ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2016


რუხი ნაცრისფერი

გამხდარი, წითურთმიანი მოზარდი იყო. მარჯვენაზე თითებწაჭრილი ტყავის ხელთათმანი ჰქონდა წამოცმული. მკვდარ თაგვს ატრიალებდა კუდით და გერმანულად ითვლიდა ორამდე – აინ, ცვაინ, აინ, ცვაინ . . ჩასუქებული, ერთიანად შავი კატა კნავილით დასდევდა. სანამ იმისი ხელოსანი მამა ჩვენს მანქანას დასტრიალებდა, ეს სწრაფად გაგვიშინაურდა და გაგვითამამდა. დაჟინებით გვათვალიერებდა, გვზვერავდა, დაჭყეტილი, გახუნებული თვალებით. ჭერმისფერ ლოყებზე უხვად ეყარა ჭორფლი, კისერზე - მეჭეჭები. გველების მომთვინიერებელი ვარო, გაგვიმხილა. მაქმანივით გამჭვირვალე გველის პერანგები ამოიღო მაისურის ჯიბიდან. რამდენჯერმე გაშალა, გაასწორა, დაკეცა, ისევ გაშალა. ყნოსავდა, ლოყაზეც ჩამოისვა რამდენჯერმე. გვაძალებდა ხელით მოგვესინჯა.

ჩემს მეუღლეს სულთანს ეძახდა.
ჩვენს შვილებს - შეჰზადეებს.
თავის დედას – ვალიდეს.
მე - დეიდას.

ჩემი ტყუპები ამ არსებას თქვენობით მიმართვდნენ. უკან დასდევდნენ ყიჟინით,- გველების მომთვინიერებელო! გველების მომთვინიერებელოო! ის იფერებდა ყურადღებას, გოლიათივით დასცქეროდა ზემოდან და წკიპურტებს რიგრიგობით სთავაზობდა შუბლში. დარბოდა, დახტოდა, ფეხებით ეკიდებოდა ხის ტოტებს. ყირაზე გადადიოდა. თეთრი ლეკვი  მოიყვანა. საწყალი წკმუტუნებდა და დედას ეძებდა. ტაშტის ქვეშ დამწყვდეული ზღარბი და კუ გამოაძვრინა,  კუს ბაკანზე დააორთქლა და მაჯით გადაწმინდა. ქილაში დატყვევებული დიდი, შავი ხოჭოებიც არ დავიწყნია, ქვებივით უჭახუნებდა ერთმანეთს. ბოლოს, ახალი გასართობი მოიგონა,- წიწილებს კონსერვის ყუთებში ტენიდა და დაღმართზე აგორებდა. დაბორიალებული წიწილები ბარბაცით გამოდიოდნენ და ფრთაგაშლილები წივწივით ენარცხებოდნენ მიწას. თითქოს, ეს ბიჭი მომზადებული იყო ყველას დასახვედრად და გასართობად.

ყავა შემომთავაზა ნინა ვალიდემ. ათას რაღაცას აკეთებდა ეს ქალი ერთდროულად: ცალი თვალით თურქულ სერიალს უყურებდა, მაწონს ადედებდა, მურაბას ქაფს ხდიდა, მეზობლებზე, ნათესავებზე, ნაცნობებზე მიყვებოდა. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, პირს არ აჩერებდა. ყველაფერი აინტერესებდა. პასუხს ბოლომდე არ უცდიდა, ისე გადადიოდა მომდევნო კითხვაზე. კბილები აკლდა. ენა უვარდებოდა სიცილის დროს. სასაცილო არც არაფერი იყო. თვალს ვარიდებდი. წნევამ ამიწია, თავი ამტკივდა, ძალა გამომეცალა, მოვდუნდი. ენერგეტიკული ვამპირი იყო აშკარად. ცხვირწინ შავი წერტილები დაქროდნენ. ეკრანზე უაზროდ შევცქეროდი ბებერ ვეზირებს, უთოს კვალი რომ ემჩნეოდათ ატლასის ხალათებზე, ლამაზ საჭურისებს, გოლიათ იანიჩარებს. სუნთქვა მიჭირდა. შემეცოდა საკუთარი თავი. ნუთუ, უცხო სოფელში უნდა მოვმკვდარიყავი? ალბათ, ამ მტვრიან ტახტზე დამასვენებდნენ დროებით. გაპოხილ მუთაქას ამომიდებდნენ თავქვეშ, რაზეც შეიძლება, ხან უკანალს დებდნენ ხან ფეხებს. ღმერთო!

როგორ დავაღწიე თავი არ მახსოვს. გარეთ გამოვვარდი. აივნის სვეტს ჩავეხვიე. გახურებული შუბლი გრილ ქვას მივადე. სახლში მინდოდა. ის ციგნის ქალი გამახსენდა, დილით ბენზინგასამართ სადგურზე, რომ გადამეკიდა. ხურდა ეცოტავა, ქაღალდის ფულს მთხოვდა. ერთი თვალი შავი ქონდა, მეორე -  ნაცრისფერი. ნაწყენი რაღაცას მომძახოდა თავის ენაზე. იქნებ მწყევლიდა?

ქარს ზარების ხმა მოჰქონდა სოფლის ბოლოდან, ბაღიდან - პიტნის და ქონდრის სურნელი. ბავშვები! ღმერთო, რამ გადამავიწყა, რატომ არ მოვიკითხე აქამდე? ბავშვებს არაფერი უჭირდათ, უზარმაზარ მორზე ისხდნენ, მკვახე ვაშლებს მიირთმევდნენ და სიცილით კვდებოდნენ, გველების მომთვინიერებელს აჯავრებდნენ ლაპარაკში. ის სადღაც იყო გამქრალი.

მანქანის ქვეშ შემძვრალი მამამისი, ისიც შვილივით წითური, რომლის სახელი და მეტსახელი ვერ გავიგე, ხან თავს ყოფდა, ხან გაშავებულ ხელებს. კომბინიზონის ტოტები კოჭების თავზე ედგა. რაღაცას ყვებოდა გატაცებით. თურმე, ამათ რაიონში, წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, ტურისტებივით დასეირნობდნენ უცხოპლანეტელები. ერთხელ ვენახში ნახა, შაბიამნით დაწინწკლული თეთრი სახეები გამოეყოთ ვაზებში და ადამიანურად იღიმებოდნენ. მეორედ - სახელოსნოში. “რესორები” და “კლუჩები” უნდოდათ. მისცა, უარს ხომ არ ეტყოდა? ხეს მიყრდნობილი ჩემი ”სულთანი” სიგარეტს აბოლებდა, ღიმილს ძლივს იკავებდა  და დროის გასაყვანად შეძახილებით აქეზებდა: ნუთუ?! არ არსებობს! მერე, მერე? უნდა მიგეცა, აბა რაა!

- დეიდაა!
- ?!
- დეიდაა, ნახე ვინ მოგიყვანე! ნახე რა ლამაზი და საყვარელია!
ვინ უნდა მოეყვანა, აქ ვის ვიცნობდი? გამაოცა ბიჭის უზომოდ გახარებულმა სახემ.

ორი თითით გველის თავი ეჭირა. წყეული მე მიყურებდა. გადმოცვენაზე ქონდა შავი, მბზინავი თვალები. ფართოდ დაღებულ ვარდისფერ სასაში ენას სისინით ატრიალებდა. ნინა ვალიდეს ფარდაგივით ჭრელი იყო. სტაფილოსფერი, განივი ზოლები მინასავით უბრწყინავდა მზეზე. იგრიხებოდა, მაჯაზე სამაჯურივით ეხვეოდა ბიჭს.
- მაგარი ვინმეა! სათონეში დავიჭირე, სოროში აპირებდა ჩაძვრომას. ნუ გეშინია, შხამი არ აქვს. ცოტა ცივი კი არის, აი!

მკლავზე, იდაყვთან საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მესერს მივაწყდი ყვირილით. შიშისგან მუხლებში ძალა გამომეცალა, ჩავიკეცე და გვერდზე გადავვარდი. ირიბად ვხედავდი, როგორ გამორბოდნენ ბავშვები. მხედველობა ნელ-ნელა დამებინდა. მოგუდულად, ძალიან შორიდან მესმოდა ხმები. მეძახდნენ. გაბუჟებული ტუჩებიდან ნერწყვი ლოყაზე ჩამომდიოდა. უამრავი ხელი მეხებოდა სხეულზე. ტაოტის, ბენზინის და რძის  სუნი მცემდა. სადღაც, ნახევრად ლურჯ, ნახევრად ყვითელ უსასრულობაში გადავვარდი.

. . .კლდის თავზე ვიდექი. ქვემოთ ზღვა ღელავდა. ქაფიანი ტალღები უზარმაზარ ლოდებს აწყდებოდნენ და შიშინით ბრუნდებოდნენ უკან. თოლიები წივილით დამტრიალებდნენ. უკან ტყე შრიალებდა. გუგულის ხმა ისმოდა სიღრმიდან. არ ვიცი, სად ვიყავი. მეშინოდა, მციოდა, ვკანკალებდი. საშინლად მწყუროდა. სველ ქვაზე ვიჯექი და ხმამაღლა, ტირილით გავძახოდი ნესტიან სივრცეს, - გუგულო, გუგულო, რამდენი წელი ვიცოცხლებ? დავიწყებდი ათვლას და მოვარდებოდა გრძელბეწვიანი  ძაღლი, იღრინებოდა, საკბენად იწევდა. მერე, თავს მანებებდა და უჩინარდებოდა. მოულოდნელად, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა. უსიტყვოდ ჩამკიდა ხელი და თან გამიყოლა. დროდადრო თავისთვის ლაპარაკობდა, - მხოლოდ იმიტომ. . . მხოლოდ იმიტომ. . . მივდიოდით, მივდიოდით, დასასრული არ უჩანდა გვირილებით გადავსებულ მინდორს. ქარი მუხლებზე მახვევდა მზისფერ, ლურჯი იებით მოჩითულ კაბის კალთებს. ბოლოს, წყაროსთან შევჩერდით. მუხლებზე დავემხე, გაშმაგებული დავეწაფე წყალს. პატარა გუბეში ნაკადი რგოლებად იშლებოდა და ანაწევრებდა ჩემს გამოსახულებას. გვიან ვიკითხე, - რატომ იმიტომ? ქალმა მხრებში ჩამავლო ხელები და სიყვარულით შემათვალიერა.
- იმიტომ, რომ იმისი თვალები გაქვს.
- ვისი?
- აი, იმისი!
ოდნავ მიბიძგა და უკან მიმახედა. . .

ნელა გაიღო პალატის კარი. ჯერ მარჯვენა ფეხი გამოჩნდა ვიღაცის, შემდეგ ხელი და მხარი. მივხვდი ვინც იყო. საწოლზე წამოვჯექი. არ ვიცი, სიცხე მქონდა თუ ბრაზისგან მიხურდა მთელი სხეული. უამრავი რაღაც მომაფიქრდა გველების მომთვინიერებელის დასასჯელად:
მოვიცილებდი წვეთოვანას და შორს მოვისროდი. (ფილმებში მინახავს ასეთი რაღაც ) გადმოვეყუდებოდი  საწოლიდან,  ავიტაცებდი ფეხსაცმელს და გავუქანებდი თავში. მიზანს არ ავაცდენდი. ღრიალით გავარდებოდა დერეფანში. ან საწოლთან აეყუდებოდა. თითებს დაუწყებდა წვალებას, ისრუტუნებდა, ბოდიშის მოხდას შეეცდებოდა. ავაგლეჯდი ყურებს, დავაწიწკნიდი თმას. თავშიც წამოვარტყავდი რამდენჯერმე ამ ველურს, ნადირს და ხეპრეს.

შემოვიდა. საგანგებოდ იყო გამოწყობილი. ახალი ტანსაცმელი ეცვა, ახალი ბოტასები.  გაფშეკილი ქოჩორი საგულდაგულოდ გადაევარცხნა გვერდზე. კარი ზურგით მიხურა. იდგა ოროსანი, დასჯილი მოსწავლესავით თავჩაღუნული, დარცხვენილი. უფრო მეტიც, რაღაცნაირად, უბედური და სასოწარკვეთილი. ხმას არ ღებდა. მეც ჩუმად ვიყავი. გადამავიწყდა, რასაც ვუპირებდი,  გული ამიჩუყდა. ბოლოს, გაბედა, თავი ასწია. ცრემლები ღვარღვარით ჩამოსდიოდა ჭერმისფერ ლოყებზე. ერთი ნაბიჯით ჩემსკენ წამოიწია და საცოდავი, ათრთოლებული ხმით შემომტირა:

დეიდააა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები