ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: რენუარი
ჟანრი: საბავშვო
28 იანვარი, 2019


საჭადრაკო (ლექსზღაპარი)


1. დებიუტი

იყო და არა იყო რა,
მეფით, მხედრებით, ეტლით,
იყო რუკაზე სამეფო,
სხვა სამეფოთა  გვერდით.

მაგრამ  არავის არ გავდა
თავის ზნითა და წესით,
შინაომები ტანჯავდა,
იყო უბედურ დღეში.

არეულობას ვერაფრით
ვერ დააღწია თავი,
რადგანაც ორი მართავდა -
მეფე -
თეთრი და შავი.

და როგორც ორი ქალისთვის
არ არის ერთი ქურა,
ორი მეფისთვის ქვეყანა -
ერთი -
არ კმარა სრულად!

ომს სულ თეთრები იწყებდნენ,
დაწყობილები მწკრივში,
იგერიებდნენ შავები
ჰქონდათ  ვაი და ვიში.

პირველ იერიშს მეორე
მოსდევდა უფრო ცხელი,
ხან ეტლი დაემსხვრეოდათ,
ხან უკვდებოდათ ცხენი.

დიახ, ჩინია მთავარი!
(არაფერს ვაბობ ახალს)
ეწირებოდა დაბალი
თავისზე უფრო მაღალს.

როგორც ერთს,
ისე სუყველას,
ჩირად უღირდა თავი,
ყველა  მეფისთვის კვდებოდა
ფერი -
თეთრი და შავი.

„სისხლისგან დაცლილ ქვეყანას
რამე ვუშველოთ იქნებ"
-რა ერთი ფერის ჯავრი ჭამს
ორი დედოფლის ფიქრებს!

რა ვუყოთ ამდენ მოკლულს და
რა ვუყოთ ამდენ დევნილს,
ზღვა იღვრებოდა თვალთაგან
თეთრი და შავი ცრემლის.

2. ჰეფი ენდშპილი

ცხოვრობდა  განმარტოებით
ბრძენკაცი, ვინმე - ბერი,
ერთ დღეს მიადგა სენაკში
ორივე ლაზიერი,
შესჩივლეს, შენ თუ გვიშველი,
თორემ გვექცევა ჭერი!

იფიქრა როგორც ბრძენმა და
ბერმა  შესთხოვა უფალს,
მეორე დილით  მაგიდას
გადააფარა სუფრა,
გამოისახა სუფრაზე
თეთრი და შავი უჯრა...

ხის ფიგურები გათალა,
მეფე-დედოფალს გვერდით
ამოუყენა მცველები:
კუ, მხედარი და ეტლი.

წინა ხაზზე კი დააწყო
ვით საიმედო ფარი,
მეფისთვის თავდადებული
ერთგულ პაიკთა ჯარი.
თანაბრად თექვსმეტ - თექვსმეტი
არც ნაკლები, არც მეტი,
ერთ მხარეს შავი ჯარია
მეორე მხარეს - თეთრი.

დაწერა ბრძოლის წესებიც,
საქმე ქნა გასაკვირი -
თამაშად გადააქცია
ომი - სამეფოს ჭირი.

და შეუთვალა მეფეებს:
გქონდეთო ერთი პირი,
ამ მაგიდასთან მოკალით
თუ გექნეთ ბრძოლის ჟინი!

ასედაც მოხდა!

მთავარიც -
ეგაა ამ ჩვენს ზღაპარში:
ჟუჟუნა წვიმად იქცევა
ბრძენის ხელებში სეტყვა,
ბოროტს ამარცხებს კეთილი,
მეც ეგ მინდოდა მეთქვა!



2016. მაისი




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები