ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2016


სწორედ ისე, როგორც კრეტაზე (მეორე ნაწილი)

ეს კაცი გახლდათ ქალაქის მუნიციპალიტეტის შრომითი რესურსების განყოფილების უფროსის მოადგილე ბატონი ჰაფიზი. თვითონაც იცოდა რომ სახელი უცნაური ჰქონდა თანამშრომლებსაც ხშირად ავიწყდებოდათ და ეშლებოდათ ხოლმე, მაგრამ ამას არას დაგიდევდათ უბრალოდ კიდევ ერთ მინუსს მიუწერდა თავის გონების ბლოკნოტში თანამშრომელს და ეგ იყო, აი როცა დადგებოდა ის დღე, რომელიც დღეს იდგა, როცა ჰაფიზს თითო განყოფილებიდან ათი კაცი უნდა გაეშვა ხოლმე ამოიღებდა გონების კარადის უჯრიდან გონების ბლოკნოტს, გადაშლიდა და ჩამოჰყვებოდა მინუსებს, რომელთა შესახებ მხოლოდ მან იცოდა და გაუშვებდა ვინც გასაშვები იყო.
ეს დღე მუნიციპალიტეტში წელიწადში ერთხელ დგებოდა. მუნიციპალიტეტის პოლიტიკის თანახმად მისი შტატი წელიწადში ერთხელ ასი ადამიანით უნდა შემცირებულიყო, მართალია შემდეგ წლის განმავლობაში ბარე ორასით იზრდებოდა, მაგრამ ეს თანდათანობით ხდებოდა და გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. აი ასი თანამშრომლის ერთდროულად გაშვება კი კარგად ჩანდა გადასახადების გადამხდელების თვალში. ორმოცდაათი ვაჟი და ორმოცდაათი ქალი, ესეც ხარკი იყო უმცირესობათა უფლებების დამცველებისთვის. ძირითადად ახალგაზრდებს ათავისუფლებდნენ რომ ვინმეს არ ეთქვა, საბრალო მოხუცებს ჩაგრავენ და ბოლო შანსს უსპობენო, მოკლედ რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტი საზოგადოების ყველა მოთხოვნოას პირნათლად პასუხობდა.
ამ პროცესს კი ხელმძღვანელობდა ბატონი ჰაფიზი, ის ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას ვინ უნდა გაეშვა და ვინ დაეტოვებინა, მხოლოდ მისთვის ცნობილი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა და არავის ჰქონდა უფლება ეჭვი შეეტანა მის კომპეტენციაში, ამიტომ ჰაიფზს განუსაზღვრელი უფლებები და გავლენა ჩამოუყალიბდა, ამბობენ ერთხელ საკუთარი უფროსიც კი გაათავისუფლა სამსახურიდანო, თუმცა ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო და ზუსტად არავინ იცოდა ლეგენდა იყო თუ სიმართლე.
და აი დღესაც დადგა ის დიდი დღე როდესაც ჰაფიზს ასი თანაშრომელი უნდა გაეშვა სწორედ ამიტომ იჯდა და ელოდა სახის იმგვარი გამომტყველებით როგორითაც სხვა დროს იშვიათად თუ ნახავდა ვინმე. მის მახვილ სმენას თითქოს უკვე სწვდებოდა ახალგაზრდა თანამშრომლების არეული და მორიდებული ნაბიჯების ხმა, გრძნობდა მოჭარბებულ ადრენალინს მათ სისხლში, ხედავდა დაძაბულ კუნთებსა და თვალის გაფართოებულ გუგებს.
ჰაფიზმა ოქროს საათს დახედა. ათს ორი წუთი აკლდა, ორ წუთში პირველი თანმშრომელი უნდა შემოსულიყო.
ამ დროს კი თანმშრომლები მუნიციპალიტეტის დერეფნებში ლამის იყო და მორბდნენ, ცდილობდნენ ერთმანეთისათვის გადაესწროთ, ზოგი ერთი ძალიან მონდომებული მუჯლუგუნსა და ფეხის დადებასაც არ თაკილობდა. რამდენიმე ჩამორჩენოდა ამ რბოლას, ზოგი დაიღალა, ზოგიც დაკარგული იყო გრანდიოზულ შენობაში და ახლა მარტოდმარტო დახეტიალობდა რომელიღაც სართულის რომელიღაც ოთახების წინ, მათ ამბავი უკვე გადაწყვეტილი იყო, ჰაფიზი დაგვიანებულებს გასაუბრების გარეშე უშვებდა სამსახურიდან.
ჰაფიზმა სავარძელი შმოატრიალა, თითზე ბეჭედი შეისწორა, მაგიდაზე დადებული ყუთიდან ჩვეულებრივზე უფრო მსუქანი სიგარა ამიღო, ცხვირთან მიიტანა და მათრობელა არომატი ხარბად შეისუნთქა. მერე საკვნეტით ბოლო მოაკვნიტა სანთებელა შეუნთო და პირველი პორცია ბოლი ფილტვებში ჩაუშვა.
ზუსტად ათ საათზე მორიდებული კაკუნი გაისმა, შემდეგ კარი ოდნავ გაიღო, ისე რომ იფიქრებდი ამ ღრიჭოში მშიერი კატა თუ შემოეტევაო და ოთახში სათვალიანი და ქერათმიანი თავი ძალიან გამხდარმა და ფერმკრთალმა გოგონამ შემოყო.
– ბატონო ჰაფიზ, მოვიდნენ... – ჩურჩულით მოახსენა გოგონამ ჰაფიზს.
ჰაფიზმა ხელი აიქნია იმის ნიშნად შემოვიდნენო და სიგარა კიდევ ერთხელ მოქაჩა.
პირველი ოთახში ძალიან თავდაჯერებული ყმაწვილი შემოვიდა. უფრო სწორად ყმაწვილი ცდილობდა თავდაჯერებული გამოჩენილიყო. ისიც, როგორც ყველა ვინც ახლა უზარმზარ მოსაცდელში იდგა, ჰაფიზთან გასასაუბრებლად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩია მუნიციპალიტეტის მთავარმა კომპიუტერმა და ამის შესახებ ცნობა გუშინ დაახვედრეს სამუშაო მაგიდასთან, ეს უკვე თავისთავად იყო დიდი სტრესი და ყმაწვილმა გუშინვე სცადა საღამო ხანს ამ სტრესის ალკოჰოლით შემსუბუქება, მაგრამ ყოველი ჭიქის გადაპირქვავების შემდეგ თითქოს განგებო ჰაიფზის სახე წარმოუდგებოდა თვალწინ, უფრო სწორად კი ის სახე რომელიც წარმოედგინა ჰაფიზის სახედ, რადგან ჰაფიზი მხოლოდ იმ თანამშრომლებს ჰყავდათ ნანახი ვინც უკვე ყოფილიყო მასთან გასაუბრებაზე, კიდევ მის უშუალო უფროსსა და მდვინა გოგონას. ჰოდა წარმოუდგებოდა ეს სახე და წყალში ეყრებოდა ის ძვირფასი გრადუსები და სტრესის საწინააღმდეგო ეფექტი რაც თითოეულ ამ ჭიქას მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ როგორც კი შეაბიჯა ჰაფიზის კაბინეტში ყმაწვილმა თავდაჯერების ბოლო ნაშთიც მიაფანტა სადღაც და ახლა კართან იდგა, ნაძალადევად იღიმოდა, წელში გამართულიყო და მარჯვენა ხელი წინ გაეშვირა ჰაფიზისთვის ჩამოსართმევად.
ჰაფიზმა მის ხელს ყურადღებაც არ მიაქცია ისე გადაშალა უზარმაზარი დავთარი და მაგიდის წინ მდგომ სკამზე მიანიშნა აქ დაბრძანდიო.
ყმაწვილმა ფრთხილი ნაბიჯით გადაკვეთა ფართო კაბინეტი და სანამ სკამადე მივიდა ერთი სიკვდილი გაათავა, ეს მოგზაურობა მისთვის იგივე იყო გამოიუცდელი ტურისტი რომ სიკვდილის ველს გადაკვეთს, ჰოდა რაღა გასაკვირია არაქათგამოცლილი რომ დაეშვა სკამზე.
– აბა გისმენთ. – ამოხედა ბოლოს და ბოლოს ჰაფიზმა ყმაწვილს
– ეეე... ნუუ... – დაიბნა ყმაწვილი – რა უნდა ვთქვა?
– ეგ მე არ ვიცი, თქვენ უნდა იცოდეთ. უნდა დამარწმუნოთ რომ თქვენი და ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ღირს.
ყმაწვილი ჩაფიქრდა, სიმართლე ითქვას ვერ ხვდებოდა რას ითხოვდნენ მისგან. რას ნიშნავს „ღირს თანამშრომლობის გაგრძელება?“ღირს, რა თქმა უნდა ღირს. ხელფასი კარგია, პრემიაც მშვენიერი, ბონუსები, დანამატები... მაგრამ ამას ხომ ვერ უპასეხბს. თან პაუზაც უხამსად გაიწელა.
- კხმ - ჩაახველა ყმაწვილმა. ჰაფიზმაც ინტერესით მიაპყრო შავი, დიდრონი თვალები.
ამ დროს კი კაბინეტს გარეთ, მოსაცდელში დაძაბულობა პიკს აღწევდა. ზოგი კართან ატუზულიყო ფუჭი იმედით რომ ეგებ რამე გაეგონათ ოთახიდან, ზოგი კედელთან ჩამჯდარიყო და თავზე შემოეჭდო ხელები, ზოგიც ფანჯრის რაფაზე იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა, სხვები ბოლთას ცემდნენ, იყვნენენ ისეთებიც რომლებიც ერთ ადგილას გაყინულიყვნენ და ფრჩხილებს, თმის ბოლოებს ან სხვა რამ წანაზარდებს იკვნეტდნენ. ყველა ელოდა ერთს, როდის გაიღებოდა კარი და რა ამბით გამოვიდოდა პირველად შესული ყმაწვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები