ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2016


სანდრო- ჩემი პატარა მეგობარი

მე და გიგა დილით საჩქაროდ წამოვცვივდით, ფანქრები და სახატავი დაფა ავიხონხლეთ და სამხატვრო  აკადემიისკენ
ტაქსით გავიქეცით.
გიგას დღეს ხატვის გამოცდა აქვს.
რეგისტრაცია ცხრა საათზე  იწყება  და ათზე უკვე გამოცდაა.
ვიცი რომ ხუთი საათი უნდა ველოდო, ამიტომ ფსიქოლოგიურად მომზადებული მაქვს ნერვული სისტემა, რომელიც
ყოველ საღამოს წამლებს და ათასგვარ აბებს ისედაც მთხოვს...

მაგრამ,  ათი საათი შესრულდა თუ არა,  მაშინვე გამიჭირდა.  .  .

ჩამოვედი რუსთაველზე. ავიარე, ჩავიარე, მივიარე, მოვიარე, გავიარე, გამოვიარე  და უკან რომ ავედი მხოლოდ ერთი
საათი იყო გასული.
ცხელა ცხელა, ბუღი ასდის ყველაფერს.
კიდევ ერთხელ მივიარ  -  მოვიარე, შევჭამე რაღაც და პირდაპირ ქვაზე დავჯექი , აკადემიის წინ.
ზოგ აბიტურიენტებს კანტიკუნტად მშობლებიც ელოდნენ, ალბათ ჩემსავით ჩამოსულები, თორემ თბილისელს ხუთი
საათი  იქ აბა ვინ დაელოდება.

თორმეტი საათი იქნებოდა, პატარა ბიჭი მოვიდა და ახლომახლო დაჯდა.

ბიჭი ხმამაღლა ლაპარაკობდა და თანმხლებ გოგონას რაღაცას ედავებოდა.

გოგონა ძალიან ლამაზი იყო და ბიჭზე უფროსიც ჩანდა.
- მაშინაც რატომ არ მითხარი, ჩამოსული რომ იყო, ხომ იცოდი, მისი ნახვა რომ მინდოდაო - ეუბნებოდა გულდაწყვეტით.
ცოტა დრო ვიხელთე და ბიჭს გამოველაპარაკე:
- რამდენი წლის ხარ ?
-  თერთმეტის
- რომელ კლასში?
- მეშვიდეში გადავედი
-  სახელი?
- სანდრო

ლამაზი ბავშვი იყო.  თავზე მწვანე  კეპი ეხურა,  თეთრი პირისახე და თაფლისფერი  თვალები უბრწყინავდა.
მე  გამრთობი ვიშოვე და  ბიჭს თამამად გამოველაპარაკე :
-  აქ რას აკეთებ სანდრო?
- მეგობარს ვბალეშჩიკობო.  ისე "ბალეშჩიკობა" რუსული სიტყვაა და ქართულად გულშემატკივრობაა სწორიო.
ის  ფეისბუქზე გავიცანი და ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, მასაც კალათბურთი უყვარს და მეცო.
ისიც კარგად ხატავს და მეცო.
-  ოჰოოო, აღარ ხუმრობ - გამეღიმა.
- ხოდა ახლა სიურპრიზი უნდა გავუკეთო და როცა გამოვა,  აქ დავხვდები.  არ იცის თუ მოვიდოდიო.
-  სკოლაში როგორ სწავლობ, სანდრო? - პროფესიული კითხვა მაინც სულ წინ მისწრებს ხოლმე.
-  კარგად - ლაპარაკს არ მაცდის თვითონაც.  ახლა ვასაძის სკოლაში ვაპირებ გადასვლას, გამოცდა უკვე ჩავაბარე
და ამ დილით დამირეკეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო.
ცოტა ადრე მაინც დაერეკათ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, წავიდე თუ არაო -  მპასუხობს დიდივით.
ძველი კლასის და მეგობრების დატოვება ცოტა მეძნელებაო.


თანმხლები  გოგონა  მორიდებით ანიშნებს, ამდენს ნუ ლაპარაკობო...
სანდროს გაეღიმება და ისევ ისე რიხიანად იწყებს საუბარს.
- ცხელა ძალიან - ჩავილაპარაკე მე.
ცივი წყალი მომაწოდა
-  მიირთვით, აორთქლებას და გაგრილებას უწყობს ხელსო.
- როგორც ფიზიკაც იცი მეთქი?
- სულ ვკითხულობ, ინტერნეტთან როცა ვზივარო.
- კალათბურთსაც თამაშობ მეთქი?
- კი, სულ ცოტა მინდა და ფარსაც მივწვდებიო...
გამეღიმა. ჯერ  ფარს ნამდვილად  ვერ მიწვდებოდა.
ამასობაში ბაბუამ დაურეკა:
- არ ვიცი და გავარკევ, ახლა სახლში არ ვარ, აკადემიასთან ველოდები მეგობარსო - ჩასძახა ტელეფონში.
მერე მე მომიბრუნდა:
-  ხომ არ იცით, კალათბურთის ნამდვილი ფარის ზომებიო.
-  სამწუხაროდ, არ ვიცი მეთქი  -  უხერხულად ვუთხარი.
-  ბაბუა ფარს შემპირდა და ზომები უნდა გავარკვიო, ნამდვილ ფარს მინდა გავდესო - მერე  დედას დაურეკა,-  მოიძიე,
რამდენი უნდა იყოს  ნამდვილი ფარის დიამეტრიო.
აბა შაკილ ო'ნელს  რომ ჩამოენგრა ფარი, ისეთი რად მინდა. თუმცა  ახლა მაინც სხვა მასალისგან კეთდება, რომ მსგავსი
ინცინდენტი  აღარ მოხდესო. მაშინდელი ფარი მინის იყო და მინა ხომ მსხვრევადიაო.

-  თქვენი შვილიც აბარებს? - ბოლოს მკითხა
-  კი -  ვუთხარი,
-  ჩემი მეგობარი მაგარია, ას ქულას  მიიღებსო, უამრავ კონკურსშია გამარჯვებული და აქ რა გაუჭირდებაო -
ტრაბახობს  სანდრო.
- რა კარგია - მოვუწონე მეც.
- ხატვა მიყვარს ძალიან, ბაბუა მხატვარია, ბებია კი მომღერალიო.

გოგონამ ჰამბურგერი მიაწოდა, შეჭამეო.
-  თქვენც ხომ არ მიირთმევთ - შემომთავაზა.
მე უარი ვუთხარი.
სანდრო  გემრიელად შეექცა და ნახევარიც არ ექნებოდა შეჭმული, ბევრი მომივა, მსუყეაო - გადაახვია და ჩანთაში ჩაიდო.

- საერთოდ საკვები  ვიტამინებს უფრო უნდა შეიცავდეს, ვიდრე ცხიმებსო - ჩაილაპარაკა.
მე მაინც , ისედაც  ალერგიული ვარ და ყველაფერს ვერ ვჭამ, მაგალითად კვერცხი ბევრი არ მეჭმებაო.  მზეზეც კი
მხოლოდ რამდენიმე საათით გავდივარო.

ისევ მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე:
- ჩემი მეგობარი აბსტრაქციონისტულ  ნახატებს ხატავს და აბსტრაქცია მეც  ყველაზე მეტად მომწონსო.
ზოგი ნახატი თბილია, ზოგიც ცივი. საერთოდ  ნახატს რომ შეხედავ, მიხვდები, რა სული დევს მასში, დემონურია თუ კეთილშობილიო.
მერე უკვე ფერებზე და მისი შერევის თავისებურებებზე დამიწყო ლაპარაკი.
-  ღმერთო, გენიოსთან მაქვს საქმე - გავიფიქრე უცებ.

მალე  უკვე არაფერი მისგან აღარაფერი  გამკვირვებია.

- აი იმპრესიონისტები კი... ხომ გაგიგონიათ, მეცხრამეტე -  მეოცე საუკუნეში როგორ განვითარდა იმპრესიონიზმი და
ყველაზე ცნობილი მაინც ვან გოგია,  მათი ნახატები სულ სხვანაირიაო.

მე ხელები გავასავსავე, მაგ სფეროში არაფერი ვიცი  და ხელები ამიწევია მეთქი...
გაეღიმა, საოცრად ლამაზად იცინოდა...
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მეტყველებდა და საოცარ ცოდნას ამჟღავნებდა.  ყველა სფეროში ერკვეოდა.
საათს დავხედე. ამ საუბარში სამი საათიც მოსულა.
-  გაიხარე სანდრო, ასე კარგად დრო არასდროს გამიყვანია  - ვუთხარი და  თავზე ვაკოცე.

სამ საათზე ხატვის გამოცდა  მთავრდება. ყველანი  გამოსასვლელს მივადექით, რომ უფრო მალე დავინახოთ გამომსვლელები.
ვხედავ, ჩემი გიგაც მოდის, დაფას მოათრევს და საშინლად დაღლილია.  მე ხელი დავუქნიე და აქეთ ვარ-მეთქი, ვანიშნე.
ჯერ მე შემომხედა  და მერე მოულოდნელად  სანდროსკენ წავიდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ , სანდრო კისერზე შეახტა და
- სიურპრიზიო - ხმამაღლა შესძახა პატარა მეგობარმა.

პ.ს. თუ მიხვდით, კარგია, თუ არადა გეტყვით, რომ სანდრო ჩემს ვაჟს ელოდებოდა თურმე, გოგონა მათი საერთო
მეგობარი ყოფილა.  გიგამ ხატვაში 95  ქულა აიღო და არც მე დამწყვიტა გული,  არც სანდროს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები