ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2016


მისი უდიდებულესობა-ამინდი(მზიან ამინდში წასაკითხი ამბავი)



                                                                                                                                                                                        ,,ის არის კარგი, რაც შეიძლება რომ შეირყვნეს.“
                                                                           
                                                                                                                                                                                                                                              ჯეიმზ ჯოისი


 
  ვუყურებ, როგორ ემზადება კლდიდან გადმოსახტომად. ხუთ მეტრზე მეტი არ იქნება, მაგრამ, ეტყობა, ორჭოფობს. ოცი წუთი მაინც იქნება, წამოდგება, გადმოხედავს ზღვას და ისევ დაჯდება. სხვები მიყოლებით ხტებიან. ბიჭები, უმეტესად. ზოგი გადმოხედავს ზღვას და შეშინებული ჩამოდის უკან.
  საოცრად ცურავს. მთელი სიამოვნებაა მისი ყურება. ნაპირზე რომ ამოდის ხოლმე, ერთიანად სველი, იფიქრებ, წინა ცხოვრებაში წყალში იცხოვრებდაო. იმდენხანს ჩერდება წყალქვეშ, სანამ გული არ გამისკდება ხოლმე. პრინციპში, მე რას ვიხეთქავ, ერთი. ქმარი ჰყავს და იმან იდარდოს.
  აი, კიდევ წამოდგა ფეხზე. ეშინია აშკარად. რაზე ფიქრობს, ნეტავ? ამდენი ფიქრის მერე უფრო გაუჭირდება. მიდი, გადმოხტი.
  თითქოს გაიგო ჩემი ხმა: ხელი ცხვირზე მოიჭირა და ფეხებით დაეშვა. რამდენიმე წამში ამოყო წყლიდან თავი და ნაპირისკენ დაიძრა.
  რაღაც თქვა, ცხელ ქვაზე ჩამოჯდა და თმა გაიწურა.
  მის ქმარს გავხედე. თვალები მოეჭუტა მზის გამო და უემოციოდ უყურებდა.



  ჰერდა მასზე შვიდი წლით უფროსი იყო. მაშინ დიდ სხვაობად ითვლებოდა. თვითონ 15 წლის ბიჭი იყო იმ დროს და ჰერდას დედის კაფეში მუშაობდა. უფრო სწორად, მამამისს ეხმარებოდა პროდუქტის გადაზიდვა-გადმოზიდვაში. სხვა კაფეებშიც დადიოდა მამამისი, ის კი ჰერდას კაფეში რჩებოდა, ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო იქ და ჰერდასთვის ეყურებინა. როცა ის ელაპარაკებოდა, ეს ყოველთვის ჯიბეებში მალავდა ხელებს. სულელური ჩვევა იყო.
  ჰერდა საოცრად ჰგავდა თავის ჭრელ, ფრიალა სარაფნებს. ის რომ გაიცინებდა, მთელ ქუჩას ესმოდა. სიცილით ეტყოდა ხოლმე ბიჭს:
  ეგრე ნუ მაშტერდები, ხალხი ხედავს და ჰგონიათ, რომ პატარები მომწონსო;
  მამაშენს შეახსენე, რომ დედაშენი გელოდებათ სახლში, თორემ ხომ ხედავ, ენაგადმოგდებული მიყურებსო;
  კლიენტები ერთმანეთს რომ აკოცებენ, გვერდზე გაიხედეო;
  რამდენჯერ გითხარი, ნუ მოგაქვს საჩუქრები. კაცები სასაჩუქრე პარკებით ხელში ყოველთვის იდიოტებივით გამოიყურებიანო;
  ნეტა, კაცი რომ დაილიოს ამქვეყნად, შენ აგარჩევდი თუ მამაშენსო-და გულიანად გაიცინებდა.
    მამამისი უთქმელი კაცი იყო. თქმა რად უნდოდა, ფრიალა სარაფანში გამოწყობილ, ჰერდას უსაშველოდ გრძელ ფეხებს რომ დაინახავდა, ხელისგულები ისე უსველდებოდა, როგორც თვითონ ბიჭს, როცა სახლში მარტო დარჩენილს მსუბუქი პორნოგრაფია ღრმა ეროტიკულ ფიქრებს აღუძრავდა.
    მამამისს გონებაშიც არ უნდოდა იმის გავლება, რომ მამა-შვილს ერთი ქალი მოსწონდა.
    მამა ბაბუას ჰგავდა. ბაბუასაც ახალგაზრდა გოგონები ესიზმრებოდა. სამაგიეროდ, ბაბუა ბევრს ლაპარაკობდა. განსაკუთრებით, თავის ცოლზე. დაჯდებოდა ხოლმე ჰერდას კაფეში, ცივზე ცივ ფორთოხლის წვენს სვამდა, წამდაუწუმ იწმენდდა ოფლს, კისერზე მოხვეულ ცხვირსახოცს მალ-მალე ისწორებდა და გაუთავებლად ჰყვებოდა ცოლზე. ერთხელ ჰკითხა ჰერდამ, ლამაზიაო. ამან უპასუხა, არა, დაბერდაო. მას შემდეგ აღარ მოსწონდა ჰერდას ბაბუა. არც შვილიშვილს ესმოდა, რატომ ლაპარაკობდა ეს კაცი ბებიაზე ამდენს, როცა ცხოვრებაში უამრავი ქალი ჰყოლია. ბოლოს კი მაინც ერთადერთი ძუკნა შემორჩა-ძაღლი.
  ერთ დღეს ჰერდას ხის სახლი ჩამოიქცა. მამამ რომ გააღვიძა, მაშინვე წამოხტა და ქარის სისწრაფით გავარდა მასთან. მას მერე ხშირად იხსენებდა ხოლმე, როგორ იდგა ტრაგედიის დღეს ჰერდა გამჭვირვალეხალათშემოცმული. ბიჭი რომ დაინახა, მივიდა და ანგარიშმიუცემლად ჩაეხუტა.
-დედაჩემი მოკვდა.-უთხრა და გაჩუმდა.
  ის კი იდგა და ცდილობდა, არ ეფიქრა იმაზე, რომ ნახევრადგამჭვირვალე ხალათში მდგომი ჰერდა სწორედ მას ეხუტებოდა.
  დედამისის გარდაცვალებისა და სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ჰერდა კაფეში გადავიდა საცხოვრებლად. ერთდროულად იქ ცხოვრება და მუშაობა არ გამოუვიდა და ცოტახანში კაფე დახურა. სამაგიეროდ, სახლის კარი გააღო ფართოდ.
  არ იცოდა, მამამისიც დადიოდა თუ არა ჰერდასთან. არც უნდოდა სცოდნოდა. ერთადერთხელ მივიდა მასთან. ჰერდა მიწის თხილს ხალავდა და წამდაუწუმ, უჩვეულოდ გრძელი თითებით ურევდა ტაფაში. უბრალო, კოჭებამდე კაბა  ეცვა და თმა კისერზე აეკეცა. არ ვიცი, რას ელოდა ბიჭი, მაგრამ ასე ჩაცმული თუ დახვდებოდა, არ ეგონა. ძალიან საცოდავი ჩანდა იქაურობა ხალხის გარეშე. ყველა ფანჯარა ღია იყო და ოთახში მაინც ჯოჯოხეთურად ცხელოდა.
-მომიყევი შენზე, მამაშენს კიდევ ეხმარები?
-აღარ.
-რატომ?
  არ უპასუხია. ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები ამოიღო და დემონსტრაციულად დაიდო მუხლებზე. დაძაბული უყურება ჰერდას ოფლისგან დაცვარულ კისერს და თეძოებზე მომდგარ, თხელ კაბას.
-აღარ მოდიხარ, აღარ მელაპარაკები.-თითქოს უსაყვედურა, თხილი თითებში მოიქცია, გაფცქვნა, სული შეუბერა და გასინჯა.
-სხვები მოდიან სამაგიეროდ.
-გწყინს?-გაუღიმა.-გწყინს.-ისევ გაუღიმა და თხილს მიუბრუნდა.-გახსოვს, რომ ვამბობდი, ნეტა, ქვეყნად კაცი რომ დაილიოს, შენ აგირჩევ თუ მამაშენს-მეთქი. კაცები არ დალეულან, მაგრამ ვიცი პასუხი: შენ.
  ბიჭმა ორი წამი შეიცადა, მერე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?-უკვე ქუჩაში მიმავალს დააწია ჰერდამ.
  ბიჭი არ გაჩერებულა. არც მიბრუნებულა. იმ პასუხის მოსმენა უნდოდა. მეტი არც არაფრისთვის მისულა.



  ახლაც, წლების შემდეგ, როცა უყურებს გრძელფეხება და სიცილიან ჰერდას ქმრის გვერდით, ახლაც კი ყველაზე მძაფრად ის მომენტი ახსოვს მთელი ბავშვობიდან, როგორ იდგა ჰერდა ნახევრადჩამონგრეული სახლის წინ ნახევრადგამჭვირვალე ხალათში.
  თვალი მოაცილა ჰერდას თეთრ კბილებსა და  ქმრის უემოციო სახეს, გახედა ზღვას, რომელიც ყოველთვის ჰერდას აგონებდა და გაიფიქრა:
-იქნებ, ჩემი ცოლი რომ გამხდარიყო, წლების მერე მეც ვეღარ შემემჩნია მისი სილამაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები