ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2016


მისი უდიდებულესობა-ამინდი(წვიმიან ამინდში წასაკითხი ამბავი)

                                           

                                                                                                                                                                              ,,გრძნობები მუდამ სასაცილოა, განსაკუთრებით მაშინ,
                                                                                                                                                                                      როდესაც ისინი ვიღაც უცხოთა ხელში ხვდებიან.“           
 
                                                                                                                                                                                                                                            ელფრიდე იელინეკი



  უპატრონო ძაღლივით ამეკიდა ფიქრი:
  ახლა რომ მოვკვდე, ქალის წერილით საფულეში. იმ ქალის, რომელიც არასოდეს მყვარებია.
  მართლა რა ძაღლური სიკვდილი გამომივიდოდა. საერთოდაც, ეს ბოლო ხანებია, რაღაც უცნაურობები ავიკიდე. მაგალითად, ცოტახნის წინ წარმოვიდგინე, რომ სიკვდილი ვარ და ჩემს თავს ვეთამაშები. მას მერე მგონია, აი, ახლა დავმარცხდები-მეთქი. ისეც არ გავგიჟებულვარ, რომ გამარჯვებაზე ვიფიქრო. ადრეც ვფიქრობდი ეგეთებზე. მაგალითად, გავიფიქრებდი, აი, ერთ წელში რომ მოვკვდე, რას ვიზამდი-მეთქი. მერე ექვს თვეზე დავდიოდი, მერე ერთ თვეზე, მერე კვირაზე, დღეზე, საათებზე და მაგის მერე სულ ვწერ, გაუჩერებლად, შეუსვენებლივ. ხერხემლის ხაზი დამეცვარება ხოლმე დაძაბულობისგან. აი, ახლაც გამაჟრიალა გახსენებაზე. ისე ვწერ, თითქოს სიკვდილი მომდევს.
  სულ ასეთ სისულელეებზე ვფიქრობ. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა მყოლოდა საყვარელი, რომელიც მეყვარებოდა. რა გამოვიდა, ახლა მყავს მკვდარი საყვარელი, რომელიც არ მიყვარდა.
  გვერდს ვუვლი წვიმის გუბეს, წყალს არ ვუშლი ფიქრში ხელს და მეტროში ჩავდივარ.
  ის სხვა ქვეყანაში გავიცანი, როცა ვსწავლობდი. ჩემიანებს არავის იცნობდა. აქაურმა ძმაკაცებმა იცოდნენ, მასთან რომ დავდიოდი, ეგ იყო და ეგ. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ თავისებური ხიბლი ჰქონდა. ლამაზი ქალები ნაკლებად მომწონან ხოლმე. შეიძლება, კომპლექსების ბრალია, რა ვიცი, ერთი.
  ვიცოდი, თავიდან სასტუმროების ხათრით რომ დადიოდა ჩემთან, მაგრამ არასდროს მითქვამს. გიჟდებოდა სასტუმროებზე. ეგეც კაი შერეკილი იყო, ჩემი არ იყოს. სულ სხვადასხვაგან დავდიოდით, ხან წინასწარ ვარჩევდით, ხან გზად რომელიც შეგვხვდებოდა, იქ შევდიოდით.
  ჩემ წინ მსხდომმა ქალმა და ბავშვმა თავები მიადეს ერთმანეთს. იდეალური სურათია. არადა, შეიძლება, ქალი სცემს კიდეც.
  ვაგონიდან გამოვდივარ. ვიღაც კაცი ზედ ფეხებთან მაფერთხავს სველ ქოლგას. ჭიკჭიკი მესმის, მაღლა ვიხედები და ორ, პატარა ჩიტს ვხედავ, გვირაბში შეფრინდნენ გზააბნეულები და შეშინებულები.
  მეტროდან ამოვდივარ და მაღლა მივუყვები ქუჩას.
  უყვარდა იაფფასიან ყავახანებში სიარული. შეეძლო, საათობით მჯდარიყო და ეკითხა ან ელაპარაკა ვინმესთან, ან სულაც, ეფიქრა და მოეწია.
  ბარში შევდივარ. ნაცნობ ბარმენთან მივდივარ და ლუდს ვუკვეთავ.
-ვგრძნობდი, რომ იწვიმებდა.
-რა გრძნობა მაგას უნდოდა, ამინდის პროგნოზს ნახავდი.-მიცინის ბარმენი და ლუდს მიწვდის.
  მეც კაი იდიოტივით დავუწყე ამინდებზე ლაპარაკი.
-მართლა რა წაიღო ტვინი, რამდენი დღეა, არ გადაუღია.
-ეტყობა, ბაყაყი მოკლა ვიღაცამ.-ცალყბად გავიცინე.
  ცოცხალი მუსიკისთვის ადრეა ჯერ. რადიო აქვთ ჩართული. ვიღაც ქალი მღერის რაღაც, უცხო ენაზე.
-რას უსმენ?-ვეკითხები.
-რავი, რასაც გაუშვებენ.
  ერთხელ, დიდიხნის უნახაობის მერე ვნახე. შორიდანვე დავინახე. ისე სასაცილოდ იყო გამოპრანჭული, რაღაცნაირად შემეცოდა.
  ჩემ მოპირდაპირედ დაკიდულ, ვან გოგის ცნობილი კაფეს ნახატს ვუყურებ და კიდევ ერთ ლუდს ვუკვეთავ.
  ბართან ძალიან, ძალიან მოკლეკაბიანი გოგო მოდის და ბარმენს რაღაცას ეჩურჩულება. მერე აშკარად უმიზეზოდ იცინის და მიდის. რომ ჩამიარა, მისი სურნელი ვიგრძენი. ღალატს სუნი რომ ჰქონდეს, ზუსტად ასეთი, მოტკბო და იაფფასიანი სუნი ექნებოდა.
-ვერ არიან ეს ქალები. ყურში რომ არ ეჩურჩულა, ისე ვერ შემიკვეთავდა?-იცინის ბარმენი.
  საპირფარეშოში გავდივარ. სანამ დავიცლებოდე, კაფელის ორნამენტებს ვაკვირდები. ემბრიონს ჰგავს. ბიჭო, როგორ ჰგავს ემბრიონს. ან ღვთისმშობელს. რა ავადმყოფური შედარებებია, მაგრამ ნაღდად ეგრეა.
  აღარ მომწონს აქ. არაფერია საინტერესო. საერთოდაც ასე მჭირს, რამეს თუ ვაკეთებ, მხოლოდ იმის იმედით, რომ შეიძლება საინტერესო გამოდგეს. მოკლედ, უმიზნო კაცი ვარ. ცოტა კი ტეხავს, კაცი რომ ხარ და უმიზნო. აი, ქალი და უმიზნო კიდევ არაუშავს. კაცის შემთხვევაში უფრო დამამცირებლად ჟღერს ან მე მეჩვენება ასე. მოკლედ, როგორცაა. რა მნიშვნელობა აქვს. წამოსვლისას კიდევ ერთ კათხა ლუდს ვსვამ. წვიმაში სიარული რომ მიყვარს ბავშვობიდან, თორემ საქმე არც არაფერი მაქვს დღეს.
  იმავე გზით ვბრუნდები სახლში. მეტროში წეღანდელი ჩიტები მახსენდებიან. მგონი, რაღაცით ვგავარ კიდეც. სულ არასწორ ადგილას ვხვდები და მერე იქიდან გაქცევაზე ვფიქრობ.
  ლიფტი გაფუჭებული დამხვდა. ფეხით ავდივარ. კიბეებზე მეზობელი მხვდება და ამინდზე მეწუწუნება. ვამშვიდებ, მალე გადაიღებს-მეთქი. რისთვის ვეუბნები? მე რა ვიცი, როდის გადაიღებს. ასეა, რა. როცა არაფერი გაქვს სათქმელი, სჯობს გაჩუმდე და უზრდელი ეგონო, ვიდრე უსინდისოდ მოატყუო. თან მაშინ, როცა არც არავის სჭირდება შენი ტყუილები.
  დედა დაბრუნებულა:
-სარეცხი მოხსენი, ისევ გაწვიმდა. -ვეუბნები და ჩემი ოთახისკენ მივდივარ.
-რაღა აზრი აქვს.-გულგრილად მპასუხობს.
  კარს ვკეტავ, ჩვევა მაქვს. საწოლზე ვწვები, ხელებს თავქვეშ ვიდებ და ვიხსენებ.
  დროთა განმავლობაში შევეჩვიე. ჰო, ეს სიტყვაა, ალბათ, სწორი. თვითონ შევუყვარდი. რავი, ასე მეუბნებოდა. ჩემამდეც დეპრესიული ტიპი იყო. ზოგჯერ ძალიან შემოუტევდა.
-გამაჩუმე.-მეტყოდა ხოლმე მაშინ, როცა საათობით იჯდა ჩემ წინ, უხმოდ.
-ისედაც ჩუმად ხარ.
-შენ არ გესმის ჩემი.
  ვერ ვიტანდი, ასე რომ ამბობდა.
  მესმის თვითმფრინავის ხმა. მეზარება იმაზე ფიქრი, ვინ ზის, ნეტა, ახლა იქ, საით მიფრინავენ, რა მიზნით. ზოგჯერ ეგეთებზეც ვფიქრობ ხოლმე. ყველაზე მეტად მგზავრების პანიკაზე ფიქრი მიყვარს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე.
  იმ დღეს, როცა ის წერილი მომცა, ახლა საფულეში რომ მიდევს, განსაკუთრებით მშვიდი იყო, ერთად ვსაუზმობდით. ზუსტად მახსოვს, დაბრაწულ, შავ პურზე ბასრი დანით უსვამდა მზისფერ, რბილ კარაქს და თვალს არ მაცილებდა. მეგონა, სიამოვნებით მომკლავდა. არ ვიცი, რისთვის.
  მეორე დღეს თავი მოიკლა. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე არ ვიცი, თავი მოიკლა, მე მოვკალი და თუ ჩემი მოკვლა უნდოდა.
  მდინარეზე ვიყავით. თვითონ აიჩემა, წავიდეთო. ნაპირთან ჩაიმუხლა და ტოტით მიწაში დაიწყო ქექვა პატარა ბავშვივით. წვრილად ცრიდა. მე ცივ და სველ ლოდზე ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი, როდიდან შევუყვარდი. ყველა სასტუმროს თვითონ რომ ვარჩევინებდი, მაშინ? ან, იქნებ, ჩემი გულგრილობა მოსწონდა? ან, ის ხომ არა, არასდროს რომ არაფერს ვითხოვდი მისგან? რატომ არ შემეძლო იმის დაშვება, რომ, უბრალოდ, კარგად გრძნობდა ჩემთან თავს. ვიფიქრე, დავუძახებ-მეთქი, მაგრამ ზედმეტი მეჩვენა. ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. ცარიელი აღმოჩნდა. უკან გავიხედე. რამდენიმე მეტრში იდგა ჯიხური. გასვლა დავაპირე, მაგრამ აღარ გამიფრთხილებია, ესეც ზედმეტი მეჩვენა. აუჩქარებლად მივედი ჯიხურთან. სიგარეტი ვიყიდე და უკან დავბრუნდი.
  ნაპირს რომ გავხედე, იქ აღარ იყო. არც ახლო-მახლო ჩანდა. დავუძახე. მერე კიდევ უფრო ხმამაღლა. უცებ მისი მზისფერი თმა დავინახე წყალში, დაბლა მიჰყავდა მდინარეს. ფეხსაცმელი მოვისროლე და გაუხდელად შევვარდი წყალში. არ ვცურავ ცუდად, მაგრამ გამიჭირდა გამკლავება. ყოველ წუთში მეკარგებოდა თვალთახედვიდან. ფილტვები დასკომაზე მქონდა. ქვედა ნაპირზე დაუნახავს ვიღაც ბიჭს და ამოუყვანია. სანამ მე გონს მოვიდოდი, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. გაშტერებული ვიდექი.
-ძალიან ვწუხვარ, ძმაო.
  არ ვიცი, რას ველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ. ვეცი და ახლა მე დავუწყე ნჯღრევა.
-ცურვა არ იცოდა.-ვუყვიროდი ბიჭს.-ცურვა არ იცოდა.
  რა სისულელეა, ვიღაცის იმედად გადახტე მდინარეში.
  არ ვიცი, რა უნდოდა ჩემგან, დღემდე არ ვიცი.
  ზოგჯერ ძალიან მომენატრება ხოლმე. ცოცხალი რომ იყოს, ვიცი, არ მომენატრებოდა.
  ჩემებისთვის არ მითქვამს, რომ გარდაიცვალა. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს თქმას. ჩამოსვლისას მკითხეს, სად არის, რატომ არ ჩამოიყვანეო, ეგ იყო და ეგ.
  წამოსვლისას მისი რამდენიმე ნივთი წამოვიღე თან.
  გახსენებაზე ვდგები და კარადიდან ვიღებ მის ნივთებს. სარკესთან ვჯდები. ჯერ კარგახანი ვუყურებ ჩემს თავს. არა, ნამდვილად იმ გზააბნეულ ჩიტებს ვგავარ და სულ ისე უკანმოუხედავად გავრბივარ, თითქოს სიკვდილი მომდევს.
  სათითაოდ ვიღებ მის ნივთებს და მერე მიყოლებით ვისვამ ჯერ პომადას, შავად ვიღებავ თვალებს, ვისხამ სუნამოს. მინდა, მისი სუნი ამდიოდეს.
  ვუყურებ ჩემს თავს და, თითქოს, ახლა ზუსტად იმ იდიოტის სახე მაქვს, რომელიც შემეფერება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ როცა ასეთი თვალებით ვუყურებ ჩემს თავს, თავი ნაკლებად იდიოტი მგონია.
-სულელო, სულელო, ჩემო თავო. რა გეგონა, აბა? რას ელოდი? შენი წესების მოფიქრება არასდროს გამოგდიოდა, სხვის თამაშს თამაშობდი სულ და ამიტომაც მარცხდებოდი. სულელო, სულელო, ჩემო თავო.
  რა უნდოდა ჩემგან. რა ჯანდაბა უნდოდა.
  მგონი, მოვიფიქრე, რა უნდა დავარქვა ჩემს ბოლო ნაწერს. ჰო, რა თქმა უნდა. აქამდე როგორ ვერ მივაგენი.
  ვდგები, მაგიდიდან ფურცლების დასტას ვიღებ და თავზე ფანქრით ვაწერ: ,,სანამ შენს თვალებს თვალები ერქვა.“
  კმაყოფილი ვსწორდები. ესეც ასე. კიდევ ერთი რამის დაწერა მოვასწარი, სანამ სიკვდილი დამეწევა.
  ვუყურებ ჩემს თავს და სარკიდან მისი, შავად შეღებილი თვალები მიღიმიან. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები