ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2016


ღია წერილი შენ

და რა გეგონა?
ჩვეულებრივად რომ ვიქნებოდი?
ამას ელოდი?
- მე მგონი - არა!
ამიტომ მენდე,
ათიათასში ამიტომაც გამომარჩიე:
ჩვეულებრივი არა ვარ,
ვერ ვარ...
შენც ხომ იცოდი,
ან არადა, ხომ გრძნობდი მაინც:
წვიმის წვეთები რომ მატირებდნენ,
და მზის სხივებს რომ ვუმღეროდი...
ისიც იცოდი, რომ მსუბუქი ვერ ვიქნებოდი...
მეტისმეტად ვეება ტვირთი ავიკიდე დიდი ხნის წინათ...
ხომ ამიტომაც შემომიშვი შენ სამყაროში,
სადაც სიტყვა "სიყვარულის" აღარც გჯეროდა...
ხომ ამიტომაც მომიჩინე ადგილი გულში,
სადაც ადამიანები ტალახიან კვალს ტოვებდნენ
და მერე გული დიდხანს, უსაშველოდ დიდხანს გტკიოდა
ამ კვალის გამო...
მე მოვედი და...
ჰო, კარგად ვიცი, ფორიაქი რომ მოგიტანე...
სადარდელიც კი გაგიჩინე, სულ სხვა, ახალი...
მაგრამ ყველაზე ბედნიერი ამით იყავი...
ისიც იცოდი,
უცნაურ სიზმრებს შეხიზნული
ბავშვი რომ გყავდა ცოლად, მეუღლედ...
ბავშვი, რომელიც ვერასოდეს იქცეოდა სტანდარტულ ქალად...
ვერ ჩაჯდებოდა ჩვეულებრივი ცოლის ჩარჩოში...
და აი, ასე:
ხელში აყვანილს უნდა გეტარებინა,
ზურგზე უნდა მოგეკიდებინა და ისე მიგეყვანა მეზობლის სახლიდან სახლამდე...
უნდა გეგუნდავა მასთან ერთად,
თოვლის ბაბუაც უნდა გაგეკეთებინა,
გუბეებშიც უნდა გეტყაპუნა და
ბოლოს და ბოლოს, წამიც არ უნდა გქონდა
ამ ბავშვის გარეშე...
ჰო, ეს იცოდი...
იცოდი და მოგწონდა კიდეც,
რომ შენი ცოლი,
ცოლი, რომელიც არ იყო ქალი და ბავშვად დარჩა,
შენთან ერთად დადიოდა ყველგან, სადაც კი გსურდა;
რომ შენ ცოლს მუდამ თან ჰქონდა შენი ფოტო;
რომ შენი ცოლი არ იყო მხოლოდ ცოლი:
იყო შენი ყველაზე დიდი მეგობარიც ამქვეყანაზე და:
გიხაროდა!
ამაყობდი!
ამით ხარობდი!
შენ იცოდი, რომ ცოლად ქალი კი არა,
ბავშვი გყავდა, უცნაურ სიზმრებს შეხიზნული თავნება ბავშვი,
რომელიც ერბო-კვერცს წესიერად ვერ შეგიწვავდა,
მაგრამ ყოველ საღამოს ლექსებით გაგითბობდა სულს...
შენ ეს იცოდი...
და იყავი ისე ლამაზი...
ცამდე მართალი...
რადგან:
სწორედ ასეთი ამირჩიე ათიათასში.
სწორედ ასეთი დამაყენე შენ გვერდით, შენთან.
სწორედ ასეთი გამხადე შენი ცოლობის ღირსი!
და ახლა, როცა...
ახლა, როცა ასე მიმძიმს,
აუხსნელად მიმძიმს და მტკივა,
ბედნიერი ვარ,
ამაყიც ვარ:
შენ გეკუთვნოდი,
შენ გეკუთვნი მხოლოდ და მხოლოდ!!!
და ამ სიმძიმილს,
ტომრად კი არა, უზარმაზარ ლოდად რომ მაწევს
ამ მტკივან გულზე,
ისე ავიტან გოლგოთაზე,
როგორც მხოლოდ შენ შეგეძლო ანდა შეძელი:
ღიმილით,
მშვიდად და
სიყვარულით...
მე არასოდეს გავიზრდები,
დავრჩები ბავშვად,
რომელიც ასე გიყვარდა ჩემში...
...........................................................
და მაგ ხელებით,
ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით,
ამწიე მაღლა,
ჩამოვარდნა არ დამანებო...
მე ხომ მიყვარხარ..........................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები