ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2016


სწორედ ისე, როგორც კრეტაზე (მეოთხე ნაწილი. დასასრული)

- თუ ვინმე ნაცნობის სახელით მიხვალ, ან თუ დაპირდები რომ უყურადღებოდ არ დატოვებ მის კეთილგანწყობას დიდი ალბათობით დადებითად აისახება მის სურვილზე გაგიგრძელოთ კონტრაქტი.
- აჰ... გასაგებია და ბარემ ესეც მითხარი...
ამ დროს კი სრულიად უდტვრტვინველი ჰაფიზი უკვე წონასწორობის დაკარგვის პირას იყო, საცაა მის მიერვე მოფიქრებული შესვენება დასრულდებოდა მას კი კოფეინის კუთვნილი ულუფა ჯერ არ მიეღო. მდივანი თუ თანაშემწე თუ რაღაც ჯანდაბა, რაც უნდათ ის დაერქმიათ, ცოცხალი თავით არ ჩნდებოდა მის დაძახილზე. ჰაფიზმა ვერც კი შეამჩნია ისე დაიწყო ბოლთის ცემა, თავში მხოლოდ სალანძღავი სიტყვები უტრიალებდა. საქმე მარტო ყავაში ხომ არ იყო? სამი წელია წრთვნიდა და ასწავლიდა ამ შტერ გოგოს მორჩილებას და დისციპლინას და ახლა როცა ეგონა რომ საბოლოოდ გახედნა უძახის და მას კი არ ესმის, სულელი, ჩერჩეტი, ბრიყვი, უმადური, თავხედი. არა ჭკუა უნდა ასწავლოს რადაც არ უნდა დაუჯდეს... ეს რადაც არ უნდა დაუჯდეს პათეტიკურად და გადამეტებულად ეჩვენა ჰაფიზს და ჩაიღიმე, ისე თავისთვის, მხოლოდ თვითონ რომ შეამჩნევდა რადგან სხვებისთვის ეს ღიმილი არც იყო განკუთვნილი, საკუთარ თავს დასცინოდა.
ჰაფიზმა პიჯაკი შეისწორა, მტკიცე ნაბიჯით მივიდა კართან, ხელის ერთი მოძრაობით ფართოდ გამოაღო და მოსაცდელში გავიდა.
ჰაფიზის გამოჩენას თანამშრომლებს შორის იგივე ეფექტი ჰქონდა როგორიც, ალბათ, ნილ არმსტრონგის გამოჩენას მთვარეზე, სრული და ყოვლისმომცველი სიჩუმე და უძრაობა. ყველა გაჩერდა, გაჩუმდა და ჰაფიზს მიაშტერდა, პირველად ხედავდნენ ადამიანს რომელზეც ამდენი სმენოდათ და რომელზეც პირდაპირ იყო დამოკიდებული მათი ბედი. ჰაფიზმაც ისე გაიარა მათ შორის როგორც ნილ არმსტრონგმა მთვარის ქვებს შორის - თითქმის არ შეუმჩნევია, და პირდაპირ არიადნას მაგიდას მიადგა.
- ხუთი წუთია გეძახი! - მშვიდი, მაგრამ მკაცრი ტონით უთხრა არიადნას და ის-ის იყო ამაყად შემობრუნებას და საკუთარი ღირსების გრძნობით აღვსილი წამოსვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად ჩაესმა ის რასაც არ ელოდა, უფრო სწორი კი იქნებოდა რომ გვეთქვა ის რაც ვერ წარმოედგინა: რომელიღაც თანამშრომელთაგანი გამოელაპარაკა.
- ბატონო ჰაფიზ, როდის განახლდება? - ეს სწორედ ის ყმაწვილი იყო ვინც არიადნას მაგიდაზე უდარდელად ჩამომჯდარიყო და ცალ ფეხს რაღაც უსიკის რიტმში არხევდა.
არიადნა ამ კითხვაზე ისე შეკრთა პირზე ხელიც კი აიფარა, მოსაცდელი დაძაბი შეუძლებელზე მეტად გაირინდა, ჰაფიზმა კი იგრძნო რომ მისი თვითრწმენა თითქოს შეტორტმანდა, იგრძნო რომ მის წლობით ნაგებ ავტორიტეტს, მცირე, მაგრამ მაინც საფრთხე დაემუქრა და ახლა არ იცოდა რა უნდა ექნა, პასუხი გაეცა, დაეიგნორებინა, შემობრუნებულიყო და მთელი ძალით დაერტყა თუ რა? თუმცა დაბნეულობა მხოლოდ წამის მეათდით გაგრძელდა, ჰაფიზმა იცოდა რომ თითოეული ამ ადამიანის ბედის გადასაწყვეტად თითების გატკაცუნებაც კი არ ჭირდებოდა, იცოდა რომ მარტო მისი პიჯაკი იმაზე მეტი ღირდა რამდენიც თითოეული აქ შეკრებილი თანაშრომლის მანქანა, იცოდა რომ თვითონ იყო იმ კვებითი ჯაჭვის თავში, რომელშიც ეს ხალხი სადღაც ქვემოთ იყვნენ, ისე ქვემოთ რომ ზემოდან იშვიათად თუ ჩანდნენ და ამ თავხედი ყმაწვილის კითხვა, რომლის სახეც უკვე ჩაიბეჭდა ჰაფიზის გონების ბლოკნოტში, ვერაფერს დააკლებდა ჰაფიზის რენომეს, ამიტომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა სწორი და ფიქრადაც არ ღირდა.
ჰაფიზი მძიმედ შემოტრიალდა, ყმაწვილი მზერით შეაფასა, ჩაიღიმა და დინჯი ნაბიჯით გაშორდა მოსაცდელს. არიადნაც თავდახრილი და ნერვიული მალევე მიჰყვა უკან და ორივენი კაბინეტის კარს მიღმა გაუჩინარდა.
სანამ ჰაფიზი არიადნას მოდუღებულ ყავას ნება-ნება სვამდა და ქალაქს გადაჰყურებდა მოსაცდელში თანაშრომლები ნერვიულობის ნორმალურ, ჰაფიზის გამოსვლამდელ დონეს დაუბრუნდნენ, ისევ დაიწყეს ფრჩხილების კვნეტა, ჩამოსხდნენ კედლებთან, აიტუზნენ კართან და ასე შემდეგ, ერთი ეგ იყო ხანდახან მტრულად გადახედავდნენ ხოლმე იმ თავხედ ყმაწვილს, რომელმაც, მათი აზრით, ყოველ მათგანს საფრთხე შეუქმნა. ჯერ ერთი ჰაფიზს ხომ გაუფუჭა ხასიათი, მეორეც დაიმახსოვრებდა ის კაცი კერძოდ რომელმა მათგანმა შეაწუხა იმ თავის უაზრო კითხვით? ჰოდა თუ ვერ დაიმახსოვრებდა ხომ შეეძლო ჯავრი სულ სხვა ვინმეზე ეყარა?
ამ განცდებში იყვნენ თანამშრომლები როცა გამოაცხადეს რომ გასაუბრება გრძელდებოდა. ბედის ირონიიტ თუ უკუღმართობით, გნებავთ ჩუბინობით, ახლა სწორედ იმ ყმაწვილის რიგი იყო, რომელიც ჯერ არიადნას შემდეგ კი თავად ჰაფიზს გამოელაპარაკა, თუმცა, მიუხედავად ამისა არიადნამ სხვისი გვარი ამოიკითხა, შემდეგ ისევ სხვისი, შემდეგ კვლავ სხვისი; ერთმანეთს ცვლიდნენ ქერათმიანი ბიჭი, დაბალი გოგო, გამხდარი ბიჭი, წითური გოგო, მერე ატირებული ბიჭი, თვალგაშტერებული გოგო, ტუჩებდაკვნეტილი ბიჭი, ფერწასული გოგო... დრო გადიოდა, წუთი წუთს მისდევა, ამ თმააჩეჩილი ბიჭის ჯერი კი არა და არ დგებოდა.
ორიოდ საათში მოსაცდელში მხოლოდ ორი თანამშრომელი იყო დარჩენილი: მაღალი, მსუქანი, ნაწნავებიანი გოგო და თმააჩეჩილი ყმაწვილი, სამსახურიდან კი უკვე ოთხმოცდაცხრამეტი თანამშრომელი გაეშვათ. იოლი მისახვედრი უნდა იყოს რომ დაძაბულობა უკვე ჰაერში კი იგრძნობოდა.
კარი გაიღო და არიადნამ გოგონას გვარი ამოიკითხა, ისე რომ თან შეეცადა თვალი აერიდებინა ბიჭის ლურჯი თვალებისათვის, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ის რაც ხდებოდა, თან ხეირიანად არც ესმოდა რა ხდებოდა, მაგრამ გუმანით გრძნობდა დღევანდელი დღე ვერ დამთავრდებოდა ისე, როგორც სხვა დღეები.
როგორც იქნა ნაწნავებიანმა გოგომაც დატოვა კაბინეტი, უხმოდ გადაკვეთა უზარმაზარი მოსაცდელი და სწრაფად მიიმალა დერეფანში.
ბიჭი კი იდგა და კვლავ ელოდა. ბოლოს მისი გვარიც გაისმა და მანაც სიგარის ბოლით გაბუღულ ოთახში შეაბიჯა.
- გმარჯობა - მიესალმა ჰაფიზი ბიჭს და სკამზე მიუთითა
- გამარჯობა - გაუღიმა ბიჭმა - ჩვენ დღეს უკვე ვისაუბრეთ
- თქვენი საქმე არ არის არქივში - მოუჭრა ჰაფიზმა
- დიახ... არ არის? - დაიბნა ყმაწვილი
- არა, მაგრამ არაუშავს, ამჯერად ფორმალობების გარეშეც გავალთ იოლას, მოკლედ სამწუხაროდ უნდა გამცნობოთ რომ მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე წყვეტს თქვენთან საქმიან ურთიერთობას და იტოვებს უფლებას არ აგიხსნათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის. - ამ სიტყვებით ჰაფიზმა ხელი გაუწოდა ყმაწვილს ჩამოსართმევად, ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
თუმცა მეორე მხრიდან ამ ჟესტს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ჰაფიზმა გაოცებისგან გაბრაზებაც დაივიწყა, ახედა ყმაწვილს კიდევ ერთხელ გაოცდა და მიხვდა რომ მისი წინა გაოცება ახლოსაც ვერ მივიდოდა ამ გაოცებასთან – მის წინ მჯდომ ყმაწვილს ფეხი ფეხზე გადაედო, ცალი ხელი მუხლზე დაესვენებინა, მეორე კი სკამის ზურგზე შემოედო უდარდელად, პირზე ღიმილი დასთამაშებდა, ლურჯ თვალებში კი ნაპერწკლები კიაფობდნენ. ჰაფიზმა გაწვდილი ხელი ნელა დაუშვა მაგიდაზე და დაელოდა შემდგომ რა მოხდებოდა, ვერაფრით აეხსნა სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანის ამგვარი მხიარულება შეზავებული უდარდელობასთან და თავდაჯერებით შეკმაზული. ყმაწვილმა კი, ისე რომ სახიდან ღიმილი არ მოუშორებია გულის ჯიბეში ჩაიყო ხელი, იქიდან ელექტროსიგარეტი ამოაძვრინა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და დაიწყო: – კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ჰაფიზ, მე ვარ ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
– კი, მაგრამ...
– ჰო, არ გსმენიათ, ახალი განყოფილებაა ერთი კვირაა რაც შეიქმნა, უნდა გამომვავლინოთ არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები, ვინც კორუფციაშია ჩართული, ან ნეპოტიზმითაა დაკავებული, რეალურად კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების რაოდენობის ეფექტიანი ოპტიმიზაციის მიზნით შევიქმენით, ხომ იცით რამხელა პრობლემაა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამშრომელთა გაზრდილი შტატები.
– გასაგებია, მაგრამ მე...
– თქვენ რა შუაში ხართ? დიდი ხანია ხელმძღვანელობასთან მიდის სიგნალები რომ თქვენ ჩაგფლული ხართ კორუფციაში, ნეპოტიზმი კი თქვენთვის ჩვეულებივი ამბავია, თქვენი მდივანიც კი ახლო ნათესავია, ეს ყველაფერი არიადნამაც დამიდასტურა და თუ თქვენ ჭკვიანურად არ მოიქცევით და უმტკივნეულოდ არ დატოვებთ დაკავებულ თანამდებობას საქმე გადაეცემა პროკურატურას, რომელსაც მოწმედ ძალიან წაადგება ქალბატონი არიადნა.
ამ სიტყვებით ყმაწვილმა სადღაციდან ჰაფიზის პირადი საქმე ამოაძრო, წინ დაუდო, მეორე ხელით კი ის უზარმაზარი ბეჭედი მიაწოდა რომელითაც ჰაფიზი უკვე ამდენი წელია წითლად არტყამდა შტამპს „მოხსნილია“ და ღიმილით უთხრა: – იმედია, სწორ არჩევანს გააკეთებთ.
ჰაფიზი ვერ გარკვეულიყო მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი მის თავს თუ ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო, სიტუაცია თითქოს აბსურდული ჩანდა მაგრამ თავხედი ყმაწვილის ღიმილი და ლურჯი თვალები ნათლად ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი მართლაც დასრულებული იყო.
ჰაფიზმა მძიმედ ასწია ხელი ყმაწვილს ბეჭედი ჩამოართვა და საკუთარ გათავისუფლებას მთელი ძალით დაარტყა.
ჰაფიზი თავის ყოფილ კაბინეტში, თავის ყოფილ სავარძელში იჯდა და თავის ყოფილ მაგიდაზე პირქვე გადაწოლილიყო, იქვე წითელი ღვინის ბოთლიც ეგდო, რომლიდანაც გადმოსული ალისფერი სითხე მაგიდიდან იატაკზე ზანტად წვეთავდა. ყმაწვილი კი ქალაქის ქუჩებს მიუყვებოდა თავისი ველოსიპედით, შემხვედრი ნიავი ისედაც აჩეჩილ თმას კიდევ უფრო უჩეჩავდა და გაოფლილ სახეს სასიამოვნოდ უგრილებდა. დრო და დრო ყმაწვილი გვერდით მომავალ მეორე ველოსიპედს გახედავდა ხოლმე, რომელსაც არიადნა მართავდა, არიადნაც ხშირ–ხშირად გააპარებდა ხოლმე თვალს ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსისაკენ და მორცხვად ჩაიღიმებდა. მზე ნარინჯისფრად ჩადიოდა და ქალაქს რაღაც ფანტასტიკური ფერებით ავსებდა სადღაციდან კი ვიღაცის ხრინწიანი ხმა ძველ მელოდიას მიჰყვებოდა და მღეროდა „სწორედ ისე როგორც კრეტაზე“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები