ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2016


ვინსენტს

ალბათ, საათზე მეტია რაც ერთ ნახატთან ვდგავარ, გაუნძრევლად, თვალები მეწვის, მაგრამ ფეხების და თვალების ტკივილად ღირს. უკვე ვეღარც ვამჩნევ გარშემო რა ხდება, ან რომელი საათია... მხოლოდ ახლაღა ვაანალიზებ, რომ გვერდით შუახნის მამაკაცი მიდგას და მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ მაცილებს. ვბრაზდები, რაღა მე მიყურებს, ნახატს უყუროს! ეტყობა, ჩემი აღფრთოვანება აკვირვებს, პირველად რომ შემოვედი ჩემში პატარა ბავშვივით იკივლა რაღაცამ და ლამის გული ამომივარდა, არ ვიყავი მზად... ახლაც ვიცი, რომ დებილივით ვდგავარ და პირდაღებული მივჩერებივარ ტილოს.

როგორ შეეძლო? [მიყურებს] ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ჰქონდა ან, ან უბრალოდ ვინმე ჯადოქარი ჰყავდა მოსყიდული ანდაც, იქნებ ეშმაკი ეხმარებოდა?! [მზერა ნახატზე გადააქვს] იცით, აქ მოსახვედრად დიდი გზა გამოვიარე... ახლა კი აქ ვდგავარ და ჩემ თავს ვეკითხები, ნუთუ აქ დგომა დავიმსახურე? [ისევ მე მიყურებს, ნერწყვს ყლაპავს] ათი წელია მას ვსწავლობ... მისი ფერებით ვსუნთქავდი, მისი ფუნჯის ყოველ მონახაზს ვაკვირდებოდი და დღემდე ვერ ვხვდებოდი როგორ... [სათქმელს ვერ ვამთავრებ, ცისფერი თვალები უწყლიანდება]

ხანდახან, ხანდახან მინდა დროის მანქანა ან რამე მაგდაგვარი მქონდეს, ხომ ხვდებით, პირდაპირ თავისი ოთახიდან გადმოვათრიო ამ გალერეაში და ვანახო რა დატოვა [ვიცინი, მასაც ეღიმება] ნეტავ რომ სცოდნოდა როგორ დააფასებდნენ წლების მერე, ისევ ისე იცხოვრებდა? არაფერში ვამტყუნებ... გარდა სიკვდილისა. [თავს ხრის]

აქამდე ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, არც მისი ცხოვრების სტილი მომწონდა, მის ზოგიერთ გადაწყვეტილებას ვაკრიტიკებდი... იმიტომ, რომ მისი თვალებით არ შემიხედავს სამყაროსთვის [წითურ წვერზე ღაპაღუპით სდის ცრემლები]

მინდა, მინდა ვუთხრა როგორი გენია იყო! მოუსმინოს მასზე შეყვარებულ კრიტიკოსებს, მთელი ენთუზიაზმით რომ ყვებიან მის ხელოვნებაზე, მინდა ხედავდეს აქ მყოფ ხალხს, აღტაცებით რომ უყურებენ მის ნამუშევრებს, მინდა ხელი მოვკიდო და ვანახო, გესმით?! [ტანში ჟრუანტელი მივლის] და... და ვუთხრა, რომ არ უნდა დანებებულიყო, რადგან მისი ცხოვრება ფუჭი არ ყოფილა, და რომ ის იმაზე მეტს იმსახურებდა, ვიდრე მიიღო თავის სიცოცხლეში... [უცნობი მთლიანად კანკალებს და გაცრეცილი სერთუკის მაჯით ცრემლებს იწმენდს]

მაგრამ... იცით, რომ ვუფიქრდები, სწორედ ეს მისი ამაღელვებელი, სასოწარკვეთილი, ტკივილიანი, ხმაურიანი და გიჟური ცხოვრება აქცევს მას ვან გოგად! [აღტაცებული შევყურებ ნახატს, უცნობი რაღაცას ჩურჩულებს, ცრემლებში აზელილ „მადლობას“ ძლივს ვარჩევ]

არა რა სისულელეა! [წამით რაღაც გიჟური იდეა მომდის, სწრაფად ვატრიალებ თავს გვერდით, უცნობი იქ აღარ დგას, ჩემ თავზე მეცინება და ისევ ნახატს ვუბრუნდები.]

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს