ნაწარმოებები



ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2016


ნიკიფორე დონხუილოს თავგადასავალი

ზაფხულის ბოლო იყო, კარს მომდგარი ხვავრიელი შემოდგომის სურნელი, სიცხით გათანგული , გაოფლილი მოქალაქეების სუნს ერეოდა და მცირედით  ასატანს ხდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.
ეს ის დროა მარწყვისა და ბლის გარდა ყველა სხვა  ხილი და ბოსტნეული იაფია რომაა და თუ "პახმელიაზე" ცივი კომპოტი (განსაკუთრებით კომშის და ატმის ) გიყვარს  და შემწვარი კარტოფილის უტყემლოდ ჭამას დანაშაულად თვლი, გასაკვირი არაა  თადარიგი  დაიჭირო და დედას  კომპოტებისა და ტყემალ საწებლების გაკეთება სთხოვო.

ჰოდა ზუსტად მაგ თხოვნის პასუხად მომიგო  დედაჩემა  " მიდი    საკუჭნაოში შეიხედე , კომპოტი    და ტყემალი რომ გიყვარს როგორ ფიქრობ იმ ქილებს და ბოთლებს შენახვა არ უნდა?  გამოგიტენია  იქაურობა  ყუთებით, ის ყუთები  სამსახურიდან წამოღებული  ქაღალდებით  და კიდევ  წიგნებით რომლებიც არც  წაგიკიტხავს და არც  არავინ არასდროს  წაიკითხავს , გადახედე დარწმუნებული ვარ , უმეტესობა გადასაყრელი აღმოჩნდება.
გადაყრა არ გინდა?--მაკულატურაში  ჩააბარე, თუ  მაკულატურისთვის არ გემეტება,  იქნებ  გააბრიყვო ვინმე  და იჩუქოს,  მაგას რომ იზამ მერე მივხედოთ  ზამთრის სამზადისსო.
მატკინა,  ამ  სიტყვებმა  გული, (არ კი შევიმჩნიე)  მაგრამ  იყო ჭეშმარიტების მარცვალი დედაჩემის სიტყვებში, თანაც ისეთი საღი, რომ თუ გულდასმით გადავათვალიერებდი  საბუთებითა და წიგნებით სავსე ყუთებს , ამ მარცვალს გაღივება არ გაუჭირდებოდა.

კარგი მეთქი  დავპირდი და როგორც დამჯერ შვილს მეკადრებოდა, პირველსავე უქმე დღეს ჩავუჯექი ამ საქმეს, მართლაც სავსე დამხვდა საკუჭნაო.  ყუთები დიდი -პატარა, ზოგი ძველი ზოგიც ახალი, იმ  გათვლასავით იყო  რა გინდა მითხარით რომ მთავრდება.
ეგ იყო ,მივხვდი ამას ერთი დღე  არ ეყოფოდა,  და რადგან გადმოლაგებული  ყუთების  უკან  შელაგების არც სურვილი მქონდა არც  დრო,  (ბევრი დაგროვებულიყო ამასობასი, ამდენი ნამდვილად არ მახსოვდა.) საკუჭნაოდან გადმოვალაგული  ყუთები ჩემს ოთახში შევზიდე, ზოგი ჭირი მარგებელიაო და  რამდენიმე იდიომატური  გამონათქვამისთვის  საჩინო  მაგალითად იქცა ჩემი ოთახი, სადაც  კუდიქნევია თაგვისთვის  ადგილი არ იყო, ხოლო საწოლამდე და საწერ მაგიდამდე  დედათა ბუნებასავით  იწრო  გზა  მქონდა დატოვებული.
რაღაი დავიწყე, კიდევაც  შევუდექი საქმეს .

სტრატეგია  უბრალო მქონდა ,თავდაპირველად  მომცრო ყუთების შიგთავსის გადათვალიერება ვარჩიე, რათა  გადასყრელ-ჩასაბარებელ-გასაჩუქებელი  დროულად  გამეცალკავებინა და  ოთახში  სასიცოცხლოდ  აუცილებელი  სივრცე  მალევე  გამომეთავისუფლებინა. 
საქმის ბოლომდე გალევას ,  კაი  ხანი  დასჭირდებოდა ეგ თავშივე მოგახსენეთ.
ეს საქმე კიდევ  ასეა; ამოალაგებ ძველ  წიგნებს,  ნაწერებს, მტვერს სულს შეუბერავ(ყუთშიაც იმტვერება), გადახედავ,  გაგახსენდება  ის დრო ,როცა ამ წიგნს კითხულობდი, ან  წერდი რასმეს , გაგითვალნათელდება  მაშინდელი ამბები ,  დღეს უკვე  ქვეყნისთვის ისტორია ,  შენთვის კი ბიოგრაფის ნაწილი  რომ დამხდარა.    გულს სევდა შემოგაწვება , ხვდები  რა სწრაფად  რბენიან  დღენი--კამათელნი,  რა ულმობელია სრბოლა ჟამისა,  რა ხანი  გასულა ,როგორ შეცვლილხარ.
ძველი ფოტოალბომების თვალიერაბას ჰგავს ეს ყველაფერი, კარგია  შედარებისას თუ აღმოაჩენ რომ დაბრძენებულხარ , ჭკვა მოგმატებია, თუმც  უმეტესად  მოწოლილი სევდა იმის ბრალია, რომ  დაშტერებას  უფრო ატყობ თავს. მოკლედ...


ამოვაწყვე    ქაღალდები, სადაც უმრავლესობა ჩემი ბავშობისა და ყმაწვილობის დროინდელი ნაწერები თუ ჩანაწერები  აღმოჩნდა , მომადგა თვალზე ცრემლი ,  დაიბუდა გულში სევდამ , რა კარგი ყმაწვილი ვყოფილვარ  გამეფიქრა სიამაყით, საკაცობრიო თემებზე მყვარებია წერა და მსჯელობა.
გამახსენა რომ ,სამყაროს შეცვლას და  უკეთ მოწყობას ვეპირებოდი  ,  ველოდი რაღაც მსგავს , მაგრამ ასე    თავგამოდებული რევოლუციონერი თუ ვიყავი ბალღობაში აღარ მახსოვდა, არანაირი მემარჯვენეობა,  მემარცხენე ცენტრისტობაც კი არა, მემერცხენე  მემარცხენე  , ოხერი ექსტრემისტი  ვყოფილვარ.
მემარცხენეობის ყველა მამა , უბრალოდ  მემარცხენე  ჩემნაირ  მიმდევარს და  საქმის გამგრძელებელს რომ ინატრებდა ის ვიყავი. ამ ნაწერებს  ვერ გადავყრიდი ვერა,  გამოვტყდები  სულო ცოდვილო და  ისიც კი  გამეოცნება,  რომ ეს ხელნაწერები შეიძლება,  ჩემი ამა სოფლიდან გასვლის(კარგა ხნის) შემდეგ,  ჩემივე  სახელის უკვდასამყოფად გამომდგარიყო.

ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ  დამარწმუნა ,რომ ოცნება ბრიყვთა წესია.

მერე გამოჩნდენ წიგნები სერიიდან "მე ხომ ფიზიკოსიც  ვიყავ."
დახვავდა ბერკლის ტომები  , წიგნები კოჰერენტულ ოპტიკაზედ, თეორია  კვანტთა და ელემენტარულ ნაწილაკთა  და კიდევ  ბევრი  ფიზიკური  სამყაროს უკეთ გაცნობაში რომ მეხმარებოდნენ თავის დროზე,  არც ესენი მემეტებოდნენ გადასყრელად, ვერც მაკულატურისთვის გავიმეტებდი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილის , ერთი შეხედვით ,უტყვ მოწმეებს.  დასასაჩუქრებელი კანდიდატიც არ მიჩანდა  "მეგობრულ" ჰორიზონტზე, ისევ ყუთში მოუწევდათ ცდა  უკეტესი მომავლის მოლოდინში.
სულიერი საკვების  თვალიერებაში    ბოლოსკენ  გასულს  უცხო  წიგნი  შემხვდა.
გამიკვრდა, რადგან  სხვა წიგნებისაგან  განსხვავებით ახალივით იმზირებოდა.  სათაურად  , "მოყვარული მოგზაურის ჩანაწერები"
გადავშალე ,  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული  ,  საუცხოოო ფოტოებით  დასურათხატებული წიგნი აღმოჩნდა. 

იმდენად მშობლიური და ნაცნობი  ჩანდნენ  ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები  თუ ადგილთა პეიზაჟები  , ვიფიქრე  კიდევ  ერთი  უცხოელის საქართველოში მოგზაურობის ამბები იქნება მეტქი, მაგარამ ვერ მომართვეს, ავტორი ,ვინმე ნიკიფორე  დონხუილო აღმოჩნდა.  რომლის სახელიცა და გვარიც,  ჩემს ვერსიას  თითქოსდა  ამყარებდა და    რომლის  ფოტოც,  კვერცხის  უზარმაზარი ქანდაკების  ფონზე გადაღებული,    პირველსავე გვერდზე  შემხვდა . 
მაგრამ , სათაურის    ქვეშ  ფრჩხილებში  მითითებული  სამი ქვეყნის სახელიდან  , სადაც იმუგზაურა და შემდეგ  მოგზაურობიდან  მიღებულ  შთაბეჭდილებს გვიზიარებდა ავტორი,    საქართველო არცერთი არ იყო. ეგ კი არა  ასეთი ქვეყნები არც არასდროს გამეგო, და  ნახვით ხომ  რაღა თქმა უნდა  არ მენახა .

ქვეყნებს სახუეთი , ხუმბარი  და  ხუსკიტია ერქვა.

ვიფიქრე ,ეს სახელები  ბოლო დროინდელი  პოლიტიკური კატაკლიზმებ-მიწისძვრების  შემდეგ, რომელიმე ჩემთვის ცნობილ სახელწიფოთა  ძველი  სახელები იქნებოდა, დღევანდელ პოლიტიკურ  რუკაზე სულ სხვა სახელითა და გვარით რომ მოიხსენიებიან.
აბა ვიღას ახსოვს  დღევანდელი მიანმარი , უწინდელი ბირმა რომაა , ან  დედაქალაქი მისი იანგინი , უწინ ფრიად კეთილხმოვან რანგუნად  რომ იწოდებოდა. ასეთ  შემთხვევასთან მეგონა საქმე  მქონდა,

პოლიგრაფიული  ხარისხი და განსაკუთრებით  ფოტოები , მაფიქრებინებდა რომ წიგნი დიდი ხნის გამოცემული არ უნდა ყოფილიყო და ამ სახელმწიფოების სახელთა ცვლილებაც  ბოლო ჟამისა  იყო  და კიდევ  წიგნი  ჩემი ნაყიდი, რომ არ იყო ამაშიც  დარწმუნებული ვიყავი.  მამაჩემს უყვარდა მსგავსი ლიტერატურის შეძენა.  ვიფიქრე მისი ნაყიდია , თუმც  მიკვირდა  აქამდე, რომ  არაფერი გამეგო.  ახალი წიგნის შეძენას , ყველას გვახარებს  ხოლმე ,  თანაც  წაკითხვას  და მერე ამბის მოყოლას  მე და დედაჩემს გვთხოვს.  თვითონ კითხვისგან თვალები სტკივდება (სინამდვილე კი ისაა,    კითხვა ეზარება და თვალის ტკივილი  მოგონილი ფანდია.  არ ვიმჩნევთ ოჯახის წევრები ამ ამბავს ) 
გავძახე  სამზარეულოში მყოფ  მამაჩემს, ესა და ეს წიგნი შენ ხომ არ შეგიძენია?  , არაო.  ასეც ველოდი,

ეგეთი ქვეყნები მაინც თუ გაგიგია, იქნებ  თაფლობის თვე  გაატარეთ შენ და დედაჩემმა და სულაც მანდ ჩამსახეთ მეთქი, რა ქვეყნებიო, რა და ხუსკიტია, ხუმბარი და  სახუეთი .პასუხად კიდევ
როგორ არ გრცხვენია, ამას ველით შენგან  მე და დედაშენი?  რა იყო , რა  დაგიშავე ? ––გავიკვირვე.
აბა ან უფროსი არ იცი, ან უმცროსი ეგრე უნდა მეღადავო ამხელა კაცსო?
მაგ კითხვებით, ვატყობ დაბერდიო ამის  მახსენებ, არ გეკადრებაო.  მივხვდი ჩემი არ იყოს ქვეყნების სახელებმა გააოცა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი ამ ამბავში უბრალო ვიყავი.
ეხლა  მოიცა -შევაწყვეტინე ლაპარაკი; რად მკადრებ ეგეთ სიტყვებს , რომ გამაჩინე რჩენა არ მითხოვია სხვების შვილებივით, ჩემით უხმოდ გავიზრდე, რას მოგდის    ეგეთი აზრები?
აბა,  ამ წიგნს შეხედე --გადავუშალე ,ფოტოებიც ვანახე და ქვეყვნების სახელებიც წავაკითხე. რაღას იზამდა?––მაგრამ, გული არ გაიტეხა  და შენ  თუ ამ სიგიჟეში ვიღაც სულელის  ღადავს ვერ ხედავ, მაშინ მე  მაინც ჩემს აზრზე ვრჩებიო,  რა აზრზე მეთქი, რა და შენი იმედი, მაინც ნაკლებად  უნდა გვქონდესო.

კარგი ბატონო , როგორც გენებოს , კამათს აზრი არ ჰქონდა,  სრულიად დამამცირებელია სიტყვით ამტკიცო ის ,რაც მხოლოდ საქმითაა დასამტკიცებელი.
ამიტომაც მხოლოდ ეს  ვუთხარი--შეგრცხვება მაგ  სიტყვების და სამზარეულოდან ამაყად  გავედი.

და რადგან  დარწმუნებული ვიყავი    დედაჩემსაც არ  ეცოდინებოდა  ამ წიგნის შესახებ  რაიმე, შესვენება გამოვიცხადე , რომელიც  გადავწყვიტე ამ წიგნის  საკითხავად  გამომეყენებინა.
                                                                                              დასაწყისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები