ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2016


აუტოტრენინგი

განა ვინა ვარ, რომ?!
გავკადნიერდე და იმ ტკივილზე ვწერო,
სხვა რომ ვერ გაბედავს,
სხვა-ისეთი,
ვისაც ეძებენ და
ვისაც პოულობენ,
ვისაც კითხულობენ,
ვისაც აღმერთებენ.
ჰოდა მეც ვერ ვიტყვი,
მითუმეტეს თუკი
ერთი, ბანალურად
ბედნიერებაშეგუბებული და
უბედურებადალექილი,
საშუალო სტატისტიკური...
მოკლედ!
ვინ ვარ, შავი მორევიდან
ქარბოლბალებზე რომ ვწერდე?!
მე რა გამეგება?
მხოლოდ სიმპტომები!
მხოლოდ თავბრუსხვევა!
სხვა, საერთო?
არც აღარაფერი!
ჰოდა მეც არ ვიტყვი,
როგორ მიყვარს ადამიანები...
მათი სიყვარული უფრო მაიძულებს
რომ არ ვიკარებდე, არცერთს!
თვალსადახელსშუა რომ არ გამიფუჭდნენ...
და შედეგი?!
არამარტო ხელისგაწვდენაზე,
კედლებს მიღმა ყოფნაც მგონი აღარ მშველის...
და საერთოდ,
მზის ამოსვლას ისე ცივად ვხვდები,
სიცხით რომ ვიწვოდე საბანს წავიფარებ
ვიდრე ვაიძულებ ფეხზე წამოდგომას.
მერე შევუძახებ:
- უნდა გიხაროდეს ყველა გათენება!
თუარადა, შენვე უნდა მოკლა საკუთარი თავი,
მერე წესისამებრ უნდა გაათრიო, როგორც ძაღლი!
ბევრიც არაფერი გინდა,
ზედ გზაზე გაჭრილი, მიწის ვიწრო უბე,
რომ ვერავინ მიხვდეს
შენი აღარყოფნის პრიმიტიულ ნიშანს...
განა ასე გსურდა?!
მაგრამ ვერ შეძელი ისეთი ცეცხლით წვა,
წამში მოგდებოდა,
ფერფლად ქცეულიყავ, სიოს გაყოლოდი...
მზის ქვეშ თუ დარჩები ფერფლი უნდა იყო!
ქარის მადლით ისევ უხილავი...
შენ კი ვერ შეძელი ტაბუების მსხვრევა,
მართლა რომ გეცოცხლა.
თუმცა, რა შენი ბრალია,
ცეცხლს რომ ეკედლები და
მხოლოდ შინაგანად იწვი,
მხოლოდ ძვლებში გამტვრევს,
უთქმელადაც ყველაფერი ვიცი,
ჰოდა დამიჯერე,
უნდა გიხაროდეს ყველა გათენება!

24.02.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები