ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2016


ქართული მოთხრობა


ყველაფერს წარმოიდგენდა, შეიძლება ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რამეს, (რას რას და ფანტაზიას არ უჩიოდა) ჰოდა, ყველაფერს წარმოიდგენდა მეთქი, მაგრამ ის კვირა რომ ისე დასრულდებოდა როგორც დასრულდა ამას კი ვერა.
დაწყებით კვირა ჩვეულებრივად დაიწყო, სადღაც თორმეტი საათი იქნებოდა, ან ეგებ პირველიც კი იყო დაწყებული საკუთარ საწოლში თვალი რომ გაახილა და პირველი რაც დაინახა ისევ წითელ წრეში ჩასმული გადახაზული ფრთები იყო. 12 წლის იყო ჭერზე რომ მიახატა იმ დღეს როცა დედამ უარი უთხრა სამოგზაუროდ გაშვებაზე, არადა ყველაფერი მზად ჰქონდა: ზურგჩანთა, ორი კოლოფი ორცხობილა, ალუმინის მათარა და პარალონი. უნდოდა საქართველო ფეხით და ავტოსტოპით შემოევლო და მერე ეგებ თურქეთშიც გადაპარაულიყო, მაგრამ დედამ ზურგჩანთა უპოვა და რა დროს მოგზაურობაა ხვალ მათემატიკაში საკონტროლო გაქვსო უთხრა და მაგიდის ლამფა აუნთო. მათემატიკა რა თქმა უნდა არ უმეცადინია, სკამზე შედგა და წრეში ჩახატული გადახაზული ფრთები დახატა ჭერზე, რომ ყოველ დილით თვალისგახელისთანავე დაენახა აქ თავისუფლება აკრძალულიაო.
თუმცა კი აქვე უნდა გადავუხადოთ ხარკი სამართლიანობას რომ მერე მისმა სატრაპმა, სინდისმა აღარ შეგვაწუხოს და უნდა აღვნიშნოთ რომ ახლა უკვე ზრდასრული იყო და დედაც ათი წლის წინ გარდაცვლოდა, მაგრამ იმ საოცნებო მოგზაურობაში წასვლა, თავისუფლებასთან საზიარებლად, აზრადაც აღარ მოსვლია. სამაგიეროდ ჰქონდა: გრძელი და უწესრიგოდ გაზრდილი თმა, წარბზე პირსინგი და მარცხენა ყურის ბიბილოზე ორი საყურე; უკრავდა როკჯგუფში ბასგიტარაზე სხვა ჯგუფის სიმღერებს და სვამდა როცა უნდოდა და რამდენსაც უნდოდა; სადაც უღამდებოდა იქ უთენდებოდა და ოცნებობდა მომკვდარიყო ახალგაზრდა და დაეტოვებინა ლამაზი გვამი, ყოველ შემთხვევაში თავის უნიჭო ლექსებში სწორედ ასე წერდა ხოლმე.
აკი ვამბობდი ის კვირა ჩვეულებრივ დაიწყო მეთქი, გაახილა თვალი, ხელით იატაკზე დადგმული ძველი, ბროლის საფერფლე მოძებნა, შიგ ყველაზე დიდი ნამწვი მოჩხრიკა, მოუკიდა და გააბოლა. მერე ირგვლივ მიმოიხედა, ყველა ბოთლი, რომლებითაც უხვად იყო მოფენილი იატაკი, ფანჯრის რაფა და მაგიდაც კი, ცარიელი აღმოჩნდა. რაღას იზამდა? წამოჯდა, ჯინსი ამოიცვა, შავი მაისურიც გადაიცვა, რომელსაც პლეიბოის კურდღლის თავის ქალა ეხატა და სამზარეულოში გაბორიალდა.
სამზარეულოში ბებია საქმიანობდა.
- გაიღვიძე ჩემო სიხარულო? - მიესიყვარულა შვილიშვილს ისე როგორც მსოფლიოს ყველა ბებია ესიყვარულება ხოლმე შვილიშვილს - ახლავე ყიყლიყოებს შეგიწვავ.
- არ მინდა რა, არ მშია - დაიჭყანა ბიჭი და მაცივარი გამოაღო, იქნებ შემთხვევით ლუდი დამრჩაო, მაგრამ ლუდი, როგორც მოსალოდნელი იყო, იქ არ აღმოჩნდა ამიტომ მაცივრის კარი მაშინვე მიხურა და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა - აუ ჩაი გამიკეთე რა, გასავლელი ვარ რეპეტიცია მაქვს.
ბებიამ უხმოდ შეადგა ჩაიდანი, მერე შემობრუნდა და ისე, თითქოს გამოცდას უწყობსო უთხრა: - თამრიკო გათხოვდა.
- ვინ თამრიკო?
- შენი ბიძაშვილი
- ა, ოკ.
ისე უპასუხა რომ დარწმუნებული იყო ნათესავები, მხოლოდ იმისთვის არსებობენ რომ გათხოვდნენ ან მოკვდნენ და ბებიებმა ამის შესახებ სამზარეულოში გამცნონ, სხვა ფუნქცია ნათესავებს არ აქვთ.
ჩაის რომ ასხამდა ბებიამ კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში და მიახალა: - უნდა წამოხვიდე
- სად?
- თამრიკოს ქორწილში, სოფელში იხდიან
- კაი რა ბებო რა ქორწილი, ხომ იცი როგორ მეზიზღება ეგ თქვენი ქორწილები, ქელეხები და ნათლობები
- არა, არა უნდა წამოხვიდე, ჩვენს გარდა თამრიკოს თითქმის აღარავინ ყავს, სირცხვილია.
- სირცხვილი არა ისა - წაიჩურჩულა თავისთვის ბიჭმა და ჭიქაში ჩარჩენილი ჩაი ერთი ყლუპით დალია - კაი წავედი მე, გვიან მოვალ.
მეორე დილით სახლში ახლონათესაური დესანტი დახვდა, ანუ უფროსი და თავისი ტყუპებთან ერთად, რომლებიც, როგორც ბიჭს ღრმად სწამდა კედელზეც თავისუფლად დარბოდნენ, არათუ იატაკზე და ერთი ეგ იყო ჭერზე უჭირდათ.
- ბებიამ ხომ გითხრა?
- რა მითხრა გოგო?
- რა და რო უნდა წამოხვიდე ქორწილში
- კი და ვუთხარი რომ არ ვაპირებ.
- დეგენერატი ხარ ბიჭო შენ? საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში არ უნდა წამოეთრიო?
- არა, არა, რა თქმა უნდა არა, პირველად გაიგეთ რომ ქორწილებში არ დავდივარ?!
- ჰო, მაგრამ ერთად ხართ გაზრდილი - კეთილად გაიღიმა ბებიამ
- მით უმეტეს, მე ვერ ვუყურებ როგორ თხოვება ჩემთან ერთად გაზრდილი გოგო, მოვკვდები ტირილით და შევრცხვებით სიძის ოჯახთან.
- ჰო იმაიმუნე ჰო, - ისევ და ჩაერთო ბრძოლაში, თან ცდილობდა ტყუპები, რომლებიც აქეთ-იქით გარბოდნენ დივანზე დაემაგრებინა.
- გამანებეთ რა თავი, რეპეტიცია მაქვს. საჭმელი გვაქვს რამე? უცებ შევჭამ და გავიქცევი
- კი შვილო, ახლავე გამოგიწყობ
- შია ამას! ცეცხლი ჭამე შენ! გვარის შემარცხვენელი! რეპეტიცია კი არა მე ვიცი რაც გაქვთ! შე მორფინისტო! - აქოთქოთდა ისევ და - კიდე კაი საწყალი მამაშენი ვერ გხედავს.
ბიჭმა შეწუხებული სახე მიიღო და სამზარეულოში გავიდა.
- ბებია, - თავზე ხელი გადაუსვა ბებიამ როცა ბიჭმა კარაქ გადასმული პურის გვარიანი ნაჭერი ჩაკბიჩა - რა მოხდება ერთხელ რომ წამოხვიდე?
- კაი რა ბებია რა, ერთხელ წამოვალ და დაიწყება მერე ახლა კუკურას დაბადების დღეზე უნდა წახვიდეო, მერე ჯემალას შვილიშცილის ნათლობაზეო და წავიდააა, მთრგუნავს ეს ყველაფერი ბებო რით ვერ გაიგე?
- შენ ახლა წამოდი და მე გაძლევ პირობას არსად აღარ წაგიყვანენ, ამ ერთხელ და მორჩა.
- ვის ჯერა ახლა მაგისი ბებო? - გაიღიმა ბიჭმა, ჩაის ზედმეტად დიდი ყლუპი მოსვა, ყელი დაიფუფქა და ტკივილისაგან დაიმანჭა
- ვაიმე რა მოგივიდა შვილო - შეჰკივლა ბებიამ. კივილზე დაც გამოვიდა და რომ დაინახა, ბიჭი ხელს იქნევდა არაფერი არაფერი ჩაიქნია ხელი და დაჯდა იქვე.
- კარგი - ამოთქვა ძლივს ბიჭმა - წამოვალ მაგ თქვენს ქორწილში, მაგრამ ყანწების დაძალებები და სადღეგრძელოები არ დამიწყონ რა და კიდევ პლანს თუ მოვწევ ამით ნარკომანი არ ვხდები რა, გაიგე?
- ეს თმა ასე უნდა გქონდეს? - არ შეიმჩნია ბიჭის შენიშვნა კანაფზე დამ.
- აბა როგორ უნდა მქონდეს?!
- გაანებე თავი? როგორც უნდა ისე ექნება
- გადარევს იმ ხალხს - ამოიოხრა დამ
- არავის არ ეკითხება ჩემს შვილიშვილს გრძელი თმა ექნება მოკლე თუ ვარდისფერი! მაგრამ ეს საყურეები ეგებ მოიხსნა ორი დღით, ბებია.
- ჰმ - ჩაიცინა ბიჭმა
- დროის გასატარებლად და კაი ხასიათისთვის მივდივართ ბებია იქ და რად გვინდა ჩხუბი და აყალ-მაყალი, მოიხსენი ორი დღით და გაიკეთე მერე ისევ, კაციშვილი ვერ გაიგებს ვერაფერს, თან დაასვენებ ყურსაც და... წარბსაც, სუ რო გიკეთია კი არ შეიძლება.
- ოოოჰ ბებია ბებია, - ამოიოხრა ბიჭმა - კარგი ჰო უსაყუროდ წამოვალ.
დანარჩენმა კვირამ შაბათამდე ექსცესების გარეშე ჩაიარა, ბიჭი მიდიოდა რეპეტიციაზე, სვამდა, ბოლდებოდა, უკრავდა, გოგოებს დასდევდა, ცეკვავდა, არწყევდა, ეძინა ქუჩაში, კაწრავდა მდიდრების მანქანებს, კედლებზე წერდა ფსევდობრძნულ წარწერებს და ასე შემდეგ.
შაბათ დილით კი გაღვიძებულს საწოლთან ნაჭრის შავი შარვალი და თეთრი, მოკლე სახელოებიანი პერანგი დახვდა. ჯერ გაბრაზდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია.
შარვალი ოდნავ მოკლე აღმოჩნდა პერანგი, პირიქით, ოდნავ დიდი. ბიჭმა სარკეში საკუთარ ანარეკლს დასცინა, მერე ყურიდან საყურეები, წარბიდან კი პირსინგი მოიხსნა და ოთახიდან გავიდა.
ძველი, პატარა და მოუხერხებელი მანქანის საჭესთან და იჯდა, ბებია წინა სავარძელზე, უკან კი ბიჭი ჩაკუჭულიყო და ფანჯარაში იყურებოდა. და სწორედ მაშინ როცა მეთორმეტე წითელი ფერის მანქანა მიათვალა, მობილურის ზარი გაისმა.
- ჰო, ლაურა - ჩაჰყვირა ტელეფონს ბებიამ - რას ამბობ?! როგორ? უცებ? კარაქი უჭამია ბევრიო, უი უი საწყალი. ქორწილი... აჰა არ გადაიდება? ჰო, ქმარი ხომ არაა პრინციპში კარგი აჰა, აჰა კარგი - ამ სიტყვებზე ბებიამ ბიჭს გამოხედა და შემდეგ ისევ შებრუნდა, - ჩვენ გზაში ვართ უკვე, გადმოსახვევს გამოვცდით, ერთ საათში... - დამ ორი თითი აჩვენა - ორ საათში ჩამოვალთ ალბათ, კაი ლაურა კაი.
ბებიამ მობილური ტელეფონი შეინახა და თითქოს სხვათა შორის თქვა: - ვალოდია მომკვდარა
- უი, საწყალი - შეიცხადა დამ
- ვალოდია ვინაა? - იკითხა ბიჭმა, ისე რომ პასუხი არც აინტერესებდა
- ვალოდია არ გახსოვს? ლაურას მულის ყოფილი ქმარი, სულ მუხლებზე ეჯექი ხოლმე ჩვენთან რომ მოდიოდა სტუმრად.
- ლაურა ვინაა?
- ყოჩაღ! - აღშფოთდა და და იქვე შეშფოთებაც მიაყოლა - ვაიმე
- რა იყო?
- ვალოდია თამადა არ უნდა ყოფილიყო?
- კი - ამოიხვნეშა ბებიამ
- მერე რას აპირებენ?
- რას და... ჩვენ გვთხოვეს

ეს „ჩვენ გვთხოვეს“ ბიჭის ყურს ცუდად მოხვდა, ვერც კი მიხვდა რას ნიშნავდა, მაგრამ რაღაც ავისმომასწავებლად რომ ჟღერდა წყალი არ გაუვიდოდა
- ჩვენ გვთხოვეს რას ნიშნავს? - გაბედა და იკითხა ბოლოს
- რას და... ლურამ ძალიან მთხოვა შენზე იქნებ ეგ იყოს თამადაო

მანქანის სალონი სიჩუმემ ისე შეავსო როგორც ყინულებიან ჭიქას ავსებს კოკა კოლა, ყველგან შეძვრა, ყველგან იპოვა სორო, გამაგრდა და დაელოდა მოვლენათა განვითარებას. თუმცა დიდხანს ლოდინმა არ მოუწია, სალონში არსებული მცირე რაოდენობის ჰაერი ბიჭის ღრიალმა გაჰკვეთა
- თქვენ სულ გაუბერეთ ჰო?! რა თამადა? გააფრინეთ? ვერ უთხარი იმ შენს ლაურას შანსი არააო?
- ბიჭო კაცი ჩვენი მხრიდან აღარავინაა, ნახევარ სოფელთან ნაჩხუბრები არიან ესენი, ვალოდია მოკვდა და შენ დარჩი მარტო რა უნდა ქნან? - არ შეეპუა და
- ფეხებზე არ მკიდია რა უნდა ქნან? ვაფშე ბებიაჩემის ხათრით წამოვედი აქ
- ბებია... - დაიწყო ბებიამ ღიმილით
- არა, არა და არა, შანსი არაა! - იყვირა ბიჭმა და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
ერთ საათში მართლაც შეუხვია პატარა მანქანამ კოპწია სოფლის მტვრიან შარაზე. ჩამოწეული ფანჯრიდან ნაკელის მათრობელა სურნელი და ძროხების ზარების წკარუნის ხმა შემოდიოდა.
მანქანამ ტალახში გაგორებული ღორი დააფრთხო, რომელიც ჭყვიტინით გავარდა სადღაც, მანქანის ბორბლებმა კი სოფლის ძაღლების არაჯანსაღი ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც ბარემ კი ეზარებოდათ, მაგრამ ძაღლური მოვალეობა აიძულებდათ წამომხტარიყვნენ, ტრანსპორტს გამოდევნებოდნენ და ამ უცნაური მბრუნავი რაღაცეებისათვის ხმის ჩახლეჩვამდე ეყეფათ. ძელსკამებზე ჩამომსხდარ ხალხს თვალები მოეჩრდილათ და ცდილობდნენ გაერკვიათ ამჯერად ვინ ჩამოვიდა თამრიკოს ქორწილში.
- აგერ ბებია, აქეთ წერია სადღეგრძელოების მიმდევრეობა, აქეთ წერია სახელები, რომელი სადღეგერძელოში ვინ უნდა მოიხსენიო, კაციშვილი ვერ გაიგებს ვერაფერს. - ბებიამ შვილიშვილის ქაღალდის ნაგლეჯი გაუწოდა.
ბიჭმა უხმოდ ჩამოართვა ფურცელი და ჯიბეში ჩაიტენა და მანქანაც გაჩერდა ღია ჭიშკართან, რომლიდანაც ვრცელი და ლამაზი ეზო მოჩანდა, ეზოს შუაგულში ბრეზენტის სეფა გაეშალათ, რომლის აკეცილი კალთები კეკლუცად ელოდნენ სტუმრებს.
მანქანის დანახვაზე ეზოს სიღრმეში მდგარი სახლიდან ხანში შესული ქალი გამოვარდა და ვაიმე ჩამოვიდნენ, ჩამოვიდნენის ყვირილით, ხან ბებიას გადაეხვეოდა, ხან შვილიშვილებს და იყო ერთ ამბავში. სტუმართმოყვარეობის და ნათსეაური სიყვარულის ტორნადო რომ მიწყნარდა, ლაურამ ისე რომ არავის უკითხავს დაიწყო: - ბავშვები ჯერ ჯვრისწერაზე არიან, მერე გაივლიან წმინდა მარკოზის ეკლესიაში, იქაურ მამაოს უნდაო სიძის ნახვა, მერე ავლენ მუხებში იქ სურათებს გადაიღებენ და ამასობაში კი მოვა ქორწილის დრო. მე იმიტომ არ გავყვევი ჯვრისწერაზე რო, აქაც ხომ უნდა მიხედვა, ამათ თავზე თუ არ დაადექი ისე ვერაფერს თავს ვერ აბამენ, თორემ მეც კი მინდოდა ჩემი თამრიკო მენახა თავშლითა და სანთლით ხელში - მერე ცოტა ხნით გაჩუმდა, ბიჭს შეავლო იჭვნეული თვალი და ბებიას რაღაც გადაულაპარაკა.
- რატომ ვერ შეძლებს ვითომ?! - ხმამაღლა იუკადრისა ბებიამ - რამდენს სვამს იცი? თან მთვრალი როა კი ვერ შეატყობ, ერთი ფეხი არ შეეშლება, ენა არ დაებორძიკება.
- კი, მარა ეს... - ლაურამ თავზე დაიდო ხელი
- აუ, დაიწყო - ამოიოხრა ბიჭმა - რა ვქნა ახლა თმა გადავივარცხნო გვერდზე?
- არა, შვილო არა, რას ამბობ?.. მაგრამ ცოტა ხომ არ შეგვემოკლებინა? - გაიღიმა ლაურამ
ბიჭი ადგა, თავის დასთან მივიდა, ხელი გაუშვირა და უთხრა: - ახლა გასაღები მომეცი, მე აქედან მივდივარ და თქვენ რაც გინდათ ის ქენით.
- რას მიდიხარ ბიჭო?!
- დროზე მეთქი ეხა!
- რა ვთქვი ამისთანა? - შეშფოთდა ლაურა
- ბებია, მომისმინე...
- არ მინდა მოსმენა. დროზე გასაღები მომეცი!
- არაფერს არ მოგცემ შე უზრდელო ბიჭო შენ
- ბებია, დაწყნარდი ერთი წუთი და მომისმინე
- ჰო, კაი გისმენ - ბიჭი ბებიისკენ შეტრიალდა
- ბებია, ჩემო სიცოცხლე, მომისმინე, აქ ხომ იცი სოფელია, გაუთლელი ხალხი ცხოვრობს, უხეში და ხეპრე, ჰოდა გრძელთმიან თამადას რომ დაინახავენ, პატივს არ ცემენ, თორემ მეტი კი არაფერი.
- ჰოდა, მე წავალ ჩემი უპატვიცემულო გრძელი თმით თქვენ დანიშნეთ ვინმე პრაბორიანი და პატივემული კაცი თამადად
- არ გამოვა, ყველამ იცის რომ შენ ხარ უკვე თან შენზე ახლობელი თამრიკოს არავინ ყავს
- ხალხო, ხომ შეიძლება ნათესაობაში ერთი უვარგისი გამოგერიოთ? ამ თქვენს ნათესაურ მაზლის მულის ქვსილის მძახლის ამბებში რომ ვერ ერკვეოდეს და, მეტიც, ფეხებზე ეკიდოს, არ შეიძლება? ჰოდა მე ვარ ასეთი! ყველა თქვენნაირი მოსიყვარულე ხომ ვერ იქნება?
- ბებია, შენ ხომ დამპირდი?
ლაურა და ბიჭის და უხმოდ უყურებდნენ ბებიასა და შვილიშვილის მოლაპარაკებებს. ბებიამ კარგად იცოდა ყველა სუსტი წერტილი შვილიშვილის დაცვაში და ოსტატურად ურტყამდა მათ, შვილიშვილი შეუპოვრად იცავდა თავს და მიუხედავად იმისა რომ ბებია ხშირად აკრძალულ ილეთებსაც იყენებდა მაინც მედგრად იდგა. ბოლოს ბებიის საიდუმლო იარაღმა,მოულოდნელმა კომპრომისმა შვილიშვილი საბოლოოდ გატეხა: - კაი ნუ შეიჭრი ბებია, ა ასე ცოტა შეიმოკლე და ცოტა სავარცხელი გადავუსვათ, კაი?
- ჰო კაი, კაი - ამოიხვნეა ბიჭმა და დაჯდა.
ბედად ცირა, რომელიც განთქმული მოყვარული სტილისტი იყო მთელს სოფელში, სწორედ რომ მეზობლად ცხოვრობდა და ასეთი კარგი საქმისთვის მზად იყო სასწრაფოდ გადმოერბინა მთელი საჭირო ატრიბუტებით.
- რამხელა გაზრდილხარ - გაიდაიკისკისა დიდრონძუძუებიანმა ცირამ ბიჭის დანახვისას ისე რომ მთელი სხეული აუთახთახდა - ა ამხელა მახსოვხარ, მოკლე შარვლით რომ დარბოდი აქ, ახლა კიდე თამადაო ქორწილშიო.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ცირამ ბიჭს მარჯვედ მოახვია ზეწრის ნაგლეჯი ყელზე, თმა დაუსველა და მაკრატლის ერთი მოძრაობით ზედ კეფასთან მიაჭრა მოზრდილი ბღუჯა. ბიჭი ვერ ხედავდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ კეფაზე უჩვეულო სიგრილემ რომ დაჰკრა გულმა რეჩხი უყო, სცადა წამომდგარიყო, თუმცა ცირას ღონიერ მკლავს ისე მიეჯაჭვა სკამთან ადგილიდანაც ვერ დაიძრა. ახლა შეეცადა შემობრუნებულიყო და ამგვარად დასხლტომოდა სტილისტს ხელიდან, მაგრამ აქაც ამაოდ დაშვრა, ცირამ ლამის მიალურსმა სკამზე.
- მოიცა, ნუ ხვანცალებ, თორემ ცუდად გამოვა აქაც ცოტა და მორჩა - ქალი შვილივით ნაზარდი თმის უკანასკნელ ღერებს ამოკლებდა.
ბიჭს თვალზე ცრემლი მოადგა, ორი გრძნობით იყო ნასაზრდოები ეს ცრემლი: ცალკერძ თმა ენანებოდა, ცალკერძ უძლურებისგან. მაგრამ სხვა რა ჩარა იყო მოეშვა, დანებდა და ცირას მოწოდებულ მრგვალ სარკეშიც მორჩილად ჩაიხედა, სარკიდან უცნობი კაცი უყურებდა მოკლედ შეკრეჭილი თმითა და გვერდზე ზედმიწევნით სწორად გადაყოფილი ვარცხნილობით. სადღა იყო გრძელი, ფრიალა, თავისუფლების ფრთებივით გაშლილი თმა?
ბიჭმა გულში წაიღიღინა ლეთ ზი სან შაინო და სახეზე ნაძალადევი ღიმილით შემობრუნდა თავისიანებისკენ.
- ა ასე არ ჯობია? - იყვირა ლაურამ
- ჯიგარი ხარ - ჩასჩურჩულა დამ
ბებია კიდე მივიდა და მაგრად ჩაიხუტა გულში.
მექორწილეები უკვე იკრიბებოდნენ, ბიჭი მოწიწებით შეიყვანეს სეფაში, თავისი ადგილი აჩვენეს, მიკროფონი შეუმოწმეს, ნაირგვარი ყანწები და ფიალები მის გვერდით საგანგებოდ გამართულ დაბალ მაგიდაზე დაულაგეს, აბა შენ იციო შეუძახეს და დატოვეს, როგორც ცუდი მოცურავე მღელვარე ზღვაში ჩაგდებულ ფიცარზე.
დარბაზი სწრაფად შეივსო, იმდენი ხეტიალისგან ყველას მოშივნოდა და საკვებისკენ იწევდნენ. მუსიკოსები ადგილზე იყვნენ, ნეფე - პატარძალიც მალევე შემოგოგმანდნენ, გაისმა „ამ ოჯახში მტრედი ბუდეს იკეთებს“ ჰანგები, აჭყვიტინდა კლარნეტი, გაიწელა გარმონი. ყველას ღიმილი ეფინა სახეზე, ბიჭი კი თავის ადგილას იჯდა და ტაშით ჰყვებოდა მუსიკის რიტმს და მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ მისთვის უჩვეულოდ იქცეოდა კლარნეტისტმა რომ გრძელი სოლო ჩაახუჭუჭა, შერცხვა და ხელები ჩამოწია.
როგორც იქნა ყველა დაჯდა, ატყდა დანა-ჩანგლის რაჩხარუჩხი და სტუმრების მოგუდული რუზ-რუზი. ბიჭმა მიმოიხედა და ამდენი ადამიანი რომ დაინახა უხერხულობისგან შეიშმუშნა და თავზე ხელი გადაისვა. გადაისვა და იქვე გაუშეშდა, აშკარა იყო თმა შეთხელებოდა, გაპრიალებულ დანაში ჩაიხედა და მართლაც, შუბლს ზემოთ თმა თითქმის აღარ ჰქონდა, გვერდებზე კი იცოცხლე, ყურებთან მთელი ტყე იყო. ბიჭმა მოულოდნელოიბისაგან რომ არ ეყვირა ახლა პირზე აიფარა ხელი აქ კი ულვაში დახვდა, სქელი, ჯაგარივით გაფშეკილი ულვაში.
დამფრთხალმა ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა, თავისიანებს ეძებდა რომ იქნებ მათგან მიეღო შველა, მაგრამ ამაოდ ვერც ბებიას და ვერც დას თვალი ვერ ჰკიდა ხალხში. წამოდგა, ადგილს ვერ პოულობდა, გადაწყვიტა მაგიდებს ჩამოვივლიო, მაგრამ მოულოდნელად დინამიკში საკუთარი სახელი გაიგონა, ვიღაც კაცს მიკროფონი ეჭირა და მასზე ამბობდა რომ ეს ადამიანი დღეს ჩვენს სუფრას წარუძღვება და კარგ დროს გაგვატარებინებსო, მადლობას უხდიდა და ხალხსაც იგივესკენ მოუწოდებდა. რაღას იზამდა? მობრუნდა უკან კაცს გამწვდილი მიკროფონი ჩამოართვა, გაიღიმა და გაუბედავად დაიწყო: - დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის ჩემო კეთილო ხალხო და აქვე მინდა პატარა მორიგე ჭიქები შევავსოთ - ბიჭი საკუთარ ხმას ვერ ცნობდა - როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ჩვენი დიდი მამა-პაპა, უბრძენესი ხალხი სხვათა შორის ჰოდა როგორც ისინი ამბობდნენ...
ბიჭმა იგრძნო როგორ ებერებოდა მუცელი, თავიდან გაზებს დააბრალა, მაგრამ მუცელი არა და არ ცხრებოდა სანამ მოზრდილ, ლამაზ ღიპად არ გადაიქცა, მაგრამ ბიჭი არ დაიბნა და განაგრძო: - ახლა კი აღარაა ასეთი რაღაცეები მოდაშიო, ამბობენ, მაგრამ მე თუ მოდას ავყევი და თქვენ თუ მოდას აყევითამ ჩვენს მიწას, ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწას... ახლა იგრძნო რომ ნიკაპს ქვემოთ ღაბაბიც ეზრებოდა, დიდი და ფაფუკი როგორც ღრუბელი, მერე ხელებზე შავი ბანჯგვლები ამოეწვერა, ხმა კიდევ უფრო დაუბოხდა, შუბლზე ოფლმა დაასხა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და ბებიას მიცემული ფურცელი შერჩა, ამოიღო, ოფლი შეიწმინდა, დაკუჭა, გადააგდო და განაგრძო. ლაპარაკობდა მტელი გზნებით, ამბობდა ლექსებს რომლებიც აქამდე არასდროს გაეგონა, ითხოვდა სიჩუმეს, აძალებდა ყანწების გამოცლას გულით ავადმყოფებს.
უყურებდა ბებია შვილიშვილს, იღიმოდა და ფიქრობდა: - ბიჭი კი არა, კაცია უკვე.
ხალხი გვიან ღამე დაიშალა. კაცს ცალ ხელში მისთვის განკუთვნილი შემწვარი გოჭის თავი ეჭირა მეორეთი ვიღაც მექორწილე დაეთრია, სუფრის კუთხესთან მოესვა და ეუბნებოდა მე და შენ აი ამ გრაფინით უნდა დავლიოთ რიჟრაჟის სადღეგრძელოო, მექორწილე მორცხვად უძალიანდებოდა, მაგრამ აბა თამადა კაცთან რას გახდებოდა.
ადგილობრივები ბანცალ-ბანცალით მიუყვებოდნენ ორღობეს, ვიღაცამ ვიღაცას გადაულაპარაკა: - მაგარი თამადა იყო ძმაო.
- რამდენი დალევა შეუძლია კაცო - დაუბრუნა მეორემ რეპლიკა.
და ისევ ბანცალით გაუყვნენ შარას.
შორს მზე ლამობდა ამოწვერვას და შაშვიც ჭახჭახებდა სადღაც იქვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები