ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2016


მისი უდიდებულესობა-ამინდი(მკვდარ ამინდში წასაკითხი ამბავი)

                     
                                                                                                                                                                              ,,მითხარით, ერთი, რა გემო აქვს სამშობლოს?“

                                                                                                                                                                                                                        თადეუშ რუჟევიჩი


  ცხელ ფინჯანზე შემოხვეული თავისი თითებისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე უთხრა:
-მომიტანეთ მისი დახვრეტილი და გაბერილი სხეული. უნდა დავრწმუნდე.

  არავისაც არ მიუტანია მისთვის ქმრის სხეული. უნახავად მოუწია მისი სიკვდილის დაჯერება.
  ერთ დღესაც, სარკის წინ მჯდომმა თავის თავს უთხრა:
-მე, რომელსაც ამდენად მწამს სიკვდილის, ვერ დავიჯერებ, რომ მისი მოსვლა ვერ ვიგრძენი.-ჩაალაგა ბარგი და იმავე დღეს გაემგზავრა თავისი სიკვდილის საძებნად.

  დიდხანს არ უძებნია ქმრის მკვლელი. ადვილია იპოვო ის, ვისი სახელიც ყველამ იცის ქალაქში.
-როგორი კაცია?
-როგორი კაცია?-ჩაიცინა დაცვამ.-რა კითხვაა, ქალბატონო, საუკეთესო თანამშრომელია.
-ეგ თვისებაა?
-მისმინეთ, რა გნებავთ? გითხარით, გასულია ახლა. თუ გნებავთ, დაბრძანდით და დაუცადეთ.
-წერილი რომ დაგიტოვოთ, გადასცემთ?
-რა წერილი? კარგით, კარგით, დამიტოვეთ.
  აუღელვებლად დაწერა ფურცელზე გაკრული ხელით და დაცვას გადასცა:
-არ დაგავიწყდეთ.
-არ დამავიწდება. რა ვუთხრა, ვინ ბრძანდებით?
-მიხვდება.
  როგორც კი გავიდა ქალი შენობიდან, კაცმა ფურცელი გაშალა:
-მომიტანეთ ჩემი ქმრის დახვრეტილი და გაბერილი სხეული. უნდა დავრწმუნდე.
  კიდევ მითითებული იყო დრო და ადგილი. მეორე დღის შუაღამე. ზუსტად პოლიციის შენობის წინა კორპუსი.
-ოჰო, ასეთ დროს მკვდარი ქმრის სხეული კი არა სხვა რაღაც სდომებია ამას.-ჩაიცინა და ფურცელი მაგიდაზე დააგდო.

  ზის ქალი სიბნელეში. ასე ურჩევნია. ასე უფრო თავის სახლში გრძნობს თავს. გაწეული ფარდიდან ჩანს ღამის ქალაქი. ლამპიონები, ნათურები, მაღაზიების განათებები. ბუტაფორია. სიცოცხლის ილუზია. ასე როცა ზის, სიბნელეში, სიჩუმეში, ყველანაირი ხმის ეშინია. შიშზე მეტად სიჩუმის დარღვევა არ უნდა. დროდადრო სიგარეტის მოქაჩვის ხმა ისმის. ბოლის გამოშვების მსუბუქი ტალღებიც. ძალიან რომ დაუკვირდეს, გულისცემას გაიგონებს თავისას. ეს იმას ჰგავს, უყურებდე, როგორ მიედინება ძარღვებში სისხლი: ბლანტად და ნელა. ძალიან ნელა.
ლიფტის დაძვრის ხმა.
-ის იქნება.-გაიფიქრა და სიგარეტი აუჩქარებლად ჩააქრო, სავარძლიდან წამოდგა.-ხუთი, ოთხი.-კარისკენ დაიძრა.
  კაკუნი.
-ერთი.-თქვა ქალმა და სახელური ჩამოსწია.
  კართან იდგა სიკვდილი. მაღალი და ძლიერი.
-მსურს ჩემს ტანზე გამოვცადო, როგორ ჭრის ალესილი დანა.
-ჩემს ქმარს რომ მოეკალით, შუაღამისას ჩემთან არ მოხვიდოდით. და რადგან არ მოგკლათ, შემოდით.
  კაცი თამამად შევიდა. სავარძელში მოთავსდა.
-რას დალევთ?-ბართან მივიდა ქალი.
-მიმასპინძლდებით კიდეც?
-დღეს ჩემი სტუმარი ხართ.
-ყავა. თუ შეიძლება.
-შაქარი?
-უშაქრო. რამდენი ხანია, რაც აქ გადმოხვედით?
-რამდენიმე დღეა.
-ჩემ გამო იქირავეთ ასე ახლოს ბინა?
-მიხვედრილი ხართ.-ყავა მიაწოდა და მის წინ ჩამოჯდა.
-თქვენი ქმრის სხეული თქვენს სამშობლოში დარჩა. იქვე დამარხეს ბიჭებმა. გვიან გაგაგებინეს, გახსოვთ, ალბათ. თუ მოინდომებთ, იპოვით საფლავს. თუ გნებავთ დაგეხმარებით.
-არ მინდა.
-რა გინდათ?
-სიტყვის მაგიის გჯერათ?
  კაცმა ჩაიცინა:
-მეხუმრებით?
-გჯერათ?
-არა.
-მოვა დღე და თქვენს საფლავზე ვიცეკვებ შიშველი.-ისე გესლიანად გაიღიმა, თითქოს, გველი გასრიალდა მის ტუჩებზე.
-გეხერხებათ ფანტაზიის გაღვიძება. და მალე მოვა ეგ დღე?
-ბევრი საქმე გაქვთ ცხოვრებაში მოსასწრები?
-რა კეთილი მკვლელი ხართ.
-თქვენგან განსხვავებით.
-მისმინეთ. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ჩემს საქმეს ვემსახურებოდი.
-ახლა გასწავლით, როგორ მემსახუროთ მე.
  კაცმა სიგარეტი ამოიღო პალტოს გულის ჯიბიდან:
-გნებავთ?
-მადლობა.-თავის სიგარეტზე ანიშნა.-მოკლედ, ასე: ყოველდღე, ორიდან სამამდე, შესვენების დროს მოხვალთ. კვირაში ერთხელ კი ამ დროს, შუაღამით.
  ჩაიცინა:
-თქვენ, რა, დამცინით?
-რა არის ამაში სასაცილო?
-ცოლი მყავს.
-არ მიკითხავს.
-ისე ლაპარაკობთ, თითქოს ბრძანებებს იძლეოდეთ.
-თქვენთვის ეს არ უნდა იყოს უცხო. ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ. ხვალ, ორზე გელოდებით.
-რომ არ მოვიდე?
-მოხვალთ.
  გასვლისას მიუბრუნდა კაცი:
-თქვენი სახელი?
-კარმა.
-კარმა.-გაიმეორა და გავიდა.
  მეორე დღეს ქალი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ გამოვიდა კაცი სამსახურიდან ორ სხვასთან ერთად. კაშნეს ბოლოები პალტოში ჩამალა, იმ ორს ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად და მაღაზიაში შევიდა, იქიდან ხელცარიელი გამოვიდა, შუქნიშანს გახედა, დაიცადა, შემდეგ გადაკვეთა ქუჩა და სადარბაზოში შევიდა. ლიფტის დაძვრის ხმა. ქალმა ფარდები შეასწორა:
-რვა, შვიდი,.. ერთი.-კართან მივიდა და გამოაღო:-გელოდით.
-ვხედავ.
-სუფრა გაწყობილია.
-წეღან ვიფიქრე, რამეს ავიტან-მეთქი. სასმელის ამოტანა სისულელედ მივიჩნიე. სხვა არ ვიცი, რა გიყვართ.
-არაფერია საჭირო. ხელები დაიბანეთ და მოდით, გაცივდება სადილი.
  ქალმა ღვინო ჩამოასხა.
-იმედია, ცოტას დალევთ.-გახედა სააბაზანოდან გამოსულ კაცს და თავისი ადგილისკენ ხელით ანიშნა.
-არა, სამუშაო საათებში არ ვსვამ. ეს ყველაფერი ჩემთვის გაამზადე?
-არასდროს მომმართოთ შენობით. მეჩვენება, თუ თავს უხერხულად გრძნობთ?-ჩამოჯდა.
-უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში გჭირდებათ.
-სადილის დროა. თქვენც ხომ უნდა გესადილათ? ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით.
-კარმა. ასე მოგმართოთ, ხომ?
-დიახ.
-დღეს იმისთვის მოვედი, რომ ყველაფერი გაგვერკვია. მესმის, რასაც გრძნობთ, მაგრამ ეს..
-თქვენთვის მოუკლავთ საყვარელი ადამიანი?
-არა.
-გადაიღეთ ხორცი. გემრიელია. ჩემს ქმარს ძალიან უყვარდა.
-მაპატიეთ.-წამოდგა კაცი. -მაპატიეთ, არ შემიძლია.
  შემდეგი დღის შუადღესაც ზუსტად იმავე დროს გამოვიდა სამსახურიდან ისევ ორ ვიღაცასთან ერთად. კაშნეს ბოლოები ისევ ისე ჩამალა პალტოში. რაღაცაზე გაიცინეს. შუქნიშანს გახედა, მოძრაობა როგორც კი შეჩერდა, გზა გადაკვეთეს და პირველივე კაფეში შევიდნენ.
-მოხვალ. აუცილებლად მოხვალ.-ყოველდღე იმეორებდა ქალი, ფარდებს ასწორებდა და ტყუილად გაშლილ სუფრას ალაგებდა.
  ერთი კვირის თავზე, შუაღამით მოვიდა.
-კარმა დაქვრივების შემდეგ დაირქვით, ხომ ასეა?
-მიხვედრილი ხართ. და ნასვამი.
-შემომიშვებთ?
  ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ სიბნელეში და ერთდროულად მოუკიდეს სიგარეტს.
-სულ სამი კაცი მყავს მოკლული. არც ერთი არ მინდოდა.
-აღსარებას არ ვიბარებ.
-დამაცადეთ. მე არ ვარ ის კაცი, ვინც ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობს.
-თქვენ ის კაცი ხართ, ვინც მხოლოდ ანგრევს და ვერასდროს აშენებს.
-და როგორი იყო თქვენი ქმარი?
-ის ერთი იმათგანი იყო, ვინც იღუპება.
-რატომ მომძებნეთ? რას ვაკეთებ ახლა აქ?
-უამინდობის გამო სხვა ქალაქში ჩაფრენილი თვითმფრინავებივით ვართ. ცოტას მოვიცდით და მერე ჩვენს გზას განვაგრძნობთ.
-რას ვუცდით? რას აპირებთ, ჩემს მოკვლას?
-გეშინიათ?
-არა.
-თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?
-არ ვიცი.
-არაუშავს, თავიდან არც მე ვიცოდი.
-მოიცადეთ, ჩემი ცოლის მოკვლას აპირებთ? ასეა, ხომ?
-რა შუაშია თქვენი ცოლი. გუშინ ჩემი ქმარი მესიზმრა.
-ჯანდაბა! ნუ ზიხართ ასეთი მშვიდი და შეშლილი სახით!
-დაწყნარდით და დაჯექით. თქვენს ცოლთან კონტაქტი მხოლოდ თქვენი დახმარებით მექნება, მეტი არაფერი.
-ეგ როგორ?
-როცა ცოლიან კაცთან წევხარ, მის ცოლთანაც წევხარ.
  პირველად რომ უთხრა კაცმა, თმა გაიშალეო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მერე ყველაფერი ჩვეულებრივ ხდებოდა, ბუნებრივად, ზედმეტი გრძნობის გარეშე. ზიზღის გარეშეც კი. კვირაში ერთხელ, შუაღამით. ზოგჯერ შუადღით, სადილის დროსაც.



-ცივი ზამთარია.-თქვა კაცმა და მაგიდას მიუჯდა.
-ეს არაფერია ჩვენი ზამთრის ყინვებთან შედარებით.
-მოგწონთ აქ ცხოვრება?
-ვერ ვიტან ამ ქვეყანას.
-ჩემ გამო?
-თქვენ გამო.
-მე იმათ ვერ ვიტან, ვინც ჩემს ქვეყანას ვერ იტანს. თუმცა ეს ზოგადი საუბარია. ოდესმე გამიმხელთ, რა გინდათ ჩემგან? ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-მინდა, თქვენს მოკლულს იცნობდეთ.
-და საკუთარ თავს ამიტომ მთავაზობთ?
-არამხოლოდ ჩემს თავს. უნდა იცოდეთ, ვისთან ცხოვრობდა, როგორ, რა უყვარდა.
-რაში მჭირდება ამის ცოდნა?
-ხომ გითხარით, რომ იცნობდეთ. თქვენ ის მოკალით. ამით ყველაზე მეტად დაუახლოვდით მას. მე კი იმასთან მინდა ყოფნა, ვინც ჩემს ქმართან ყველაზე ახლოს იყო.
-გიჟი ხართ, კარმა. გგონიათ, ჩემთვის ადვილია აქ ყოფნა და იმის ჭამა, რაც მას უყვარდა? იმ ქალის მოფერება, რომელიც მას უყვარდა? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეორედ ვკლავდე. ოღონდ რაღაც ლაჩრულ მკვლელობას ჰგავს. დანას-ზურგში. მე ეს არ მინდოდა.
-დაწყნარდით, თქვენ მას ვეღარ მოკლავთ. სიზმრებში ცხოვრების გჯერათ?
-მაშინებთ ასეთ დროს.
-მითხარით, როგორ არ დავიჯერო სიზმრებში ცხოვრების, როცა ის სიზმრებში მოდის და მეუბნება, რომ ჩემს სანახავად მოვიდა.
-არ ვიცი, შეიძლება მართლა არის რაღაც კავშირი. არ ვიცი. გავგიჟდები ამდენი ფიქრისგან.
-მე სამართავად გავჩნდი. ამიტომაც მიზიდავენ სიზმრები.
  კაცმა ღვინო ჩამოასხა და სწრაფად გადაკრა.
-სამუშაო საათებში არ სვამთ.-შეახსენა.
-მესმის, რომ გიყვარდათ, მაგრამ უკვე სიგიჟეს ემსგავსება ეს ყველაფერი. ერთის სიყვარული არასდროსაა საკმარისი ორისთვის, კარმა.
-საკმარისია. თუ მეორე მკვდარია.
-შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებას ვკარგავ. სამსახურს, ცოლს, საკუთარ თავს-ყველაფერს. თვითონაც არ ვიცი, რატომ მოვედი პირველად. თქვენი წერილი რომ გადმომცეს, მივხვდი, ვინც იყავით, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა, აქ თუ მოვიდოდი, ვინ დამხვდებოდა. ცნობისმოყვარეობა. წყეული ცნობისმოყვარეობა. სწორედ ამის გამო მოვედი თქვენთან.
-ცნობისმოყვარეობა დამღუპველი ცოდვაა.
-ჰო, დამღუპველი.
-გსურდათ, თქვენს ტანზე გამოგეცადათ, როგორ ჭრიდა ჩემი ალესილი ენა.
-ჰო, მსურდა.
-იცით, რომ ყველა ენა სხვადასხვანაირად ტრიალებს პირში? ფრანგული მოქნილია, გერმანული-მოსაწყენი, რუსული-რბილი.
-თქვენი ენა ბასრია.
-განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვებს მოსაკლავად ვლესავთ.
-მითხარით რამე თქვენს ენაზე.
  და კარმა უცხო ენაზე ამეტყველდა.
  თავის ენაზე რომ კითხულობდა ლექსს, ტიროდა.


  მეორე დღეს სადილად მისულ კაცს კარმა პირველად არ დახვდა შინ. არ იყო არც შემდეგ დღეს, არც იმის შემდეგ.  არ უძებნია. თითქოს, პატივი სცა მის გადაწყვეტილებას. თუ რაღაც, მსგავსი ფორმალური მიზეზის გამო. როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, ისე მოულოდნელად გაქრა. ჯერ არ მიუყვანია თავისი საქმე ბოლომდე, დაბრუნდებაო, ფიქრობდა კაცი და თავისი კაბინეტიდან უყურებდა მისი სახლის ფანჯრებს.
  მთელი თვის ლოდინის შემდეგ ფორმალობა დაივიწყდა და მისი ადგილსამყოფელი გაიგო. სამშობლოში დაბრუნებულა. წერილი მისწერა:
,,რაც თქვენ წახვედით, ზამთარი კიდევ უფრო გამკაცრდა ჩემთვის. ვეღარაფერს ვაკეთებ.
დამიბრუნეთ კარმა.
ის აღარ ეკუთვნის თავის ქმარს.“
  მერე კიდევ მისწერა. კიდევ. თავიდან ელოდა პასუხს.
,,ვფიქრობ ხოლმე, რას აკეთებთ. თქვენს ენაზე რამდენიმე სიტყვაც კი ვისწავლე. სასაცილოა.
არ ვიცოდი, იმდენად თუ გიყვარდათ თქვენი ქვეყანა, რომ მის გარეშე ვერ გაძელით.
თქვენს ქმარზე გავიგე რაღაცები. წერდა, თურმე. ბოლოსაც მისი ლექსი წამიკითხეთ? პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ სამშობლოს წავართვი მისი თავი. თქვენც ხომ ეს გსურდათ? უკეთ რომ გამეცნო.
ვიცი, პასუხს არ უნდა ველოდე. ჩემი წერილები ფანჯრების წმენდას ჰგავს წვიმიან ამინდში. თქვენ მასწავლეთ ასე ლაპარაკი.“
  კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ კაცს ამანათი და წერილი მიუტანეს კაბინეტში. გული უცნაურად შეეკუმშა. სასწრაფოდ გახსნა ამანათი. მძიმე ყუთი იყო. თავი ახადა:
  ახალდაბადებული ბავშვის გვამი ასანთის კოლოფივით პატარა კუბოში ესვენა.
  ხელიდან გაუვარდა.
  მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო წერილის გახსნა:

  ,,დაკარგული ადამიანების გემო აქვს სამშობლოს.

                                                                              კარმა.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები