ნაწარმოებები



ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2016


მონოლოგი

    [იმედგაცრუებული უყურებს ექთანს] იმედია, მალე შემიყვანენ, თორემ ლამისაა აქვე ამოვუშვა ხვრინვა. [ეღიმება, ჩემს გადასერილ ვენებს უყურებს] არასოდეს მიცდია... თითქოს, სულ ცოტა მეკლდა რომ ამ ზომამდე მივსულიყავი, მაგრამ წკაპ! და რაღაც მახევინებდა უკან. ზოგჯერ მგონია, რომ არა ჩემი ავადმყოფობა, დღევანდელი მდგომარეობა მომიღებდა ბოლოს. ყველა ტყუის, ყველგან ტყუილია, და მე ეს ცუდად მხდის! შიგნიდან მღრღნის და მინდა მაგ დროს ყველა მატყუარას მივახტე და თვალები ბუდიანად ამოვუღო [სიამოვნებისაგან კრუნჩხავს ხელებს], აი იმ ექიმსაც, რომელმაც იცის, რომ ჩემი საშველი არ არის, მაგრამ მაინც მიბარებს და უამრავ პროცედურას მიკეთებს და იცი რა, ამით ორ კურდღელს იჭერს...
   
    პირველი კვირები ყველაზე რთულია, თვითმკვლელობაზე ყოველი მეორე ფიქრობს. ზოგი ამას მარტივად აკეთებს, ისე რომ ვერც აცნობიერებს. არ ვიცი, ნუგეშს ეძებენ, სოლომონივით ბეჭედი არ აქვს რომ მოიხსნას დახედოს და იმედი მიეცეს, ამიტომაც ჰგონია რომ მხოლოდ ეს არის საშველი და ბახ! და ამით კლავს საკუთარ თავს, დედას, მამას, და-ძმას, ბებია-ბაბუას, თუნდაც მეზობელს, რომელსაც ფული და პროდუქტი მოუკლია საკუთარი შვილებისათვის და შენთვის გადაუდია! მთელი ახალგაზრდობა ერთი დიდი ინვესტიცია ხარ, და ხალხი ვერ იტანს, როცა მოგებას ვერ ნახულობს! და გატყუებენ, ვიცი, იტყუება, ყველა იტყუება! საინფორმაციო? – იტყუება, ბანკი? – ეგეც! საავადმყოფო? – თავისთავად, კინოც იტყუება! და ბოლოს, ბოლოს მოგწონს როცა გატყუებენ... მოგწონს როცა საინფორმაციოში ლამაზი გოგო გამოდის და გეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა, არადა არ არის კარგად, ხომ?! მაგრამ სხვა არჩევანი აღარ გაქვს, გინდა დაიჯერო... მოგწონს როცა ექიმი მოდის და გეუბნება, რომ მალე კარგად გახდები, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები, იცი რომ გატყუებს, მაგრამ ამ ლამაზ ტყუილსაც იჯერებ! ფილმები? ყველა ფილმს უყურებ, სადაც მძიმე სენით დაავადებული მთავარი პერსონაჟი გარდაიცვლება და შენ გიხარია, იმიტომ რომ შენზე გაჭირვებულებიც არსებობენ. ხალხი გიჟდება ასეთ ტრაგედიებზე! მე? მე უბრალოდ, უბრალოდ მინდა ვიცოცხლო... [თავს ხრის] არ მინდა მოვკვდე და ვინმეს გული აუჩუყდეს და თქვას, რომ რა კარგი ადამიანი იყო, ან გული დასწყდეს იმაზე, რომ ზედმეტად ახალგაზრდა წავედი ამ ქვეყნიდან... სიცოცხლე მინდა, და მკიდია თუ ვინმე ზურგს უკან იცინის, როცა აქ მოვდივარ და ვიცი იცინიან, რადგან მართლა იციან რომ საშველი არ არის, მაგრამ მე მხოლოდ ეს დამრჩა... ხანდახან, ხანდახან რაღაც ბუზი მოფრინავს ჩემთან და იქამდე მიღიტინებს და მიბზუის ყურში სანამ რაღაც გიჟურზე არ ვიწყებ ფიქრს, ხან თუშეთში მინდება წასვლა, ხან ალასკაზე! [იცინის] ვიცი, სისულელეა, რაღაც უნდა გავაკეთო, ძმაო... რაც უფრო ნაკლები დრო რჩება უფრო მეტად ვაწყდები აქეთ–იქით, იქით–აქეთ! და მგონი, უფრო ნაკლებს ვასწრებ... ვერ ვიტან, როცა მამშვიდებენ "ცას არავინ გამოეკერება, ყველა მოვკვდებით!" ტყუიან! მაშინაც მატყუებენ, როცა იღბალს მისურვებენ, რა ფეხებად მინდა?! ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ აქაურობა უფრო სწრაფად მკლავს, ვიდრე ეს რაღაც... ხანდახან, გადავწყვეტ ხოლმე, რომ მორჩა, აი, დღეს ბოლოჯერ ვარ აქ, მკიდია რას იტყვის ექიმი, ექთანი, სანიტარი... მაგრამ მერე... იცი, ვერ ვიქნები იმის იმედად, რომ ოდესღაც ჩემ საფლავს ჩიტი გადაუფრენს, რომელიმე მცენარის მარცვალი დამეცემა და ტრაკიდან მაყვალი ან რამე სხვა ხე ამომეზრდება და ხეში გავაგრძელებ სიცოცხლეს, მერე მოვლენ ცხოველები და ჩემი სული თუ კარმა გადავა და ხელახლა დავიბადები... უბრალოდ, უბრალოდ მინდა ისევ გამაღვიძოს მეზობლის გინებამ, ქუჩაში ისევ დამეჯახოს სამსახურისკენ მიმავალი კაცი და თუნდაც გამლანძღოს, მინდა ზებრა გადავუჭრა ავტობუსს და იმან ტვინისწამღებად დამისიგნალოს, მინდა ლექციაზე დავაგვიანო და ლექტორისგან მომხვდეს, მინდა თუშეთი ვნახო... მინდა ცოცხალი ვიყო... არც ისე ბევრს ვითხოვ, არა?! [ისევ ჩემს ვენებს უყურებს]

და თუ მაინც მოვკვდები... და, ალბათ, ასეც იქნება... და არავინ გადაიღებს ჩემზე კინოს, არაუშავს! თუ არც არავის ეცოდინება სად ვარ, მაგასაც ეშველება, ბოლოსდაბოლოს იქნებ ის ჩიტი გამოჩნდეს! [იღიმის] უბრალოდ, მეცოდინება რომ მე არ გავჩერდი და ვეცადე, ეს კი–ეს კი ყველაზე მთავარია! [თვალებში, თითქოს, ცრემლები უდგას, ვწითლდები და გადასერილ ვენას ვუყურებ]

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები