ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
6 აპრილი, 2016


აბდაუბდა

ერთი კვირაა ყინვებია.
მეც  დილით როგორც კი ვდგები, პირს თოვლით ვიბან , ვიცვამ  ძველ "დუბლიონკას"  ( დენიკინი რომ გარბოდა,მე დამიტოვა) და გავრბივარ, როგორც ყინვის დროსაა  შესაძლებელი, ანუ ნელნელა მივკირჩხინობ.
იღრინება და  სინანულით მიყურებს მეზობლის წირპლიანი  ძაღლი,  ბრაზობს, ერთხელაც რომ ვერ მიკბინა...მე არც იმდენად სულელი ვარ, ახლოს ჩავუარო და კბილი გავაკვრევინო. ისიც მეყოფა,  მისმა წინამორბედმა კოჭი რომ გამომჭამა.

(არა , მაინც რა სულელები არიან ძაღლის პატრონები. მეც მყავდა ლეკვი და ვიდრე ყველა ნასკი, ჩუსტი და აბაზანაში ძირს დაყრილი საცვლები არ შემიჭამა, მისი მოცილება ვერ მოვიფიქრე. მერე, როცა "ზარალი" სერიოზული აღმოჩნდა, გაზის ინკასატორს გავატანე საჩუქრად)

სკოლისკენ მიმავალმა  ჩემი უბნის  მაღაზია უნდა გავიარო.  ჯანტიკო ამ დილაუთენიაც ადგილზეა, ჩემსავით ძველი დუბლიონკა
აცვია, რომელიც მეორადების მარინამ აჩუქა, ვეფხისტყაოსნის აფორიზმებს ხმამაღლა გაჰყვირის და თან სიცივით კანკალებს.
როცა ამ უბანში  პირველად  ჯანტიკო  ვნახე, გულში გავიფიქრე:
-  ნეტავ კიდევ ვინმემ იცის ეს აფორიზმები ?
ახლა მისი "უგზოუკვლოდ "განათლება აღარ მიკვირს და მის თავდახრილ მოსალმებაზე, მასწავლებელს გაუმარჯოსო, არ ვბრაზდები.  ადრე, როცა მე და ჩემი სამი შვილი  ერთად მივდიოდით, გიზუნიები  მოდიანო, ხმამაღლა გაჰყვიროდა.
ერთხელ ვუსაყვედურე,  გიზუნიებს რომ გვეძახი,  მწყინს ჯანტი მეთქი. გამიგონა და დამიჯერა.
ახლა ლექსებს ყვება და ჩემს მიმართ მეტ ყურადღებას არ ავლენს.

ჯანტი ამ ქალაქის კოლორიტია. მაღაზიის გამყიდველები მიხმარებაში სიგარეტის ფულს აძლევენ. ამით კი  თავისზე ოდნავ მეტად  ავადმყოფ  ძმას პატრონობს. .  .

სკოლაში შესვლისას ფეხი რომ არ დამიცურდეს, ეზოს შესასვლელში ნაძვებს  ვეკიდები და გაყინულ და ალაპლაპებულ  დერეფანში  პირდაპირ სრიალით შევდივარ.

დირექტორმა ათწუთიანი თათბირი ჩაატარა:
- აუცილებლად გამოაცხადეთ კლასებში, მომდევნო  კვირას  მათემატიკის კონკურსია და მსურველებმა შვიდლარნახევარი უნდა გადაიხადონო.  გამარჯვებულებს საჩუქრები და ფულადი  ჯილდოები გადაეცემათო.

მეც გაკვეთილის დაწყებამდე  ბავშვებთან  სიტყვასიტყვით ვიმეორებ, გამარჯვებულებს მოგების შანსი აქვთ მეთქი...


- რას მოვიგებთ, მასწავლებელო? - მეკითხება ლუკა.
- მოგებით ვერაფერს, მაგრამ წავაგებთ შვიდლარნახევარს - ჩუმად, მაგრამ ისე, რომ მეც გავიგონო, პასუხობს გუგულაშვილი.
იცინის მთელი კლასი და მეცინება მეც.
- ნუ იცინით და არ დამანახოთ თქვენი ზურგები - ვბრაზდები და კედლისკენ მიტრიალებული ბიჭების  ბეჭებზე ვაკეთებ აქცენტს.
შემოტრიალებით კი შემოტრიალდა ბექა, მაგრამ პირი  ღია  აქვს,  ენაზე  კევი აქვს გადაჭიმული და გნარავს თვალებს.
- მაგნაირი ენის დანახვას ზურგი დამენახა, კი ჯობდა - ვამბობ და ისევ ღიმილი უვლის მთელ კლასს.

-  მასწავლებელო ,  გათბობა არ გვაქვს, დენი არააო -  იბუზებიან ბავშვები.

ვინც ამნაირი გათბობის სისტემა მოიგონა, ჭკუა აქვს  ახლა იმას? დენიც უნდა, გაზიც და წყალიც. სამივე ერთად კი დიდი ხანია არ მინახია.სამივე სიკეთეს ერთდროულად,  ჩემს  ბავშვობაში უტოპიურ სოციალიზმს უწოდებდნენ და  ზოგი მეოცნებე კიდევ კომუნიზმს. ახლა ეს სიტყვა რომ ვახსენო, ვიცი , ახსნას მომთხოვენ და გამაცდენინებენ გაკვეთილს.  ამიტომ ენას კბილს ვაჭერ , ბავშვებთან, ამ მასობრივი ოცნების ფონზე , კიდევ ერთი ილუზიის ხსენებას  ვერიდები  და მათემატიკაზე საუბარს ვიწყებ:


- ბაქტერია ყოველწამში ორმაგდება, მისით ჭიქა კი ოც წუთში ივსება...რამდენ წამში აივსება ნახევარი ჭიქა?
- ბაქტერია თუ გაორმაგდება ყოველ წამში, აბა  ჩემი ფული კი    არ გაორმაგდება  ჯიბეში - ქოთქოთებს ჯეჯგვი. 
გული წყდება, რომ ბუფეტში  ლობიანი გაძვირდა და  მის  ღლავივით დაღებულ პირს  სამი არ ყოფნის ერთდროულად.
- უტოლობის პასუხია ხუთი პლიუს უსასრულობა- ვამბობ მე.
-მასწ, ეს რვიანი რატოა წამოწოლილი?- სერიოზულად კითხულობს გვანცა უსასრულობის ნიშანზე.
- დაღლილია გოგო- არ მაცდის გიგა.


მალე თქვენ გეშველათ, როგორც ჩვენ გვეშველა,  ზარი დაირეკა. 

- პროექტი რომაა მითითებული, გაკვეთილის ბოლოში, შეასრულეთ და მაილზე გამომიგზავნეთ , ეგ იქნება თქვენი
დავალება - ჯურნალს ჩავებღაუჭე მე.
- დენი არ გვაქვს მასწავლებელო და როგორ?- მომაძახა ფორჩხიძემ, - და რომც მოვიდეს, არ ჩაურიცხია დედაჩემს ამ თვეში და ინტერნეტი არ მაქვს.
- წუხელ კარგად ბიბინობდით მთელი ოჯახი ფეისბუქზე?- არ დავინდე.
- მეზობელთან ვიყავით, მასწ- ამოთქვა საბრალოდ.
- მეზობლიდან გამომიგზავნე - არ ვაპირებ უკან დავიხიო

რაც სკოლაში ვმუშაობ, ხელფასის დღე მიყვარს ყველაზე მეტად და "ფანჯარა". ზოგი  მასწავლებელი  შუალედს ეძახის, მე  "ფანჯარა"  უფრო  მომწონს.  რა ჯობია, სკოლაში, როცა გაკვეთილი არ გაქვს, დაჯდები სამასწავლებლოში, დაუჯდები კომპიუტერს, შეხვალ ურაკპარაკზე  და დააკომენტარებ, ვინც რა დაწერა და გამოაქვეყნა წინა ღამით.  გულსაც გადააყოლებ და დროსაც .მერე უფრო ენერგიულად არ შეხვალ შემდეგ გაკვეთილზე?  მოტივიც მეტი გაქვს და სტიმულიც...ანდა ყავას დალევ (ცხელ მდუღარეს) და გამოიკეთებ გუნება - განწყობას...

ხელფასის დღეც მიყვარდა, მაგრამ ახლა თავს მატკიებს.  ჩემს ვალებს თუ  ვინმე ჩემს  ხელფასს ამყოფნებს, ნობელის პრემია
ეკუთვნის,  " ჩემი ოჯახის გადარჩენის, ეკონომიკის აღორძინებისა    და შემდგომი არსებობისათვის " რომაა  დაწესებული.
მე აბა ამ  თავისტკივილს ვერ ვუძლებ და წამლით ვეხმარები.


წავედი ახლა, თოვლს  ნაძვის ტოტი მოუტეხია სკოლის  ეზოში და მისგან დიდი ნაძვის  ხე მოურთავთ დირექტორსა და ორგანიზატორს.  ჩემი სურვილები უნდა ჩამოვკიდო, მაინც ყველგან ყველაფერი ჰკიდია და ბარემ ეგეც ეკიდოს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები