ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 მარტი, 2016


გიგოს ქოხის სკივრიდან (ციკლიდან "ჩემი ქალაქის სვე-ხვნეშის!" - 10-20)

წერილი მეათე

პერპენდუმობილე...
ახალი ველოსიპედი მინდაააააა!...

მე ახალ ტელევიზიას ვქმნი... ზღაპრებისას, მაგრად ამართლებსო და სარფიანი ბიზნესიაო. წამოწყებისას გჯეროდეთო, რომ ყველა არასამთავრობო დაიცავს თქვენ წარმართულ იგავობას და იდენტობები კი იდენტურობასო. ჭიშკარს ცხრათავიანი დევი უდარაჯებსო და მხსნელი ცისკარაც არას შეგაწუხებთო, ნაცარქექიაც თქვენ ეზოში სხვებს აჩვენებს ფოკუზებსო, წითელქუდა კი მგლის ქურქში სხვის ბებიაბს მოატყუებსო... ჰო მართლა კარლსონი იმ შემთხვევაში გვიმასპინძლებსო თუ გასაქცევად გვექნება საქმეო, მანამდე კი ვინიპუჰი მეგობრობის წკეპლას შემოგვცხებსო. ყოველივე ამის შემდეგ, კომბლე სხვისი სხვენიდან მოიპარავს კომბლებს და ჩვენი ტელჭერის სხვენში ჩააწყობს, "რა იცი, რაში გამოგადგეს" პრინციპითო. ტელევიზია აუცილებლად კოჯრის ტყის სიახლოვეს მინდა ავაგო - თავისუფლება იცისო, მატყუებენ ნეტა? არა, ჩემზე არ ვზრუნავ, თანამშრომლებზე ვნერვიულობ. არ მინდა სიტყვებში დანაკარგი გქონდეთ, აბა თავისუფლებისა რა ეცოდინებათ მაგათ, ეგ ხომ ჩემი ტელევიზია იქნება! და ბოლოს წასვლამდე ფიფქიას ვალაპარაკებ ჯუჯებთან ერთად, თუ როგორ მოატყუა დედინაცვალმა და დღემდე ერთი სული აქვს ვინმემ რომ აკოცოს, რადგან ამ შემთხვევაში დედინაცვალი მეტად სჯობს მას. სარკემ აშკარად მოატყუა დედნაცვალი, მაგრამ ჩვენ არ ვეუბნებით.

დიახ! სარკეზე გამახსენდა, ჩემი ტელევიზია ჩემი სახის სარკე იქნება!
ძირს მე!
ქვეყანას უჭირს!
ჭირი აქანა ლხინი მაქანა,
ქატო აქანა ფქვილი მაქანა!
მიჭირს ძამია მე, ვერ შემამჩნიეთ?


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
21 ოქტომბერი 2015 წელი

-----------------

წერილი მეთერთმეტე

გადავხედე რა განვლილს, ვთვლი, რომ ცხოვრების წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც იმი პატარა კალენდრის ფურცელს ჰგავს, რომლსაც მიაწერ-ხოლმე უკანა გვერდე წამლის მიღების დროს და მომდევნო მიღების დღესაც ჩაკეცავ.

გამოხდა ხანი და ახალგაზრდა "პენსიონერი" ხდება და პენსიონერი "ახალგაზრდა" ყოვლის მათ გონიერებას არ მოუცლია ფიქრისთვის იყოს მიზნით საკუთრივ ქვეყნისა, არამედ ფიქრი მათი ან უცოლშვილობაა ან ცოლშვილის ყოლის ჟამს მხოლოდ ერთზე ფიქრი - "იკადროს ყველაფერი, რათა გადარჩეს!" არის თუ არა ამ მედლის ორი მხარე მართლად გამართლებული თუ ვერც ოდეს გაამართლოს მედალმა დაჯილდოვებულის მიღწევანი?!

სამწუხაროდ მრავლისათვის ეს მედალი, მინდა ვუთხრა, რომ მხდალთა ხვედრია და არა ღირს რად პატიოსნების დასათმობად.

ჩემი თავისთის მითქვამს, იქნებ შევცდი ამ განვლილს ჟამს და სხვაც შეცდა ჩემში?! მაგრამ არა... ეს ფსიქოტიპი იმ ღირსების მიღმა ღმოვაჩინე სადაც მხოლოდ ცარიელი ქვეყნები ჩამარხულან და არასოდეს ავსებს ვინმე, რადგან იქ მხოლოდ ნასახლარია.
გამოღმა კი ჩემი ცარიელი ქვევრები მარხიან, რომელთა შევსებას დღიდან გონიერებისა მარტო ვუმკლავდები.

მე მიკვირს მათი, ვინც ფსევდო ლიბერალია და დემოკრატიის სახელით დიდაქტიკურ "რეჩებს" აძლევენ სხვატა გულისგასახარად.
და საერთოდ, რად დაჩემდათ ფსევდოლიბერალიზაციას სხვათა გასახარებლად მოქმედება? ნუთუ არა ხვდება, რომ წისქვილი სხვის მიწაზე დგას? სხვისი ბეღელიდან მორთმეული მალე თადება, არა იმიტომ, რომ მსუყეა, არამედ იმიტომ რომ იაფია! და თქვენ მათთვის იაფადმომუშაევნი მუშახელი ხართ. თქვენი თვითშეგნება (გონი) მოქმედებს ბრძანებების კვალდაკვალ და არც კი ფიქრობს შექმნას მისი (თავისი). თუმც ყველაფერზე საშიში ის არის, რომ უმეცრება თქვენში ქართულის საქმისა მეტია ვიდრე მცონარობა ყველაფრის უცხოსისა!

უცხოსისა, რათა - ერთარიგადა ყველაფერი უცხო, ახალი და საუცხოოა, და რომ მას შეუძლია გარდაქმნა, და რომ ის ავითარებს ყველაფერს ძველს, მაგრამ ავიწყდებათ მათ ვინც ამთისებელია ყოვლისა ახლისა, რომ ყოელი ახალი კარგად დავიწყებული ძველია! მათ ეს იციან... საქმე მათშია ვის დაავიწყდა ის?...

ფსევდოლიბერალებმა სიტყვა "პატრიოტი" დაამყნეს გლობოზე და ქამით შექმნეს უნივერსალური ჯარისკაცი. რისიც, ასევე არის მცდელობა და ქმნიან უნივერსალურ საზოგადოებრივ წვრს. ე.წ. "ყველაფერი ერთში, გარდა ერთისა" (ზომბი); ჩვენში მათ მონებს ეძახდნენ და ეძახიან.

ფსევდოლიბერალებს როგორც ცნობილია დიდი (დიადი) მოთმინების უნარი გააჩნიათ, სხვა მოღალატეობრივის სიკეთეებთან ერთად, რათა საწადელს უმტკივნეულოდ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიაღწიონ. ასეც ხდება ყველგან სადაც ფეხს იკიდებენ.

ასევე მათი დამსახურებაა ქვეყნების (ერების) დაყოფა ე.წ. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად, მაგრამ ამ სიტყვათა მნიშვნელობა თუ რას ემსახურება ყოვლად გასაგებია იმ საზოგადოებსითვის ვინც იცნობს მათ "შემოქმედებით" სახეს და მათ ვინც განეკუთვნება განათლბულთა "სექტორს".

მე კი ვურჩევდი იმ ქვეყნებს რომლებიც უკვე განვითარებულნი არიან, შეწყვიტეთ განვითარება! განა თქვენ განვითარებულებს არ გაქვთ შეგნება იმისა, რომ და "კეთილი სურვილი", ასპარეზი დაუთმოთ განვითარებულებს?! მაგრამ არა... აქაც ბოღმა გახრჩობთ: "ვაი თუ გაგვასწრონო?!" ყველაფერში პირველობა დამღუპველია ჩემო ქვეყანა! და ეს მშვენივრად იცი! ყველა დიდი იმპერია დანგრეულა ოდესმე და ყველა რჩეული ოფლისანი უფალსავე წაუყვანია თავისთან "საქმის გასარჩევად". არა არის სიკვდილი ქვის გარეშე და არც სიცოცხლე!
ღამით ყველა მანათობელი ანათებს, დღისით მხოლოდ ერთი - ძილში ყველა ვარსკვლავია, სიფხიზლეში?!...

ყველას არ მოეთხოვება ქმნას საქმე საზოგადოებრივი, რომელიც XXI-ე საუკუნეში და ადრეც იყო და იქნება ერთ-ერთი პირველთაგანი და გამყოფი სახელმწიფო საქმისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამ უკანასკნელის მოპოვების მოტივაცია მუდამ ანგარება, გამორჩენა, "კეთილდღეობა", კომფორტი და უდარდელობა იყო.

საზოგადოებრივ მოღვაწეთა ღვაწლი და ამაგი კი ჩვენ ქვეყანას ახსოვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ დაივიწყებს, ჩვენივე ხელიდან მათი მკვლელობების ფაქტებს.

დღემდე ორგულობა ტანჯავს ქართველს. ეს ორგულობა არ აწუხებთ ხალხით ხელდასმულებს.
დღემდე შური ჰღრღნის ქართველის გულს, მაგრამ ეს არ აწუხებთ ხალხით ხელდასმულებს.
დღემდე ჰყიდის სინდის ქართველი, მაგრამ ეს არ აწუხებს ხალხით ხელდასმულებს.
დღემდე ყველა ქართველში გენერალს სძინავს და აი, ყველაზე მეტად ეს აწუხებს ხალხის ხელდასმულებს: არჩევმდე და არჩევანის შემდეგ!

და ბოლოს ვინ გამოდის ის ქართველი, როდესაც ბედს ერისას იგივე ერში ბედს ერთისას უბოძებს მათ, რომლებმაც არც კი თუ სასწორი რა დანიშნულებისაა?!... განა არ ვიცით, რომ იმ სასწორის ერთი პინა მუდამ ცარიელია და არასოდეს შედგებიან მასზე!... რა ძევს სასწორის მეორე პინაზე ძნელი მისახვედრი აღარ უნდა იყოს.

ოდეს დღემდე ქართველი და საქართველო გადარჩენილა საზოგადო მოღვაწეთა და მებრძოლთა წყლობითა და შემწეობით, ასე იქნბა აწმყოსა და მომავალშიც! იყვნენ მოღაწენი რომელთა საქმე სჭირდა და ჭირდებოდა ქვეყანას, და იყვნენ ასევე მოღვაწენი რომელთა კალამი სჭრიდა და ჭირდებოდა ქვეყანას, როგორც მებრძოლისმჭრელი ხმალი და სულიერის მტკიცე მრწამსი!

ბოლო ალბათ პათეტიკურია, მაგრამ შესაძლოა ეს შემოძახილი შემოლაწუნების დიდი საწყისი იყოს. და ჩავთვალე მოვალედ თავი თქენ წინაშე, იმ პათეტიზმით დამეწერა, როგორც აღიქვამთ!


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი

1 ნოემბერი 2015 წელი

---------------------

წერილი მეთორმეტე

ისე იუდა მერამდენე მოწაფე იყო?
ეს რა შეეხება ციფრ თორმეტს. ახლა საქმე!

კიდევ ერთი რიცხვი - 25. რა შეგაშინათ, უბრალოდ ოცდახუთი დღე გავიდა წინა, მეთერთმეტე წერილის დაწერიდან.
და ახლა ვწერ, რომ...

ყველაზე ერთგული ცხოველი ძაღლია.
ყველაზე მსუნაგი ცხოველი მელიაა...
ყველაზე ძლიერი ცხოველი დათვია,ლომის შემდეგ.
ყველაზე ფხიზელი ცხოველი ტურაა...
ყველაზე ბრმა ცხოველი (ქვეწარმავალი) ჭიაა...
ყველაზე დაუცველი ცხოველი ცხვარია,
ყველაზე ოჯახური ცხოველი მგელია,
ყველაზე უსუსური კურდღელია,
და ა.შ...
მაგრამ მათ ერთი რელიგია აქვთ - ბუნება!
და მაინც იუდა მერამდენე მოწაფე იყო?


პატივისცემით მე, თქვენი....
გიგო რიონელი
25ნოემბერი 2015 წელი


----------------

წერილი მეცამეტე

სკივრი ცივ ზამთარში თბილად შემინხავს, მაგრამ ამბები მასში ჩაყრილი ზოგისთვის ცივია...
წუხელ ჩემოთეთრდა თეთნულდიდან და პირველი თეთრი ნაკვალევიც აეკრო მიწას. წითური ტყეში მაიმუნობს, ხორბლისფერ-კაკაოსფერნი კი ბროლის ჭიქებთან ბაძავენ წითურს. იმედია ეს მხიარული და მშფოთვარე წელი ყველა ჭიქაში მოქცეული ღვინის მსგავსად წყნარი და მშვიდი იქნება. მირთმევის შემდეგ ჩვენზეა,თუ რა რიგად შევირგებთ და შევარგებთ. ყოველი წელი, ეს ხომ ადამიანთა ქმედებებით გასავლელი სამას სამოცდახუთი დღეა, მრავალჟამიერი კი სამას სამოცდახუთჯერ წარმოსათქვამი!!!

თეთრი ღამის დადგომას გილოცავ საქართველო!!!


--------------------


წერილი მეთოთხმეტე


გიგოს ქოხის სკივრიდან (ციკლიდან "ჩემი ქალაქის სვე-ხვნეშის!" - წერილი მეთოთხმეტე)

ქაფშიამ ზღვიდან თავი ამოყო და უკმაყოფილომ ისევ ბსკერს მიაშურა.

- სად მიიჩქარი ქაფშიავ.
- განცვიფრებით და შეწუხებულმა ჰკითხა, ზღვის ლომმა.
- შენთან მომიჩქარია მეფეო.
- რად გარჯილხარ?
- საშინელ ადამიანთა სუნი დგას ჩვენი ზღვის თავზედა. გაუსაძლისია! სასეირნოდ ვერ გავსულვარ, არაფერს ვამბობ ჩვენ შვილებზე. როდემდე ვიცხოვროთ ბსკერზე?
- ხომ იცი, ჩვენი კანონები კრძალავს მათთან დაახლოებას. რაც უფრო შორს მათგან მით მშვიდი ცურვა ჩვენ.
- ვიცი, მაგრამ...
- რა მაგრამ?! შენი საგვარეულოდან გაწყვეტილი შთამომვალობის სუნით ხომ ყარს ზედაპირი?
- დიახ მეფეო! - ცივი ცრემლის თანხლებით უპასუხა, მან.
- ე.ი. წყალი-წყალში ვართ!

უკმაყოფილო ქაფშია, დისიდენტია.
დღე კვლავ ლურჯად კაშკაშებდა...


ფოთი - მენატრები!!!


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
10 იანვარი 2016 წელი

-------------

წერილი მეთხუთმეტე

წვიმიანი ღამის შემდეგ...
- გუბე ვერ მიპოვნია მშვენიერო, არადა ძალიან შორი მანძილის გავლა მომიწევს საკვების ძიებისთვის. არადა წუხელ ისე ბარაქიანად წვიმდა, რომ ვფიქრობდი იღბალს კვლავ გავახსენდითქო. ჩვენი გრძელი ენა კი რომელ მწერს არ მიწვდება სახლიდან. მაგრამ აბა სახლი?...
- მოკლედ რას გვიშვება ეგ თახვამეფე? შეიძლება ყველა ქუჩის მოასფალტება? მაშანდაკებული მაინც დატოვე, რომ ნამიან ქვაზედ ვისეირნო ფეხშიშველმა. ხო გსმენია რა არის მამულიო თუ ერთ-ორ გუბეში არ ისკუპე და სიღრმიდან ენა არ ამოყავი ნადავლის დასაჭერადო?
- მსმენია, რა თქმა უნდა. თუმცა ეს მტკეპნელი მაქანები.... - უკმაყოფილო გომბეშომ თავი დახარა და ფიქრს მიეცა.
- რას ფიქრობ?
- ვფიქრობ სამოგზაუროდ წავიდე, მაგრამ იმ გზებით სადაც სულს არ დავლევ, არამედ წყალს და ზედ გემრიელ საკვებსაც დავაყოლებ.
- თან წამიყვან?
- სიამოვნებით! შესაძლოა გზაში ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრო. ჰო მართა ეს ჩვენი მოგზაურობა საყოველთაო მსჯელობის საგნად უნდა ვაქციოთ.
- როგორ?
- სახელი უნდა დავარქვათ!
- რა სახელი?
- "საპროტესტო მოგზაურობა-მარათონი დედამიწის ირგვლივ".
- გომბეშოვ, გავოგნდი შენი ნიჭიერებით. ერთი გუბის არარსებობამ გონება სადამდე გაგიხსნა?!
- ჯერ სად ხარ?! შენ ნახე მარათონის შემდეგ რა შემოთავაზებები მექნება. შენც პირველ ლედად გაქცევ. თუ გზაში არ გადამაფიქრებინე.
- მე ყველაფერზე თანახმა ვარ! - შუბლზე ამოსული თვალები კისრის დახრით დაუშვა გამომშრალ მიწამდე, ნიშნად სოლიდარობისა და სიმორცხვისა.

სოლიდარობა ფოთში ადრე ლენინგრადი-შემდეგ სევასტოპოლი-ახლა ნ.არზიანის ქუჩის მაცხოვრებლებს და თითქმის ყველა ქუჩის მაცხოვრებელს!!!

პატივისცემით, მე თქვენი...
გიგო რიონელი
20 იანვარი 2016 წელი

---------------

წერილი მეთექვსმეტე

ძალა ევროპაშია
ევროპა ერთობაშია - კავშირი და...

- ჩვენ ცხოველები მეტად ლიბერალები ვართ. მოგვბაძეთ. თუ ცოცხლობთ და ჩვენგან არავინ გაკბილათ, თავში არ აგივარდეთ! - გვითხრა დათვმა. ფრინველებში არწივმა იაქტიურა და შეპასუხება სცადა:
- ჩვენ ფრინველები უფრო ლიბერალები ვართ, ვიდრე ყველა თქვენ, ფეხოსნებიო. თქვენ მხოლოდ სიარული შეგიძლიათ, ჩვენ - ნაბიჯებთან ერთად ფრთებსაც ვიყენებთ. ვიყენებთ დანიშნულებისამებრ. აი თქვენი ნაბიჯები კი მეტწილად მცდარია,ხოლო კავშირი ჩვენი, მეტად, ურყევია ვიდრე დედაბუნების სხვა ბინადართაო.

პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონლი

10 თებერვალი 2016 წელი


----------------

წერილი მეჩვიდმეტე


ჯიუტი, ჯიუტი, ჯიუტი...
თხა და მე!
დიახ მე, და საზოგადოება
თხის რძით გაზრდილმა მაინც ვერ ვიპოვე საზოგადოებაში ჯანმრთელი. თხა კი დღემდე იწველება.

- იცი დედა, გუშინ გიგოს შევხვდი. - აკიკინდა თიკანი.
- რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ ადამიანებისგან შორს დაიჭირე თავითქო?!
- კი მაგრამ, ის ხომ ისე ჯიუტია?!... მასთან თამაში მომწონს... ლანგარზე წამოსკუპებულ მომავალს მირჩევნია. ვიცი რომ არ შემჭამს, როგორც დანარჩენი.
- შეიძლება, მაგრამმშობლები ჰყავს და ისინი შეგიტანენ, ლანგრით სუფრასთან.
- არ ჰყავს მშობლები. დიდ ველზე მხოლოდ ჩემთან სათამაშოდ მოდის. მეუბნება-ხოლმე: "დიდ ველამდე დიდ მონატრებას მოვყავარო"
- ის კი შენ ნამდვილად არ ხარ!
- ვიცი. ამბობს რომ უმეტესობა ადამიანებისა ვირთხებად იქცნენ და ადამიანებს თიკუნსაც კი ვერ შეურჩევო.
- და შენში ცხოველთა ფსიქოლოგი ფრრრროოობებეკე შენიშნა?
- არა დედა. ის, უბრალოდ, ჩემი მეგობარია!

***

- გუშინ დედას ვესაუბრე.
- ჩვენ დიდ ველზე?
- ჩვენ დიდ ველზე, სადაც მხოლოდ ორნი ვართ: "თხა" და გიგო!
- შენ კი ცხოველი, რომელიც ჯიუტად მასწავლის, რომ ლანგარზე ოდესღაც ყველა ხვდება!


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი

18 თებერვალი 2016 წელი


--------------------

წერილი მეთვრამეტე

"ბეიბი კუკი" (მონო სატირა)

დიალოგი მქონდა ახალი კომპანიის წარმომადგენელთან, რომელიც საზოგადოების განწყობის პროდუქტს აწარმოებს. პროდუქტი მეტ წილად შეფუთვაზეა დამოკიდებული რადგან, მისი სახე (ვიზუალიზაცია) ბევრად სასიამოვნოდ უნდაგამოიყურებოდეს ვიდრე თავად პროდუქტი წარმოადგენს. გუშინვე ამიყვანეს თანამშრომლად. ჩამაბარეს პროდუქციის პიარი (წარდგინება), მეც, აწ უკვე ჩემი კომპანიის შენობის, რომელიც მდებარეობს ტუალეტის ქაღალდის მწარმოებლების ქუჩაზე, პერპენდიკულარულად მდებარე სარეკლამო კომპანიის შენობაში გავემართე სახელშეკრულებო პირობების გასაცნობად, რათა დამედგინა თუ რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ჩვენი პროდუქციის სახასიათო გაცნობა-ჩვენება საზოგადოებისთვის.პერპენდიკულარილი ქუჩის სახელწოდება ლათინურიდან ითარგმნება როგორც "მჭახე სუნი".

ყველაფერი ხელშეკრულების დადებით დასრულდა.

მე შევთავაზე: დავარქვათ "ბეიბი კუკი". ინსტრუქციაში, რომელსაც შეფუთვაზე განვათავსებთ განვუმარტოთ მყიდველს თუ რა დადებითი მნიშვნელობის ეფექტი შეიძლება მოუტანოს პროდუქტმა, მათ, მისი შეძენისას. პირველი და განუმეორებელი - მას შეუძლია გაგამდიდროთ და ბედნიერი გაგხადოთ. რა თქმა უნდა თუ მას შეიძენთ და გამოიყენებთ დანიშნულებისამებრ. შეიძინეთ და ჩაჰკარით ფეხი მასში. ამის შემდეგ დაელოდეთ მომავალი ორი თვე. ვერ ასრულების შემთხვევაში აუცილებლად უნდა სცადოთ კვლავ. ორი თვის მანძილზე კი პატარ-პატარა წარმატებები აუცილებლად გელოდებათ. თუ ხართ იმედგაცრუებული, ეს პროდუქტი სწორედ თქვენთვის შეიქმნა. მხოლოდ ერთხელ და მომავალიც შეცვლილია! თუ ხართ განწყობაზე - პესიმიზმი და თქვენი მიმიკა სასვენ ნიშან მძიმეს ჰგავს ორი წერტილის გარეშე, აუცილებლად ძახილის ნიშნით შეიცვლება.აქვს უკუჩვენებაც: თუ ხართ განწყობაზე - ოპტიმისტური და არაფერი გაწუხებთ, ხოლო მიმიკა სასვენ ნიშან წერტილს ჰგავს, რომელიც საბოლოოდ დაუსვით ცხოვრებას და ამით გარშემო მყოფთ აუწყეთ თუ როგორი დიდი ხართ, აუცილებლად შეგაწუხებთ თქვენ გარშემო დატრიალებული სუნი, რომელიც თქვენ აგივათ და მიმიკა სასვენი ნიშნებით: ორი წერტილითა და უსასრულობის ნიშნით შეიცვლება - ყველა დაგიმახსოვრებთ.

ბოლოს ვარგისიანობა დავადგინეთ და შეფუთვაზე დავაწერეთ:
ვარგისია ერთჯერადად.
გამოიყენეთ და შეფუთვა შეინახეთ, რადგან აუცილებლად დაგჭირდებათ როდესაც საპირფარეშოში შესვლა მოგიწევთ.

ჩვენი ბიზნესით კიდევ ერთმა კომპანიამ იხეირა.
ასე ვასაქმებთ ერთმანეთს!

სარეკლამო კომპანიამ ორი დღით ადრე ჩვენი პროდუქცია შეიძინა!
ენდეთ მის წარმატებულ ფეხის ჰკვრას.
ყველაზე მეტად იცი რამ გამაკვირვა?
მყიდველთა რაოდენობა იზრდება!

სუნია მსოფლიოში,რომელსაც მხოლოდ ერთი ქუჩა აქვს და მას ჩვენი კომპანიის პატივსაცემად "ბეიბი კუკის" ქუჩა ეწოდა.

პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
18 თებერვალი 2016 წელი


----------------------

წერილი მეცხრამეტე

გუშინ დამავიწყდა...

არ ვივიწყებდი რაც ოდესმე მითქვამს შენთვის
არც იმ ცოდვას როცა მოვკალი ხორცი,
რათა შემექმნა კოსმოსში
ხვრელი
შავი
შავი
შავი
წერტილებით...
მახსოვს შთანქმა ნაცარტუტად აგებული როდოსის კოლოსის
და პიზის კოშკის აივნიდან წამოსული ქვიშის ბოლი.
ჯერ კიდევ წარსულში გამოგონილ ხუთკუთხას კუთხე წაართვეს;
კუთხე წამართვეს!
და მას შემდეგ გახდა ის პირამიდა.
ჯერ კიდევ მომავლაში გავრცელდა ხმები მაჭანკალიაო ჩემზე, უყვარს მზეს, რომ მთვარეს ურიგებსო მრავალი წელი...
მაგრამ მხოლოდ სატურნს მოერგო ბეჭედი!
და გაბრაზდა ბრმა ღმერთი ღმერთთა განიდან და ზეგანიდან მოიხსნა უშველებელი კუზი.
აქ კვაზი აისხა, ვით ლოკოკინამ ნიჟარა, მოდომ
და ზარებს ყულფად თოკი გამოდსდო...
იქ თურმე ჯინს არ სვამენ, არც ქართულია ღვინო,
დასავლურია აღმართი, და კიდევ
ტვირთს თუ აჰკიდებ ზეზვას
ხოლო მზიას ვირზე შესვამ
შენ სადღეგრელოს უფალი შესვამს!
მაგრამ ყველაფერი, ყველაფერი სულ ერთი გახდა
რადგან
გუშინ დამავიწყდა, რომ მე ვარ ადამიანი
და ღმერთს ვთხოვე ჩემთვის დაეთმო სავარძელი...

პატივისცემით მე, თვენი...
გიგო რიონელი
24 თებერვალი 2016 წელი


--------------------------


წერილი მეოცე


მეც მეცხრე ციდან გწერთ მომდევნო წერილს. გეთანხმებით, სკივრი იმისთვის რომ ცა ჩაატიო ყველა მისი თვისებით, ცოტა პატარაა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ახლა მე სკივრში ვიჯდე და იქიდან გწერდეთ. განვმარტე, რომ მეცხე ციდან გწერთ.

სიზმრების სამყარო

    სანამ უშუალოდ სიზმარს მოვყვებოდე, მანამდე გკითხავთ: ამირანს უფრო იცნობთ თუ პრომეთეს?მეტ წილად იმედი მაქვს, რომ ამირანს იტყვით. ქართველები ხართ მაინც, მაგრამ მაინცდამაინც თუ ევროპულად აზროვნებთ მაშინ თქვენ იგულისხმეთ პრომეთე. მოკლედ. იმედი ამქვს დიპლომატიურად ეთიკის ნორმატივები ჩავაბარე და შესაბამისად არც ერთი ენჯეოშნიკი პრეტენზებით არ მომმართავს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მგონი მათზე წინდახედული აღმოვჩნდი.მადლობთ!  არ არის საჭირო ოვაციები!

    დიახ, წუხელ ამირანი მესიზმრა. დამპატიჟა. "ჩემთან ამოდიო, შუაგულშემოდგომაა, და სწორედ, ახლა მორჩნენ ჩემი ახალი სისხლის ჩაწურვას კლდის კასრებშიო. დაძველებულსაც გაგასინჯებ - იცი შენ ძველის გემოცო". აბა როგორ ვეტყოდი უარს. მივეახლე ამ ჩემ ძველ სკივრსა, ჩავხსხენი ურდული. ავწიე დასაბურავი და გამოვაჩინე ყველაფერი თუ რამ ელაგა მასში. ეს ჩემი რვა წერილი, ცალკე, მარცხენა ხელის თითებით გადავხვეტე და ძველისძველი ქამარ-ხანჯალი, ჩოხა-ახალუხი, ცალი ჩექმა, მარცხენა ფეხისა (მეორე წინა წელს ვირთხას შეეჭამა) და მარჯვენა ფეხისთვის ბოტასი ამოვაწყვე. შემდეგ ყველა კუთხის ქუდი სათითაოდ მოვირგე თავზე და ნაბად შემოხვეულმა ასე ორქართველურად გავუყევი (ჩექმა და ბოტასი) ხომლის მთისკენ გზას.
    ჩვენი რაჭა!...
    იქ არის მიჯაჭვული ამირანი-პრომეთე. იგივე ამირმეთე. ამ სახელით არც ბერძნებს დავწყვეტ გულს და არც ქართველებს. მაინც ორივე მითიური სახელია, ჰოდა ვინც მითში მას სახელი მოუგონა, იმედი მაქვს საავტორო უფლებებისთვის არ მიჩივლებს (აქაც ვიზღვევ თავს), რადგან თავადაც მოიგონა სახელი, მით უფრო ვინ მოსთვლის უკვე მერამდენე ვიზიტია რაც ამირმეთეს ვსტუმრობ და ძალიან მოსწონს ეს სახელი. მთასთან ვარ. ღმერთმანი, როგორ ეტყობა, რომ აქ ღმერთები გაწყრნენ და მხოლოდ ერთი დაპატრონებია ყველაფერს. ყოჩაღ მას! მიუვალია მაქამდე გზები. ამ "სიბრძნის კბილს" შიგ ცენტრში აქვს ჩასასვლელი, ზემოდან ქვებით და გადარჩენის შემთხვევაში გამოსასვლელი ქვემოდან ზევით. თითქოს მარტივად ჟღერს. დამიჯერეთ მხოლოდ ჟღერს. სიზმარში თუ შეძლებთ იქ მოხვდეთ და დატკბეთ იმ სილამაზით რასაც იხილავთ. არ ვგულისხმობ, რათქმაუნდა, ამირმეთეს. იტანჯება საწყალიდა მისი ტანჯვის გამზიარებელი მხოლოდ მე ვყავარ. შევუსვამ წითელ სასმისს, ვეზიარები და მისი ჯაჭვისგან გადებულ ხიდზე ქვაბულის მეორე მხარეზე გადავდივარ.. ესეც მისი მოთხოვნაა. ასე მირჩევნიაო. არ გენდობი და თუ რამეს დააშავებ ვერ მოგწვდებიო. შენ ხომ ერთადერთი მეგობარი მყავხარო (ისიც თავს იზღვევს უკვე ქართველთა მეგობრობის წინაშე, არადა ის ხომ ქვაბულშია და არა იცის რა) ეეჰ, ამირმეთ, ამირმეთ... რომ იცოდე... "რა უნდა ვიცოდეო, მეგობარო" მკითხა და სისხლიანი თვალებით მაინც გულთბილობით დააცქერთა ჩემ ბაგეებს.. - იმას რომ, ყოველ წელს მწარე ხდება შენი სისხლი. აი ბაბილონის გოდოლის აშენებამდე სისხლი რომ სდიოადა ამ მთას ის იყო უძვირფასესი! "რად მიედ-მოედები, ქართველო, ხომ იცი რომ მაქვს და ვხვდები, რომ ის გინდა შესვა...
    - დიახ! - ვუპასუხე მე.
    "აჰა, მიირთვიო!" - შემომძახა და ჯაჭვზე, "ახალი ღმერთივით" გამოაცურა ალმოდებული "კოქტეილი", რომელიც ყოველი წლის საწყისი სისხლით იყო დამზადებული, მასში ჩალბობილი ბამბა სოკოსა ჰგავდა. შევსვი. ბამბით თვალებზე ცრემლები შევღებე და გამომეღვიძა.

    ირგვლივ ყველაფერი შავი იყო, ვერაფერს ვხედავდი. სისველე ვგრძნობდი თვალებზე. ორქართველობით დამძიმებულმა გულის კედლის მტვრევის ხმაც გავიგე და ამ "ბედნიერი ერის" ერთ-ერთმა შვილმა სააბაზანოს მივაშურე, რომ ჩამომერეცხა მხოლოდ სხეული. ბანაობისას გამახსენდა ამირმეთეს ბოლო შეკითხვა და თხვონა, რომელსაც უკვე წლებია სვამს ჩემთან: "იქნებ მითხრათ თუ საიდან იცით რომ მე გულში ვმღერივარო და მეორე, სულ რომ ამბობთ - პრომეთე იყოო მიჯაჭვული, გამარკვიეთ ბოლოსდაბოლოს ავწყვიტე ეგ ჯაჭვები და თავისუფალი ვარ თუ ისევ თქვენი ტანჯვა-წამების მოდარეჯედ დიდხანს უნდა მამყოფოთ? დამასრულეთ თუ ღმერთი გწამთ. ჩემი ღმერთისა არა თქვენი ღმერთისაო!"


    ეეეჰ ჩემო ამირმეთ, ჯაჭვის იწამე ჯაჭვის!
    საიმედოდ ხარ მანდ, საიმედოდ!
    მთავრობის მოხელეებო, ქანჩიკ-ჭანჭიკებო, ცუდად მაქვს დაცდილი სიზმარი ამირანზე.
    სურეალისტური რეპორტაჟის დასასრული მეცხრე ციდან.


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
19 ოქტომბერი 2015 წელი.

---------------------

წერილი დედას

მთელი დღე ვფიქრობდი რა მეთქვა შენთვის,
დღე მთელი დავყავი შენთვის,
შენთვის მთელი დავყავი დღეებად -
დღეები ფიქრებად და
შემრჩა ერთი დღე დედის!

დღე იწურება, ისრები დაჭკნენ
დაჭკნენ დღეები დაწურულ ისრებად,
ამოიწურა ისრებში დრო და
დასრულდა ერთი
დღე დედის!

მე შენთვის, შენ ჩემთვის,
ღია კარებში ჩათვლილი წლები...
თასმა შეხსნილი ნაკვალევი
დასაწყისია იმ ერთი დღის -
დედის!

გიგო რიონელი
3 მარტი 2016 წელი

(დასასრული)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები