ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2016


პალმირა (ფუძის გველი, ოქროსთავიანი და თიხისფეხებიანი კერპი)

ფუძის გველი

საფიქრალ-საზრუნავი არასდროს ჰკლებია ლონგინოსს, პალმირას ბურჯსა და საძირკველს, როგორც მას დედოფალი ზენობია ეძახდა, და არა მარტო... ასე თვლიდა ქალაქ-მარგალიტის ყოველი მკვიდრი. ფუძის გველს ერთერთი უპირველესი ადგილი ეჭირა ამ საზრუნავთაგან.
ძველთაძველი ღვთაება იყო, ერთერთი იმათგანი, ოჯახური ფუძის მფარველს რომ უწოდებენ. სხეული ადამიანისა ჰქონდა, თავკისერი გველისა. დიდი არ ყოფილა, ვერ დაიკვეხნიდა წარმოსადეგობით; კარგი ვაჟკაცის წყრთა თუ იქნებოდა სიმაღლით, მეტი არა. ხისგან გამოთლილს ჰგავდა, თუმცა ამას დანამდვილებით ვერავინ იტყოდა; მეტისმეტად გამოუცნობი ჩანდა ის მასალა, რომლისგანაც იგი შეექმნათ. არც ელფერი ჰქონია რაიმეთი მიმზიდველი, თავით ფეხებამდე ბნელ ღამესავით ჩამუქებულიყო... გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცრისფრო ქერეჭს გადაიკრავდა ხოლმე. ამაზე მოგვიანებით ვიტყვი...
როგორც წესი, ფუძის ღვთაებას კერიის მახლობლად მიუჩენდნენ ხოლმე ადგილს, ოჯახური ფუძის გაძლიერებას, წყალობას და ბარაქას შესთხოვდნენ. თუ რაიმე მიზეზით ოჯახი აიყრებოდა, ფუძის ღვთაებასაც თან გაიყოლებდნენ. ახალ ადგილას დამკვიდრებისას, უწინარეს ყოვლისა, ფუძის ღვთვაებას დააბრძანებდნენ კერიისთვის გამიზნული ადგილის მახლობლად. როგორც ჩანდა, ფუძის გველს კარგა ხანი დაეყო კერიის მახლობლად, გამურულ ხის ნაპობს გაგახსენებდა ერთი შეხედვით.
მნათობს მუდამ სხივთა კონა მიუძღვის წინ, სანამ მთელი სისრულით გამობრყწინდებოდეს. ასევე, ღვთაებასაც მუდამ რაიმე იგავი ახლავს თან, მის სავალ ბილიკს რომ ასხივოსნებს. არც ფუძის გველი ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ, მეტად საინტერესო თქმა არსებობდა მის შესახებ.
,,ცხორვობდა ამსოფლად კაცი ვინმე, მშრომელი და მოჭირნახულე (ასე იწყებოდა იგავი), თავს არ იზოგავდა, დღე და ღამ სარჩოს ძიებაში იყო, თუმცა ბევრს ვერაფერს პოულობდა, რაღაც საცოდავი ნამცეცები თუ ხვდებოდა ხოლმე წილად, და ისიც ყოველთვის არა, რადგანაც ბედი წყალობის თვალით არ იხედებოდა მისკენ.
დიდხანს ითმინა ბედის პანღურები უიღბლომ, ჩუმი, თვინიერი ბუნებისა გახლდათ... გულს არ იტეხდა, ებრძოდა უთვალავ გასაჭირს, მაგრამ სულ ამაოდ, არ უღიმოდა ბედი, არა და არა!
როგორც ყველგან მზის ქვეშეთში, იმ სოფელშიაც იყო მხცოვანთა გუნდი, წუთისოფლის ავკარგის მცნობელი, უკეთესთაგან უკეთესი რჩევის მიმცემი, თუ ვინმე ამას მოისურვებდა. მათთან დაიჩივლა უიღბლომ, საკუთარ იღბალთან რომ ვერაღერი გაარიგა; რა ვქნა, რა ვიღონო, რა გზას ვეწიოო, რატომღაც არაფერში არ მიმართლებსო. საქმეს შევეჭიდები, ყველაფერი ქვიშასავით იშლება ჩემს ხელებში. სადმე წასვლას დავაპირებ, გზაკვალი უკუღმა შემომიტრიალდებაო.
ფუძის ღვთაება უნდა დააბრძანო ოჯახურ კერიასთან, ის შეგეწევა იღბლის წაღმა შემობრუნებაშიო, ურჩიეს მხცოვანთა.
უიღბლომ ეჭვით გადააქნია თავი, ასეთი ზღაპრების არ მჯერაო, გულში გაივლო, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ეს არ გამოჰპარვია მხცოვანთა კრებულს, დარწმუნება დაუწყეს უიღბლოს, ყურად ეღო მათი რჩევა. თანაც დაარიგეს, როგორ მიეხედა ამ საქმისთვის; უთენია უმძრახად უნდა წახვიდე ტყეშიო, ეუბნებოდნენ მხცოვანნი, უნდა შეარჩიო ღონიერი, აშოლტილი ხე, შენსკენ ტოტებს მეგობარივით რომ გამოიწვდისო, ერთერთი ტოტი შეარჩიე იმათგან, შხვართი და წელმაგარი, კარგად გაასუფთავე ქერქისგან და ფუძის ღვთაება მისგან გამოკვეთე. ისეთი სახე მიეცი, როგორსაც გუმანი გიკარნახებს. გახსოვდეს; იმ ხეს აღარ უნდა მოშორდე, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან. უამისოდ ფუძის ღვთაება ვერ აივსება იმ სასწაულმოქმედი ძალით, შენს უიღბლობას რომ უწამლოსო.
მეტი რა ჩარა იყო, უკეთეს რჩევას სხვა ვეღარავინ მისცემდა. გამოტრიალდა უიღბლო, რათა დროზე მიეხედა ამ საქმისთვის. უცბად ყველაზე უხუცესმა შეაჩერა მხცოვანთა გუნდიდან.
- ყველაფერს აჯობებს თუ ადამიან-გველს წააწყდები სადმე, - უთხრა მან.
- ეგ რაღაა? - იკითხა უიღბლომ.
- ფუძის ღვთაებაა ძველთუძველესი. თავკისერი გველისა აქვს, სხეული ადამიანის. როგორც გამიგია, დიდი ბარაქის მომტანი უნდა იყოს. მიწიერი ძალები ოქროს სამოსელით მოსავენ, ოღონდ ადვილი დასანახი არაა ის სამოსელი, ისეთმა წყალმა უნდა გაამჟღავნოს, თვითონაც რომ კვალს ტოვებს.
ყველაფერი კარგად დაიმახსოვრა უიღბლომ. მეორე დღესვე უთენია მიაშურა ტყეს. რა თქმა უნდა, უმძრახად... ქამარში წალდი გაირჭო, ზურგზე გუდანაბადი ეკიდა. შინ ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ბოლომდე არ მიიყვანდა გულში ამოჭრილ საქმეს, ფუძის ღვთაებას არ გამოკვეთდა ხის ტოტიდან.
მიდის, მიაბიჯებს ტყეში უიღბლო, ატრიალებს თავს აქეთ-იქით, ათვალიერებს აშოლტილ ხეებს, აბა, რომელი მათგანი იწვდის ჩემსკენ მეგობარივით ტოტებსო. ეჩვენება, რომ ასეთი ხე ძალიან ბევრია.
როგორც ჩანს, არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილიაო, გაივლო გულში უიღბლომ. აბა როგორ უნდა მივხვდე, რომელია ამ ხეთაგან ყველაზე შესაფერისი ფუძის ღვთაების გამოსაკვეთად.
რაც შეეხება ადამიან-გველს, განსაკუთრებულად დიდი ბარაქის მომტან ფუძის ღვთაებას, მასზე ფიქრი საერთოდ ამოიგდო თავიდან უიღბლომ; მაგის იღბალი მე ვინ მომცა, ასეთი რამ ვიპოვნოო.
შესაფერისი ხეც რომ ვერა და ვერ შეარჩია... თუმცაღა თვალები ბევრი აცეცა. ყველა ხე ერთნაირად უწვდიდა ტოტებს. ყველა ერთნაირად ანიშნებდა, შენი ძმა და მეგობარი ვარო. ბევრჯერ დაეკითხა საკუთარ გუმანს უიღბლო, მაგრამ გუმანმა ვერცერთ მათგანზე ვერ შეაჩერა არჩევანი, ვერ უთხრა, ეს ხე იმ ხეს სჯობიაო. შენთვის უფრო მეტი სიკეთე სურს, ვიდრე იმ მეორესო.
სულ უფრო საძნელო ეჩვენებოდა ეს საქმე უიღბლოს, უკან მაინც არ იხევდა. ისევ წინ მიიწევდა. ფუძის ღვთაების გარეშე უკან არ დავბრუნდებიო, ასეთი აღთქმა მისცა საკუთარ თავს.
ამ ხეტიალში ჟანგისფერ მდინარეს მიადგა. ასე უწოდებდა ყველა იმ მდინარეს, რადგანაც ყველაფერს ჟანგისფრად ღებავდა თავის სავალ გზაზე... მთელი მისი კალაპოტი ჟანგისფერი იყო.
გატოპა უიღბლომ ჟანგისფერ მდინარეში, გავიდა მეორე ნაპირზე. იქითა მხარესაც მოჩანდა ფართოდ მხრებგაშლილი, ძლიერად ნაზარდი ხეების კორომები, მათკენ აიღო გეზი, ორომცდაათიოდე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული, ერთი უცნაური ფიგურა დაინახა, ძირს, ბალახებში ეგდო. გველისთავიან ადამიანს ჰგავდა, რაღაც უცნაური ნაცრისფერი ედო, თითქოს გომბეშოს ქერჭიაო.
გაახსენდა უიღბლოს უხუცესთაგან უხუცესის სიტყვები, ძველთუძველესი ღვთაების შესახებ, ადამიან-გველს რომ გამოსახავდა.
ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, ნამდვილად ადამიან-გველს გადაეყარა თუ არა... მაინც დასწვდა და აიღო ის უცნაური ფიგურა, ხის ჩორკნას და წვალებას მაინც მზამზარეული მირჩევნიაო. იქნებ მომხდარიყო სასწაული, უკეთესობისკენ შეცვლილიყო მისი ბედი, თუ არა და, ხის ჩორკნას მერეც მოასწრებდა.
გზა აღარ გაუგრძელებია უიღბლოს, უკან გამობრუნდა იმ უცნაურ ფიგურასთან ერთად, ადამიან-გველს რომ განასახიერებდა. ისევ მიადგა მდინარეს, ჟანგისფრად მოზიმზიმე კალაპოტში რომ მიედინებოდა. ჩადგა ფეხი წყალში, ნელნელა მოტოპავდა სრიალა ქვებზე. უცბად ფეხი დაუცდა, წყალში მოადინა ტყაპანი. წალდი, გუდანაბადი, ის უცნაური გველისთავიანი ფიგურაც, ყველაფერი წყალში ჩაუცვივდა.
ამ უცნაური ფიგურისგან ვერანაირ ხეირს ვერ ვნახავო, გაივლო გულში უიღბლომ. მისი აკიდებისთანავე წყალში მოვადინე ტყაპანიო.
წამოდგა, მოიძია; ჯერ წალდი, მერე გუდანაბადი, წყალი წურწურით რომ გასდიოდა. იმ ფიგურისთვის ზედაც არ შეუხედავს. მის წამოღებას აღარ აპირებდა.
უცბად მოეჩვენა, თითქოს წყალში რაღაცამ გაიბრწყინა.
თვალი ჭყიტა უიღბლომ, რას ხედავს: რაღაც უცნაურად შეცვლილა ადამიანი-გველი, წყლის ფსკერზე დაგდებული: აღარაა სულერთიანად ნაცრისფერი, თანდათან ოქროსფერი ეფინება, თითქოს მზის სხივი მიადგაო.
შუა მდინარეში უძრავად იდგა უიღბლო, შეჰყურებდა ამ საოცარ ფერისცვალებას... კიდევ ცოტაც და... მთლიანად ოქროსფრად გაბრწყინდა ადამიანი-გველი.
მაშინვე აიტაცა უიღბლომ ოქროსფრად გაბრწყინებული ადამიანი-გველი, აღარც კი გახსენებია თავისი დაქადნება, სადაც გდია, იქვე დავტოვებო. სველ ნაბადში გაახვია და შინ მიიტანა. ჯალაბობასთან ერთად საგულდაგულოდ გასინჯა. როგორც აღმოჩნდა, ბაჯაღლო ოქროს ფენით იყო დაფარული ეს უცნაური ფიგურა, შემთხვევით ტყეში ნაპოვნი. დიდად გაოცებული დარჩა ამით უიღბლო, და რაღა თქმა უნდა, გახარებულიც. ჟანგისფერი მდინარის წყალმა ასეთი სასწაული როგორ მოახდინაო. თუმცა როცა დაფიქრდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე; ჟანგისფერი მდინარის წყალი ხომ კვალს ტოვებს. ჰოდა, ალბათ სწორედ ესაა თქმულებაში ნახსენები წყალი, უხუცესთა შორის უხუცესმა რომ მიამბოო.
მაშინვე კერიის მახლობლად დააბრძანა უიღბლომ ადამიანი-გველი და იქცა ეს უცნაური ფიგურა ოჯახის მფარველ ღვთაებად. ყოველივე შეიცვალა იმ წამიდან. ცუდი სიზმარივით განქარდა უიღბლობა, დოვლათმა და ბარაქამ წყაროსავით იწყო დენა ოჯახში.
მერე კი, არავინ იცის, როგორ და რა გზებით იარა ადამიან-გველმა, ოჯახური კერიის ფუძის ღვთაებამ, სანამ ბოლოს პალმირას მფარველ ღვთაებად იქცეოდა. ჭეშმარიტად გამორჩეული პატივი ერგო, როგორც ძლევამოსილებით გამორჩეულს ფუძის ღვთაებათა შორის.
რაღა თქმა უნდა, გარემო სრულიად შეიცვალა მის ირგვლივ, ერთი რომელიმე ოჯახის კერიაზე როდი სუფევდა, ქალაქ-მარგალიტის მფარველად გარდაისახა, ამაზე აღმატებული არცრა შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა შესახედაობა არ შეცვლია, ისევ ძველებურად ჰგავდა გამურულ ხის ნაპობს, რომლისთვისაც გამოუცდელ ხელს დიდი წვალებით მიეცა გველისთავიანი ადამიანის შესახედაობა.
უცვლელად შეინარჩუნა ის თვისებები, თავდაპირველად რომ გააჩნდა კერიის მახლობლად დაბრძანებულს. ძველებურად იფარებოდა მონაცრისფერო ქერჭით. მეტად უამური სანახავი იყო ამ დროს, რომელიღაც ქვეწარმავალს ემსგავსებოდა. მაგრამ როგორც კი ჟანგისფერ წყალში აბანავებდნენ, ,,ჩვილი ბავშვივით~ (ეს სიტყვები დედოფალ ზენობიას ეკუთვნოდა), ნაცრისფერი ქერჭი ბაჯაღლო ოქროდ გარდაისახებოდა თვალსა და ხელს შუა. აი მაშინ კი თვალს ვეღარ მოწყვეტდით, ადამიან-გველს. სადღა იყო უსახური ქვეწარმავალი, ოქროს სამოსელში გახვეული მომაჯადოებელი არსება გაბრწყინდებოდა თქვენს წინაშე... თანაც ჭეშმარიტად გამორჩეული ბრწყინვალებით გაბრყწინდებოდა, რამეთუ ჟანგისფერ წყალს ახასიათებდა ეს თვისება, გამორჩეულ ბრწყინვალებას ანიჭებდა ბაჯაღლო ოქროს.
ასეთი გახლდათ ფუძის გველის საიდუმლო; უეჭველად სამი რამ უნდა შეხვედროდა ერთმანეთს; თვითონ ფუძის გველი, მიწის წიაღი და ჟანგისფერი წყაროს წყალი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა რომელიმე მათგანის გამოკლება, სხვანაირად ფუძის გველი ვერ შეიმოსებოდა ოქროს სამოსელით.
ორად ორმა ადამიანმა იცოდა ეს საიდუმლო ქალაქ პალმირაში; დედოფალმა ზენობიამ და ლონგინოსმა. არც არავის ანდობდნენ. თვით ელომაც კი არ იცოდა რა, ზენობია დედაზე უტკბესს რომ უწოდებდა. რაღა თქმა უნდა ლაშასთვის უნდა გაემხილათ იგი, როდესაც უკვე გამოვიდოდა ბავშვობის ასაკიდან, ვინც ქალაქ-მარგალიტს მიიღებდა მემკვიდრეობად, ფუძის გველის საიდუმლოც მას უნდა რგებოდა წილად. ჭეშმარიტად, დიდად ფასეული იყო ეს საიდუმლო, თან მეტად მიუწვდომელიც, არავინ იცოდა (მათ შორის არც ლონგინოსმა), როგორ და რა საშუალებით იფარებოდა ეს პატარა უცნაური ფიგურა ნაცრისფერი ქერქით, მერე ეს ქერქი როგორ გარდაისახებოდა ბაჯაღლო ოქროდ ჟანგისფერ წყალში ბანაობისას. მიწიერი ძალები მოსავენო... ეს სიტყვები არაფერს ჰფენდნენ ნათელს, გაუგებარი იყო, რა იმალებოდა მის მიღმა... ერთი ისღაა ცხადი, ფიქრობდა ლონგინოსი, რომ განგებამ ასეთი სახიით მოიღო მოწყალება, მასზე უარის თქმა არ ეგების... თან დიდი სიფხიზლეა საჭირო, რათა არ მიგვატოვოს ფუძის ღვთაებამ, განგების წყალობას მოფრთხილება უნდა, პალმირას ბედსვიანობა დიდად არის მასზე დამოკიდებულიო.
სწორედ ამიტომ, საგანგებო კოშკი აუშენა ლონგინოსმა ფუძის გველს იმ ბაღში, ზურმუხტის სასახლეს ირგვლივ რომ ეკრა. ერთიანად პიტალო ქვისგან იყო ნაგები ის კოშკი. ფანჯრები არ ჰქონია, ერთადერთი კარი ჰქონდა, ბაღში გამომავალი იმ კარგის გაღება არავის შეეძლო, ლონგინოსის და დედოფალ ზენობიას გარდა... კოშკის სიღრმეში, პირდაპირ მიწაზე იყო დაბრძანებული ფუძის ღვთაება, ადამიანი-გველი, უწყვეტი ბარაქის წყარო ქალაქ პალმირასთვის. უცხოთაგან იქ ვერავინ შეაღწევდა, მყუდროებას ვერ დაურღვევდა იდუმალ ღვთაებას, მიწიერი ძალები ოქროთი რომ მოსავდნენ.
წელიწადში ერთხელ, მზის ამოსვლისას, გამოაბრძანებდნენ ადამიან-გველს სამზეოზე, ოქროს სამოსელში გახვეულს და გაბრწყინებულს. საგანგებო ტახტრევანით ჩამოატარებდნენ ქალაქის ქუჩებში. ეს იყო საყოველთაო ზეიმის დღე. უშქარი ხალხით ივსებოდა პალმირას ქუჩები. ყველა ხარობდა, დიდი თუ პატარა, ყველას რაღაც განსაკუთრებულად უბრწყინავდა თვალები. არც იყო გასაკვირი, სიხარულს ხომ ოქროს ბრწყინვალებაც ემატებოდა; ოქროთი შემოსილი ღვთაება ირეკლებოდა მათ თვალებში. ირგვლივ ეხვეოდნენ ტახტრევანს, გულმხურვალედ შესთხოვდნენ ადამიან-გველს, არასოდეს მიეტოვებინა ქალაქი პალმირა, უარი არ ეთქვა მის მფარველობაზე. თუ ფუძის გველი მიგვატოვებს, პალმირას ბედსვიანობაც მას გაჰყვებაო, ასე ფიქრობდნენ ქალაქ-მარგალიტის მკვიდრნი.
მზის ჩასვლის შემდეგ ისევ პიტალო კოშკში დააბრუნებდნენ ფუძის გველს, შემოაცლიდნენ ოქროს სამოსელს... როგორც წესი, ამას ლონგინოსი აღასრულებდა. მერე ისევ პირდაპირ მიწაზე დააბრძანებდნენ, რათა კვლავ ავსებულიყო მიწიერი იდუმალებით და ოქროს სამოსელში გახვეულიყო.
ამგვარად, უცხო და არაკეთილმოსურნე თვალისგან თითქოს დაცული ადამიანი-გველი, საგანგებოდ ნაგები პიტალო კედლები ერტყა ირგვლივ, მაგრამ კედლებსაც ხომ თვალები აქვთ... ეს უბრალო ჭეშმარიტება კარგად იცოდა ლონგინოსმა, ბრძნად შობილმა და მრავალსახა გამოცდილებით კიდევ უფრო გამდიდრებულ-დაბრძენებულმა, ამიტომ ასეთი ხერხი იხმარა არაკეთილმოსურნეთა თავგზის ასაბნევად; ჟანგისფერი მდინარის წყალი ძალიან უხდება იმ ღაჟღაჟა ყვავილებს, ჩვენს ბაღში რომ იფურჩქნებიანო. ჰოდა, აზიდვინებდა მსახურებს ჟანგისფერი მდინარის წყალს... ყვავილების მოსარწყავად, თვითონაც გამოიღებდა ხელს ამ დროს ყველას დასანახად... და რა გგონიათ? სრული ჭეშმარიტება გამოდგა შემთხვევით წამოსროლილი სიტყვები, მართლაც საუცხოოდ გაღაღანდნენ ჟანგისფერი მდინარის წყლით მორწმული ყვავილები, მეტად იშვიათი ელფერი შეიძინეს, მანამდე არნახული. მართლაც რომ დაამშვენეს იქაურობა. პეწი და სანდომიანობა შემატეს ზურმუხტის სასახლეს. თითქოს თვით ბუნება ზრუნავდა იმაზე, რაც შეიძლება მდიდრული იერი ჰქონოდა ყოველივეს, თვით ზურმუხტის სასახლეს და მის შემოგარენს. და რაღა თქმა უნდა აღარავის უკვირდა, თუ თვალს მოკრავდნენ, თუ როგორ ეზიდებოდნენ მსახურები ჟანგისფერი მდინარის წყალს ზურმუხტის სასახლისკენ. ბარაქას ბარაქა დაემატა, თანაც ისე, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა სულაც არ ყოფილა საჭირო.
ასეა მუდამ, მსჯელობდა გუნებაში ლონგინოსი, თან სიამით ეღიმებოდა, თუ ბარაქის მდინარე შენსკენ მოიქცა, ყველა მისი შენაკადიც შენსკენ მოედინება. ამას რა სჯობს, ერთი ისღა შევთხოვოთ განგებას, არ შეცვალოს დინება ბარაქის მდინარემ, რათა ზეობდეს დედოფალი ზენობიას სამეფო კარი, სიმდიდრით და სიდარბაისლით განთქმული. ზეობდეს პალმირა, ქალაქი-მარგალიტი, მოშურნეს თვალებს რომ უბრმავებს პეწით და მშვენიერებით.
ჰო, მშვენიერია ეს ყველაფერი, რასაც თვალი შეჰყურებს და ყური ისმენს... იმდენად მშვენიერი, რომ მეშინია, რაიმე არ იმალებოდეს მის მიღმა; ასეთი ფიქრი გამსჭვალავდა ხანდახან ლონგინოსს. განგებას გახუმრება უყვარს, და სწორედ ესაა ყველაზე სახიფათო; ისეთ ფანდს მოიშველიებს, სიზმრადაც რომ ვერ წარმოიდგენ... სრულიად უაზრო, უსახურ და უსუსურ ფანდს, რომელიც ყოვლისშემძლედ გარდაისახება, როდესაც მისი ჟამი დაჰკრავს.
ამიტომ თვალი მუდამ ფხიზლად ეჭირა ლონგინოსს, პალმირას ბურჯს და ქვაკუთხედს, ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა მხედველობიდან. ძველთაძველ გრაგნილებსაც ხშირად ფურცლავდა, მუდამ ახალს ეძიებდა და არც ძველს ივიწყებდა.
ერთი ასეთი თქმაც მოჰყვებოდა ადამიან-გველს, ალბათ ყველაზე იდუმალს ფუძის ღვთაებათა შორის: ,,თვალი მიადევნე, სად გადაცოცდება ფუძის გველი, თაფლის წვეთიც მას გაჰყვება~. ამ უცნაურმა თქმამ სწორედ რომ თავსატეხი გაუჩინა ზენობიას და ლონგინოსს, ბჭობდნენ და ვერაფრით ვერ ამოეხსნათ მისი აზრი.
პირველი სტრიქონი თითქოს გასაგები იყო, ცნობილია, რომ გველები დაცოცავენ, დასრიალებენ... რაღაც ძაფის გაბმა შეიძლებოდა ადამიან-გველსა და ამ სიტყვებს შორის.
რაც შეეხება თაფლის წვეთს, ის სრულიად გაუგებარი ჩანდა ბევრი ეძია და ჩხრიკა ლონგინოსმა, ძველისძველი გრაგნილები ერთიანად გადაქექა... (აქ ზენობიაც ამოუდგა მხარში) გაიკითხ-გამოიკითხა კიდეც... რა თქმა უნდა, მოიარებით... ისეთს ვერაფერს მიაკვლია, რაიმეთი ოდნავ მაინც მიახლოებოდა ამ უცნაურ თქმას.
და მაშინ ასე განსაჯა ლონგინოსმა; იმ გზით ვიაროთ, რომელსაც უკეთესად ვხედავთო. რაღა თქმა უნდა, გველებს შეუძლიათ ცოცვა და სრიალი, ამიტომ რაც შეიძლება მაღალი ზღუდე უნდა ავმართოთ ადამიანი-გველის ირგვლივ, ისე რომ მისი გადალახვა ვეღარ შეიძლოს, ვერც ადამიანმა, ვერც გველმაო. იხმო მშენებელნი, ის ერთადერთი კარიც ამოაქოლვინა პიტალო კოშკში, სასახლის ბაღში რომ იღებოდა. სახურავად რკინის ფურცლებისგან შეკრული კამარა დაადგა თავზე. აღმა მიმავალი ჭა უწოდა ზენობიამ ამ უცნაურ ნაგებობას, როდესაც პირველად იხილა იგი. მართალიც იყო; როგორც ჭას არ შეიძლება ჰქონდეს არც ფანჯარა, არც კარები, ისე არც პიტალო კოშკს გააჩენდა რაიმე ამდაგვარი. მუდამ წყვდიადი სუფევდა მქისე, შეუვალი კედლების შიგნით...
კოშკის ქვემოთ, მიწის სიღრმეში, ძველთაგანვე გვირაბები იყო გაყვანილი. ლონგინოსმა იცოდა მათი არსებობა, და ახლა ძალიანაც გამოადგა. სწორედ მიწისქვეშა გვირაბიდან გაკვალა გზა პიტალო კოშკის წიაღისკენ, ხვეული კიბე პირდაპირ იმ მიწურ იატაკზე ამოიდიოდა, რომელზეც ფუძის გველი იყო დაბრძანებული. გვირაბიდან კიბე რკინის მძიმე კარით იყო გამოცალკევებული, მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო მისი გაღება: დედოფალ ზენობიას და ლონგინოსს.
ესეც არ იკმარა ლონგინოსმა. ბევრი სხვა რამეებიც გადააკეთა... რაღა თქმა უნდა, საიმედოობის თვალსაზრისით. ძველისძველ გვირაბებს ახლებიც დაუმატა, ზოგიერთი რამ საკუთარი ხელითაც გააკეთა, გარჯა არასოდეს ეზარებოდა, ყოველგვარ უბრალო საქმეს ადვილად ჰკიდებდა ხელს. ეს თვისება ძალიანაც დაეხმარა, რომ ნამდვილი მიწისქვეშა ლაბირინთი შეექმნა, რომლის ასავალ-დასავალი არავინ უწყოდა, მის გარდა. ისეთნაირად დაუკავშირა ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბები, სიზმრადაც რომ ვერავინ წარმოიდგენდა.
ამას გარდა, ზურმუხტის სასახლესაც ბევრი რამ შემატა ლონგინოსმა, ორმაგი კედლებით, საიდუმლო დერეფნებით აღჭურვა. ეს ყოველივე საშუალებას იძლეოდა, ისეთნაირად დაგევლო მთელი ზურმუხტის სასახლე, კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა.
გვირაბების ამ ხლართს კიდევ ერთი დამატებითი გამოსასვლელი ჰქონდა, ზურმუხტის სასახლიდან კარგა მოშორებით. ეს გახლდათ მეტად მიყრუებული ადგილი, რომელსაც იშვიათად ეწვეოდა ვინმე. ლონგინოსმა იზრუნა, რათა ეს გამოსასვლელი რაც შეიძლება კარგად შენიღბულიყო ვითომდა შემთხვევით განლაგებული მცენარეებით თუ მომცრო, ქვიანი ბორცვებით.
როცა ყოველივე გასრულდა, ხსენებულმა ლაბირინთმა ასეთი სახე მიიღო; მისი ერთი ბოლო იწყებოდა წინკარში, დედოფალ ზენობიას საძინებელს რომ ესაზღვრებოდა, გრძელდებოდა ადამიანი-გველის საბრძანებელ პიტალო კოშკამდე, მთავრდებოდა ბაღის ყველაზე მიყრუებულ ადგილას, სადაც იშვიათად შეხვდებოდით ვინმეს. ზენობიას ყოველ წამს შეეძლო საიდუმლო კარით გვირაბში ჩასვლა და ფუძის გველის მონახულება, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა. ამით დიდად კმაყოფილი იყო დედოფალი. არც ლონგინოსი მალავდა კმაყოფილებას. ყველაფერი ხელისგულზე გვაქვს, პიტალი კოშკიც და ზურმუხტის სასახლეც, ასე ამბობდა ავის მოსურნეთაგან ვერავინ მიწვდება, ვერც ერთს, ვერც მეორეს, უჯობს, არც კი იფიქროს ამაზე...
რაც შეეხება იდუმალი თქმის მეორე ნაწილს, თაფლის წვეთის შესახებ რომ ღაღადებდა, ამის თაობაზე ასეთი რამ ბრძანა ლონგინოსმა: მისი დავიწყება არ ეგების, თუმცაღა მეტად უცნაურად და თითქოსდა უადგილოდ უღირსო, იქნებ შემთხვევითი სიტყვაა, ვიღაცის მიერ როყიოდ გამოსროლილი. ასედაც ხდება: ბრძნულ ნათქვამს რაიმე უადგილო და უაზრო სიტყვა აედევნება ხანდახან. ეს იმას ჰგავს ეტლის თვალზე რაიმე ნაკუწი რომ აეკვრება. მიდის ეტლი, მიგორავს თვალი, ნაკუწი კი არ შორდება და არა... ჯერჯერობით არაფერი ვიცით ამ ნაკუწის შესახებ, ამდენად ვერც ვერაფერს ვიღონებთ. ერთ რამეში კი ნამდვილად ეჭვი არ მეპარება; ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. იქნებ დადგეს ჟამი, თვითონვე ამეტყველდეს ეს უცნაური თქმა ჩვენთვის გასაგებ ენაზე, რაიმე ისეთი გვითხრას, რის შესახებაც ახლა წარმოდგენაც რომ არ გვაქვს... (რა წინასწარმეტყველური სიტყვებია).



თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპი

    ეს საუბარი ბევრად უფრო აგრე შედგა, ვიდრე შხამიანი სოკო ოქროს გვირგვინს მოირგებდა თავზე . . . ლონგინოსმა თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპი ახსენა დედოფალ ზენობიასთან მუსაიფში, კარგა ხანია, ფიქრებით ირგვლივ ვუტრიალებ ამ მეტად იდუმალ არსებასო, თქვა.
- საბრალო კერპი, მისი იდუმალებისგან ალბათ აღარაფერი დარჩებოდა - გაეცინა ზენობიას.
ლონგინოსსაც გაეღიმა, ღიმილით გააგრძელა სიტყვა:
- როგორც წერია, დიდი ლოდი დაეცა კერპს, თიხისფეხებიანს და ოქროსთავიანს.
- უჯობდა მართლა ლოდი დასცემოდა, ვიდრე შენ დაადგამდი თვალს, - ირ იშლიდა ქილიკს დედოფალი.
ლონგინოსმა რბილად შენიშნა, ჩემი თვალი არავის არაფერს უშავებს, ვინც არაფერს აშავებსო. თიხისფეხებიან კერპს რაც შეეხება, ამ მხრივ  აქ ვერაფერს იტყვი. ერთი რამ ცხადია, მეტისმეტად შეუვალი ჩანს ადამიანური განსჯისთვის.
- ...და ამას ამბობს პალმირას თვალი და ყური; - თქვა ზენობიამ, - რამდენადაც ვიცი, ასე გეძახიან ჩვენს ქალაქში. თვალი, რომელიც ხედავს დაფარულს. ყური, რომელიც ისმენს მიუწვდომელს. რა უნდა იყოს შენთვის შეუვალი.
- ასე მეჩვენება... თუმცა მგონი მაინც მივაგენი რაღაცას.
- არ ვისურვებდი თიხისფეხებიანი კერპის ადგილას ყოფნას. ურჩევია, იღლიაში ამოიჩაროს თავისი ოქროს თავი და სადმე გადაიხვეწოს, სანამ დროა.
ორივემ ხმამაღლა იწყო სიცილი. თითქოს ცხადად ხედავდნენ როგორ გარბოდა თიხ-ისფეხებიანი კერპი იღლიაში ამოჩრილი ოქროს თავით... გარბოდა ბორძიკით, მოუქნელი ტორტმანით, ჯეროვან სამსახურს ვერ უწევდნენ თიხის მყიფე ფეხები.
იცინეს ილაღობეს, მარმარილოს მღვიმე ხალისიანი ხმებით აავსეს. ოქროს თევზებიც კი თითქოს ჩვეულებრივზე სწრაფად და მხიარულად დასრიალებდნენ ზურმუხტისნაპირებიან აუზში, კამკამა წყალს მსუბუქი ჭავლი ათრთოლებდა.
განსაკუთრებით ლონგინოსი ჩანდა კმაყოფილი; მეტად საამოა ზენობიასთან მუსაიფი, სათქმელს მაშინვე თავისუფლად უსწორებს გონების თვალს. თან რაღაც განსაკუთრებული უნარი შესწევს, ყოველივე გააცოცხლოს, სრულიად განსხვავებულად წარმოაჩინოს, თვით ქვასაც კი სულს ჩაუდგამსო... ამით მოსაუბრეს თვითონვე დიდად ეხმარებაო.
მერე ლონგინოსი ისევ მიუბრუნდა თიხისფეხებიანი კერპის შესახებ საუბარს. ჩანდა, გულში მტკიცედ ამოეჭრა, თავისი აზრი და მიხვედრა გაეზიარებინა ზენობიასთვის.
- მინდა გაუწყო, დედოფალო. რაღაც ბილიკი ნამდვილად მოვნიშნე, თიხისფეხებიანი კერპისკენ მიმავალი. ნებას ვითხოვ, გაგიზიარო იგი. შენზე უკეთ ვერავინ განსჯის, რამდენად სწორად მაქვს გეზი აღებული.
ზენობიამ შემოხედა ყურადღებით, ცნობისმოყვარეობის ნაპერწკლები უღვივოდა შუქიან თვალებში. კარგად იცოდა, ამაოდ არ გაირჯებოდა პალმირას თვალი და ყური, ნამდვილად მიაკვლევდა რაიმეს მეტად ღირებულს. თუმცა მხიარულებას მაინც ვერ ელეოდა, კვლავ ღიმილი ეხატა სახეზე.
- კარგად იცი, დედოფალო, ყარიბად დავდივარ ხანდახან, მათხოვრის ფლასში გამოხვეული.
ზენობიამ თავი დაუქნია, სახის იერი შედარებით დინჯი გაუხდა.
- ...ბევრი რამ ვნახე ყარიბობისას ისეთი, რასაც სხვანაირად ვერ ვნახავდი. ანდა უბრალოდ, ყურადღებასაც კი არ მივაქცევდი. თითქოს რომელიღაცა ფარდა გადაიწია ჩემს თვალწინ, სუ სხვა სურათები წარმოჩინდნენ. ერთ მათგანს გავიხსენებ, ვეცდები, ცხადად დაგისურათხატო.
მდიდარი კაცი ვინმე მოსეირნობდა ქუჩაში. როგორც იტყვიან, მთელი ქუჩა თან მოჰქონდა: იფიქრებდი, ოქროს ქანდაკებას აუდგამს ფეხიო, იმდნი ოქრო და თვალმარგალიტი აესხა ტანფეხზე. თმაც ოქროს დიადემით შეეკრა, რაც მისი დიდებული წარმომავლობის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო უთუოდ.
რაღა თქმა უნდა, თან მხლებლებიც მოჰყვებოდნან, საპატიო მანძილზე. ხელი ყველას ხმლის ვადაზე ედო, ავად იბღვირებოდნენ, სრულ მზადყოფნას განასახიერებდნენ, ვინიცობაა რაიმე საფრთხე დამუქრებოდა მათ მბრძანებელს, თავით ფეხებამდე ოქროს ქანდაკებასავით გაბრწყინებულს.
გზად შემხვედრნი კრძალვით დგებოდნენ განზე, გზას უთმობდნენ მოსეირნე დიდებულს. არ დაუთმობდნენ და, მათი აჯობებდა; ხმლის ცემით მაშინვე გვერდზე მიჰყრიდნენ მდიდარი კაცის მხლებლები, თანაც ამ დროს ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ სიჩაუქეში. ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომაც არ ახანებდნენ სავალი გზიდან განზე გადგომას.
მხოლოდ ეს იყო, თვალებს აძლევდნენ სრულ გასაქანს გზად შემხვედრნი, ხარბად ათვალიერებდნენ მდიდრის სამოსელს, ოქროთი და თვალმარგალიტით გაბრწყინებულს. უსაზღვრო შური იკითხებოდა მათ გამოხედვაში, თუმცაღა ყველა მალავდა ამას, ერთნაირი ფარისევლური ღიმილი ეხატათ სახეზე.
ჰოდა, ასე: მოსეირნობდა ოქროში ჩამჯდარი დიდებული შუა ქუჩაში, თან მოჰყვებოდა მხლებლების დაბღვერილი მზერა; იცოდეთ, არავის დაგზოგავთო, ცხადად რომ ამბობდა. წინ ხვდებოდა ხარბი და შურიანი მზერა, ფარისევლური ღიმილის მიღმა ჩასაფრებული. ეს ორი მზერა ერთმანეთში არ ერეოდა, ისინი თანაარსებობდნენ, რაღაც მეტად იდუმალი, გამოუცნობი წინასწარშეთანხმებით, დინჯად, თავდაჭერილად ინაცვლებდნენ ადგილს ერთმანეთის მიმართ. ვერერთი ვერ გაასწრებდა მეორეს, ვერც ჩამორჩებოდა, მათ მიჯნაზე კი ოქროში ჩამჯდარი მდიდარი ბრწყინავდა ნიშანსვეტივით.
გაოცებული დავრჩი მეტად ამ სანახაობით, დედოფალო... და მაშინ ვთქვი ჩემთვის გულში, რაც არაერთხელ მითქვამს საკუთარი თავისთვის: ამაოდ არ ვკარგავ დროს, ყარიბობის ბილიკს რომ ვთელავ; მე ამ მზერათა უცნაურ გადაჯაჭვას სხვაგვარად ვერ დავინახავდი, თუ არა ყარიბობისას.
ფიქრებში გართული მეც ნელნელა ვინაცვლებდი ადგილს, მივყვებოდი ორგვარი მზერის მიჯნას, ასე მოულოდნელად გაცხადებულს ჩემთვის. ნეტავი რა უნდა იყოს, ამ უცნაური თანაარსებობის მიზეზი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რამ შვა იგი...
უცბად რაღაც შემოიჭრა ორგვარ მზერათა უსიტყვო თანაარსებობის წიღაში, გატყორცნილ ქვასავით მძიმე და ულმობელი. რა უნდა ყოფილიყო? თითქოსდა ისეთი არაფერი, ისიც მზერა იყო, ანუ; ვიღაცამ გზად შემხვედრთაგან, სხვებზე მეტად გამბედავმა და სულსწრაფმა, წინ გადაუსწრო ოქროში ჩამჯდარ მდიდარს, უცბად შემოტრიალდა და შეხედა... ო, რა მძიმე მზერით შეხედა; შური, ბოღმა, სიხარბე, ბრძოლისთვის მუდამ მზადმყოფი, ცხოველური ულმობელობა, და რაღაც უფრო მეტიც... ეს ყველაფერი ერთხმად ღაღადებდა და ხმიანებდა მასში. ერთი სიტყვით, მან თავის თავში დაიტია იმ ორგვარ მზერათა მთელი ჯაჭვი, რომლის მიჯნაზეც ოქროში ჩამჯდარი დიდებული მოსეირნობდა. ჯაჭვი, რაღაც გამოუცნობი წინასწარშეთანხმებით რომ თანაარსებობდნენ, და მგონი გადაამეტა კიდეც.
მომეჩვენა, რომ მან მზერა კი რა გაუსწორა ოქროში ჩამჯდარ მდიდარს, არამედ ლოდი გატყორცნა მისკენ... ჭეშმარიტად ასე იყო, დედოფალო. სხვას ვერაფერს შეადარებდი. მართლა რომ ლოდად ქცეულიყო იგი, წამში იქვე შემუსრავდა ოქროში ჩამჯდარ მდიდარს და მის მხლებლებსაც ზედ მიაყოლებდა. ბევრი ვიფიქრე შემდგომში ამაზე, და ასეთ დასკვნამდე მივედი: ჩემი აზრით, სწორედ მზერაა ის ლოდი, ოქროსთავიან და თიხისფეხებიან კერპს რომ დაეცა და შემუსრა... ხარბი და შურიანი მზერა, ცხოველური ულმობელობით და სიმდაბლით გაჯერებული, განუყოფლად გადაჯაჭვული ოქროში ჩამჯდარ მდიდარზე.
ლონგინოსი გაჩუმდა, კითხვის თვალით შეხედა დედოფალ ზენობიას, აბა, რა აზრისაა ჩემს მიერ თქმულზეო.
ზენობია აღარ იღიმებოდა, თვალებგაფართოებული შესცქეროდა ლონგინოსს, ერთიანად ყურადღება ქცეული.
- ლოდი ხელისუკვრელად მოწყდა კლდეს, - ჩაილაპარაკა ბოლოს მან. - მახსოვს, ასე წერია...
- იმ ლოდს არ სჭირდება ხელისკვრა, დედოფალო. ისედაც წინ მიექანება, სიმდიდრის და ოქროს ბრწყინვალება მაგნიტივით იზიდავს და იმიტომ. სადაც ოქროა, სიხარბის და შურის ღვარძლიც იქაა, ლოდივით მძიმე მზერა განუყრელად თან სხევს ჩვენს ცოდვილ მიწაზე ოქროს მოგზაურობას.
ზენობია რამდენიმე წამით დაფიქრებული იყო, ჩუმად გაისიგრძეგანა მოსმენილი. ჩანდა, მეტად საინტერესო ეჩვენა იგი.
- თვითონ კერპის სხეულის შესახებ რაღას იტყვი? - იკითხა ბოლოს ზენობიამ, - ის ხომ მრავალი შრისგან შედგება...
- ჭეშმარიტად, მრავალი შრისგან შედგება ის კერპი, დედოფალო. მას მხოლოდ თავი ჰქონდა ოქროსი... ჩემი აზრით, სულ ტყუილად ეძიებენ იმ კერპის სხვადასხვა შრეებში სხვადასხვა სამეფოები.
მე სულ სხვა რამ მგონია. რომელიმე ერთერთ სამეფოს როდი ასახავს კერპის ოქროს თავი, თუნდაც ზეაღმატებულს სიმდიდრით და ძლევამოსილებით... არა, დედოფალო. ჩემი აზრით, კერპის ოქროს თავმა ყველა სამეფოს ძლევამოსილება განასახიერო, რომელიც კი ოდესმე დედამიწაზე აღზევებულა, ერთ ნასკვად შეკრა ყოველი მათგანი. 
- გამოდის, რომ ყველა სამეფო ტახტი კერპის ოქროს თავის ერთერთი ნაწილია, მას ესაზღვრება რაღაცით...
- ჭეშმარიტს ბრძანებ, დედოფალო. კერპის ოქროს თავმა საკუთარ წიაღში დაიტია ყველა ოქროს ტახტი, რომლებზეც მეფეები სუფევენ...
- ვერცხლის მკერდი და ხელები აქვს ოქროსთავიან კერპს. მაგაზედაც იფიქრებდი ალბათ.
- რაღა თქმა უნდა, დედოფალო. ოქროს თავს ვერცხლის შრე მოსდევს, არც ისაა რომელიმე სამეფოთაგანი, თუნდაც რაიმეთი მოკრძალებული ოქროს თავის სუფევასთან შედარებით.
მე მგონი, ვერცხლის მკერდი და ხელები იმ მოქალაქეთა რიცხვმრავლობას განასახიერებს, გამორჩეულები რომ არიან რაღაცით; ნიჭით, მდგომარეობით, თუნდაც სიმდიდრე ვთქვათ... ამ გაგებით ისინიც ძლევამოსილნი არიან, ანუ ახლოს იმყოფებიან ოქროს თავთან, ძალაუფლების სიმბოლოსთან, თუმცაღა ბევრად ჩამორჩებიან თვითონ მას. ამიტომაც უფრო მოკრძალებული ადგილია მათი ხვედრი, ეს იგულისხმება ვერცხლის მკერდსა და ხელებში.
- თუ არ ვცდები, სპილენძის თეძოები უნდა ჰქონდეს ოქროსთავიან კერპს, - თქვა ზენობიამ, - ალბათ ესეც ადამიანთა შრეა...
- ცხადია, დედოფალო. სპილენძის შრეც ადამიანთა რომელიმე რიცხვმრავლობას გვიჩვენებს. ესაა მდგომარეობა შუალედური ადგილი რომ უკავია სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის... თან გამუდმებით მიმოიქცევა...
აქ მეტად ჭრელი სურათი იხატება, სპილენძი ხომ გამუდმებით იცვლის სახეს. იგი ხან ბრწყინავს, როგორც ოქრო... თუმცა ოქრო ვერ არის... ხანაც სრულიად კარგავს ფერს, სიმწვანეს გადაიკრავს, თითქოს ცდილობს, გარემოს შეერწყას, სრულიად გაქრეს თვალთახედვიდან. მუდამ ასე მიმოიქცევა იგი, ბრწყინვალებასა და სრულ გაუფერულებას შორის, ანუ ჭეშმარიტსა და მოჩვენებითს შორის. ადამიანებსაც აქვთ ეს ნიშანთვისებები... მრავლად შემხვედრია ასეთები მოუსვენარნი, მარად ცვალებადნი... სპილენძის შრეც სწორედ მათი სურათხატებაა.
- შემდეგი შრე მგონი რკინაა...
- რკინაა... რკინის ბარძაყები აქვს თიხისფეხებიან კერპს. ეს შრე ყველაზე უფრო ქმედითუნარიანი ადამიანთა მრავალრიცხოვნობას განასახიერებს. ჩემი აზრით, რკინა სწორედ ამის ნიშანი უნდა იყოს, და აი რატომ: რკინისგან მზადდება ყოველგვარი იარაღი, საომარი თუ სამუშაო, ამას აქ მნიშვნელობა აღარ აქვს... რკინის ბარძაყები იმ ადამიანების მდგომარეობას ასახავს, რომელთა ხელები უშუალოდ ეხება რკინისგან დამზადებულ იარაღებს, საკუთარი მარჯვენით მოიპოვებენ საარსებო ლუკმაპურს. ცხოვრების ტვირთიც, უწინარეს ყოვლისა, მათ წილად მოდის.
- თიხის ფეხებზეც თქვი რაიმე, რომლებზეც ოქროსთავიანი კერპი დგას.
- მაგის შესახებ მოგახსენებ, დედოფალო. დაწერილია, რომ კერპის ფეხები თიხის და რკინის ნარევია, მათ კი სხვადასხვა ბუნება აქვთ. თიხა მეტისმეტად მყიფეა, საყრდენად ვერ გამოდგება, თან ბევრი ჭუჭყიც ახლავს. ადამიანური ბუნების ბნელ მხარეს ვგულისხმობ, აკი ყველა შრე ადამიანის რომელიმე ნიშანთვისებას ასახავს... თიხა აქ არის ფარისევლობა, შური, გაუტანლობა, ზღვარდაუდებელი სიხარბე... რომელი ერთი ჩამოთვალო, იგი მეტისმეტად ღვარძლიანი ნაზავია, ადამიანის განუყრელი თანმდევი.
სულ სხვაა რკინა, მასში შერეული. იგი თვით სიმართლეა, რწმენა და პირდაპირობა. ეს ორი რამ, თიხა და რკინა, ერთმანეთთან შეუთავსებელნი არიან, ვერ გადაადნობ ერთმანეთში. ზუსტად ისე, როგორც სიცრუე და სიმართლეა ერთმანეთთან შეუთავსებელი. ან ერთი უნდა აირჩიოს ადამიანმა, ან მეორე. მუდამ ამ არჩევანშია, და მუდამ არამდგრადია მისი ყოფა... სიცრუე მყიფეა, როგორც თვით თიხა, ადვილად მოწყლვადია. ჰოდა, მყიფე და ადვილად მოწყლვადი თიხისფეხებიანი კერპმა ვერ შეძლო მიწაზე მკვიდრად დანდობა. ეს მაშინ მოხდებოდა, ამას მაშინ შეძლებდა, სიმართლე რომ აერჩია თავის წინამძღვრად... ანუ მთლიანად რკინად ქცეულიყვნენ ოქროსთავიანი კერპის თიხის ფეხები. ადამიანური ბუნების არამდგრადობა და სიმდაბლეა ამის მიზეზი.
- სამეფო, რომელიც დაამსხვრევს თიხისფეხებიან კერპს, თვითონ კი იდგება უკუნითი უკუნისამდე - თითქოს სიზმარშიაო, ისე წარმოთქვა ზენობიამ, თან სადღაც შორს გაიყურებოდა გაფართოებული თვალებით.
- ყველაზე მეტი საფიქრალი სწორედ მაგ სამეფომ გამიჩინა, ვგონებ, რაღაცას მივაკვლიე... ეს არ არის ჩვეულებრივი სამეფო. ეს იგივე დროა, ანუ თვით მარადისობა, დროს ვერაფერი უძლებს, მის ძლევამოსილებას წინ ვერაფერი დაუდგება. ცხადია, ეს სამეფოებსაც ეხება... მოაწევს ჟამი, სამეფოც დაემხობა, თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპი. თვითონ დროს, ანუ მარადისობას, ამით არაფერი დააკლდება... იგი იდგება უკუნითი უკუნისამდე.
- ლოდი ისე გაიზარდა, მთელი დედამიწა მოიცვა. - ხმამაღლა თქვა ზენობიამ და ლონგინოსს მიაპყრო შუქიანი თვალები, - მე ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. მთელი დედამიწა მოიფინა სამეფოებით, ანუ ოქროსთავიანი და რკინისფეხებიანი კერპებით, საითაც არ უნდა გაეშურო, ყველგან გადაეყრები რომელიმე სამეფოს. მათთან ერთად აუცილებლად დაინახავ ლოდივით მძიმე, ბოღმიან მზერასაც, რომელიც ოქროსთავიან კერპზეა მიჯაჭვული. სწორედ ესაა ლოდი, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა.
ლონგინოსს გაეღიმა, ჭეშმარიტად საამოა ზენობიასთან საუბარი, მისი გონება ფრთებგაშლილი ფრინველივით ლაღად მოგყვება მხარდამხარ.
- ასეა, დედოფალო. უთვალავი სამეფოებით მოიფინა მთელი დედამიწა, სწორედ თიხისფეხებიან კერპს განასახიერებენ ყველანი, ბედიც მისი ელით, ლოდი (ანუ ლოდივით მძიმე მზერა) დაიძვრება ხელისუკვრელად, რადგან კერპის ოქროს თავი მაგნიტივით იზიდავს მას.
ორივენი გაჩუმდნენ, ცალკცალკე ჩაუღრმავდნენ თავიანთ საფიქრალს. კარგა ხანს არ ამოუღიათ ხმა. ზენობია პურს ანამცეცებდა და წყალში უყრიდა თევზებს. ისინიც ჭრელი კარუსელივით ტრიალებდნენ აღმა-დაღმა წყლის სიზრქეში.
მერე ზენობიამ ხმადაბლა თქვა:
- პალმირაც ხომ ერთერთი იმათგანია...
ლონგინოსმა უხმოდ დაუქნია თავი. მისთვის ცხადი იყო, რასაც გულისხმობდა დედოფალი; ოქროსთავიან და თიხისფეხებიან კერპებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები