ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ციცინო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ივნისი, 2016


პოსტმოდერნისტული ფანტასმაგორიები

ლიტერატურასა და,ზოგადად, ხელოვნებაში რაციოს შემოჭრა ისეთივე უადგილოა, როგორიც ფუტურისტული ტექნიციზმის ბოგინი ან მატერიალისტური პრაქტიციზმი და პრაგმატიზმი. გონების ასპარეზად პროზისა და, მით უფრო, პოეზიის  ქცევა უგემურ, გენმოდიფიცირებულ, ხელოვნურ ხელოვნებას ქმნის და უშედეგოა მას ღრმა ფსიქოლოგიური პროცესების პროვოცირება ან კათარზისის გამოწვევა მოსთხოვო.
გრაფომანებს ცენტონური ტექსტები, მოზაიკურობა, პალიმფსესტის მეთოდის გამოყენება ხელს აძლევთ, თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს, მსგავსი მანიპულაციები პლაგიატის შესანიღბად მშვენიერი საშუალებაა. მით უფრო, რომ  ბრჭყალების დასმის აუცილებლობაც კი არ არსებობს.  პოსტმოდერნიზმი, ფაქტობრივად, სასათბურე პირობებს უქმნის მოფილოსოფოსო, მეტ-ნაკლებად განათლებულ, წერის წერას აყოლილ, თამამ ავტორებს.
ინტერტექსტუალიზმის პრინციპებით ნასაზრდოები ნაწერები შეკოწიწებული, ციტატების კონოტაციური ასპექტების სახეცვლით გაახლებული, ნირშეცვლილი ტექსტი-რებუსებია, სადაც ამომცნობი, ანუ მკითხველი, უთუოდ მწერლის მიერ გაკვალულ გზას უნდა გაჰყვეს. მასკულტურისთვის დამახასიათებელი სიმდარე გაწყალებული, უხერხემლო ტექსტების მშობელია, ნამდვილი პროზა კი მკითხველს ინდივიდუალური  ინტერპრეტირების საშუალებას უნდა აძლევდეს.
პოსტმოდერნისტი ავტორი „მოკვდა“, მაგრამ მაინც ახერხებს მკითხველის დაცინვას, თანაც მაშინ, როდესაც უარყოფს „ცარიელი ფურცლის“ პრინციპს და დამოუკიდებლად ნაბიჯიც ვერ გადაუდგამს. ამიტომ  ფანტასმაგორიულია  საკუთარი სამყაროს შექმნის პრეტენზიას აცხადებდეს.
დასესხების მანკიერი ჩვევა, სტრუქტურალიზმის არტახები, რომელიმე მიმდინარეობის თავისებურებათა გეგმაზომიერი გათვალისწინება, ავტორს, რომელიც პოსტმოდერნისტულად მოდურია, ღიმილისმომგვრელად პროგნოზირებადს ხდის, რასაც „პოსტმოდერნისტული მგრძნობელობის“ სენი _ ფასეულობათა არარსებობა ამძაფრებს. 
საინტერესოდ მხოლოდ ორმაგი კოდირება შეიძლება მოგვეჩვენოს,  რისი წყალობითაც ერთი და იმავე ტექსტით სხვადასხვა დონის მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს, რასაც მოდურობა ან რებუსების ამოცნობით გატაცების ტენდენცია და არა ტექსტის ღირსება განაპირობებს.
ხშირად მსმენია, მათ შორის, ტექსტთა საკმაოდ განათლებული  ავტორებისაგანაც, რომ ესა თუ ის სახელმოხვეჭილი მწერალი საინტერესო სტრუქტურას ქმნის, სადაც ტექსტები ახლებურადაა დალაგებული და მათი არქიტექტონიკა განსხვავებულად საინტერესოა ან მწერალი ოსტატურად ახერხებს პოსტმოდერნიზმის ტრადიციებს მისდიოს, საინტერესო ალუზიებს მოუხმოს და ცნობილ ფილოსოფოსთა იდეების ჟონგლირებით შთამბეჭდავი სიმულაკრი, გნებავთ, ჰიპერრეალობა შექმნას, რაც აქცევს კიდევაც მას კარგ ავტორად. მე კი მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის კანონიკა, რაც არც მეტი, არც ნაკლები, იურისპრუდენციისათვის დამახასიათებელ სქემატურობას გულისხმობს, დოგმატურია, რაც ხელოვნებისათვის აბსოლუტურად უცხო უნდა იყოს.
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. შენ ხარ ავტორი, შენ ქმნი საკუთარ სამყაროს, საკუთარ წესებს, საკუთარ ნარატივს. არ გავხარ არავის, რადგან საკუთარი ტკივილები გაწერინებს. შემოქმედება ისაა, რაც გონებით არ იქმნება და არც იხსნება. შემოქმედება კარია, საიდანაც საკუთარ სამყაროში შედიხარ და ფეხზე იკიდებ ყველანაირ თეორიასა და რეცეპტს.
უნდა წერო ისე, როგორც გეწერება. წერა თერაპიაა, თვითმკურნალობა. წერ მაშინ, როცა ძალიან გტკივა (ან ძალიან გიხარია), როცა გრძნობ, რომ შეიძლება გული გაგისკდეს. წერ და შემდეგ ცოტათი გეშვება, ცოტა ხანს სუნთქვა შეგიძლია. დანარჩენი ყველაფერი მიქარვაა.
აქ არ არის რაციონალიზმის ადგილი.
შემოქმედება თავისუფლებაა.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები