ნაწარმოებები



ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2016


სწორედ ისე, როგორც კრეტაზე (პირველი ნაწილი)

ქალქშიც და ქალაქის შემოგარენშიც შესანიშნავი ამინდი იდგა. მზით გახურებულ ასფალტს, სადღაციდან შემოქროლილი გრილი ნიავი ისეთი სიხშირით ანელებდა არც თავს მოგაბეზრებდა და არც ხელს დაგაქნევინებდა სახესთან, სიცხის მოსაგერიებლად. ლამაზად აზიდულ ხეებზე მწვანე ფოთლები უხმოდ შრიალებდნენ სადღაც ცასთან. დრო და დრო მტრედების გუნდი გადაუფრენდა მხიარული ქალაქელებით გავსებულ მოედნებს და შადრევნების შეხეფები გაწუწავდა მოურიდებელ გამვლელს, სულ ეს იყო ქალაქის მთელი ხმაური, მანქანების ღმუილიც კი სადღაც შორიდან ისმოდა და მათი მოძრაობაც ხელს არ უშლიდა ძველებური დიზაინით დამზადებულ ტრამვაის ვაგონების სვლას თუ თავქარიან ველოსიპედისტებს, რომლებიც თითქოს ისე, უბრალოდ გამოსულიყვნენ  ზაფხულის ამ შესანიშნავ დღეს რათა თავიანთი რკინის რაშები გაგელვებინათ ქვაფენილზე და არსადაც არ ეჩქარებოდათ. მხოლოდ ერთი ველოსიპედისტი გადაწოლილიყო საჭისკენ, სახეზე ოფლი წურწურით სდიოდა, სატერფულებს გამალებით ატრიალებდა და ვიწრო მოსახვევებში ისეთი სისწრაფით შედიოდა რამდენჯერმე მშვიდად მოსეირნე ბებიებს და მათ მსუქან ძაღლებს კინაღამ დაეჯახა.
ველოსიპედისტი ქალაქის ცენტრისკენ მიჰქროდა სადაც მცირე ბორცვზე  მუნიციპალიტეტის შენობა წამომართულიყო და თავისი გოროზი და თითქოს სხვა შენობების ჩრდილებზე უფრო მუქი ჩრდილით კონტრასტს ქმნიდა ქალაქის დანარჩენ ნაწილთან და ამით უფრო საშიში ჩანდა ვიდრე რეალურად იყო. არადა ქალაქში რომელიც ნათელი ფერებით გამოირჩეოდა, გრანიტის შენობა მართლაც სასიშად ჩანდა და თუ აუცილებელი საქმე არ გქონდა იქ ალბათ ახლოსაც არ გაივლიდი, შენობის უკან ძველთაძველი პარკი იყო, აქ ასწლოვან ხეებს თავიანთი ხშირი ვარჯებით ისეთი დაბურულობები ჰქონდათ მოწყობილი მაშინვე საბრალო ფიფქია ან წითელქუდა გაგახსენდებოდათ, რომლებიც მარტოდმარტო აღმოჩდნენ უღრანი ტყის პირისპირ, ან კიდევ უარესი რამ.
ველოსიპედისტი მუნიციპალიტეტის შენობის ფართო კიბეს მიადგა, ველოსიპედი იქვე მიაგდო და კიბეს სირბილით შეუყვა, თან გზად გვარიანად შელანძღულ პიჯაკს ისწორებდა, ბოლოს ჯიბიდან ამოცურებული ჰალსტუხიც მოირგო და უგემოვნო ჩუქურთმებით მორთული ხის უზარმაზარი კარი შეაღო.
მუნიციპალიტეტის ვეებერთელა ჰოლი, რომლის ჭერიც სადღაც სტრატოსფეროში იკარგებოდა და კედლებიც ისე შორს იყო ლამის ჰორიზონტის ხაზი მოსჩანდა მათ დანახვამდე, სავსე იყო ჩვენი ველოსიპედისტის მსგავსი ახალგაზრდებით, ყველა მკაცრ კოსტუმში გამოწყობილი, ყველა შემცბარი გამომეტყველებით. არავინ ელაპარაკებოდა სხვა ვინმეს, ყველა თავის ფიქრებს წაეღო და რაღაცას ელოდა.

რაღაცაც მალე გამოჩნდა, უფრო ალბათ ვიღაცა იყო, მაგრამ თუკი მასზე საკმაოდ გაბრაზდებოდით  სულ თავისუფლად შეგეძლოთ რაღაცაც გეწოდებინათ იმ არსებისათვის რომელიც ამაყად აწეული თავით, ამრეზილი ცხვირითა და ამ ცხვირისკენ ოდნავ აზიდული ზედა ტუჩით ნათლად გამოხატავდა მისი, როგორც ამ დიად შენობაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული თანამშრომლის, დამოკიდებულებას ამ პირზე დედის რძე შეუშრობელ ერთი-თუ ორი წლის წინ სადღაციდან მოთრეული ახალგაზრდებისადმი.
- მოგესალმებით - მიმართა, წვრილი ცოტთი გამაღიზიანებელი ხმით მოსულმა ახალგაზრდებს.
მისი ხმის გაგონებაზე ჰოლში მყოფი ყველა ახალგაზრდა ერთდროულად შეცბა, ერთ ხაზზე მოეწყო და მოსულს მიესალმა:
- გამარჯობა ბატონო ცეზარ!
ბატონი ცეზარი მართალია ვერ იტანდა ვერც ერთ ახალოსულს, მაგრამ ეს მომწიწება მათი მხრიდან ძალიანაც სიამოვნებდა და აქ გაორებული გრძნობები ეუფლებოდა ხოლმე, გარეგნულად კი ამ შინაგან ბრძოლას აბზუებული ცხვირითა და ოდნავი ღიმილით გამოხატავდა.
- იმედია პროცედურა ყველამ იცით და გამეორება აღარ დამჭირდება, თუ ვინმე განსაკუთრებულად ჭკვიანს კითხვა აქვს მკითხოს სამი წამის განმავლობაში, თუ არა და...
ამ დროს შორეულ კუთხეში ვიღაც მაღალმა და მსუქანმა ნაწნავებიანმა გოგომ ხელი მორიდებულად და შიშით ასწია აქაოდა კითხვა მაქვსო
ცეზარმა მოახერხა და მთელი თავისი ზიზღის კონცენტრაცია მზერაში ჩააქსოვა, რომელიც ნელა გადაიტანა იმ შორეული კუთხისკენ სადაც პერიფერული ხედვით უცნაური მოძრაობა დააფიქსირა.
- გისმენთ! - გამოსცრა კბილებში ცეზარმა
- ისა... - გაუბედავად დაიწყო გოგომ - პასუხებს როდის გვეტყვიან? მაშინვე თუ...
ცეზარმა თავი გადააქნია, გოგო პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა და საუბარი განაგრძო
- თუ არა და მაშინ შეგიძლიათ მიყვეთ ამ კორიდორს, შემდეგ კენტი სართულების ლიფტს აყვეთ მეხუთე სართულამდე საიდანაც ფეხით ჩამოხვალთ მეოთხეზე და იქიდან ლუწი სართულების ლიფტით ახვალთ მეთორმეტზე, მეთორმეტე სართულზე გაუხვევთ ლიფტიდან მარცხნივ, შემდეგ მეორე შესახვევში მარჯვნივ, გადაკვეთთ სააქტო დარბაზს და იქიდან წახალთ მარცხნივ, შემდეგ კიდევ მარცხნივ  და კიდევ მარცხნივ, იქიდან კი უკვე იოლად მიაგნებთ და გაითვალისწინეთ თავიდან კარგ ხასიათზე იქნება სანამ დაიღლება და პირველად მისულებს მეტი შანსი გაქვთ.
ამ სიტყვებით ცეზარი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ჰოლს, დარჩენილმა ახალგაზრდებმა კი ერთმანეთს გადახედეს და თითქმის სინქრონულად მოსწყდნენ ადგილს.

მუნიციპალიტეტის შენობის სხვა კუთხეში ფართო და ნათელი კაბინეტი  მოეწყოთ: მაღალჭერიან ოთახში სულ რამდენიმე რამ იდგა სხვადსხვა ძვირფასი ჭურჭლით სავსე კარადა, ტყავის დივანი და სავარძლები შუაში დაბალი მაგიდით და ერთიც დიდი მაგიდა მუხის ხისგან შეკრული, მძიმე რომლის უკანაც, ზედ უზარმაზარ ფანჯარასათნ მაღარლზურგიანი გორგოლაჭებიანი სავარძელი მოსჩანდა. სავარძელზე კი იჯდა კაცი, თუმცა ფანჯრისკენ მიტრიალებულიყო და ოთახში შემსვლელი მხოლოდ მის აპარსულ კეფას და სქელ კისერს დაინახავდა. ამ დრის ვინმეს რომ შეძლებოდა და მეთორმეტე სართულის ფანჯარაში შეეხედა დაინახავდა სავარძელში მჯდომ ზორბა ტანის მამაკაცს  რომელიც მუქ ნაცრისფერ პიჯკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, შინდისფერ ჰალსტუხზე ალმასისთავიანი ოქროს ქინძისთავი უელავდა, გულის ჯობეში აბრეშუმის ცხვირსახოცი მოუჩანდა ხოლო მსხვილ თითზე პლატინის ბეჭედი ზედ ნახევარმთავრის გრავიურით. კაცს ორივე ხელის თითები შეეტყუპებინა ხოლო მისი მსუქანი და ერთთავად სველი ტუჩები სიამოვნების ღიმილისაგან დეფორმირებულიყო. ეტყობოდა რომ რაღაც კარგის მოლოდინში გარინდულიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები