ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
28 თებერვალი, 2016


აბა ისე სიკვდილით ვიღას გააკვირვებ...

იოველი გარდაიცვალა 
თუმცა ვინ არ გარდაცვლილა.  დღეს ამით ვერავის გააკვირვებ.
ფაქტიურად ვინც დაბადებულა, ყველა გარდაცვლილა, მაგრამ იოველს  ყველასგან განსხვავებული გარდაცვალება ერგო.
გარდაცვალება,  თორემ სხვა ყველაფერი ჩვეულებრივი ქონდა.
მისი სექსუალური ცხოვრება ჯარში დაიწყო, არც მეტი არც ნაკლები, სამი წლით  რომ გაამწესეს მურმანსკში, სწორედ მაშინ...
თავისი სოფლელი ქეთოს სიყვარული კი  უჯდა გულში, მაგრამ ლიდას სურვილმა რომ შეუღიტინა მოწიფულ ვაჟს, მოახდენინა მოსახდენი და საკმაოდ წამოზრდილი მუცლით ჩამოიყვანა  სოფელში.
მშობლებზე მეტად ქეთოს ემცხეთა მისი მუცელი, მაგრამ უმწიკვლო გოგო რაღას იზამდა. შეეგუა ბედს.
თუმცა ხშირად გაუვლი - გამოუვლიდა ჭიშკართან, როცა ვენახისკენ მიდიოდა, ანდა მოდიოდა,  - აქაოდა ნახე, რა გოგოზე
თქვი უარი მაგ სულელი და ლოთი ქალის გამოო.
ლიდა მართლაც სულელი გამოადგა.  სმაც უყვარდა და უწმაწური სიტყვებიც. შვილიც სანახევროდ  მწყურვალი და დაუბანელი დაჰყავდა.
ერთ დილას კი  ლიდა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
ვოდკა  უყვარდა ძალიან და ეტყობა სასმელმა  გული გაუჩერა, მისი მობრუნება აღარ მოხერხდა.
ცამეტიოდე  წლის იყო მაშინ ნინა, მათი ერთადერთი შვილი.
გოგოც მიდგა, მოდგა და ქალაქს მიაშურა, ქოხში ცხოვრებას ეს არჩია.
დარჩა იოველი სულ მარტოდმარტო.
რა პირით უნდა ეთხოვა ქეთოსთვის ცოლობაო, ნუ იტყვით, იმიტომ რომ ქეთოს აუღელვებლად შეუთვალა:
- ჩამო, მაგ გორიდან დაბალში, ერთად ვიცხოვროთ, როგორც მეგობრებმაო.
არავინ იცის, ქეთოს ეს  'ლავსტორი ' მიმზიდველი რატომ ეჩვენა, მაგრამ რამდენიმე დღეში მთელი თავისი ბარგი-ბარხანით
ესტუმრა და საცხოვრებლად მასთან დარჩა.
შემთხვევით შემოსწრებულ მეზობელს რომ არ დაენახა ღამის პერანგით და  საშინაო ხალათით ეზოში მიმავალი, ეს
ამბავი კაი ხანს ყველასთვის უცნობი  იქნებოდა.
რაღა დროს ესააო, - იცინოდნენ  გულში მეზობლები,  მაგრამ იოველმა და ქეთომ  "იჭუკჭუკა" მეგობრულად ასე თხუთმეტიოდე წელი და.  .  .  ერთ დილას ქეთო საკუთარ საწოლში გადაცვლილი იპოვეს.
ქეთოს გასვენებაში  ჩუმი ხითხითი არ გამოლეულა.
- რავა  მოინელა იოველმა ორი  ქალიო -  ჩურჩულებდნენ  ჭირისუფლისგან მალულად.
- დიდხანს არ გაჩერდება, კიდევ მოიყვანს ვინმესო - არ ცხრებოდნენ ახლობლებიც.
მეორე ცოლი პირველის გვერდით დაკრძალა.
თუმცა დიდხან არ უგლოვია.
იმ დროს  მეზობელს სამტრედიელი რუსის ქალი, ორმოციოდე წლის  ნატაშა,  ყავდა მომვლელ ქალად მოყვანილი.

იოველი მისთვის ხანდახან სიგარეტს ყიდულობდა,  ნისიად, თვის ბოლოს პენსიაზე გასასტუმრებლად.
იოველს თვალი უკვე ნატაშასკენ  ეჭირა, მაგრამ ქალი უარს ეუბნებოდა, მომკლავენ ჩემი ძმები, ნებას არ მომცემენ,
ორჯერად ქვრივს არ გამაყოლებენო.
სამოცდაათ წელს კარგად იყო ამ დროს იოველი  გადაცილებული.
მაგრამ გულში ჩაიდო ეს საქმე და  ფჩხნას არ აძლევდა.

ერთი - ორი მოქინდილე მეზობელიც ჰყავდა , ისეთი,  საშველს რომ არ აძლევდნენ და საქმეს უადვილებდნენ:
- მოიყვანე, რავა რა გიჭირს, არაა მასე შენი საქმეო.

საქმეში უკვე გათხოვილი გოგოც ჩაერია, მამაჩემს პატრონი ეყოლებაო და საკმარისი ფული მისცა, უკან არ დაიხიო, რაც
საჭიროა გააკეთეო.
დღესასწაულები იდგა, ნატაშა ოჯახში იყო წასული, ძმების და ახლობლების მოსანახულებლად .
იოველმა ტაქსი დაიქირავა,  ორი თვის პენსია გადაუხადა და პირდაპირ სამტრედიაში მიაკითხა ხელის სათხოვნელად .
ძმებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარით გამოისტუმრეს, მაგრამ იოველმა ჩუმად ხიდთან დაიბარა ქალი , მოიტაცა და  სახლში წამოიყვანა.
- ქალისას რას გაიგებო - ყველა მეზობელი ასე ჩიოდა, მაგრამ მეტი საქმე ვისაც არ ჰქონდა, კიდევ რამდენიმე კვირას
იყაყანეს და გაჩერდნენ.
ხოდა სწორედ იქ მივედით, საიდანაც წამოვედით:
დიდი ჯაფა დაადგა იოველს, ახალგაზრდა ქალმა იმდენი ენერგია მოითხოვა,  ქმრის მოვალეობის შესრულება ძვირი
დაუჯდა ოთხმოცწელსმიტანებულ კაცს. გუშინ დილით ზედ დააკვდა ნატაშას.
გამთენიისას გულამსკვნილი ტიროდა ნატაშაც.
გაზეთებშიც წერდნენ...
ვიაგრა არა ისა.
მაგის არსებობა არ იცოდა , თავისი ძალებით წვალობდა...

ამბობენ, ასეთი სიკვდილი იშვიათობააო.
აბა დღეს ისე  სიკვდილით ვიღას გააკვირვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები