შემდეგ მაგდას მოეხვია, აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა:
- აი, ამიტომ მიყვარხარ, მაგდა! შენ ყოველთვის უთქმელად გესმის ჩემი... მე ხომ შენთვის მინდოდა მეთხოვა ადგილების გაცვლა და არ ვიცოდი, - როგორ...

საკლასო ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა.
დათო და გია ერთად შემოვიდნენ ოთახში. ორივეს თვალებზე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე იყვნენ მოლაპარაკებულები... მერხთან მისულებს კი დახვდათ ის, რასაც არ ელოდნენ: მაგდას და მაიკოს ადგილები გაეცვალათ! ამის დანახვაზე ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ხელი ხელს დაუკრეს და ჩაილაპარაკეს:
- გოგონებმა დაგვასწრეს!!!

ამის შემდეგ მაგდას გვერდით გია იჯდა, ხოლო დათო მაიკოს უმშვენებდა მხარს. და ეს იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ ეს არავის გაკვირვებია.

დღე დღეს მისდევდა, კვირა - კვირას, თვე - თვეს...
დაიწკრიალა ბოლო ზარმა...
გაიფრინეს გამოცდებმაც...
რამდენიმე დღეში ყოფილ 10-ა კლასს გამოსაშვები საღამო ექნება!

ბანკეტის დღეს უთენია წამოფრინდა მაგდა. სპეციალურად იმ დღისთვის შეკერილი კაბა დააუთოვა, ჩაიცვა.
ძალიან დიდხანს იტრიალა სარკის წინ:
თოვლივით თეთრი კაბა ეცვა მაგდას. ოქროსფერი თმის ორი მსხვილი ნაწნავი წელზე სცემდა. ზღვისფერი უძირო თვალებიდან შუქი გამოკრთოდა... პატარძალს ჰგავდა მაგდა. აკი ამიტომაც შეიკერა თეთრი კაბა, - უნდა ვნახო, როგორი პატარძალი ვიქნებიო...
"გია, ნეტა თუ მოგეწონები დღეს? იცი, როგორ მინდა, რომ მოგეწონო? ძალიან, ძალიან მინდა!... სულ ამას ამბობენ, გამოსაშვები საღამო, ხშირად, გამოსამშვიდობებელი საღამო უფრო არისო... რატომ? განა დღეის შემდეგ ვეღარ ვნახავ ჩემს მეგობრებს - დათოს, მაიკოს, ნუკრის, კახას?..." - ფიქრობდა მაგდა და თან ყველა მხრიდან კრიტიკული მზერით ათვალიერებდა საკუთარ თავს.

კარის გაღებამ მაგდას ფიქრი გააწყვეტინა. ნინო იყო.
- მაგდა, შვილო... ჩემი გოგონა, ჩემი კარგი შვილი... როგორ გიხდება ეს კაბა, მაგდა! დღეს შენნაირი არავინ იქნება თქვენს ბანკეტზე...
- არა, დედი, აბა რას ამბობ?! განა მაიკო ჩემზე ნაკლებია რამით? პირიქით! დღეს მაიკო იქნება ყველაზე უკეთესი, ყველაზე ლამაზი...

კარბზე ზარი დარეკეს.
ნინო კარის გასაღებად წავიდა, მაგდამ კი უცებ გაიხადა საბანკეტო კაბა, სარაფანი გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა ტკბილეულის დასაცხობად, - მაგდა ხომ არაჩვეულებრივი კულინარი გახლდათ!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები