ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2016


მარადისობა

ვეძებდი არსებობის გამართლებას...
უამრავ კითხვაზე - პასუხსაც...
დაჭრილი არწივივით მიწაზე მიითრევდი ცალ მხარს...
პასუხიც ეს არის და სიმართლეც...
მხარში შემოგიდექი...
მხარში შემოგიდექი და ასე გზიდე...
ცოტა მანძილი ვიარეთ ასე დედამიწაზე,
მაგრამ მარადისობისთვის მანძილები თურმე
ჩვენ რომ გვგონია, იმგვარად არ იზომება...
მხარში შემოგიდექი,
რომ აღარ გტკენოდა...
წელში გამართული მოვდიოდით მერე ორივე...
მე შენ თვალებში ცხოვრებისგან მიყენებულ ჭრილობებს
ისე ვლოკავდი,
როგორც ამირანს ულოკავდა ლეკვი მძიმე ჯაჭვს...
შენ ჩემ სახეს ხელებში იმწყვდევდი და
ტკივილიანი ხმით ნატრობდი:
ნეტავი ადრე შემხვედროდი,
ნეტავი ადრე შემხვედროდი, ნი...
ჩემთვის კი მაშინაც სულერთი იყო და
ახლა მით უმეტეს,
რადგან:
სწორედ მაშინ შეგხვდი, როცა უნდა შეგხვედროდი...
დედამიწაზე ყოფნის ბოლო ჟამს
შენთვის მე უნდა მექცია თურმე ცხოვრება ზღაპრად,
ზღაპრად, რომელიც არასდროს სრულდება...
ცალ მხარს რომ მიწაზე მიითრევდი,
ის მხარი ისე მტკიოდა, თითქოს ჩემი საკუთარი მხარი იყო
და წელში გაგმართე...
ჩვენ ვიცით მხოლოდ, რის ფასად და რა ძალისხმევით,
მაგრამ რას დავეძებდი,
რას ვდარდობდი,
რას ვკითხულობდი -
მე - შენ თვალებში სიხარულის მარცვლების მძებნელი გოგო...
შენ კვალი კი არ დამიტოვე,
ხნული გაავლე იმ მიწაზე,
ასე ძალიან რომ გიყვარდა, გიყვარს,
გტკიოდა, გტკივა...
და ახლა მარტო მე,
ახლა მე ისეთი, როგორიც გაგიცანი შენ,
ანუ ცალ მხარს მიწაზე რომ მივითრევ,
ამ ხნულში მოვაბიჯებ...
წამითაც არ იფიქრო, რომ ვბორძიკობ...
მოვაბიჯებ და ნება-ნება ვკრეფ:
შენ დანატოვარ სიკეთეებს,
სითბოს,
სიყვარულს...
ვკრეფ,
რომ მერე მარცვალ-მარცვალ ავკინძო და ყელზე დავიკიდო
ამეთვისტოს მარადიულ ყელსაბამად,
რომ იქ, შენთან ამ ყელსაბამით ამომიცნო,
როდესაც მოვალ...
მე ჩემი წილი სამოსელი პირველი შემოვცვი ტანზე ამ ხნულში...
შენ დამიტოვე ამეთვისტო,
როგორც სიყვარულის მარადიული გაგრძელება და
კიდევ ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე...
ვალი, რომელიც შენ მართლა პირნათლად მოიხადე...
მე მაშინ შეგხვდი,
ცალ მხარს მიწაზე რომ მიითრევდი, ვაჟას არწივივით...
იყავი კიდეც არწივი და ალბათ ამიტომ,
ჰო, სწორედ ამიტომ:
მხარში შემოგიდექი და...
მხარში შემოგიდექი და ასე გატარე...
ახლა გულში ხარ და ასე გზიდავ,
ასე დადიხარ ჩემთან ერთად
და ასე ივლი...
და რისი თოკი,
რა ბაწარი
ანდა რა კიბე
დაგვაშორებს, სიცოცხლევ, ჩემო...
ერთი წამითაც არ იფიქრო,
რომ ე მაგ ხნულში,
შენ რომ სავალად დამიტოვე,
წავიბორძიკებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები