ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2016


მისი უდიდებულესობა-ამინდი(თოვლიან ამინდში წასაკითხი ამბავი)

                                           
                                                                                                                                                                        ,,არსებობს მარტოობა, რომელიც შეიძლება
                                                                                                                                                                                                            დაარწიო, დააძინო.“

                                                                                                                                                                                                                  ტონი მორისონი


-ჩემო პატარა, გთხოვ, კარგად დაიმახსოვრე, რასაც ახლა მოგიყვები, რადგან ვიცი, რომ გაიზრდები, მერე ვეღარ შევძლებ ასე დალაპარაკებას.
სხვა დედებივით არასდროს მოგატყუებ. იმას გეტყვი, რაც ვიცი: მამაშენი წავიდა და აღარ დაბრუნებულა. არ ვიცი, სადაა. ვისთან. ჰყავს თუ არა სხვა ოჯახი. ცოცხალია თუ არა. არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ მყავხარ შენ.
გინდა მოგიყვე, როგორ ვცხოვრობდით, სანამ წავიდოდა? გინდა?
როგორც კი დავქორწინდით, ამ სახლში გადმოვედით საცხოვრებლად. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ეხერხებოდა ასეთი რამეები. გვეხალისებოდა კიდეც. ორივე ვმუშაობდით, ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის მოვიდოდი სახლში და ერთად ვივახშმებდით. ჭამისას სულ ვლაპარაკობდით. ეს საშინელი ჩვევა, მაგრამ მოგვწონდა. იმედია, შენც ასე იქნები,-საბანი შეუსწორა ჩვილს.
-ხუმრობა უყვარდა მამაშენს. ბევრს მაცინებდა. შეძლებულები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ გაგვქონდა თავი. აი, დრო კი გვაკლდა ხოლმე. მე კვირაში ექვსი დღე ვალაგებდი, ის ყოველდღე მუშაობდა, ორ დღეში ერთხელ-ღამის ცვლაში. დაცვაში მუშაობდა, ჩვენს ქალაქს იცავდა. მოკლედ, საამაყო მამა გყავს.
რომ დავორსულდი, ვეღარ ვმუშაობდი, მისი ხელფასი არ გვყოფნიდა და ერთ დღესაც მითხრა, ომში უნდა წავიდეო. სამ თვეში ჩამოვალ და ფულს ჩამოვიტან, კარგად იხდიანო. მეგონა, ხუმრობდა. ასე აჯობებს სამივესთვისო. სამი თვე რა არის, ზამთრის დასაწყისში უკვე აქ ვიქნებიო, ვერც გაიგებ, ისე უცებ გავა დროო.
მინდოდა მეკითხა, რა უნდა ვქნა, თუკი ვერ დაბრუნდები-მეთქი. ნეტა, მეკითხა.
ვუთხარი, როგორ შეგიძლია, ჩემი დატოვება სხვების მოსაკლავად-მეთქი. მოსაკლავად არა, დასაცავად მივდივარო. შენი სამშობლოს ომი ხომ არაა, ვინ უნდა დაიცვა-მეთქი. ნუ იქნები ეგოისტი, ყველა ომი ომია, არ აქვს მნიშვნელობა, შენიანებს ხოცავენ თუ არაო. ფულს რომ არ გიხდიდნენ, წახვიდოდი-მეთქი. მარტო რომ ვცხოვრობდე, კიო.
ისე მითხრა, თითქოს, მე და შენ მისი ტვირთი ვიყავით. ვიცი, არ უნდოდა ასე გამოსვლოდა, მაგრამ ასე გამოუვიდა.
მერე უნდაჩამოხვიდე და შენი სისხლში გასვრილი ხელებით ჩვენს შვილს მოეფერო-მეთქი. ნუ აზვიადებო. არ წახვალ-მეთქი. მას მერე არ გვილაპარაკია ამაზე.
არ ვაზვიადებდი. არ მჯერა, რომ შეიძლება სხვისი სამშობლოს ისე უანგაროდ დაცვა, როგორც შენის. არ მჯერა და მორჩა.
რამდენიმე ღამის მერე მესიზმრა, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი, მამაშენის გარეშე, მარტო. არ ვიცი, იქ რა მინდოდა. თითქოს, მშობიარობა მეწყებოდა. შუა ქუჩაში ვიყავი, არ ვიცოდი, სად იყო საავადმყოფო. დახმარებას ვითხოვდი და ყურადღებას არავინმაქცევდა.
იქვე ვიმშობიარე, ქუჩის კუთხეში. ძალიან მრცხვენოდა. დიდი, ძალიან დიდი, წითელი მთვარე იყო, მახსოვს. ჩემს პალტოში გაგახვიე. რაც კი ვიცოდი, ყველა ენაზე ვთხოვდი გამვლელებს დახმარებას. შვილი მომიკვდება-მეთქი, გავყვიროდი. არავის ადარდებდა უცხო ქვეყნის შვილის ბედი.
შეშინებულს გამომეღვიძა. სულ ოდნაც წამოზრდილ ჩემს მუცელს დავხედე. მერე გამახსენდა სიზმარში ნანახი წითელი მთვარე, გავაღვიძე მამა და ვუთხარი, წადი-მეთქი ომში.
როგორ ფიქრობ, ჩემო პატარავ, არ უნდა გამეშვა?
თხუთმეტი თვეა, არაფერი მსმენია მასზე. ბებიამეუბნება, შეეგუე, ბოლობოლო, რომ სხვა ქალი გაიჩინა იქ და იპოვე შენთვისაც ვინმე, თორემ მარტოებს გაგიჭირდებათო. ბაბუა მე არაფერს მეუბნება, მაგრამ ერთი-ორჯერ გავიგე, როგორ ეჩხუბებოდა ბებიასჩემ მაგივრად, რას მისტირის თავის არაკაც ქმარს, ორსული ცოლი დააგდო ფულის გულისთვისო.
არ მაინტერესებს, რას იტყვიან. არც შენ უნდა მოუსმინო სხვებს, ჩემო პატარავ. ჩვენ ვიცით, რომ მამა სხვების დასაცავად წავიდა იქ. და ეს საკმარისი მიზეზია.
ნელ-ნელა ვიწყებ იმასთან შეგუბას, რომ შეიძლება, მართლა აღარასდროს დაბრუნდეს. მტკივნეული ფიქრია, მაგრამ მართალი.
ნახე, კიდევ მაშხალებს უშვებენ. არადა, რახანია ჩაიარა დღესასწაულმა. არ შეგეშინდეს.-ყურებზე ნაზად ააფარა ხელი.
-აი, დამთავრდა.
რომ მიდიოდა მამა, კისერზე ჩემი ჯვარი ჩამოვკიდე, დაგიცავს-მეთქი. თქვენზე ფიქრი დამიცავსო, მითხრა.
შეგშურდებოდა, ისე უბრალოდ სწამდა ღმერთის. ყველანაირი რიტუალების გარეშე. არ უყვარდა წირვებზე სიარული, სანთლები, მარხვები. ეს ყველაფერი ადამიანებს სჭირდებათ, ღმერთს მხოლოდ ის უნდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდესო.
მე ზოგჯერ დავდივარ ეკლესიაში. მამშვიდებს. რომ გაიზრდები, ერთად ვიაროთ, თუ გენდომება.
გვერდით ოთახში ტელეფონმა დარეკა.
-ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას. არ გაგეღვიძოს, ჩემო საყვარელო.
სწრაფად წამოდგა ქალი, საძინებლის კარი მიხურა და დაბალი ხმით უპასუხა:
-გისმენთ.
სიჩუმე.
-გისმენთ,-გაიმეორა და საძინებლის კარს გახედა.
-ძვირფასო. მე ვარ.
  ჯერ გაშეშდა, მერე უნებურად ყელთან მოიკიდა ხელი, სადაც ჯვარი უნდა ჰკეთებოდა:
-ღმერთო, ღმერთო,-უმისამართოდ იმეორებდა.-შენ ხარ.
-ჰო, მე ვარ.
  იატაკზე დაჯდა და კედელს მიეყრდნო:
-საიდან რეკავ? როგორ ხარ?
-ძვირფასო. ჩემო ძვირფასო. ისე მინდოდა შენი ხმის გაგონება. იმდენი რამის თქმა მინდა. გაგაღვიძე?
-არა, არ მეძინა.
-რატომ ლაპარაკობ ჩუმად? სძინავს?
-სძინავს.
-გოგოა თუ ბიჭი?
-გოგო.
-ღმერთო.
  სიჩუმე.
-რა დაარქვი?
-ლორელეი.
-ლორელეი. როგორია? როგორია, მითხარი.
-ძალიან ლამაზია. შენი თვალები აქვს, ტუჩებიც. სულ იცინის. შენ გგავს.
-ჩემი პატარა გოგონა. ჩემი გოგონა. როგორ ხარ შენ?
-თხუთმეტი თვე გავიდა.
-ვიცი. ვიცი. არ შემეძლო. მართლა არ შემეძლო.
-ნუ მიხსნი.
-ვერ გიხსნი.
-ნუ მიხსნი-მეთქი.
-რატომ არ გეძინა?
-ისე.
-რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე? დრო გადის. ლორელეი იზრდება.
-არავინ გყავს?
-ღმერთო. თხუთმეტი თვე იმისთვის გელოდე, რომ დაგერეკა და ეს გეკითხა?
-მაპატიე. მაპატიე. ყველაფერი მაპატიე. გეზიზღები? მითხარი, გეზიზღები?
-რა გაგიკეთეს?
-მითხარი.
-არა. როგორ. მე არ შემიძლია.
-უნდა გძულდე. შენ ყოველთვის ჩემზე ძლიერი იყავი და იმიტომ არ გძულვარ. უნდა გძულდე.
-ფიქრობდი ჩვენზე?
-ხომ გითხარი, თქვენზე ფიქრი დამიცავს-მეთქი.
-წყლად იქცნენ შენი სიტყვები.
-ნუ მეუბნები. გახსოვს, როგორ ვცხოვრობდი? ხომ გახსოვს. რა კარგი იყო, როგორი კარგი. იმდენად საიმედო იყო ყველაფერი, როცა გვწყალობდა ღმერთი.
  სიჩუმე.
-ძვირფასო. გესმის?
-მესმის.
-შენ რა, ტირი? არ გაბედო. არ გაბედო.
-იცი, რა მინდა?
-რა გინდა?
-ლორელეი რომ წამოიზრდება, ამ სახლს გავყიდი და სადმე, პატარა ქალაქში ვიყიდი გზისპირა სახლს. დაღლილი მგზავრები მოვლენ ხოლმე ჩვენთან და შეისვენებენ.
-რა გულუბრყვილო სურვილია.
-არ მოგწონს?
-მომწონს, ძალიან მომწონს.
-იმდენი კითხვა დამიგროდა. და ახლა, ვხვდები, რომ არაფრის კითხვას არ აქვს აზრი.
-შემიძულე, გთხოვ, თუ ოდესმე გყვარებივარ, შემიძულე.
-ნუ მთხოვ.
-იცოდე, მე შემიძლია შეგიძულო იმის გამო, რომ არ შეგიძლია, გეზიზღებოდე.
-გადავწყვიტე, ამის მერე სულ წარსულში მოგიხსენიო.
-ჰო.
-ერთადერთ რაღაცას გკითხავ.
-მკითხე.
-შეგიძლია მითხრა ისეთი რამ, რის გამოც შენი ლოდინი ღირს?
  სიჩუმე.
-მისმინე. მისმენ?
-გისმენ.
-აღარ დარეკო. ასე სჯობს. გპირდები, ჩვენს გოგონას არასდროს მოვატყუებ. ყველაფერს ისე ვეტყვი, როგორც იყო, ოღონდ ნუ დარეკავ, გესმის? აღარ მინდა იმის გაგება, როგორ წუხხარ, რომ ჩვენთან არ ხარ, არ მინდა იმის ცოდნა, რომ გენატრებით. არც იმის, გყავს თუ არა მანდ სხვა ოჯახი. აღარაფრის გაგება აღარ მინდა შენზე, გესმის? რაც ვიცი, რაც მახსოვს, რაც დამიტოვე, ისიც საკმარისია. ჩვენ ორს გვეყოფა. აღარ მაინტერესებს, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი. გაიგე?
-რა? რას მეუბნები?
-მე აღარ გელოდები.

თოვლიანი ამინდივით გრძელი და უსასრულო სიჩუმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები