ნაწარმოებები



ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2016


სწორედ ისე, როგორც კრეტაზე (მესამე ნაწილი)

კარიც მალე გაიღო და სანამ ყმაწვილი გამოჩნდებოდა მომლოდინეებმა წამის მეასედით თვალი ჰკიდეს უზარმაზარ ფიგურას რომელსაც რაღაც მისტიკური ნისლი თითქმის სრულად ფარავდა, პირი კი ცეცხლისფრად უნათებდა და კიდევ უფრო დაიზაფრნენ, თუმცა ეს რა თქმა უნდა მომლოდინეთა აღგზნებულმა ტვინებმა აღიქვეს ასე ჰაფიზის ფიგურა რომელიც სიგარას ეწეოდა და თამბაქოს კვამლში გახვეულიყო, კარიც მალევე მიიხურა და ფიგურა გაქრა. სამაგიეროდ დარჩა ყმაწვილი, რომლის ბაგესაც თითქმის იმავე წამს ისეთი ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი ლანღვა-გინება აღმოხდა, მუნიციპალიტეტის მრავლის მნახველი კედლებიც კი თითქოს შეცბნენ.
- გაგიშვეს? - იკითხა მსუქანმა, ნანწავებიანმა გოგომ.
- არა, დამტოვა, დამტოვაა, დამ ტო ვაააა!!! - ყმაწვილი თანამშრომლებს შორის გზას მიიკვლევდა და იმ თავის გინებას, რომელიც როგორც გაირკვა აღფრთოვანებას გამოხატავდა და არა გაბრაზაბას, გზადაგზა კიდევ უფრო ამრავალფეროვნებდა.
შემდეგ რიგი უფრო სწრაფად დაიძრა წინ, თანამშრომლები უჩინარდებოდნენ კარს მიღმა და სწრაფადვე ბრუნდებოდნენ უკან, ოღონდ არც ერთი მათგანი ისეთი აღარ დაბრუნებულა როგორიც შევიდა: გამოდიოდნენ სევდიანები, შოკირებულები, გაბრაზებულები, გახარებულები, დათრგუნულები; გამოდიოდნენ ყვირილით, წყევლის ჩურჩულით, ლანძღვების ღრიალით, საკუთარ თავთან ცრემლიანი ბუტბუტით; გამოდიოდნენ ნელა, სწრაფად, სირბილით, მხრებში მოხრილი, წელში გამართული და ვინ მოსთვლის კიდევ როგორები არა.
სულ რამდენიმე საათში ჰაფიზმა ოთხმოცდაათი თანამშრომელი გაათავისუფლა, დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა, გასათავისუფლებელი მხოლოდ ათიოდ თანამშრომელიღა თუ იყო. ახლა დასვენებაც შეიძლებოდა. ჰაფიზი ადგა, ვეებერთელა, ოთხკუთხა ბეჭედი, რომლითაც თანამშრომლების პირად საქმეზე ალისფრად არტყამდა რეზოლუციას „მოხსნილია“ ფრთხილად გადადო, უზარმაზარი მხრები გაშალა, ზურგი გაჭიმა, ძლიერი კისერი აქეთ იქით მიატრიალ-მოატრიალა და ოთახში რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და ქალაქს გადახედა. ამ სიმაღლიდანაც კი ჩანდა როგორ ცხოვრობდა და ფუსფისებდა ქალაქი და რომ არა ამ შედარების გაცვეთილობა ჰაფიზიც ჭიანჭველების ბუდეს შეადარებდა მუდამ მოძრავ ქუჩებსა და სახლებს. თუმცა მის წარმოდგენაში ქალაქი უფრო ერთიანი ორგანიზმი იყო, რაღაც დიდი და მტაცებელი ნადირი თუ თევზი, რომელიც წყლის შლამიან ფსკერზე გატრუნულიყო და მსხვერპლს ელოდა, წარმოიდგენდა როგორ გააღებდა ეს თევზი თავის უზარმაზარ პირს და მორიგ გულუბრყვილო არსებას თავის ყველაფრის მომნელებელი კუჭისკენ გადაუძეხებდა. ახლა რომ ღამე ყოფილიყო ქალაქის ვენებში, ქუჩებში მოძრავ სისხლის წითელ და თეთრ სხეულებსაც კარგად გაარჩევდა, მის გულისცემასაც უკეთ გაიგონებდა. ფიქრობდა ჰაფიზი ამ ყველაფერს და მშვიდდებოდა. იქით სიგარის ნამწვი ბოლავდა ბროლის დიდ საფერფლეზე. საათი წიკწიკებდა მონოტონურად. ერთი ჭიქა ყავაც და მსოფლიოში არ იარსებებდა მოვლენა, პიროვნება თუ სხვა რამ რაც შეარყევდა ჰაფიზის გრანტისებრ სიმშვიდეს.
- არია - დაიძახა ჰაფიზმა - არია.
არავინ გამოხმაურებია
- არიადნა - შესძახა კიდევ ერთხელ ამჯერად უფრო ხმამაღლა - არა რა, ნათღესავი სამსახურში არ უნდა აიყვანო, - ჩაიდუდუნა თავისთვის და კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა: - არიადნა!
თუმცა ამჯერადაც ამაოდ დაშვრა, არიადნას უფროსის დაძახება არ ესმოდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ თავის სახელს ვერ იტანდა, მეორეც იმიტომ რომ მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად საკმაოდ სიმპთიური ბიჭი გამოელაპარაკა.
როგორც წესი არიას, რაღაც ფილმის თუ რომანის პერსონაჟის გამო ასე უწოდებდა თავის თავს და ასე ერჩივნა რომ დაეძახათ, ვერ ამჩნევდნენ ხოლმე. არც ულამაზო ეთქმოდა, არც უჭკუო, ის სათვალე და კანის თეთრი ფერი უხდებოდა კიდეც, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა სანამ ვინმეს არ დასჭირდებოდა, აი კარის სახელურივით იყო, არის და არის კარის სახელური არც აქცევ ყურადღებას სანამ კარის გაღება არ დაგჭირდება, აბა ოდესმე გსმენიათ ვინმეს ეთქვას: ღმერთო, რა ლამაზი სახელურია! არა, რა თქმა უნდა. ასეთი იყო ჩვენი არიადნაც. ვერავინ ვერასდროს ამჩენვდა, ვერც სკოლაში, ვერც უინივერსიტეტში, ვერც სამსახურში, ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერც სამეზობლოში და ასე განსაჯეთ სახლშიც კი.
დღეს კი მოხდა სასწაული, ყოველ შემთხვევაში არიადნას შეფასებით ეს სწორედ სასწაული იყო, იმ დღეს მოსული თანამშრომლებიდან ერთერთი, სწორედ ის რომელიც არიადნას ყველაზე მეტად მოეწონა თავისი აჩეჩილი თმით, მოშვებული ჰალსტუხითა და ამოჩაჩული პერანგით მოსაცდელში ყოფნის ორი საათის თავზე მის მაგიდასთან მივიდა და გაუღიმა.
- გაუმარჯოს, კარგ ხასიათზეა? - დაიწყო ბიჭმა
სიმართლე ითქვას არიადნას ბიჭის ასე მისვლა და ამგვარი კითხვა ცოტათი თავხედობად ეჩვენა და პასუხს არც აპირებდა, მეტიც, უნდოდა სათვალის ზემოდან განმგმირავი მზერით შეეხედა და ამით დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ ბიჭის უნაკლო ღიმილს, კეთილ ლურჯ თვალებს და იმ აჩეჩილ თმას ვერაფერი მოუხერხა და თვითონაც გაიღიმა
- კარგ ხასიათზე ეგ არასდროს არაა
- აბა ცუდზე? - თეატრალურად მოიქუფრა ბიჭი
- არც ცუდზე არაა არასდროს, ბავშვობიდან ვიცნობ და არც ერთხელ არ მინახავს ან იცინოდეს ან სევდიანი იყოს - ნერვიულად და უადგილოდ გაიცინა არიადნამ და იქვე გაუკვირდა რატომ ესაუბრებოდა თავისი ბავშვობის თუნდაც უმნიშვნელო ნაწილზე კაცს რომელსაც პირველად ხედავდა.
- ბავშვობიდან? ნათესავები ხართ?
- ნახევარძმაა ჩემი დედით ერთი ვართ მამით სხვდასხვა
ბიჭმა კიდევ ერთხელ გაიღიმა, მცირე ხნით ის უხერხული პაუზა ჩამოწვა ყველა საუბარს რომ ახლავს თან როგორც სადმე წვეულებაზე ლამაზ გოგონას მახინჯი დაქალი.
- დიდი ხანია აქ მუშაობ? - შეუტია პაუზას ისევ ბიჭმა
- სამი წელია უკვე - ნაღვლიანად თქვა გოგომ
- ო, დიდი ხანი ყოფილა უკვე და - ბიჭმა მიმოიხედა და ჩურჩულზე გადავიდა - რამე ისეთი არსებობს რაც შენსებს გამიზრდის?
არიადნას ეს ჩურჩული კიდევ უფრო ეხამუშა ვიდრე ბიჭის მის ცხოვრებაში გამოჩენა და შეეძლო დაეფიცებინა რომ მგვარი კითხვის შემდეგ ყველაზე მცირეს რასაც იზამდა საერთოდ შეწყვეტდა კითხვის დამსმელთან ურთიერთობას და იგივესკენ მოუწოდებდა მასაც, მაგრამ ეს აჩეჩილი თმა... ოჰ ეს აჩეჩილი თმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები