ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


თქვენ !

თქვენ არ იცით,
რას ნიშნავს,
როცა ცხოვრებას
ვალუტის გადამცვლელ
პუნქტად გიგცევენ
და ხურდად გიწვდიან
გაყვითლებულ ხელის გულებში
გამომწყვდეულ
მოღალატე გვირილებს.

მე ვიცი,
ახლაც მიკანკალებს მაჯები
და
მეშვიდე სართულის ფანჯრიდან
დავცქერი სველ ასფალტს,
რომ
მიწის დანახვაზე ოცნება გავბედო.

თქვენ ვერ წარმოიდგენდით,
როგორ შეიძლებოდა გადაქცეულიყო
ორი პარალელური ქუჩა
გზაჯვარედინად.
მე ვნახე,
ვიწექი და ვიგრძენი
როგორ გადამირბინა მხრებზე
კადრში გაყინულმა სიცოცხლემ
და მოსვენება დამიკარგა.


თქვენ
არასდროს დაგითვლიათ
ამოსუნთქვას ამოყოლილი ტკივილები
და არც
უჰაერობას შეუჭამია თქვენი
ფილტვები,
მე
ვხედავდი როგორ
იდექით საწვიმრის ქვეშ
და კი არ სველდებოდით,
ლპებოდით.

მე ვიცი რას ნიშნავს
როცა საკუთარ თავს გართმევენ
და ღმერთს გირჩევენ.
ასე ,
მარტივად
მოდიან და გეუბნებიან :
შენ რომელ ცას ჩამოსწყდიო,
და ზურგში სათითაოდ
გაჭედებენ
ჩამწკრივებულ ვაზნებს:
ჯერ ერთს
მეორეს
მესამეს..


თქვენ არ გიგრძვნიათ
რას ნიშნავს,
როცა
გადაჭედილ აუდიტორიაში
ფეხზე დგახარ
და ხელებს იქნევ
რომ თავს მოხვეული
მარტოობა დააფრთხო.

მე კი
იმდენს ვგრძნობ
ღმერთსაც აშინებს
ჩემი ცრემლები
და თვალებზე იფარებს ხელებს,
რომ საკუთარი არსებობა
იგლოვოს.

სისულელეა ხელების გაშლა
როცა იცი,
რომ ყველა ჩიტი მკვდარია
და გაზაფხული
ასე უსაშველოდ აგვიანებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები