ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2016


ტ ყ ი ს ნ ა პ ი რ ა ს ცხოვრობდა.

ტყის ნაპირას  ცხოვრობდა.
დილა  მისთვის  თენდებოდა.  მზე  მისთვის  ამოდიოდა.  ველური  ხილის  მშვენება  აქა-იქ  მიმობნეული,  მის  თვალს  ატკბობდა.  მისთვის  ყოველ  გაზაფხულს  გაჩირთულ  ტყე-ველს    იელიც  შეალამაზებდა  და  შემატებდა  ლაზათს,  თავისი მზესავით  ნათელი,  ყვითელი  ყვავილებით.
ახლა  იქ,  ტყეა  უნაპირო. 
მდინარე  კი,  მოდის  და  მოდის,  მაშინაც  მოდიოდა. 
მასშემდეგ  იცვლის კალაპოტს,  მაგრამ  მაინც  ძველს  უბრუნდება  ისევ...
მაშინ  ჰაერიც  სუფთა  იყო,  კრიალა  ყოველგვარ  ჭუჭყს  მოკლებული.
ყოველ  დილით  მზის  ამოსვლამდე  ლოცულობდა,  რომ  არაფერი შეცვლილიყო,  რომ ყველაფერი  კარგად  გაგრძელებულიყო,  რომ  სიმშვიდე  ყოფილიყო, 
ღრუბლიანი  დღეები  არ  მოსწონდა,  მზის  სხივს  იყო  მიჩვეული,  სითბო  უყვარდა.
  წესად  ჰქონდა  ბუჩქის  ძირში შეჯგუფებულ  ყვითელთვალება,  ველურ  იებს  მოინახულებდა  დღეში  რამდენჯერმე,  ხელს  გადაუსვამდა  მზრუნველად,  მშვიდად,  რომ  არ  შეეწუხებინა,  რომ  არაფერი  ეტკინა,  მერე    სუფთა  ბილიკით  უკან ბრუნდებოდა.
რაღაცნაირად  კმაყოფილი  იყო.
ერთხელ იქუხა  უცნაურად,  მძიმე  სუნი  დატრიალდა  ირგვლივ,  აღარაფერი  ჩანდა.
  შიში, შიში  დარჩა,  სხვა  აღარაფერი,
ვაზის  ყვავილის  სურნელება  მოინაკლისა  გონსმოსულმა.  სამარისებულმა  სიჩუმემ  შეაკრთო.  ქვათა  გროვები  ეყარა  ყველგან  აკოკოლავებული,  ამობორცვილად.
  მერე , ზედ  ბალახის  ქათიბი  გადაეკრა,  ზოგან  ხავსი  გადაეფარა.  ფრინველებიც  აღარ  გალობდნენ. 
შიში  იყო,  დიდი  შიში.
დაიღალა,  გამოყრუვდა.  ვეღარ  გაუძლო.
ნაწილი ზეცას  შეუერთდა,  ნაწილი  იქვე  ნანგრევში  მიწად  იქცა. 
მინდვრებს  ბუჩქები  წაეკიდა  ჯეჯილივით. ატყევდა. 
მთები,  არცთუ ისე შორიდან  უყურებდნენ  დარაჯებივით  ამ  ყველაფერს.  უცნაურად  შეიცვლიდნენ  ხოლმე  ფერს ყოველ  საღამოს,
უძრავად  იდგნენ,  ზოგნი  მაღალნი,  ზოგნი  დაბალნი,  ზოგნიც  მცირენი,
ერთად  იცავდნენ  მუდმივ  სადარაჯოზე  მდგარნი  ამ  სილამაზესღა.
ზომისა  და  ფორმის  მიუხედავად  თანასწორობა  იგრძნობოდა  მათში.  ერთი  ჰქონდა საფიქრალი  და  საზრუნავი,  გულისტკივილიც.
ერთად  იხსენებდნენ  ლეკიანობას,  თურქიანობას,  .  რამდენი  რამ  უნახავთ  ერთად,  რამდენი  ცრემლი  დაუღვრიათ,  რამდენი  ტკივილი  ჩარჩენიათ  გულში  დღემდე.,
ჩივილი  და ვაებაც  უნახავს  უმწიფართა,  უმწიკვლოთაგან  მძიმე  ტვირთად  მიკუთვნებული,  ძალადობა  და მსხვერპლი.
დღეც  და ღამეც.  იქიდან  მოყოლებული  იმაზე  დარდობენ  სასტიკთა  სიბილწეს  რომ  ვერაფერი  დააკლეს,  ხელი  ვერ  შეუშალეს,  პატიოსანთა  და  კეთილთ  რომ  ვერ  დაეხმარნენ ,  მტერმა  ისინიც  ბევრჯერ  რომ გამოიყენა,  ბევრჯერ  რომ გაიხარა,  მათით  ბევრჯერ  რომ  ისარგემბლა.
არიან,  ოხრავენ,  ტირიან,  გლოვობენ,  ხელთ  კი,  არაფერი  აქვთ,  რაც  ჰქონდათ  ნელანელა ძირიდან  აცლიან,  ართმევენ  ჩუმად, ფარულად, 
სტკივათ  მაგრამ  ხმა  არ  აქვთ  და  ვერაფერს  აგებინებენ  მნახველს. 
სიმართლის  ხმას  ვერავის  აწვდენენ  ვერსად,
აღარც  ის  იციან  ვისღა  აინტერესებს,  რაც  მათ  აწუხებს, 
უხმო  ხმაურით  ბევრს  ხმაურობენ,  ვერ ისვენებენ,  მაგრამ  არავინ ჩანს,  ვერავის  ხედავენ,  კაცის  ჭაჭანება  აღარ  არის,
ვერავის  უყვებიან  და  მხოლოდ  სტკივათ.
უნდათ    ნაბიჯის  წინ  წადგმა,  მაგრამ ვერ  იძვრიან.  სძულთ  უმოძრაობა.
  ეშინიათ  ისევ  ლეკიანობის,  დიდი  თურქობისა.
  იმისაც,  რომ  ჯვარი  ვაზისა,  ბევრს  ჭუჭყიან  და  გულბოროტ  ხელსაც  უპყრია..
რწმენაგამრუდებულთ  სოკოს  ქუდივით  მოუჩრდილავთ  მართმადიდებლობა, მახვილიც  შეფარულად  და  მზაკვრულად  შეუმართავთ  და  ელიან ხელსაყრელ  დროს..
შიშია, შიში  ღალატისაც,  მოტყუებისაც,  დაუნდობლობისაც,  გაუტანლობისაც...
გზა  ვიწროა,  ეკლიანი,  ბეწვივით....
მგზავრები...
მსტოვრები...
გიაურები...
უფალო  შეგვიწყალენ!  უფალო  შეგვიწყალენ!  უფალო  შეგვიწყალენ!  გოდებს  მდინარეც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები